გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210018002366574
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8889-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მაკა ჭედია

სხდომის მდივანი - კახა კომლაძე

 

მოსარჩელე შპს ,,ე-–---’’

წარმომადგენლები პ-------–---–-----, კა-----–--------

 

მოპასუხე ააიპ ,,თბ--–---------------–--------------’’

წარმომადგენელი გი----------------–-–---–-

 

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ააიპ ,,თ---–--------------–---------------------“ მოსარჩელის შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად 13 275.05 ლარის გადახდის დაკისრება;

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თ---–--------------–---------------------“ მოსარჩელის შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1040 ლარის გადახდის დაკისრება;

1.3. მოპასუხე ააიპ ,,თ---–--------------–---------------------“ მოსარჩელის შპს „ე-–---ს“ სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის გადახდის დაკისრება.

შპს „ე-–----“ და ააიპ ,,თ---–--------------–--------------“ შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე.

 

ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღის განმავლობაში სამჯერად კვებასა და კვებითი მომსახურების გაწევას 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2358 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 13275.05 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

 

მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს შესაბამისი განცხადებით. შპს „ე-–---ს“ 25.12.2017 წლის N----- წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც შპს „ე-–---ს“ მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 77.32 ლარი.

 

მოსარჩელემ ასევე მიმართა ააიპ თ---–----------–--------------------------------------ს, რომლის 27.12.2017 წლის N------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, რის გამოც არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის N------------- წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის N-------- და 19 დეკემბრის N-------- წერილები. ამასთან, მოსარჩელე სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის N-------- წერილით ეცნობა, რომ სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა--------------–------–-----------“ და შპს „ნ---------–-“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით, მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ააიპ ,,თ---–---------------------’’ წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ე-–---’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა ბაღის მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ე-–------’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.

 

შპს „ე-–---’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოდან შემოსული 2017 წლის 15 დეკემბრის N-------- წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის 0------- წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ ე-–---’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–---’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ე-–---’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „ე-–---’’-ს ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „ე-–---’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ე-–---ს’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.

 

სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის N--------------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თ---–----------–--------------------------------------ს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ ,,თ---–----------–--------------------------------------’’-ს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თ---–--------------–--------------ა’’ და შპს ,,ე-–---’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 77 317.95 ლარს.

 

ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 და 6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თ---–--------------–---------------’’ და ააიპ ,,თ---–----------–--------------------------------------’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2358 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება;

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი.

 

3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–---’’ და ააიპ ,,თ---–--------------–--------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1.

 

3.1.3. 2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ე-–---’’ და ააიპ ,,თ---–--------------–--------------“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ შემსყიდველისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი);

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1.

 

3.1.4. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ ,,თ---–--------------–--------------ა’’ და შპს ,,ე-–---’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ-----------’’-ს საბანკო გარანტია #-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–---’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2358 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2017 წლის 14 სექტემბრის საბანკო გარანტია.

 

3.1.5. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’-სათვის 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 13 275.05 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

-

3.1.6. შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხედ დასახელებულმა ქალაქ თ---–-------------------მა უარი განაცხადა შპს ,,ე-–------’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი N4;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.7. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მიმართვა N--------

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თ---–------------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, დგინდება, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მოპასუხე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღისათვის მიწოდებული სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბაგა-ბაღისათვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.

 

შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბილისის ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თ---–------------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს ,,ე-–---’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვის N-------- თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.’’

 

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თ---–------------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–---ს’’ სარჩელი მოპასუხე ააიპ თ---–--------------–--------------- მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი შემსყიდველისათვის სსიპ „თ---–--------------–---------------------“ საკვები პროდუქტების მიწოდება.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–---ს’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თ---–--------------–--------------- მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ბაგა-ბაღი სადავოდ არ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თ---–--------------–--- ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–---’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ,,ე-–---სათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნ---------–--’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არარსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შესაბამოსობას ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თ---–------------------თან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ე-–---’’-სთვის მოპასუხედ დასახელებული თ---–--------------–--------------- მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხე ბაგა-ბაღის მიერ არ მომხდარა შპს ,,ე-–---სათვის’’ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ბაგა-ბაღს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით. სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.

 

6.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგენილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–---ს’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის სს ,,ბ-----------ს’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ე-–---’’-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. ამ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შპს ,,ე-–---ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ააიპ თ---–------------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 429.45 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ე-–---’’-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ე-–---“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე ააიპ ,,თ---–--------------–-------------“ მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად 13 275.05 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე ააიპ ,,თ---–--------------–-------------“ მოსარჩელე შპს ,,ე-–---“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 1040 ლარის გადახდა;

 

1.3.შპს ,,ე-–---’’-ს სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–--------------“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს ააიპ ,,თ---–--------------–--------------’’ შპს ,,ე-–---’’-ს 429.45 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია