გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.12.2018
საქმის ნომერი
330210018002491143
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - მ---------–---–ი

წარმომადგენელი - კ-----------–-ა

 

მოპასუხეები - მ-----------------ე, შ---------------–---–ი

მოპასუხეების წარმომადგენელი - ნ------------–--ე

 

დავის საგანი - სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებისა და სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ერთის მხრივ მ-----–---------–--ეს და მეორეს მხრივ შ---------------–---–სა და მ-----------------ეს შორის 2017 წლის 12 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.2. 2018 წლის 19 მაისს და 2018 წლის 22 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა;

 

მ---------–---–მა, რომელიც არის ასაკოვანი, 83 წლის ქალბატონი, 2012 წელს, სიძის მ-----–---------–--ის სახელზე გასცა მინდობილობა. მინდობილობით მ-----–---------–--ეს მიანიჭა დ--–----- რაიონის სოფელ ა-----------ში მდებარე უძრავი ქონების განკარგვის უფლება, ხოლო მ---------–---–ის სახელით სესხის აღების უფლება გაცემული არ ყოფილა.

 

მ-----–---------–--ეს 2017 წელს სურდა თანხის სესხება და სესხის უზრუნველსაყოფად ქონების იპოთეკით დატვირთვა, რის გამოც 2017 წლის 12 აპრილს მოპასუხეებთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. კრედიტორებს ურთიერთობა მხოლოდ მ-----–---------–--ესთან ჰქონდათ, რადგან ის იყო მსესხებელი და შესაბამისად, ვალდებული პირიც, თანხის მოხმარებაც მხოლოდ მის მიერ მოხდა. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო მინდობილობის საფუძველზე, რომლითაც სესხის აღების უფლება მ---------–---–ის მიერ გაცემული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მსესხებლად იგი არის დასახელებული და ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცლებშიც მოვალეს მოსარჩელე წარმოადგენს.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მიუთითეს, რომ მ---------–---–ისთვის იმთავითვე ცნობილი იყო სესხის ხელშეკრულების და მისით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, რომლის გაფორმების უფლებაც მოსარჩელეს მინდობილობით ჰქონდა გაცემული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 3 ნოემბერს სანოტარო ფორმის დაცვით მოსარჩელე მ---------–---–მა გასცა რწმუნებულება მ-----–---------–--ის სახელზე, რომლის თანახმად მ---------–---–მა მიანიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: მართოს და განკარგოს მარწმუნებლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, რომელიც მდებარეობს დ--–----- რაიონის სოფელი ა-----------ში, ამის შესაბამისად დადოს კანონით ნებადართული ყოველგვარი გარიგება ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით: აწარმოოს საბუთები, გადაიფორმოს საკუთარ თავზე, გაყიდოს, გაცვალოს, გააჩუქოს, გააქირაოს, დატვირთოს იპოთეკით და გააუქმოს იპოთეკა, ყველა ამ შემთხვევაში განსაზღვროს თანხა, ვადა და სხვა პირობები თავის შეხედულებისამებრ.

 

ასევე, აიღოს ,,საკუთრების მიმდობის” სახელით ყველა საჭირო დოკუმენტები ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია დაწესებულებებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, იუსტიციის სახლში, სსგს-ს სამსახურში, ნებისმიერ სანოტარო ბიუროში, ნებისმიერ არქივში, გამგეობის და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში მ---------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მოაწეროს ხელი ყველა საჭირო დოკუმენტს მარწმუნებლის სახელით და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც ამ დავალების შესრულებასთან იქნება დაკავშირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 03.11.2012 წლის მინდობილობა, N---------;

3.1.2. 2017 წლის 12 აპრილს სანოტარო ფორმის დაცვით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, ერთის მხრივ „იპოთეკარებს“ - შ---------------–---–ს და მ-----------------ეს და მეორეს მხრივ - „მესაკუთრეს“ მ---------–---–ის წარმომადგენელს მ-----–---------–--ეს შორის, რომლის თანახმად შ---------------–---–მა მ-----–---------–--ეს ასესხა 19200 ლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხაზე 3%-ის დარიცხვით, ხოლო მ-----------------ემ - 19200 ლარი, უპროცენტოდ, ერთი თვის ვადით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ---------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: დ--–----- რაიონი, სოფელი ა-----------ი. მიწის საკადასტრო კოდი:7-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 12.04.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, N---------;

 

3.1.3. 2018 წლის 19 მაისს ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი 12.04.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად კრედიტორად განისაზღვრა შ---------------–---–ი, მოვალედ მ---------–---–ი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 19200 ლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით 126,72 ლარით. ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე: დ--–----- რაიონი, სოფელი ა-----------ი, მიწის ნაკვეთის ფართობი 600 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი:7-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 19.05.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი, N---------.

 

3.1.4. 2018 წლის 22 მაისს ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი 12.04.2017 წლის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად კრედიტორად განისაზღვრა მ-----------------ე, მოვალედ მ---------–---–ი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით 19200 ლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით 126,72 ლარით. ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე: დ--–----- რაიონი, სოფელი ა-----------ი, მიწის ნაკვეთის ფართობი 600 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი:7-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 22.05.2018 წლის სააღსრულებო ფურცელი, N---------.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც სესხისა და იპოთეკის, ასევე სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს იპოთეკარებთან ერთად წარმოადგენს მ-----–---------–--ეც, რომლის სახელზეც გაიცა მინდობილობა. იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, მინდობილობის გაცემის დროს მიანიჭა თუ არა მ---------–---–მა მ-----–---------–--ეს მისი სახელით სესხის ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება, უნდა მოხდეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მსესხებლად მ---------–---–ის ნაცვლად მ-----–---------–--ის მითითება, რაზეც სასამართლო ამ კონკრეტულ დავაში ვერ იმსჯელებს მოპასუხე მ-----–---------–--ის მიუთითებლობის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულ საპროცესო სამართლის ამოსავალ პრინციპზე - დისპოზიციურობაზე, რომლის თანახმადაც მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. დასახელებული ნორმა განამტკიცებს იმ საპროცესო მოქმედებათა ჩამონათვალს, რომელშიც ვლინდება მხარის უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი საპროცესო უფლებები, იგი ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა და წარმოადგენს მხარის საპროცესო უფლებათა იმგვარი რეალიზაციის საშუალებას, როდესაც საქმეზე მისაღები გადაწყვეტილება უმთავრესად მხარის ნებაზეა ორიენტირებული. ნორმა იძლევა უფლებათა შემდეგ კლასიფიკაციას:

ა) პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული წესების საფუძველზე;

ბ) თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა;

გ) მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე.

 

დაზუსტებული სარჩელის წარდგენისას მისი დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან მოხდა მოსარჩელისთვის მოპასუხეთა წრის დაზუსტების შეთავაზება, იმ მიმართებით, რომ მომხდარიყო მოპასუხედ ასევე მ-----–---------–--ის დასახელება, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.

 

ამდენად, სასამართლო ვერ შევა იმ ფაქტობრივი გარემოების კვლევაში, მოხდა თუ არა მინდობილობის სხვა უფლებებთან ერთად ასევე მოსარჩელის სახელით სესხის აღების უფლებამოსილების მინიჭებაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.11.2018 წლის სხდომის ოქმი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს, ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 107-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ: ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; გ) სასარჩელო მოთხოვნები ერთგვაროვანია, მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანია თუ არა მათი საფუძველი და საგანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობა, როდესაც მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმის განხილვა ამ ურთიერთობის ყველა სუბიექტის მონაწილოების გარეშე. შესაბამისად, სარჩელი მიმართული უნდა იყოს სადავო გარიგების მონაწილე ყველა სუბიექტის მიმართ.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელის მიერ არ მომხდარა საქმეში მოპასუხედ მ-----–---------–--ის მითითება, რომელიც სავალდებულო თანამონაწილეს წარმოადგენს. მის გარეშე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემთხვევაში კი შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რა დროსაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.

 

ამდენად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები, (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 368 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 100 ლარი. დაზუსტებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელეს გადაუვადდა დარჩენილი 884 ლარის გადახდა, საქმის განხილვის დასრულებამდე. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება ბიუჯეტში გადახდილად, ამავდროულად მოსარჩელეს უნდა დაევალოს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 884 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.

 

6. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით შეჩერდა ნოტარიუსის მიერ 19.05.2018 წელს და 22.05.2018 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე დაწყებული აღსრულება. ვინაიდან სარჩელი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 48-ე, 52-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა 368 ლარი ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოსარჩელე მ---------–---–ს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟი 884 ლარის ოდენობით;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა:

ა) ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 22 მაისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება - საქმე N---------, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

ბ) ნოტარიუს თ--------------------–--ის მიერ 2018 წლის 19 მაისს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება - საქმე N--------- სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე