გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/12250-17 06.12.18წ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: ლ---ნ ბ-------ძე
წარმომადგენელი: ა------- ხ-----–---–ი
მოპასუხე: ბ---- დ----–-ა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
1.3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ საჯარო დებატებში შეურაცხყოფა მიაყენა მოსარჩელეს, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი. მოსარჩელე განმარტავს, რომ მისი სარჩელი არ შეეხება ცილისწამებას და ის არ ითხოვს რაიმე ინფორმაციის უარყოფას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სარჩელს და განმარტავს, რომ ტელეკომპანია კ------ის ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა გაცხარების ფონზე მყისიერ რეაქციას, რაც გამოიწვია მოსარჩელე მხარის რამდენიმე მიმართვამ, როგორებიცაა „ბიჭო“, “უვარგისი”, „პოლიტიკური ნაგავი“ და სხვა. მოპასუხის განმარტებით, მას არ სურდა რომელიმე ნიშნით მიეყენებინა შეურაცხყოფა მოსარჩელისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე - ლ---ნ ბ-------ძე გახლავს არასამთავრობო ორგანიზაცია „თ----–---------------------“-ს წარმომადგენელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. 2017 წლის 3 აპრილს, მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია კ-------–ი ტელედებატებში. საუბარი ეხებოდა სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებებს. დისკუსიის დასასრულს, დისკუსიის მხარეებს შორის გაიმართა ცხარე კამათი: მოსარჩელის მიერ გაჟღერდა შეფასებები - „პოლიტიკური სანაგვე“, „პოლიტიკური ნაგავი“, „უვარგისი“. აღნიშნულის პასუხად, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს - „შენ ხარ უზრდელი და ხარ პიდარასტი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- კომპაქტ - დისკი (ს.ფ. 26);
3.1.3. სამართალწარმოების მიმდინარეობისას, მოპასუხემ განმარტა, რომ მას არ სურდა შეურაცხყოფა მიეყენებინა მოსარჩელისათვის და სადავო განცხადება გაკეთდა მოსარჩელის სიტყვების პასუხად - გაცხარების შედეგად და სინამდვილეში მას არ აინტერესებდა ვინ როგორი ცხოვრების წესით იცხოვრებდა. ამავე დროს, მოსარჩელემ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ მისთვის არსებითია სადავო გარემოების უარყოფითი შეფასება და არა ზიანის ოდენობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 6 დეკემბრის სხდომის ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მნიშვნელოვანი ხასიათის ფაქტობრივი გარემოებანი სადავოდ არ ქცეულა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 ლარის გადახდა.
5. კანონები (და სამართლის სხვა წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი;
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლი;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლები;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი (CASE LAW): იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ; ნორვუდი გაერთიანებული სამეფოს წინაღმდეგ; დელფი ესტონეთის წინააღმდეგ; ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ; მ.ც. და ა.ც. რუმინეთის წინააღმდეგ; ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ; ეგილ ეინარსონი ისლანდიის წინააღმდეგ; ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით (რომელსაც ზოგიერთ შემთხვევაში თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ქცევის ზოგად კოდექსსაც უწოდებენ), განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუვალობის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის მე-12 მუხლი ადგენს, რომ არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი პატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება კანონის მიერ იყოს დაცული ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან. ანუ, ამ რეგულაციათა მოცემულობა, თანამედროვე კაცობრიობის სოციალური და სამართლებრივი ყოფის მთავარ ქვაკუთხედს გვაძლევს: ადამიანის უფლება (მათ შორის ზემოაღნიშნული მე-12 მუხლით გარანტირებული უფლებანი) ბუნებით გარანტირებულია; მისი ნებისმიერი შეზღუდვა კი უნდა იყოს კანონით დადგენილი და ამავე დროს ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-17 მუხლის შესაბამისად, არავინ უნდა განიცადოს თვითნებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებელი ადგილის შეუვალობის ამ მისი კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ხელყოფა, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.
საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში - LOIZIDOU vs. TURKEY აღნიშნული კონვენცია დაახასიათა „ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციურ დოკუმენტად“.
კონვენცია, ადგენს რა ადამიანის ძირითად უფლებებსა და მათი დაცვის მექანიზმებს, ამ ძირითად უფლებებს ყოფს ე.წ. „აბსოლუტურ“ და „შეზღუდვად“ უფლებებად. აბსოლუტურია უფლება, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს და სახელმწიფო ვერ წარმოაჩენს მათი შეზღუდვის ვერცერთ ლეგიტიმურ საფუძველს (ასეთია მაგალითად კონვენციის მე-3 მუხლი წამების აკრძალვის თაობაზე). კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული უფლებანი კი, სწორედ ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ლეგიტიმური წინაპირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შეიზღუდოს.
კონვენციის მე-8 მუხლი შეიცავს რეგულაციას, რომლის თანახმადაც:
1. ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.
2. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.
კონვენციის ამ რეგულაციის (ისევე, როგორც ძირითადი უფლებების დამდგენი სხვა რეგულაციების) ავთენტურ და ავტორიტეტულ განმარტებას იძლ--- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი. სწორედ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და კონვენციის ნორმათა შეფასებები იძლ--- ამ ზოგადი შინაარსის და ხშირ შემთხვევაში კონკრეტიკას მოკლებული (გარკვეულწილად არათვითშესრულებადი) სამართლებრივი დეფინიციების სწორად აღქმის, გააზრებისა და შემდგომ შეფარდების შესაძლებლობას. ვინაიდან, კონვენციაში ჩამოყალიბებული მრავალი ნორმა ძალზე ზოგადად არის ფორმულირებული, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გაანალიზების გარეშე რთულია კონვენციის დებულებათა სწორად განმარტება და გამოყენება. აქედან გამომდინარე, ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართალი ეროვნული სასამართლოს მიერ, როგორც მინიმუმ აღქმულ უნდა იქნეს სამართლის შემეცნების წყაროდ (თუ უშუალოდ სამართლის წყაროდ არა). აღნიშნულის ვალდებულება (პრეცედენტული სამართლის გამოყენების ვალდებულება) გამომდინარეობს როგორც უშუალოდ კონვენციიდან, ასევე ეროვნული (ქართული) კანონმდებლობის რიგი სამართლებრივი აქტებიდან (მაგ: "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონი, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონი).
არსებითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აღნიშნული რეგულაციის ინკორპორირება ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობაში, აყალიბებს პირადი ცხოვრების პატივისცემის ზოგად უფლებას. ეს მუხლი, იცავს პირის პირად, ოჯახურ ცხოვრებას, საცხოვრებელსა და მიმოწერას სახელმწიფოს (საჯარო ხელისუფლების) ჩარევისაგან. ამასთან, კონვენციის მიხედვით სახელმწიფოებს აქვთ არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება - არ ჩაერიონ მე-8 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულ უფლებებში, არამედ ასევე პოზიტიური ვალდებულება - უზრუნველყონ ამ უფლებებით ეფექტური სარგებლობა (CASE OF X &Y v. THE NETHERLANDS). აღნიშნულ საქმეში, ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ შეიძლება არსებობდეს სახელმწიფო პოზიტიური ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოსაგან გარკვეული ღონისძიებების მიღებას მოითხოვს, თუნდაც ინდივიდებს შორის ურთიერთობათა სფეროში.
საქმეში - I.B. v. GREECE , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, განმარტავს რა პირადი ცხოვრების ფარგლებს, აცხადებს შემდეგს: „სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ „პირადი ცხოვრების“ ცნება ფართო კონცეფციაა და არ ექვემდებარება ამომწურავ განმარტებას; ის მოიცავს ადამიანის ფიზიკურ და მორალურ ხელშეუხებლობას და ასევე ხშირად მოიცავს ადამიანის ფიზიკური და სოციალური იდენტობის ასპექტებს“; ანუ, სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ამ დრომდე არ დადგენილა გამოკვეთილი ჩარჩოები, არ გამოვლენილა პირის ცხოვრების ის ამომწურავი სფეროები, რომლებიც შეიძლება მოიაზრებოდეს პირადი ცხოვრების დაცვის რეგულაციათა ქვეშ.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე აპელირებს, რომ მას აქვს გამოხატვის თავისუფლება და მან პასუხი არ უნდა აგოს სადავო განცხადებაზე სწორედ გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტით დაცულობის გამო. ამავე დროს, მისი განმარტებით, მიმდინარეობდა საჯარო დებატები, რაც კიდევ უფრო ზრდის მისი გამონათქვამის დაცულობის ხარისხს.
შესაბამისად, მიზანშეწონილია ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და დავადგინოთ:
1. საერთოდ ჯდება თუ არა სადავო გარემოება ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცული სფეროს ფარგლებში;
2. თუ სადავო განცხადება დაცულია მე-10 მუხლით (ანუ ზემოაღნიშნული - 1 პუნქტი სახეზე გვაქვს), მაშინ არსებობს თუ არა მისი შეზღუდვისა და ამ შეზღუდვის გამართლების ის პირობანი, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით;
აღნიშნული მიზნით, სასამართლო მოკლედ მიმოიხილავს ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს მე-10 მუხლთან მიმართებაში.
გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენადაა მიჩნეული, ხოლო მისი უზრუნველყოფა და დაცვა - დემოკრატიული პროცესების წარმატებით ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლო პირობად. ამ მოვლენას, ორმაგი ბუნება, ორმაგი დატვირთვა გააჩნია. იგი ერთდროულად მიზანიც არის და საშუალებაც. იგი არა მხოლოდ თავისთავადი სიკეთე და ღირებულებაა, არამედ იმავდროულად სხვა ღირებულებათა დაცვის საუკეთესო გზა.
ევროპული კონვენციისმე-10 მუხლი აწესებს შემდეგს:
1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
სამართლის ამ საერთაშორისო წყაროს პირველი პუნქტის თანახმად, გასაგებია, რომ დაცული სფეროა ადამიანის უფლება - ჰქონდეს შეხედულება; მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და შეხედულებები; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუხლით დაცულ საგანს მოიხსენიებს როგორც - ratione materiae.
თუმცა, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, ნებისმიერი აზრისა თუ ინფორმაციის გავრცელება არ გახლავს მუხლით დაცული სიკეთე - არ გახლავს ნორმის ratione materiae. ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ინტერესთა დაპირისპირების დროს (რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს), შეურაცხმყოფელი და უხამსი გამონათქვამები საერთოდ დაუცველია (ან ძალიან სუსტად დაცულია) დემოკრატიულ საზოგადოებაში. ცხადია, რომ სასამართლო ვერ შეიწყნარებს ეროვნული, რელიგიური თუ სხვაგვარი შეუწყნარებლობის გამოვლინებებს და ასეთებს მოიხსენიებს „სიძულვილის ენად“ (hate speech).
მაგალითად: საქმე ნორვუდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ratione materiae და დაუშვებლად ცნო განაცხადი, ვინაიდან სახეზე იყო მე-10 მუხლთან შეუთავსებელი ქმედება (განმცხადებელმა სახლი ფანჯარაზე გამოაკრა ლოზუნგი - ისლამი განიდევნოს ბრიტანეთიდან); საქმეში დელფი ესტონეთის წინააღმდეგ, სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ სოციალურ მედიაში კომენტარების სახით გაცხადებული შეურაცხმყოფელი ფრაზები ვერ იქნებოდა დაცული მე-10 მუხლით; საქმეში ჯერსილდი დანიის წინააღმდეგ აღინიშნა, რომ პირები, რომლებიც დამამცირებლად მოიხსენიებდნენ განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის პირებს, არ სარგებლობდნენ მე-10 მუხლის დაცვით. ამ საქმეთა ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
არ შეიწყნარა ევროპულმა სასამართლომ ასევე აპლიკანტთა განცხადებები - „ჰომოსექსუალებო წაეთრიეთ ნიდერლანდებში“ საქმეში მ.ც. და ა.ც. რუმინეთის წინააღმდეგ.
ჩამოთვლილი და ასევე სხვა მრავალი პრეცედენტები ადგენენ, რომ შეურაცხყოფას არ გააჩნია გამოხატვითი ღირებულება; მას არ შეაქვს საზოგადოებრივ დისკუსიაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი და ამიტომაც ასეთი „გამოხატვა“ არ არის დაცული ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით.
მეორეს მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქმე იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ალექსეევი რუსეთის წინააღმდეგ;
ალექსეევის საქმეში ევროპულმა სასამართლომ კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა დაადგინა იმის გამო, რომ სახელმწიფო მრავალი წლის განმავლობაში უდიერად ეპყრობოდა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს.
საქმეში იდენტობა და სხვები (ამ საქმეში ერთ-ერთ განმცხადებელს სწორედ დღევანდელი მოსარჩელე წარმოადგენდა), ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სხეულის დაზიანებები, ფიზიკური თავდასხმები, ასევე ის, რომ მომჩივნები გახდნენ სიძულვილის ენის მსხვერპლნი („ავადმყოფი, ამორალური, გარყვნილი, ცოდვილი, პიდარასტი“), ასევე მუქარა - „ცოცხლად დაწვა, განადგურება“, განაპირობებდა სწორედ ევროპული კონვენციის რიგი მუხლების დარღვევას.
საქმეში ეგილ ეინარსონი ისლანდიის წინააღმდეგ, სადავო გახდა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება - Fuck you rapist bastard. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოთქმულ განცხადებას შეეძლო დაეზიანებინა ადრესატის პატივი და ღირსება და დადგინდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა (აღნიშნული საქმე ჩვენთვის ასევე სხვა გარემოების გამოც გახლავს საინტერესო, რაზეც ქვემოთ შევჩერდებით).
შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხე ვერ დაეყრდნობა მე-10 მუხლის რეგულაციებს და ვერ მოითხოვს, რომ მისი განცხადება იყოს ან ნორმით დაცული. შესაბამისად, თუ მივიჩნევთ, რომ სახეზე არ გვაქვს მე-10 მუხლის საგანი - ratione materiae, მაშასადამე სასამართლოს სართოდ აღარ სჭირდება მსჯელობა მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებზე.
6.2. ეროვნულ კანონმდებლობაში, განსახილველი საქმისათვის სადამფუძნებლო ნორმა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლია. ამ ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას თავისი პატივი და ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა და საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე დროს, სამოქალაქო კოდექსის მე-18 და 413-ე მუხლი ითვალისწინებს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებასაც.
აქვე უნდა აღინიშნოს ის გარკვეული სფეციფიკურობა, რასაც წინამდებარე საქმე გვთავაზობს პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებული სხვა საქმეებისაგან განსხვავებით.
ზემოაღნიშნული მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. ამ სამართალურთიერთობის სფეროში, გვაქვს სპეციალური კანონი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომელიც ასევე შეიცავს სხვადასხვა დეფინიციებს; კანონი ადგენს ცილისწამების შინაარსს და კერძო თუ საჯარო პირების ცილისწამებისაგან დაცულობის სხვადასხვა კრიტერიუმებს. მოკლედ, ეროვნული სამართლის წყაროები ერთი შეხედვით აწესრიგებენ ისეთ საკითხებს, როდესაც მოსარჩელე ედავება მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობას, ხასიათს; ითხოვს ამ ცნობის უარყოფას და ამის შემდეგ (შედეგად) აყენებს არაქონებრივი ზიანის საკითხს (ასეთი შინაარსის სასამართლო პრაქტიკა საქართველოში ბევრია).
განსახილველ საქმეში კი, სარჩელში პირდაპირ მითითებულია, რომ მოსარჩელე არაფრის უარყოფას არ ითხოვს, რომ სახეზე არ გვაქვს ცილისწამების თაობაზე მოთხოვნა. მოსარჩელე მხოლოდ შეურაცხმყოფელი მიმართვისათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
მიუხედავად ამისა, სასამართლო თვლის, რომ მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის ფართო განმარტება იძლ--- მოცემული სარჩელის მოთხოვნისათვის აუცილებელ სამართლებრივ შინაარსს. სასამართლო, ეყრდნობა რა ზემოაღნიშნულ ევროპულ პრეცედენტებს (ალექსეევისა და იდენტობას საქმეები), თვლის, რომ ნებისმიერი უმცირესობა, მეტად მოწყვლადია, მით უმეტეს კონსერვატიულ საზოგადოებებში და მათ დაცვაზე სახელმწიფოა პასუხისმგებელი (ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომელიმე პირის უფლებების რეალიზაციამ, სხვათა უფლებების შელახვა უნდა გამოიწვიოს). დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანის უფლება თანაბრად დაცულია. შესაბამისად, შეურაცხმყოფელი - დამაკნინებელი მიმართვა, რომელიც მოპასუხემ განახორციელა, აძლევს მოსარჩელეს უფლებას, აღნიშნული რეგულაციის შესაბამისად მოითხოვოს არაქონებრივი ზიანი.
6.3. სასარჩელო მოთხოვნას არაქონებრივი ზიანის სახით 500 ლარის დაკისრება წარმოადგენს. თუმცა, მოსარჩელემ თვითონ განმარტა, რომ მისი არსებითი ინტერესი სწორედ მოპასუხის ქცევის არამართლზომიერი ხასიათის დადგენაში და არა თანხის ოდენობაში მდგომარეობს.
ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს იმ მოცემულობას, რომ სადავო განცხადება გაკეთდა არა ყოველგვარი წინაპირობების გარეშე (ასე ვთქვათ „მოწმენდილ ცაზე“), არამედ მას წინ უძღოდა ცხარე კამათი (იხ. ფაქტობრივი გარემოება 3.1.2.); ამავე დროს, მთელი სამართალწარმოების განმავლობაში, მოპასუხე განმარტავდა, რომ მას არ სურდა შეგნებულად მიეყენებინა შეურაცხყოფა მოსარჩელისათვის და მზად იყო მორიგების გზით გადაეწყვიტა ეს კონფლიქტი (რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა).
ზემოთ უკვე ვახსენეთ ეგილ ეინარსონის საქმე ევროპულ სასამართლოში; ამ საქმის კიდევ ერთი საინტერესო სფეციფიკა ჩვენთვის ის გახლდათ, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-8 მუხლის დარღვევის აღიარება საკმარისი რესტიტუცია გახლდათ განმცხადებლისათვის და ამიტომ აღარ არსებობდა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების საჭიროება. სასამართლო მაგალითისათვის ასევე მიუთითებს ცნობილ ევროპულ საქმეს - ქრისტინ გუდვინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომელშიც მოპასუხე სახელმწიფოს მოეთხოვა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდგომი რეალობის ოფიციალური აღიარება და დადგინდა მე-8 მუხლის დარღვევა. ამ საქმეშიც, დარღვევის აღიარება საკმარის რესტიტუციად ჩაითვალა და სასამართლომ აღარ იმსჯელა არაქონებრივ ზიანზე. ასეთი პრეცედენტები ბევრია (უნდა აღინიშნოს, რომ არაქონებრივი ზიანის სიმბოლური გამოხატვის თაობაზე გადაწყვეტილებები ასევე ძალიან ბევრია ქართულ სამართალწარმოებაშიც).
შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ თვლის აუცილებლად სარჩელის სრულ დაკმაყოფილებას. თუმცა, ამ საქმის სფეციფიკურობის გათვალისწინებით, არაქონებრივი ზიანის სიმბოლური დაკმაყოფილება შექმნის სწორედ დარღვევის აღიარების მოცემულობას და დააკმაყოფილებს მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს. ამავე დროს, გასაგებია, რომ აღნიშნული გაგებული არ უნდა იქნას ისე, რომ ყველა შემთხვევაში არაქონებრივი ზიანი სიმბოლური თანხა უნდა იყოს; საქმეები, რომლებშიც გვექნება განსხვავებული მოცემულობა (ეს განსხვავება შეიძლება ბევრმა გარემოებამ განაპირობოს), შესაძლოა სხვაგვარი შედეგი დადგეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თუმცა დაკისრებული ბაჟი ვერ იქნება 100 ლარზე ნაკლები, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ბაჟი 100 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლ---ნ ბ-------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ბ---- დ----–-ას დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 1 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი