გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210017001932201
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/13056-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - მა--------------------

წარმომადგენელი - გი------------------ა

მოპასუხეები - 1 - შპს „მე------–--------------ი“

2 - ომ-------–----–--

წარმომადგენლები - 1- რუ--------–---–----

2 - სა-–-----------–-–---–ი

დავის საგანი - პარტნიორის გარიცხვის თაობაზე კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოების დირექტორის გაწვევა (გათავისუფლება) სასამართლო გადაწყვეტილების გზით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ომ-------–----–--ს „შპს „მე------–--------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან გაწვევის შესახებ.

 

1.2. 2----–-–----------- კრების ოქმის მე-2 საკითხის - მა-------------------ის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შპს „მე------–--------------ი“ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2----–-–------------–-----. საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ მა-------------------- - 34%-იანი წილი და ომ-------–----–-- - 66%-იანი წილი. საზოგადოების დირექტორად რეგისტრირებულია ომ-------–----–--. ომ-------–----–--ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე, დირექტორის უფლებამოსილებას 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე ახორციელებდა კო-----------ე, რომელიც წლების განმავლობაში ჯეროვნად და პირნათლად ახორციელებდა საზოგადოების სასარგებლოდ თავის საქმიანობას. 2016 წლის ბოლოს, ომ-------–----–--მ გააუქმა მინდობილობა და თავად შეუდგა საზოგადოების მართვას, რა პერიოდიდანაც დაიწყო არაკანონიერი მოქმედებები საზოგადოების მიმართ. იგი არამიზნობრივად ხარჯავს საზოგადოების თანხებს, მოსარჩელისათვის გაურკვეველ საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, არ გადასცემს ფინანსურ და საბუღალტრო დოკუმენტაციას, რის გათვალისწინებითაც საზოგადოება მალე დადგება გაკოტრების წინაშე. ომ-------–----–--ს არაკანონიერი და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება ასევე დასტურდება იმ გარემოებით, რომ იგი ცალმხრივად შეეცადა საზოგადოების წესდების შეცვლას, წილის გასხვისებას და დირექტორის დანიშვნას, რაც რეესტრის გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა.

 

2----–-–----------- გამართულ კრებაზე, პირველი საკითხად განხილულ იქნა საზოგადოების დირექტორის გამოწვევის საკითხი, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა და ვინაიდან იგი ფლობდა წილის მეტ ოდენობას, გადაწყვეტილებით ვერ მოხდა დირექტორის გათავისუფლება. ამავე კრებაზე, მოწინააღმდეგე მხარის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გარიცხულ იქნა საზოგადოებიდან, ვითომდა საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების მოტივით, რაც არ შეესაბამება რეალურ ფაქტობრივ მოცემულობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საზოგადოების დირექტორის უფლებამოსილება თავად ომ-------–----–--ს მიერ განხორციელების თაობაზე მიღებულ იქნა იმ მოტივით, რომ კო-----------ე არ მოქმედებდა პარტნიორისა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად. მისი მმართველობის პერიოდში არ გაცემულა დივიდენდი, რის გათვალისწინებითაც მოპასუხემ შეუწყვიტა მინდობილობა და თავად განაგრძო საზოგადოების ხელმძღვანელობა. ის ფაქტი, რომ თითქოს დირექტორი მოსარჩელეს არ აწვდის საზოგადოების ფინანსურ დოკუმენტაციას, არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვდა დოკუმენტაციას 2017 წლის პერიოდზე, აღნიშნული დოკუმენტაცია კი ფინანსური შემოწმების მიზნით გადაცემული ჰქონდა აუდიტორულ კომპანიას. მას შემდეგ რაც დასრულდა შემოწმება, დასკვნები სასამართლოშიც კი იქნა წარმოდგენილი. რაც შეეხება მოსარჩელის საზოგადოებიდან გარიცხვის ფაქტს, მხოლოდ პარტნიორის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი და აუცილებელია სასამართლო წესით გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებით დადასტურება. გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილება კი იმ აუცილებლობით იქნა მიღებული, რომ თავად მოსარჩელე ცდილობს დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო საჩივრების გზით საზოგადოების რეპუტაციისა და ინტერესების შელახვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სამართლებრივად დაუსაბუთებელია და სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „მე------–--------------ი“ თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ რეგისტრირებულია 2----–-–------------–-----. საზოგადოების პარტნიორებს წარმოადგენენ მა-------------------- 34%-იანი წილი და ომ-------–----–-- 66%-იანი წილი, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი ომ-------–----–--.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ს.ფ. 15-16)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „მე------–--------------ის“ წესდების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია საზოგადოების მართვის ორგანო და მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები. კერძოდ, საზოგადოების მმართველ ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება (6.3 პუნქტი), რომლის კომპეტენციასაც, სხვა საკითხებთან ერთად მიეკუთვნება საზოგადოების წესდების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა და სხვა (6.7 პუნქტი). წესდების 6.12 პუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის მუშაობაში მონაწილე დამფუძნებლები ხმათა საერთო რიცხვის უმეტესობას ფლობენ, ხოლო კრება 6.7 პარაგრაფის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ტ“, „უ“, „ფ“ პუნქტებზე გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის მუშაობაში ყველა პარტნიორი მონაწილეობს.

 

(მტკიცებულება: შპს „მე------–--------------ის“ წესდება, ს.ფ. 31-40)

 

3.2.2. შპს „მე------–--------------ის“ დირექტორს ომ-------–----–--ს 2017 წლის 14 თებერვალს გაეგზავნა პარტნიორ მა-------------------ის წერილი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა 2017 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე საზგადოების დოკუმენტაცია - გაფორმებული ხელშეკრულების ასლები, საბაჟო დეკლარაციები ინვოისებთან ერთად, საბუღალტრო პროგრამის ასლი, შ--------–----------------- ვებგვერდზე ორგანიზაციის მომხმარებელი და პაროლი, ასევე ინფორმაცია გახსნილი ყველა საბანკო ანგარიშის შესახებ და ინფორმაცია მათზე შემდგომი წვდომის განსახორციელებლად. აღნიშნული წერილის პასუხად, მა--------------------ს ეცნობა, რომ საზოგადოებამ ეჭვი შეიტანა წერილის ავთენტურობაში, ვინაიდან შეუსაბამო იყო წერილის ნუმერაცია და წერილზე ხელმოწერა დატანილი იყო მექანიკური ჩარევით და არა პირადად.

 

(მტკიცებულება: წერილები, ს.ფ. 89-91)

 

3.2.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებით მ---------–----–--- განცხდებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, რომლითაც იგი ითხოვდა შპს „მე------–--------------ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას, კერძოდ, პარტნიორის წილის, ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა და წესდების ცვლილებას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან მიეთითა, რომ საზოგადოების წესდების ცვლილება არ იყო მიღებული ყველა პარტნიორის თანხმობით, წილის გასხვისების თაობაზე აუცილებელი იყო საზოგადოების პარტნიორის თანხმობა მესამე პირზე წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, წილის ნასყიდობის თაობაზე კრების ოქმი არ იყო ხელმოწერილი მყიდველის მხრიდან და არ დგინდებოდა წილის საკუთრებაში მიღების თაობაზე ნება. ასევე, ვინაიდან კრება წარმოადგენდა განმეორებით ჩატარებულს, სარეგისტრაციოდ არ იყო წარდგენილი პირველად მოწვეული და ჩატარებული კრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

(მტკიცებულება: სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ. 79-81)

 

3.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-------------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „მე------–--------------ის“ საჩივარი სააგენტოს 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ.

 

(მტკიცებულება: ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, ს.ფ. 82-88)

 

3.2.5. 2----–-–----------- ჩატარდა შპს „მე------–--------------ის“ პარტნიორთა კრება, რომლის დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს წარმოადგენდა შპს „მე------–--------------ის“ დირექტორის ომ-------–----–--ს დირექტორის თანამდებობიდან გაწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა; შპს „მე------–--------------ის“ 34%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მა-------------------ის პარტნიორობიდან გარიცხვა და გარიცხვის შედეგად 34%-იანი წილის პარტნიორ ომ-------–----–--ს სახელზე რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „მე------–--------------ის“ 34%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მა-------------------ის მოთხოვნა ომ-------–----–--ს დირექტორის თანამდებობიდან გაწვევისა და ახალი დირექტორის დანიშვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან კრებაში მონაწილე 66%-იანი წილის მქონე პარტნიორმა მხარი არ დაუჭირა გადასაწყვეტ საკითხს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით კი 66%-იანი წილის მქონე პარტნიორის წარმომადგენელთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს „მე------–--------------ის“ 34%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მა-------------------ის პარტნიორობიდან გარიცხვისა და მისი წილის მეორე პარტნიორის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, რასაც მხარი არ დაუჭირა 34%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის წარმომადგენელმა.

 

(მტკიცებულება: 2----–-–------------ შპს „მე------–--------------ის“ პარტნიორთა კრების ოქმი, ს.ფ. 23-30)

 

3.2.6. საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით დადგენილია, რომ 2----–-–------------–- ჩატარდა შპს „მე------–--------------ის“ სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის აუდიტი 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე, შ--------–---------------------------------------------- ბრძანებით დადგენილია, რომ 2----–-–---------------- მიღებულ იქნა ბრძანება შპს „მე------–--------------ის“ საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების თაობაზე. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 17 ნოემბერი. საგადასახადო შემოწმების აქტით კი დადგენილია, რომ 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 11 დეკემბრამდე განხორციელდა შპს „მე------–--------------ის“ გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2014 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდზე.

 

(მტკიცებულება: აუდიტორული დასკვნა, შ--------–----------------- ბრძანება, საგადასახადო შემოწმების აქტი, ს.ფ. 137-163, 166, 199-245)

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი მა-------------------ის განცხადებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილით დგინდება, რომ 2017 წლის 23 თებერვალს მა--------------------მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს შპს „მე------–--------------ის“ მიმართ სათანადო ზომების მიღების თაობაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საგამოძიებო სამსახურის პასუხით მა--------------------ს ეცნობა, რომ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს და არ არსებობდა გამოძიების დაწყების საფუძვლები.

 

(მტკიცებულება: განცხადება, წერილი, ს.ფ. 254-255)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ დადასტურდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გაწვევის, თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. სასამართლო არ იზიარებს მხარის განმარტებას, რომ ვინაიდან ადგილი აქვს საზოგადოების დირექტორის მხრიდან არაკანონიერ მოქმედებებს, აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ასევე მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს არ ეთანხმება საზოგადოების მეორე პარტნიორი, რომელსაც გააჩნია 66%-იანი წილი საზოგადოებაში. საზოგადოების წესდების თანახმად კი დირექტორის თანამდებობაზე გამწესება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენს პარტნიორთა საერთო კრებას მიკუთვნებულ საკითხს. საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღება კი ხდება მასში მონაწილე დამფუძნებელ ხმათა საერთო რიცხვის უმეტეს მფლობელთა მიერ (წესდების 6.12 პუნქტი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის მასალები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა სახეები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა. ამასთან, არცერთ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შეფარდებით. საბოლოოდ მტკიცებულებათა შეფასება ხდება სასამართლოს მიერ, რომელთა გამოკვლევა უნდა მოხდეს სასამართლოს შინაგანი რწმენით, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

სასამართლოს აზრით, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული საზოგადოების დირექტორის მხრიდან საზოგადოების ინტერესების საზიანოდ მოქმედება, რაც შეიძლება გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გამოწვევის საფუძველი. ამასთან, იმ მოცემულობაში, როდესაც დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ეთანხმება საზოგადოების მეორე პარტნიორი, რომელსაც გააჩნია ორგანიზაციის 66%-იანი წილი, სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიაჩნია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მა-------------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა მისი საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სარჩელი დირექტორის თანამდებობიდან გაწვევის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; წესდება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში - სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში - მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში - დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, დირექტორები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისთვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისის ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.

 

ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, საზოგადოების დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რომლებსაც ფიდუციური მოვალეობები ეწოდება და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში განმტკიცებულია როგორც კანონით, ისე წესდებით.

 

სადავო შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საზოგადოების დირექტორი, რომელიც იმავდროულად საზოგადოების 66%-იანი წილის მფლობელია, მოქმედებს კომპანიის ინტერესების საზიანოდ, ხელს უშლის პარტნიორს მიიღოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, პარტნიორის კონტროლის გარეშე ხდება საწარმოს შემოსავლების განკარგვა, რაც მხარის მითითებით საფუძველია დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით. პარტნიორთა კრება განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებს და ზოგადად, საქმიანობის პოლიტიკას. დირექტორი კი წარმოადგენს პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს.

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების საკითხებზე.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია, რომ დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს მხოლოდ პარტნიორთა კრების მიერ. სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება ჩაერიოს საწარმოს ავტონომიაში, დანიშნოს ან გაათავისუფლოს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლო არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს საწარმოს შიდა საქმიანობაში და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ თუ ვინ არის შესაფერისი კანდიდატი დირექტორის თანამდებობაზე და პირიქით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საზოგადოების დირექტორის გამოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება პარტნიორთა კრების მიერ ვერ იქნა მიღებული, ვინაიდან მოსარჩელის გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებაში ფლობს 34%-იან წილს, არ დაეთანხმა საზოგადოების მეორე პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს 66%-იანი წილის მფლობელს და იმავდროულად წარმოადგენს საზოგადოების დირექტორს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა შპს „მე------–--------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის თაობაზე.

 

6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის თანახმად, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ ამ კანონით ან წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. წესდებით შესაძლებელია მათ მიერ შეტანილი შენატანებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამეწარმეო სუბიექტის წესდება, თავისი არსით წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ გარიგებას და შესაბამისად, მხარეები საწარმოს რეგისტრაციის დროს საზოგადოების შეთანხმებით (წესდებით) -სახელშეკრულებო პირობებით განსაზღვრავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს. მეწარმე სუბიექტი, როგორიცაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას რომელიც იქმნება პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. ორგანიზაციის ნებისმიერი საქმიანობა კი რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობითა და თავად ამ ორგანიზაციის წესდებით (პარტნიორთა გარიგებით).

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შემთხვევა პირდაპირი გათვალისწინებული არ არის, გარდა პარტნიორთა წესდებით განსაზღვრული შენატანის ვადის გასვლის გამო წილზე საკუთრების უფლების დაკარგვის შემთხვევისა („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი). პარტნიორთა საერთო კრება, რომელიც წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და წარმოადგენს უმაღლეს გადაწყვეტილებაუნარიან ორგანოს, უფლებამოსილია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც შეიძლება იყოს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა და ეს მოქმედება კანონსაწინააღმდეგოდ ვერ მიიჩნევა, თუმცა ნებისმიერი უფლება, კანონითა თუ ხელშეკრულებით მინიჭებული, უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად. პარტნიორის ორგანიზაციიდან გარიცხვა და მისი კუთვნილი წილის ჩამორთმევა, წარმოადგენს ამავე პარტნიორის საკუთრების უფლების შეზღუდვას და მასში ჩარევას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საზოგადოების პარტნიორთა 2----–-–------------ საერთო კრების გადაწყვეტილებით, პარტნიორის გარიცხვა მოხდა პარტნიორის მხრიდან საგამოძიებო ორგანოებში გამოძიების დაწყების შესახებ მიმართვის მოტივით, რაც მოპასუხის განმარტებით ლახავს საზოგადოების სახელსა და საქმიან რეპუტაციას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მოცემულობაში, როდესაც საზოგადოების საქმიანობის გაგრძელება გასარიცხ პარტნიორთან ერთად შეუძლებელია. პარტნიორის გარიცხვა პირდაპირაა დაკავშირებული მისი წილის დაკარგვასთან (საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან) და დანარჩენი პარტნიორების მიერ მისი წილის მოპოვებასთან, რაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული წინაპირობების არსეობისას. სადავო შემთხვევაში, პარტნიორთა კრების ოქმით მოხდა გადაწყვეტილების მიღება იმ წინაპირობის გათვალისწინებით, რომ გასარიცხმა პარტნიორმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საგამოძიებო ორგანოს. აღნიშნული კი არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ მოქმედებად, რაც საზოგადოების მეორე პარტნიორს (დანარჩენ პარტნიორებს) მიანიჭებდა უფლებას საზოგადოებიდან გარიცხვის მართლზომიერების თაობაზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, შპს „მე------–--------------ის“ პარტნიორთა კრებით მიღებული გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, არ მიღებულა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საწარმოს წესდებით დადგენილი წინაპირობების გათვალისწინებით. შესაბამისად, მა-------------------ის მოთხოვნა მისი საზოგადოებიდან გარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა. დარჩენილი ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე მა-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ომ-------–----–--ს შპს „მე------–--------------ის“ დირექტორის თანამდებობიდან გაწვევის შესახებ.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2----–-–----------- კრების ოქმის მეორე საკითხი - მა-------------------ის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება.

 

2. დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელე მა-------------------ის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე მა-------------------ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი