გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
160210018002632816
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210018002632816

N2/812-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - ბე------------ე (არ გამოცხადდა)

მოპასუხეები: ფა----------–--–---ა, ზა--------–--–---ი

წარმომადგენელი - რა--------–----ე (არ გამოცხადდა)

თარჯიმნები: სუ-------------–---–ი, ნა--–-------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ფა----------–--–---ისა და ზა--------–--–---ისათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 2171,52 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1957,38 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 214,14 აშშ დოლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-17, 08.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 13 აპრილს, მოსარჩელესა და ფა----------–--–---ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან სესხის სახით მიიღო 10000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით. სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური 1.58%-ით. ხელშეკრულების 3.15 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0,27%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

 

სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სს ,,კრ----------ის" მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი"-ში. სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი, ანუ სს ,,კრ----------ი", შესაბამისად, გადახდის გრაფიკში მითითებული თანხა მსესხებელმა უნდა გადაუხადოს მოსარჩელს. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

 

სესხის ხელშეკრულების 7.1 და 7.4. პუნქტების თანახმად, გამსესხებელი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მსესხებელთან გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს და სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

 

სს ,,კრ----------სა“ და ფა----------–--–---ას შორის გაფორმებული სესხის უზრუნველყოფის მიზნით თავდებობის ხელშეკრულებები გაფორმდა ზა---------–--–---თან, ილ-------–---თან, თა-------–----–--–----სთან და მა-–--------–--–----სთან, რომლითაც თავდებმა პირებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. ზა---------–--–---თან დადებული თავდებობის ხელშეკრულების 2.1 მუხლით, მხარეებმა განსაზღვრეს პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა, რაც ჯამში შეადგენს 13300 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული პროცენტი - 3000 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემიის გადასახდელი თანხა - 300 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსესხებელი 2018 წლის 19 აპრილის შემდგომ იმყოფება უწყვეტ ვადაგადაცილებაში, ბოლო გადახდა მსესხებლის მიერ განხორცილდა 2018 წლის 19 აპრილს არასრულად. 2349,62 აშშ დოლარის ნაცვლად, მსესხებელმა გადაიხადა 392,24 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 1957,38 აშშ დოლარი, რასაც ემატება დარიცხული ჯარიმები. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეებმა ვალდებულება დღემდე არ შეასრულეს.

 

2018 წლის 5 ნოემბერს, მოსარჩელემ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსესხებლის ფა----------–--–---ასა და თავდები პირების ზა---------–--–---ის, ილ-------–---ის, თაზაგულ ხალილოვის და მა-–--------–--–----ს მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს ფა----------–--–---ასა და ზა--------–--–---ს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ვერ ჩაბარდათ, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე 2018 წლის 19 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცა მხოლოდ თავდები პირების მა-–--------–--–----ს, თა-------–----–--–----სა და ილ-------–---ის მიმართ. ბრძანების თანახმად, რესპონდენტებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2171,52 აშშ დოლარისა და 150 ლარის გადახდა. ამასთან, რესპოდენტებისათვის დაკისრებული თანხა დღეის მდგომარეობით, ამოღებული არ არის.

 

დღეის მდგომარეობით, მოპასუხეების ფა----------–--–---ას და ზა--------–--–---ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის მიმართ ჯამში შეადგენს 2171,52 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელემ 2016 წლის 9 სექტემბერს განიცადა რეორგანიზაცია და შეიცვალა სამართლებრივი ფორმა, კერძოდ შპს "მი----------------------------–---------ო" 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაიქმნა სააქციო საზოგადეობად, ხოლო ამჟამად შეცვლილი აქვს დასახელებაც და მოსარჩელის დასახელება არის სს "კრ----------ი", სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი კი დარჩა უცვლელი (იხ. სარჩელი 2-17).

 

2.1. მოპასუხეების პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს (იხ. შესაგებელი ს.ფ. 79-86).

 

2018 წლის 08 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ წინსწრებით დაფარეს სესხის თანხა, შესაბამისად, მათ ბანკის წინაშე არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ (იხ. 08.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 13 აპრილს, შპს „მი----------------------------–---------ოსა" და ფა----------–--–---ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან შპს "მი----------------------------–---------ოსაგან" ისესხა 10000 აშშ დოლარი, თვეში 1.58%-იანი საპროცენტო სარგებელის დარიცხვით. სესხის მოქმედების ვადად განისაზღვრა 24 თვე, 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. შპს ,,მი----------------------------–---------ოს” მსესხებებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის შპს ,,მი----------------------------–---------ო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);

- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 21-43).

 

3.1.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 13.04.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);

 

3.1.5. შპს ,,მი----------------------------–---------ოსა” და ფა----------–--–---ას შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ზა---------–--–---თან, ილ-------–---თან, თა-------–----–--–----სთან და მა-–--------–--–----სთან, დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-45);

 

3.1.6. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თავდებებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა, კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი გაფრთხილების შემდგომ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი);

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-45);

 

3.1.7. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდები ზა--------–--–---ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 13300 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 10000 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული პროცენტი - 3000 აშშ დოლარი, სადაზღვევო პრემიის გადასახდელი თანხა - 300 აშშ დოლარი, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 44-45);

 

3.1.8. მოვალეები უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან 2018 წლის 19 აპრილის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 48-51);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 46-47);

 

3.1.9. 2018 წლის 5 ნოემბერს, მოსარჩელემ გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსესხებლის ფა----------–--–---ასა და თავდები პირების ზა---------–--–---ის, ილ-------–---ის, თაზაგულ ხალილოვის და მა-–--------–--–----ს მიმართ.

 

მოპასუხეებს ფა----------–--–---ასა და ზა--------–--–---ს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ვერ ჩაბარდათ. 2018 წლის 19 ივლისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება გამოიცა მხოლოდ თავდები პირების მა-–--------–--–----ს, თა-------–----–--–----სა და ილ-------–---ის მიმართ და მათ დაეკისრათ 2171,52 აშშ დოლარისა და 150 ლარის გადახდა. რესპოდენტებისათვის დაკისრებული თანხა დღეის მდგომარეობით, გადახდილი არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 53-61);

- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (ს.ფ. 62);

- ამონაწერი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 63).

 

3.1.10.2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–---------ომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–---------ოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 64-65).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 2171,52 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1957,38 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 214,14 აშშ დოლარი. მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული დავალიანების არსებობას და განმარტეს, რომ მათ სესხის სრული თანხა შეიტანეს ანგარიშზე და ამ თანხით სურდათ სესხის მთლიანად დაფარვა. თანხის შეტანის შესახებ აცნობეს სესხის ოფიცერს, თუმცა მას არ აუხსნია, რომ საჭირო იყო განცხადების დაწერა, რათა მომხდარიყო წინსწრებით სესხის დაფარვა. მოპასუხეებმა მათ მიერ თანხის სრულად გადახდის დასადასტურებლად წარმოადგინეს თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და მიუთითეს, რომ მათ სს ,,კრ----------ის“ მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სს ,,კრ----------ის“ სესხის ოფიცერმა ვა---–--–---------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში მასთან მივიდა მოპასუხე ზა--------–--–---ი, მიუტანა თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და უთხრა, რომ სესხის თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი. მოწმის განმარტებით, მან აუხსნა მსესხებელს, რომ მათ მიერ შეტანილი თანხა არ იყო საკმარისი სესხის წინსწრებით დასაფარად, რადგან სესხის ძირ თანხასაც არ ყოფნიდა და კიდევ საჭირო იყო 1031 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის დამატებაზე ზა--------–--–---მა უარი განაცხადა. ამასთან, თუნდაც იმისთვის რომ ნაწილობრივ მომხდარიყო სესხის წინსწრებით დაფარვა, საჭირო იყო მსესხებელს აღნიშნული მოთხოვნით დაეწერა განცხადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, მსესხებელს არაერთხელ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სესხის თანხა სრულად არ იყო გადახდილი (იხ. 15.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:49:29-16:10:06).

 

როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, მოპასუხეები სესხის აღებიდან - 2017 წლის მარტის თვის გადასახადის ჩათვლით, სესხის თანხას იხდიდნენ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის თანახმად, 2017 წლის 19 აპრილს მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 2641,60 აშშ დოლარს. 2017 წლის 19 აპრილს მათ გადაიხადეს 3750 აშშ დოლარი, ანუ 1108,40 აშშ დოლარით მეტი. ასევე 2017 წლის 25 აპრილს მათ დამატებით გადაიხადეს 3500 აშშ დოლარი და ზედმეტად გადახდილმა თანხამ სულ შეადგინა 4608,40 აშშ დოლარი. გადახდის გრაფიკის მიხედვით 2017 წლის 25 აპრილის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენდა 6548,95. მოპასუხეთა მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ 5629,66 აშშ დოლარი. მოპასუხეთა მიერ გადახდილი თანხა არ იყო საკმარისი იმ დროისათვის არსებული დავალიანების წინსწრებით დასაფარად, რის გამოც, მათ მიერ გადახდილი თანხა ჩარიცხული იქნა მსესხებლის ანგარიშზე და ხდებოდა ყოველთვიურად მიმდინარე გადასახადის პერიოდული ჩამოჭრა. ამასთან, მოპასუხეებს არ მოუთხოვიათ თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვა. გრაფიკის თანახმად, 2018 წლის 19 აპრილს უნდა განხორციელებულიყო სესხის თანხის ბოლო გადახდა 2349,62 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მსესხებლის სახელზე არსებულ ანგარიშზე დარჩენილი იყო მხოლოდ 392,24 აშშ დოლარი და განხორციელდა ამ თანხის ჩამოჭრა, ხოლო გადაუხდელმა სესხის ძირმა თანხამ შეადგინა 1957,38 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო კი მსესხებელს დაერიცხა ჯარიმა, რამაც სულ შეადგინა 214,14 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2016 წლის 13 აპრილის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი მსესხებლის ფა----------–--–---ას და თავდების ზა--------–--–---ის სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 2171,52 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1957,38 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 214,14 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 52);

- ქვითრები (ს.ფ. 122-127, 129-135);

- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 46-47).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 463-465-ე, 623-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 13 აპრილს ფა----------–--–---ამ შპს ,,მი----------------------------–---------ოსაგან” ისესხა 10000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 1,58%-იანი სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 19 აპრილის ჩათვლით პერიოდი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგაცილებაში იმყოფება 2017 წლის 19 აპრილიდან. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილები ჩაბარდათ, მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხისა და ჯარიმის დაკისრების საფუძველია.

 

6.2. სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ზა--------–--–---მა თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს: სესხის ძირი თანხაზე 10000 აშშ დოლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე 3000 აშშ დოლარზე, სადაზღვევო პრემიის გადასახდელი თანხაზე 300 აშშ დოლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 170,39 ლარისა და უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გადახდილი იქნა 60 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზა--------–--–---ს (პ/ნ 1----------) აეკრძალოს მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის: მარკა - ,,ფორდ ტრანზით”, გამოშვების წელი - 1999, სახელმწიფო ნომერი - VRV-771, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა - AV8-----8, ვინ. კოდი - WF--------------3, გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ზა--------–--–---ს, ფა----------–--–---ასთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების გადახდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ფა----------–--–---ას და ზა--------–--–---ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 13 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 2171,52 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1957,38 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 214,14 აშშ დოლარი.

 

3. მოპასუხეებს ფა----------–--–---ას და ზა--------–--–---ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 170,39 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოპასუხეებს ფა----------–--–---ას და ზა--------–--–---ს მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 60 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე