გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.10.2018
საქმის ნომერი
330310018002626706
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/5777-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - იბა ,,ო-–------------------–--ი’’

წარმომადგენელი - ლ---------

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ნუ-------------–---–ი

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - გ--------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №0----- შემოწმების აქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანება იბა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში არ არის კონკრეტული მსჯელობა იმ გარემოებაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას მიღებული გადაწყვეტილება კანონს, ასევე არ არის მითითებული კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისში, შ----------------------------–------------------------დ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2009 წლის 25 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 203.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

 

3.1.2. ქ. თბილისში, შ----------------------------–------------------------დ (ნაკვეთი 15/59) არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, 2009 წლის 16 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 156.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15.

3.1.3. ქ. თბილისში, შ--------------------ში (ნაკვეთი 15/59) მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №0---------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია იბა ,,ო-–------------------–--ის’’ და სხვათა სახელზე. ნაკვეთის საკუთრების ტიპი - თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 8406.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 15/10, 15/30; 0---------------; 0---------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25.05.2009 (ს.ფ. 154-155);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 16.06.2009 (ს.ფ. 156-157);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 13.09.2016 (ს.ფ. 160-162).

 

3.1.4. 2015 წლის 11 მარტს ოლია ახალაიამ №A-------- განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, შ-----------------ში (ს/კ: №0---------------) მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №1------ ბრძანებით დაკმაყოფილდა 11.03.2015 წლის №A-------- განცხადება; ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11.03.2013 წლის №5----- ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №1------ ბრძანება (ს.ფ. 158-159).

 

3.1.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ იბა ,,ო-–------------------–--ის“ მიმართ 2016 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა მითითება №0-----, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, შ-----------------ის მიმდებარედ, უნებართვოდ მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის და კაპიტალური ნაგებობები.

 

ამავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ი-------–-----------------–---- დაევალა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა ან დემონტაჟის განხორციელება უსაფრთხოების წესების დაცვით, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 28 ივლისის მითითება №0----- (ს.ფ. 38-39).

 

3.1.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №0-----, რომლითაც დადგინდა, რომ იბა „ო-–------------------–--ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 28 ივლისის №0----- მითითების პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის შემოწმების აქტი №0----- (ს.ფ. 40-41).

 

3.1.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 22 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №0----- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“, რომლის თანახმად, ამხა-------------–-----------------–---- დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ჟ- შ-----------------ზე (ს/კ: №0---------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №0--------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №0--------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების მშენებლობისათვის (განთავსებისათვის). ამავე დადგენილებით ა---------------–-----------------–---- დაევალა ქ. თბილისში, ჟ- შ-----------------ზე (ს/კ: №0---------------) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ასევე №0--------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, აგრეთვე №0--------------- საკადასტრო კოდზე და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, უნებართვოდ აშენებული (განთავსებული)კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ (ს.ფ. 42-44).

 

3.1.8. 2016 წლის 26 დეკემბერს ი--------–-----------------–----- წარმომადგენელმა - ქ--------------–---–მა №4-------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №0----- შემოწმების აქტის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობა.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანებით ი--------–-----------------–----- წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ი--------–-----------------–------ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ 116-117);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანება იბა ,,ო-–------------------–--ის’’ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’ (ს.ფ. 48-58).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, რის გამოც იბა ,,ო-–------------------–--ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი“, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.

 

ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ადმინისტრაციული წარმოება, ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. ადმინისტრაციული კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით - თუ კანონი კონკრეტულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების აუცილებლობას. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომელიც თავმოყრილია ადმინისტრაციული კოდექსის V თავში. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარსს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანება იბა ,,ო-–------------------–--ის’’ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე’’, წარმოადგენენ რა ადმინისტრაციულ აქტებს, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 სექტემბრის №0----- შემოწმების აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც სასამართლო მასზე დამოუკიდებლად არ იმსჯელებს, თუმცა რადგან საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ მითითებულია, რომ შემოწმების აქტის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო იღებს დადგენილებას (25.9 მუხლი), ის ადმინისტრაციული წარმოების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, მისი კანონთან შესაბამისობის განხილვა, სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტებთან ერთობლიობაში უნდა განხორციელდეს.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე იბა ,,ო-–------------------–--ის“ ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ი--------–-----------------–----- წარმომადგენლის ქ--------------–---–ის 2016 წლის 26 დეკემბრის №4-------- ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

აღნიშნული სადავო ბრძანებით საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, შესაფასებელი იყო, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული მშენებლობა წარმოადგენდა შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულს თუ სახეზე იყო სანებართვო პირობებისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევა. შესაბამისად, საქმის გარემოებების ხელახლა გამოკვლევისას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სრულყოფილად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ მათი სათანადო შეფასების შემდეგ უნდა მიეღო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მოსარჩელე მხარე, მათი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების მიუხედავად, უკანონოდ მიიჩნევს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობები განთავსებულია იბა ,,ო-–------------------–--ის’’ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მოქცეულია მის წითელ ხაზებში. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, არანაირი დარღვევა მისი განთავსებისას არ მომხდარა და რაიმე სახის სპეციალური ნებართვა ამისთვის არ იყო საჭირო.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა’’. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი), რეკონსტრუქცია, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, დემონტაჟი, ლანდშაფტური მშენებლობა, დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება’’. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ახალ მშენებლობას, ვინაიდან კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობები განთავსებულია ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ იდგა. ახალი მშენებლობის განხორციელებისათვის კი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება, რომლის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაო განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით განმარტებულია, როგორც მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა. კერძოდ, სახეზეა იბა „ო-–------------------–--ის“ მიერ უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობა მიწის ნაკვეთზე, რომელთა ნაწილი ექცევა სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე. აღნიშნული კი მითითებული ნორმის შესაბამისად, ქმნის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, თუმცა სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცა განსახილველ სამართალდარღვევას. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილებით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან და უნდა შეფასებულიყო დამოუკიდებელი სამართალწარმოების ფარგლებში, ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული ერთ-ერთი შენობა-ნაგებობა ნაწილობრივ განთავსებულია №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენს იბა „ო-–------------------–--ის“ საკუთრებას და რომელზეც მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №1------ ბრძანებით გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა შეეფასებინა, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ობიექტის მშენებლობა ხომ არ იყო განხორციელებული მითითებული პროექტის ფარგლებში, ვინაიდან, აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევისათვის დადგება განსხვავებული სამართლებრივი შედეგი, კერძოდ, სახეზე იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 18 მარტის №1------ ბრძანებით შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევა და არა უნებართვო მშენებლობა, რაც გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას სანებართვო პირობების დარღვევისათვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის ფარგლებში.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იბა ,,ო-–------------------–--ის“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ დასტურდება სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალტეტის მერის 22.11.2016წ. N0----- ბრძანების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, გამოცემულია 2018 წლის 25 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელე მხარის მიერ და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება (იხ. ს.ფ. 339-255, მოპასუხის ახსნა-გამარტება). ასევე საყურადღებოა იბა „ო-–------------------–--ის“ წარმომაგენლების განმარტებაც, რომ მათ მიერ ნაწილობრივ აღმოფხვრილია სამართალდარღვევა და სხვა ნაწილში მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიასთან. (იხ. სხდომის ოქმები 15.11.2017წ. 13:30:28: -13:32:18; 10.02.2018წ. 16:10:31-16:13:28). შესაბამისად, სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანება იბა ,,ო-–------------------–--ის“ წარმომადგენლის ქ--------------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 22 ნოემბრის №0----- დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ცალკე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან მითითებული დადგენილება ისედაც ბათილად არის ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანებით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 12 ივლისის №1----- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

 

6.5. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს იბა ,,ო-–------------------–--ის’’ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, იბა ,,ო-–------------------–--ის’’ სარჩელზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. იბა „ო-–------------------–--ის“ სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. იბა „ო-–------------------–--ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი