გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ლ-–----------–---–ი
წარმომადგენელი - პ-----------–--–--ა
მოპასუხე - ე----------–--ე
წარმომადგენლები - დ---------------ი, დ-----------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე----------–--ეს მოსარჩელე ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად 1470 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 11 დეკემბერს, ე----------–--ე, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ტოიოტა R---- შეეჯახა სატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით KIA C------ B------, რომელსაც მართავდა მ---------------–---–ი. საგზაო შემთხვევის თაობაზე მხარეებს საპატრულო პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ, ვინაიდან ე----------–--ემ ავტომანქანის შეკეთების თანხმობა გამოთქვა. თუმცა მოგვიანებით მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა საპატრულო პოლიციას. საპატრულო პოლიციის 18.12.2017 წლის სამართალდარღვევის ოქმით მოპასუხე დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საფუძვლით.
ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა 1470 ლარით, რომლის ანაზღაურებაზეც მოპასუხე უარს აცხადებს.
(სასამართლოს 19.11.2018 წლის საოქმო განჩინებით არასათანადო მოსარჩელე მ---------------–---–ი შეიცვალა სათანადო მოსარჩელით ლ-–----------–---–ით).
2. მოპასუხის პოზიცია
წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით ე----------–--ემ არ ცნო სარჩელი, განმარტა, რომ საჯარიმო ქვითრები შედგენილი იქნა ორივე მხარის მიმართ. ასევე შეუსაბამოდ მაღალი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით ზიანის ოდენობა და იგი უნდა განისაზღვროს მის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად 570 ლარით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. თბილისში, კ----------------------–--------- კორპუსების მიწისქვეშა სადგომის ტერიტორიაზე, 2017 წლის 11 დეკემბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა ლ-–----------–---–ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება KIA C------ სახელმწიფო ნომრით B------. სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მ---------------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები;
- შემთხვევის ადგილის სქემა;
- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
3.1.2. სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა ე----------–--ე, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ტოიოტა R---- სახელმწიფო ნომრით O--------. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.
საჯარიმო ქვითარი შედგა ასევე მოსარჩელის მიმართ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვების მოტივით. იმავე საფუძვლით დაჯარიმდა ასევე მოპასუხე ე----------–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტებები;
- ელექტრონული საჯარიმო ქვითრები;
- შემთხვევის ადგილის სქემა;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის საფუძველზე და სასამართლო იმავდროულად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხა რეალურად ასახავს მიყენებული ზიანის ოდენობას, რაც შეადგენს 1470 ლარს.
შემთხვევის ადგილის სქემის, ფოტოსურათების, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დაზღვეულ ავტომობილს დაუზიანდა დასკვნაში დასახელებული ნაწილები. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ თანხები არარეალური იყო და წარმოადგინა ინვოისი. თუმცა აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს, ვინაიდან არ დგინდება მისი გამცემი პირი/დაწესებულება, მისი კვალიფიციურობა, გაანგარიშების მეთოდიკა და ა.შ. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ შესაბამისი წონადი მტკიცებულება ან დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.
ვინაიდან მოპასუხემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის გაქარწყლება - მტკიცების ტვირთის რეალიზება, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნა;
- 16.12.2018 წლის ინვოისი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ-–----------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი. 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ე----------–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში ე----------–--ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ექსპერტიზის მომსახურებისთვის 120 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის - 500 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება, ხოლო იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ დავის საგნის 4%-მდე ოდენობით - 58,80 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ-–----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
2. ე----------–--ეს ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1470 ლარის გადახდა;
3. ე----------–--ეს ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 120 ლარის გადახდა ექსპერტიზის დასკვნის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;
4. ე----------–--ეს ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 58,80 ლარის გადახდა;
5. ე----------–--ეს ლ-–----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საცივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე