გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210017002001134
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210017002001134 (საქმე №2/18083-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე შპს „დ-----“

წარმომადგენელი არჩილ თაბაგარი

 

მოპასუხეები თ-----------–--–---–ი

წარმომადგენლები დემნა მჭედლიშვილი, მარინე გორგოძე

 

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ-----------–--–---–ისათვის შპს „დ-----ს“ სასარგებლოდ 17 075 ევროს (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში) დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

 

შპს „დ-----“ დაფუძნდა 2012 წლის 30 იანვარს. კომპანიის დირექტორი დაფუძნებიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე იყო მოპასუხე თ-----------–--–---–ი, რომელსაც დღეის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს კომპანიის 42% წილი. 2014 წლის 22 სექტემბერს შპს „დ-----ს“ პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით თ-----------–--–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის ნაცვლად კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაინიშნა ს--–--------------–--ე. დირექტორის ცვლილებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ახალი დირექტორისათვის ოფიციალურად კომპანიის მომსახურე ბანკისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე თ-----------–--–---–ის დირექტორად ყოფნის პერიოდში მან კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საზღვარგარეთ განახორციელა საეჭვო ტრანზაქცია, ჯამურად 17 075 ევროს ოდენობით. კერძოდ, 04.03.2014 წელს, თ-----------–--–---–მა, როგორც შპს „დ-----ს“ დირექტორმა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან SMART TECHNOLOGY AG, KREUZLINGER, SWITZERLAND-ის სასარგებლოდ გადარიცხა 5 122.50 ევრო, ხოლო 16.06.2014 წელს კომპანია SMART TECHNOLOGY AG, GENOVA, ITALY-ის სასარგებლო გადარიცხა 11 952.50 ევრო. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული გადარიცხვების მიუხედავად, შპს „დ-----ს“ არ მიუღია არავითარი საქონელი, ამავდროულად კომპანიას არ გააჩნია არავითარი ოფიციალური დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება, საგარანტიო წერილი ან სხვა სახის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი), რომელიც მისცემდა მას საშუალებას მოეხდინა მისი უფლებების დაცვა ამ თანხის მიმღებ კომპანიასთან მიმართებაში. უფრო მეტიც, შპს „დ-----ს“ არ გააჩნია ამ კომპანიის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც კი (მისამართი, რეგისტრაციის ნომერი, მარეგისტრირებელი ქვეყანა და ა.შ).

 

აღნიშნულ გადარიცხვებთან დაკავშირებით, 19.06.2016 წელს გაიმართა შპს „დ-----ს“ პარტნიორთა კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც თ-----------–--–---–ს, როგორც შპს „დ-----ს“ ყოფილ დირექტორს მიეცა შესაძლებლობა კრების ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში, კომპანიისათვის წარედგინა ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც მოახდენდა კომპანიის ინფორმირებას, საზოგადოებისათვის 17 075 ევროს ოდენობით მიყენებულ ზიანთან მიმართებით. თ-----------–--–---–მა კომპანიის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინა საჭირო ინფორმაცია, რის გამოც შპს „დ-----“ განცდილი ზიანიდან გამომდინარე ითხოვს მისი ანაზღაურება დაეკისროს ბრალეულ პირს - თ-----------–--–---–ს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ-----------–--–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს „დ-----“ დაფუძნებულია მის მიერ. ამავდროულად, კომპანიის დაფუძნება, მისი ბიზნეს საქმიანობა და კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებული ყველა იდეა ეკუთვნის სწორედ თ-----------–--–---–ს. 2012 წლის 23 მარტს თ. თხილაიშვილმა კუთვნილი 100% წილიდან 48% წილი აჩუქა დეიდაშვილს - ს--–--------------–--ეს, ხოლო 10% ნ-----------ეს, რის შემდგომაც კომპანიის პარტნიორებმა ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, სამეწარმეო რეესტრში წარდგენილი განცხადებით თ-----------–--–---–ი გადააყენეს დირექტორის თანამდებობიდან, ამავდროულად პარტნიორებმა მოპასუხე ჩამოაშორეს კომპანიის საქმიანობას.

 

მოპასუხის მტკიცებით, სოლარიუმის აპარატის შეძენის თაობაზე თავიდანვე ცნობილი იყო ს--–--------------–--ისა და ნ-----------ისათვის, ამასთანავე მოპასუხის განმარტებით, მნიშვნელოვანია არა პარტნიორთა ინფორმირებულობა, არამედ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ რამდენად კომპანიის ინტერესებში შედიოდა სოლარიუმის აპარატების შეძენა. შპს „დ-----“ მოღვაწეობს ესთეტიკური მედიცინის დარგში. კომპანიამ დაფუძნების დღიდან საკუთარი სახსრებით და სწორი მენეჯმენტის წყალობით, მოკლე დროშივე მოახერხა მისი გამართული მუშაობა და ბაზარზე დამკვიდრება. კომპანიას ჰქონდა საკმაოდ კარგი და სტაბილური შემოსავალი, რისი წყალობითაც დაარსებიდან მოკლე დროში მოხერხდა დიდი ფართის იპოთეკური კრედიტის დახმარებით შეძენა. სწორედ კომპანიის ინტერესში შედიოდა მისი მომსახურების ასორტიმენტის გაფართოება და კლიენტებისათვის ამ შემთხვევაში სოლარიუმის შეთავაზება. მოპასუხის განმარტებით, ს--–--------------–--ის დამსახურებით შპს „დ-----ს“ სოლარიუმის აპარატები დღემდე არ აქვს და შესაბამისად გარდა მიყენებული ზიანისა, კომპანია კარგავს ყოველდღიურ შემოსავალს. სწორედ კეთილსინდისიერი და გულისხმიერი დირექტორის ქცევით იყო განპირობებული ის ფაქტი, რომ თ-----------–--–---–მა გადაწყვიტა შეეძინა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის, უმაღლესი ხარისხის სოლარიუმის აპარატები 2 ცალი ერთის ფასად, რეალურად, ჯამში 60%-იანი ფასდაკლებით. აღნიშნული სოლარიუმების შესაძენად თ-----------–--–---–მა თავად აწარმოვა მოლაპარაკება იტალიური კომპანია SMART TECHNOLOGIES DI VASSALO CLAUDIO-სთან, შემდგომში ასევე იმყოფებოდა იტალიაში, შეხვდა კომპანიის მენეჯერებს, რომლებთანაც მიღწეული შეთანხმების შესაბამისად 34 150 ევროდ შპს „დ-----“ მიიღებდა ორ სოლარიუმის აპარატს ვერტიკალურს და ჰორიზონტალურს, ფასში ასევე შედიოდა იტალიელი სპეციალისტების მიერ ამ აპარატურის ადგილზე მონტაჟი და შესაბამისი ტრენინგი თანამშრომელთათვის. მოპასუხის განმარტებით, რეალურად ბაზარზე აღნიშნული აპარატები ღირს ორჯერ უფრო ძვირი და შესაბამისად ეს იყო უპრეცედენტო მოლაპარაკება. დირექტორის მიერ ოფიციალურად, ინვოისში მითითებულ ანგარიშის ნომერზე სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადარიცხული იქნა თანხმები კომპანიის შვეიცარულ ანგარიშზე, 2014 წლის 4 მარტს 5 122.50 ევრო და 2014 წლის 16 ივნისს 11 952.50 ევრო, დარჩენილი იყო თანხის 50%, რისი ჩარიცხვის შემთხვევაში კომპანია მიიღებდა მითითებულ აპარატებს. შესაბამისად მიიღებდა შემოსავალს და არ დაკარგავდა აღნიშნულ თანხას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „დ-----“ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის 30 იანვარს თ-----------–--–---–ის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 17-18);

 

3.1.2. 2012 წლის 23 მარტს თ-----------–--–---–მა, როგორც შპს „დ-----ს“ 100% წილის პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოების 100% წილიდან 48% წილი საკუთრებაში გადაეცა ს--–--------------–--ისათვის, ხოლო 10% ნ-----------ისათვის. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილება შევიდა ასევე კომპანიის წესდებაშიც, რის საფუძველზედაც კომპანიის წილები გადანაწილდა შემდეგნაირად:

- თ-----------–--–---–ი 42% წილი

- ს--–--------------–--ე - 48% წილი

- ნ-----------ე - 10% წილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.03.2012წ. პარტნიორის გადაწყვეტილება (შ.ფ. 22);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

- წესდება (ს.ფ. 23-29).

 

3.1.3. შპს „დ-----ს“ საქმიანობის საგნად კომპანიის წესდებაში მითითებულია - ა) ჯანდაცვის სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა და ამ მიზნით ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება, ასევე ბ) პაციენტების მიღება და დ-----ტო-კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება (ინექციური და არაინექციური მეთოდები). სხვადასხვა თერაპიული გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, ლაზერული ეპილაცია. ამასთან, მიეთითა, რომ საზოგადოებას უფლება აქვს მოგების მიღების მიზნით განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა. ასევე წესდებაში აღინიშნა, რომ შპს „დ-----ს“ კაპიტალი მოიცავს ალექსანდრიტის ლაზერისა და კონტურული მაკიაჟის აპარატს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წესდება (ს.ფ. 23-29);

 

3.1.4. თ-----------–--–---–მა დირექტორად ყოფნის პერიოდში, კომპანიისათვის სოლარიუმების შესყიდვის მიზნით საზღვარგარეთ ორ ტრანშად გადარიცხა, ჯამში 17 075 ევრო, კერძოდ 04.03.2014 წელს შპს „დ-----ს“ მიერ კომპანია SMART TECHNOLOGY AG, KREUZLINGER, SWITZERLAND-ის სასარგებლოდ გადაირიცხა 5122.50 ევრო, ხოლო 16.06.2014 წელს შპს „დ-----ს“ მიერ კომპანია SMART TECHNOLOGY AG, GENOVA, ITALY-ის სასარგებლოდ გადაირიცხა 11 952.50 ევრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 37-38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2014 წლის 22 სექტემბერს გაიმართა შპს „დ-----ს“ პარტნიორთა კრება, რომელსაც ესწრებოდა 48% წილის მესაკუთრე პარტნიორი ს--–--------------–--ე და 10% წილის მესაკუთრე ნ-----------ე. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიცვალა კომპანიის იურიდიული და ელექტრონული მისამართი, ასევე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა თ-----------–--–---–ი, რომლის ნაცვლადაც დაინიშნა ს--–--------------–--ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.09.2014წ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება (ს.ფ. 19);

 

3.1.6. 2017 წლის 6 ივნისს, თ-----------–--–---–ს გაეგზავნა შეტყობინება შპს „დ-----ს“ პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე, რომელზე განსახილველი საკითხების თაობაზე მოპასუხეს ეცნობა წერილობით, კერძოდ დღის წესრიგით განსახილველი იყო:

- თ-----------–--–---–ის, როგორც შპს „დ-----ს“ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, საზოგადოებისათვის 17 075 ევროს ოდენობით მიყენებულ ზიანთან მიმართებით.

- საზოგადოების პარტნიორებს შორის გაუარესებული ურთიერთობის გათვალისწინებით, შემდგომი ერთობლივი ბიზნეს საქმიანობის გაგრძელების შეუძლებლობის გამო, საწარმოს ფუნქციონირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის მისი შესაძლო ლიკვიდაცია, გაყოფა ან რეორგანიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება (ს.ფ. 30);

- ჩაბარების დასტური (ს.ფ. 31).

 

3.1.7. შეტყობინების შესაბამისად, 2017 წლის 19 ივნისს გაიმართა შპს „დ-----ს“ პარტნიორთა კრება, რომელზეც განხილული იქნა თ-----------–--–---–ის, როგორც შპს „დ-----ს“ დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, ასევე პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე საზოგადოების შესაძლო ლიკვიდაციის, გაყოფის ან რეორგანიზაციის საკითხები.

 

სხდომაზე მოხსენება გააკეთა ს--–--------------–--ისა და ნინი კიკნაძის წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს შპს „დ-----ს“ 58% პარტნიორთა გადაწყვეტილებით თ-----------–--–---–ი გათავისუფლდა შპს „დ-----ს“ დირექტორის თანამდებობიდან, მის ნაცვლად შპს „დ-----ს“ დირექტორად დაინიშნა ს--–--------------–--ე, რომელმაც საზოგადოებაში დირექტორად დანიშვნიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ოფიციალურად კომპანიის მომსახურე ბანკისგან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგინა, რომ თ-----------–--–---–ის დირექტორად ყოფნის პერიოდში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან საზღვარგარეთ განხორციელდა ორი საეჭვო ტრანზაქცია ჯამურად 17 075 ევროს ოდენობით, კერძოდ 04.03.2014 წელს შპს „დ-----ს“ მიერ კომპანია SMART TECHNOLOGY AG, KREUZLINGER, SWITZERLAND-ის სასარგებლოდ გადაირიცხა 5122.50 ევრო, ხოლო 16.06.2014 წელს შპს „დ-----ს“ მიერ კომპანია SMART TECHNOLOGY AG, GENOVA, ITALY-ის სასარგებლოდ გადაირიცხა 11 952.50 ევრო. განხორციელებული გადარიცხვების საფუძვლებთან მიმართებით, ნ-----------ემ და ს--–--------------–--ემ, თ-----------–--–---–ს მისცეს შესაძლებლობა 1 კვირს ვადაში წარუდგინოს კომპანიის პარტნიორებს შესაბამისი ხელშეკრულება და ინვოისი, ასევე სხვა დოკუმენტები რომლებიც დაადასტურებენ ხელშეკრულების დადებას, მის მიზანს და საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე მისი დადების მიზანშეწონილობას. აღნიშნული დოკუმენტების და ინფორმაციის დანიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, მომხსენებლის მითითებით, კომპანიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ შპს „დ-----სთვის“ 17 075 ევროს ოდენობით ზარალის მიყენების გამო, შესაბამისი სამოქალაქო სარჩელი წარადგინოს სასამართლოში თ-----------–--–---–ის წინააღმდეგ. ამავე სხდომაზე ნ-----------ისა და ს--–--------------–--ის წარმომადგენელმა არჩილ თაბაგარმა აღნიშნა, რომ საჭიროა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც საშუალებას მისცემს პარტნიორებს მშვიდ ვითარებაში განაგრძონ სამომავლო ბიზნეს საქმიანობა. ამავდროულად ს--–--------------–--ემ შესთავაზა თ-----------–--–---–ს წილის შესყიდვა, რასთან მიმართებითაც თ-----------–--–---–ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუდიტორული შემოწმების გარეშე, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განსაზღვრონ წილის ღირებულება, რის გამოც მხოლოდ შეფასების შემდგომ შესაძლოა იფიქრონ წილის გასხვისებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.06.2017წ. პარტნიორთა კრება (ს.ფ. 32-34);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. თ-----------–--–---–ი, როგორც შპს „დ-----ს“ დირექტორი კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ, არ განხორციელებულა 17 075 ევროს გადარიცხვა. დირექტორმა კომპანიის სახსრები განკარგა საწარმოს ბიზნეს-საქმიანობიდან გამომდინარე სოლარიუმების შეძენის მიზნით, რაც გააფართოებდა შპს „დ-----ს“ მიერ მომხმარებლისათვის შესათავაზებელი მომსახურების სფეროს.

 

სასამართლო სადავო საკითხის გადასაწყვეტად უპირველესად განმარტავს, რომ დირექტორის პასუხისმგებლობის დადგომისათვის, მხოლოდ მის მიერ მიღებული ბიზნეს-გადაწყვეტილების სიმცდარე ვერ იქნება საკმარისი და აღნიშნული მოითხოვს შესაბამისი არაკეთილსინდისიერი განზრახვის დადასტურებას, რამეთუ დირექტორის გადაწყვეტილებებთან მიმართებით არსებობს კეთილსინდისიერების პრეზუმცია, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას თ-----------–--–---–ის არაკეთილსინდისიერ განზრახვასთან მიმართებით და ვერ დააკისრებს თ-----------–--–---–ს, როგორც შპს „დ-----ს“ ყოფილ დირექტორს პასუხისმგებლობას მის მიერ მიღებულ ბიზნეს-გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რადგანაც მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა დირექტორის პასუხისმგებლობის დადგომისათვის შესაბამისი წინაპირობების არსებობა.

 

საგულისხმოა, რომ თ-----------–--–---–ი შპს „დ-----ს“ ხელმძღვანელობდა მისი დაარსებიდან 2014 წლის 22 სექტემბრამდე, რა პერიოდშიც იგი იღებდა გადაწყვეტილებებს კომპანიის საქმიანობასთან მიმართებით და იძენდა შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკას, ასევე იგი, როგორც საწარმოს 42% წილის მესაკუთრე პარტნიორი, ბუნებრივია, რომ დაინტერესებული იყო საწარმოს წარმატებული ბიზნეს-საქმიანობით, რადგანაც აღნიშნული პირდაპირ კავშირში იყო პარტნიორთა შემოსავლის გაზრდასთან. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თ-----------–--–---–ი, როგორც საწარმოს ხელმძღვანელი უფლებამოსილი იყო კომპანიის ინტერესების შესაბამისად ემოქმედა და მიეღო გადაწყვეტილება მისი მომგებიანობის გაზრდის მიზნით, ამავდროულად სასამართლო ითვალისწინებს ბიზნეს-საქმიანობის თავისებურებას, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ დანაკარგთან და ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ მოგების მომტანი ვერ იქნება საწარმოსთვის, რადგანაც არსებობს სხვა ფაქტორები, რამაც შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ბიზნეს-გადაწყვეტილება აქციოს წამგებიანად, რაც ვერ გახდება დირექტორის პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძველი, რამეთუ იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება დირექტორის არაკეთილსინდისიერი განზრახვა დაუშვებელია მისი პასუხისმგებლობის წარმოშობა ამგვარ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. მოსარჩელის მტკიცებას თ-----------–--–---–ის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით აქარწყლებს ასევე ის გარემოება, რომ იგი არამხოლოდ კომპანიის დირექტორი, არამედ მისი 42% წილის მესაკუთრე პარტნიორია, შესაბამისად იგი, როგორც საწარმოდან მოგების მიღების უფლების მქონე პირი ივარაუდება, რომ დაინტერესებული უნდა იყოს საწარმოს ბიზნეს საქმიანობის სწორად წარმართვით, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მოსარჩელის მტკიცებას დირექტორის არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით. ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან და საწარმო თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა აცნობიერებდეს, რომ შესაძლებელია გარკვეული ქმედების განხორციელება კომპანიისათვის წამგებიანი იყოს, თუმცა აღნიშნული ყველა შემთხვევაში ვერ გამოიწვევს დირექტორის პასუხისმგებლობას, თუ ვერ დადასტურდება მისი განზრახვა ზიანი მიეყენებინა კომპანიისათვის.

 

შპს „დ-----“ დაკავებულია, როგორც გამაჯანსაღებელი პროცედურის, ასევე ესთეტიური მომსახურების გაწევით მომხმარებელთათვის, რაც დასტურდება კომპანიის წესდებითაც, შესაბამისად სოლარიუმის სეგმენტის დამატება ვერ მიიჩნევა მცდარ, შეუთავსებელ და არაგონივრულ გადაწყვეტილებად, რადგანაც იგი თავსდება საწარმოს ბიზნეს-საქმიანობის ინტერესებში და დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვერ განიხილება საწარმოსათვის ზიანის წარმომშობად, რამეთუ თ-----------–--–---–ის მიზანი იყო საწარმოს მომგებიანობის გაზრდა, რაც არ შეიძლება გახდეს მისი პასუხისმგებლობის საფუძველი. ამასთანავე, პასუხისმგებლობას ვერ წარმოშობს ვერც ის ფაქტი, რომ სოლარიუმები თავისი მონაცემებით ვერ განთავსდებოდა შპს „დ-----ს“ ოფისში და აღნიშნული მოითხოვდა რიგი სარემოენტო სამუშაოების განხორციელებას, შესაბამისი კონდიცირების სისტემის მოწყობასა და ელ-ენერგიის მიწოდებას. აღნიშნული აპრიორი არ გულისხმობს, რომ დირექტორმა პასუხი უნდა აგოს სოლარიუმის შესაძენად გადახდილ თანხასთან მიმართებით, რადგანაც არ დასტურდება, რომ თ-----------–--–---–ის მიერ არ იყო გათვალისწინებული ამგვარი ხარჯები, ასევე უმთავრესად არ დასტურდება დირექტორის მიზანი კომპანიისათვის ზიანის მიყენებასთან მიმართებით, მის მიერ არ შეძენილა საწარმოს საქმიანობასთან რადიკალურად შეუთავსებელი ნივთი, რასაც შესაძლოა წარმოეშვა მისი პასუხისმგებლობა ამგვარ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. შესაბამისად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის თანახმადაც სოლარიუმის განთავსება კომპანიის ოფისში შეუძლებელია, ვერ დაედება საფუძვლად თ-----------–--–---–ის პასუხისმგებლობას.

 

გარდა აღნიშნულისა, საყურადღებოა ასევე ის გარემოება, რომ შპს „დ-----ს“ შეეძლო აღნიშნული ზიანის თავიდან არიდება, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია დროულად დაუკავშირდებოდა კონტრაჰენტს, ან/და გადაიხდიდა დარჩენილ საფასურს და მიიღებდა სოლარიუმის აპარატებს ან/და დროულად უარყოფდა ხელშეკრულებას, რითაც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ზიანის მოცულობის შემცირებას. მოცემულ ვითარებაში საწარმოს არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგავს არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის დარეგულირებასთან მიმართებით. თ-----------–--–---–მა თანხების გადარიცხვა განახორციელა 04.03.2014 წელსა და 16.06.2014 წელს, ხოლო საწარმოს ამჟამინდელი დირექტორი - ს--–--------------–--ე დაინიშნა 2014 წლის 22 სექტემბერს, ჯერ კიდევ სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, შესაბამისად კომპანიას შეეძლო დროული ნაბიჯების განხორციელების გზით მოეგვარებინა არსებული გაუგებრობა. ამასთანავე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, თითქოს მას შესაბამისი მონაცემების არ არსებობის საფუძვლით ვერ შეეძლო კომპანიასთან დაკავშირება. არ დასტურდება შპს „დ-----ს“ მხრიდან რაიმე მცდელობა დაკავშირებოდა კომპანიას, მაშინ როდესაც მისთვის ხელმისაწვდომი იყო შესაბამისი გადარიცხვები, რომელზე ასახული ინფორმაციით შესაბამისი სურვილის არსებობის პირობებში შესაძლებელი იყო მასთან დაკავშირება და არსებული გაუგებრობის აღმოფხვრის მცდელობა მაინც, რის ნაცვლადაც საწარმო 3 წლის გასვლის შემდგომ ითხოვს გადახდილი თანხის თ-----------–--–---–ისაგან ანაზღაურებას, რაც გაუმართლებელია და შესაბამისი წინაპირობების არ არსებობის საფუძვლით გამოირიცხება. საწარმოს მიერ, 2014 წლის ტრანზაქციასთან მიმართებით, 2017 წელს სარჩელის სასამართლოში წარდგენა დირექტორის წინააღმდეგ, გაუმართლებელია, რამეთუ კომპანიას თავად უნდა ემოქმედა მისთვის მიუღებელი ხელშეკრულების დროულად მოშლასთან მიმართებით, რითაც მაქსიმალურად შემცირდებოდა დამდგარი ზიანი, რაც კომპანიას არ განუხორციელებია, მით უფრო საყურადღებოა, რომ გადარიცხვები განხორციელდა 2014 წლის მარტი-ივნისში, ხოლო ახალი დირექტორი აირჩა ამავე წლის სექტემბერში, რაც აძლევდა შეცვლილ ხელმძღვანელობას გადაედგა ქმედითი ნაბიჯები ზიანის თავიდან ასარიდებლად, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული არ განხორციელებულა, რამაც თავის მხრივ თ-----------–--–---–საც წაართვა შესაძლებლობა მოეთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შესაბამის კომპანიისაგან. ამდენად, მტკიცება, თითქოს თ-----------–--–---–ი მოქმედებდა საწარმოს ინტერესების საზიანოდ არ დასტურდება, რაც გამორიცხავს მისი პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წესდება (ს.ფ. 23-29);

- 22.09.2014წ. პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება (ს.ფ. 19);

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 37-38);

- 19.06.2017წ. პარტნიორთა კრება (ს.ფ. 32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „დ-----ს“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9, 44-ე, 46-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ხოლო მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეწარმე სუბიექტად ითვლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება, არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს საწარმოს ვალდებულებებს პარტნიორის (პარტნიორის) მიმართ და პარტნიორის უფლებებს საზოგადოებაში.

 

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 46-ე მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნების მიზანი მოგების მიღებაა. პარტნიორის ინტერესიც, როდესაც იგი ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, სწორედ საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღებაა დივიდენდის სახით.

 

მოხმობილი კანონის 9.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვს დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს „დ-----“ დაფუძნდა 2012 წლის 30 იანვარს, რომლის დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე 2012 წლის 22 მარტამდე იყო თ-----------–--–---–ი, რომელიც ამავდროულად 2014 წლის 22 სექტემბრამდე იყო კომპანიის დირექტორი. თ. თხილაიშვილის შპს „დ-----ს“ წესდებისა და „მეწამეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებდა ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რის ფარგლებშიდაც კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარებისას ახორციელებდა საწარმოს წარმომადგენლობას.

 

6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.6 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებელი პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. შესაძლებელია ამ ვალდებულებისათვის გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით.

 

ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 პუნქტში დასახელებულ პირებს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საზოგადოების მიმართ გააჩნიათ ფიდუციური მოვალეობები, ერთი მხრივ, საზოგადოების საქმეებს გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. დასახელებული ნორმა საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისითაცაა მნიშვნელოვანი და პასუხს იძლევა კითხვაზე - მსგავს შემთხვევაში, თუ როგორ უნდა განაწილდეს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საყურადღებოა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ზრუნვის მოვალეობას მოითხოვს დირექტორისაგან, რაც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.

 

უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თანამედროვე საკორპორაციო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭება „სამეწარმეო განსჯის წესს“ ანუ, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საწარმოს დირექტორები მოქმედებდნენ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერებისა და ინფორმირებულობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, დირექტორების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, გადალახოს აღნიშნული პრეზუმფცია. საკასაციო პალატის განმარტებით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“)...ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან. (იხ. სუსგ, საქმე Nას-687-658-2016, 06.11.2018წ.).

 

კონკრეტული სარჩელით შპს „დ-----“ ითხოვს მისი ყოფილი დირექტორის თ-----------–--–---–ის პასუხისმგებლობის განსაზღვრას 17 075 ევროს მოცულობით, დირექტორის მიერ საწარმოსათვის სოლარიუმის შეძენის მიზნით გადახდილ თანხასთან, როგორც კომპანიისათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. მოსარჩელის მტკიცებით დირექტორმა დაარღვია ფიდუციური მოვალეობა და საწარმოს ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი ეკონომიკური სარგებლიანობის განსაზღვრის გარეშე მიიღო იმგვარი გადაწყვეტილება, რამაც აზარალა საწარმო 17 075 ევროს ოდენობით, თუმცა მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დირექტორის კეთილსინდისიერების პრეზუმციის გაქარწყლება და მხოლოდ მითითება დირექტორის არაკეთილსინდისიერებაზე, ვერ წარმოშობს თ-----------–--–---–ის პასუხისმგებლობას. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია, რომ შპს „დ-----“ საქმიანობს ესთეტიკური მედიცინის მხრივაც და სოლარიუმის სეგმენტის დამატება თავსებადია კომპანიის საქმიანობასა და მიზნებთან, რის გამოც სასამართლო თ-----------–--–---–ის კონკრეტულ ბიზნეს-გადაწყვეტილებას ვერ მიიჩნევს კომპანიისათვის საზიანო ქმედებად. ასევე, არ დასტურდება, რომ თ-----------–--–---–მა არ გამოიჩინა შესაბამისი წინდახედულობა აპარატის შეძენამდე და ოფისის მოცულობიდან გამომდინარე არ განსაზღვრა დამატებითი ხარჯების საჭიროება. მართალია მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს, თავის დროზე თ-----------–--–---–ის მიერ ამგვარი გარემოებების არ გათვალისწინებას, რაც სურვილის შემთხვევაში ექვემდებარება გამოსწორებას. არსებულ ვითარებაში არ დადასტურდა, დირექტორის პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობების არსებობა, შპს „დ-----ს“ საქმიანობიდან გამომდინარე სოლარიუმის მომხმარებელთათვის შეთავაზება თავსდება კომპანიის ბიზნეს-საქმიანობაში და იგი ვერ განიხილება რადიკალურად განსხვავებულ სეგმენტად, შესაბამისად სასამართლო ვერ მიიჩნევს დირექტორის გადაწყვეტილებას არაგონივრულად კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, მოთხოვნის დაკმაყოფილებას აფერხებს, თავად საწარმოს მიერ შესაბამისი ქმედების განუხორციელებლობაც აერიდებინა ან/და შეემცირებინა ზიანის მოცულობა ამგვარი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ასევე მიეცა თ-----------–--–---–ისათის შესაძლებლობა შესაბამის ვადაში მოეთხოვა კონტრაგენტისათვის ურთიერთობის დასრულება და გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.)

 

არსებული დავის ფარგლებში, შპს „დ-----მ“ ვერ უზრუნველყო მისი მოთხოვნის მართებულობის დადასტურება, რაც გამორიცხავს თ-----------–--–---–ის პასუხისმგებლობის წარმოშობას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს თ-----------–--–---–ის პასუხისმგებლობას მოსარჩელის მიერ გაწეულ საპროცესო ხარჯებთან მიმართებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „დ-----ს“ სარჩელი თ-----------–--–---–ის მიმართ, ზიანის სახით 17075 ევროს ეკვივალენტის ლარში დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1390 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე