გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.12.2018
საქმის ნომერი
511310018002705692
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 511310018002705692

საქმე №3/8-18წ.

გადაწყვეტილება

27.11.2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი

მოსამართლე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: - თე-----–---ა;

მოპასუხე: - მზ--------ე;

დავის საგანი: არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნება;

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მზ--------ეს დაეკისროს არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემელის 180 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონულ განყოფილებას 02.07.2018წ N04/37820 წერილით მიეწოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოებული ელექტრონულ მონაცემთა ბაზის განახლებული ვერსია, რომლითაც ეცნობა, რომ ჟუ–-----------–----ე გარდაიცვალა 2018 წლის 24 აპრილს, ხოლო გარდაცვალება რეგისტრირებულია 05.06.2018წ. აღნიშნულის საფუძველზე 2018 წლის 01 ივლისიდან შეწყდა გასაცემელი.

 

ჟუ–-----------–----ის გარდაცვალების შემდგომ 2018 წლის მაისის თვის სახელმწიფო გასაცემელი უსაფუძვლოდ აიღო შვილმა მზ--------ემ, სულ 180 ლარი, ვინაიდან ჟუ–-----------–----ის სახელმწიფო გასაცემელი არ იყო შეწყვეტილი იმ მიზეზით, რომ მისი გარდაცვალება მათთვის არ იყო ცნობილი.

 

მოსარჩელის მცდელობა, მზ--------ეს უკანონოდ აღებული თანხა - 180 ლარი დაებრუნებინა სახელმწიფო ბიუჯეტში და წარმოედგინა გადახდის ქვითარი, უშედეგოდ დასრულდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე მზ--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე განმარტა, რომ არ ცნობს სარჩელს. მართალია აიღო ჟუ–-----------–----ის გარდაცვალების შემდეგ პენსია, მაგრამ არა აქვს საშუალება, რომ უკან დააბრუნოს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ჟუ–-----------–----ეს 1993 წლის 01 ივნისიდან დაენიშნა ასაკის პენსია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პენსიის დანიშვნის თაობაზე 20.08.1993წ ოქმი №1/78 (იხ. ს/ფ 13).

 

3.1.2. ჟუ–-----------–----ე გარდაიცვალა 2018 წლის 24 აპრილს და გარდაცვალება რეგისტრირებული იქნა 2018 წლის 05 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.07.2018წ №04/37820 წერილი (იხ. ს/ფ 14).

- ამონაწერები ელექტრონული ცხრილიდან (იხ. ს/ფ 15);

 

3.1.3. 2018 წლის 01 ივლისიდან ჟუ–-----------–----ის სახელმწიფო გასაცემელი შეწყდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლა--------ს რაიონული განყოფილების 04.07.2018წ გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 16).

 

3.1.4. მზ--------ე წერილობით იქნა გაფრთხილებული, რომ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში განუცხადებლობის გამო, ადგილი აქვს 2018 წლის მაისი თვის პენსიის 180 ლარის არასწორად გაცემას. აღნიშნულის გამო ეთხოვა ვალდებულების შესრულების მიზნით გამოცხადებულიყო ლა--------ს რაიონულ განყოფილებაში ან ერთი თვის ვადაში აღედგინა მის მიერ არასწორად მიღებული თანხა და წარმოედგინა დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლა--------ს რაიონული განყოფილების 31.07.2018წ N04-08-02/1530 წერილი (იხ. ს/ფ 17)

- ჩაბარების დასტური (იხ. ს/ფ 18).

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონი;

- ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანება;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.

 

იმავე კანონის მე-4 მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია არის პირისათვის ამ კანონის შესაბამისად დანიშნული ყოველთვიური ფულადი სარგებლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ერთობლიობა; პენსიის მიმღებად კი, მოიაზრება სპეციალური სუბიექტი - პენსიონერი, ანუ პირი, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული აქვს პენსია (კანონის მე-4 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი).

 

,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) შეწყდება პენსიონერის გარდაცვალებისას მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პენსია შეიძლება დანიშნული იქნეს პერსონალურად, კონკრეტული ცოცხალი პირის სასარგებლოდ და მისი გარდაცვალების შემდგომ, სახელმწიფოს უწყდება პენსიის გაცემის ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ უკანონოდ მიიღო გარდაცვლილი ჟუ–-----------–----ის საპენსიო ანგარიშზე ჩარიცხული პენსია - 180 ლარი, რაც მას კანონით აღარ ეკუთვნოდა, რადგან პენსიის მიმღები პირი - ჟუ–-----------–----ე გარდაიცვალა 2018 წლის 24 აპრილს.

 

6.2. ,,სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე’’ 2006 წლის 10 თებერვლის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N46/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პენსიონერის პირად ანგარიშზე გარდაცვალების შემდეგ ჩარიცხული ან/და გაცემული თანხები ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულების ან გარდაცვლილი პენსიონერის მემკვიდრის მხრიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ პენსია ერიცხება მხოლოდ უშუალოდ პენსიონერს და არა მის უფლებამონაცვლეს, რადგან ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით რეგლამენტირებული პენსიის დანიშვნის საფუძვლები ცალსახად სუბიექტურ, პერსონალურ ხასიათს ატარებენ, რის გამოც ამ სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. შესაბამისად, იმისთვის, რომ რაიმე თანხა პენსიად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია სახეზე გვყავდეს პენსიონერი. მოცემულ შემთხვევაში კი, ჟუ–-----------–----ე - პირი, რომელსაც პენსია ჰქონდა დანიშნული, გარდაიცვალა 24.04.2018 წელს, რის შემდეგაც, კვლავ განხორციელდა შესაბამის ანგარიშზე 180 ლარის ჩარიცხვა.

 

ამდენად, სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის ძალითაც სახელმწიფო ვალდებული იყო მოეხდინა პირის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა, აღარ ჰყავს მთავარი სუბიექტი - პენსიონერი. შესაბამისად, თანხა, რომელიც მიიღო მოპასუხემ აღარ მიიჩნევა პენსიად.

 

6.3. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გარდა ადმინისტრაციული კანონმდებლობისა, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები, რომელიც ასევე არეგულირებს მოცემულ ურთიერთობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც არეგულირებს უსაფუძვლო გამდიდრებას, რომელთა თანახმადაც პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: ა) მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; ბ) მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; გ) მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ ცალ-ცალე და ერთობლივად უნდა დადგინდეს თითოეული მათგანის არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან მიიღო კონკრეტული ოდენობის თანხა, რასაც ცხადია მოჰყვებოდა მისი გამდიდრება, რაც, როგორც აღინიშნა, გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით. ამასთან, საყურადღებოა ისიც, რომ თანხის გადარიცხვა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განხორციელდა, შესაბამისად, მოპასუხის გამდიდრება და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის ქმედებასა და მოპასუხის გამდიდრებას შორის უდავოდ სახეზეა. ასევე, არ იკვეთება გამდიდრების ანაზღაურების გარეშე მითვისების შესაძლებლობის კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლები. სახელდობრ, მოცემულ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო ვალდებული იყო ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მოეხდინა პენსიონერის ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა. მისი გარდაცვალების შემდგომ კი, მოსარჩელის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. ამდენად, სავსებით შესაძლებელია სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება, კერძოდ კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტისა, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელისგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო 180 ლარი, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილების სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მზ--------ეს, უნდა დაეკისროს 180 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. შესაბამისად, გიგა ბერიშვილი უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ლა--------ს რაიონული განყოფილების სარჩელი მზ--------ის მიმართ არასწორად მიღებული სახელმწიფო გასაცემლის უკან დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მზ--------ეს დაევალოს უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) – 180 (ას ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა №14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე