გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002644556
საქმე № 3/263-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 დეკემბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მურადაშვილი
მოსარჩელე: გ------- თ--------–---–ი
წარმომადგენელი: ზ---- მ-----–---–-
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი: უ-- მ-----------–-–---–-
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად თანხმობის წარდგენის მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის № 892018570736-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 აგვისტოს № 892018570736-11 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს № 358883 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის დავალდებულება, 2018 წლის 27 ივნისის № 892018570736 განცხადების საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.
სარჩელის თანახმად, მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიის მიხედვით გ------- თ--------–---–ის სახელზე (პირ. № 2----------) ირიცხება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 0,60 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; როდესაც მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს ამ ქონების (საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის) თავის სახელზე რეგისტრაციისათვის, აღმოჩნდა, რომ კასპის არქივში დაცული იყო მითითებული საგადასახადო სია ქსეოასლის სახით; შესაბამისად, ჩაითვალა, რომ მას არ გააჩნდა სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი ფლობის დამდგენი სათანადო ფორმის დაცვით განსაზღვრული დოკუმენტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის მითითებით, დოკუმენტი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა მოსარჩელის საკუთრების უფლებას საცხოვრებელ სახლსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, არ არსებობდა. კასპის არქივში მიწის ნაკვეთების გადასახადის გადამხდელთა სია დაცულია მხოლოდ ქსეროასლის სახით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1991-1997 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- გ-------- ძე თ--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ბებია - ქ------- თ--------–---–ი;
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1982 წლის ჩანაწერით 40 მ2 საცხოვრებელი სახლი, მიწის ფართობი მითითებული არ არის;
მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვა (ს. ფ. 15-17).
3.2.2. კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1996-2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია გ------- გ-------- ძე თ--------–---–ი; კომლის შემადგენლობაში ირიცხება ბებია - ქ------- თ--------–---–ი (გადახაზულია, გარდაიცვალა);
კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება 1975 წელს აგებული საცხოვრებელი სახლი; სახლისა და მიწის ფართობი მითითებული არ არის;
მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვა (ს. ფ. 15-17).
3.2.3. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ-------- ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი (თანხა 16,20; დოკუმენტი არის ქსეროასლი);
მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვა (ს. ფ. 15-18).
3.2.4. კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის 1992 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების განაწილების სიაში ჩანაწერი გ------- გ-------- ძე თ--------–---–ის მიწის ფართობის შესახებ არ აღმოჩნდა, ხოლო სოფელ ლ-------ის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, 1986-2006 წლების გაყრილობის განაჩენები და 2007 წლის დოკუმენტები კასპის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა;
მტკიცებულება: კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვა (ს. ფ. 15).
3.2.5. გ------- თ--------–---–ის სახელზე 1999 წლის 29 დეკემბრიდან, მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტისა და საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე, ირიცხება 1 379 მ2 და 1880 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები № 6--0--3--1-- (წინა კოდი 6--0--0--3--) და № 6--0--3--1-- (წინა კოდი 6--0--0--1--) საკადასტრო კოდებით, ხოლო 2000 წლის 1 მაისიდან, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიისა და საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე - 2 045 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი № 6--0--3--1-- (წინა კოდი 6--0--0--1--) საკადასტრო კოდით;
მტკიცებულება: 2018 წლის 12 და 27 ნოემბრის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
3.2.6. გ------- თ--------–---–მა 2018 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს და მოითხოვა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე 592 მ2 საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მის სახელზე რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვით ეცნობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ-------- ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი (თანხა 16,20; დოკუმენტი არის ქსეროასლი);
მტკიცებულება: 2018 წლის 27 ივნისის განცხადება, კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვა (ს. ფ. 14-15).
3.2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით გ------- თ--------–---–ს შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო შემდეგ შეწყდა იმის გამო, რომ მისი მართლზომიერი მფლობელობის შესახებ დოკუმენტი არქივში დაცული იყო ქსეროასლის სახით და შესაბამისად, არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო ნივთზე უფლების დამდგენ დოკუმენტს.
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის № 892018570736-10, 2018 წლის 24 აგვისტოს № 892018570736-11 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს № 358883 გადაწყვეტილებები.
3.2.8. კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, გ------- გ-------- ძე თ--------–---–ის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა (მონაცემი ჩასწორებულია) მიწის ფართი (მიწის დანიშნულება მითითებული არ არის).
მტკიცებულება: სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" 2018 წლის 14 დეკემბრის № 21-02-1/150771 მომართვაზე თანდართული სია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის რეგისტრაცია მოსარჩელის სახელზე, რამდენადაც ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული დოკუმენტი - კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვით დადასტურებული 2002 წლის მიწის ნაკვეთების საგადასახადო სია საკმარისი იყო ამ ფართზე მისი მართლზომიერი მფლობელობისა და საკუთრების დასადასტურებლად და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება, იყოს „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია).
დადგენილია და სადავო არაა, რომ საჯარო რეესტრის მიერ არქივიდან გამოთხოვილი იქნა გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაზეც კასპის არქივის 2017 წლის 27 ოქტომბრის № 39/167708 მიმართვით ეცნობა, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ლ-------ის 2002 წლით დათარიღებულ მიწის ნაკვეთების გადასახადების გადამხდელთა სიით გ------- გ-------- ძე თ--------–---–ს პირად საკუთრებაში ერიცხება 0,60 მიწის ფართობი;
ამავე ცნობაში მიეთითა, რომ ეს დოკუმენტი არქივში დაცული იყო ქსეროასლის სახით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ მოტივით საგადასახადო სიის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად არჩათვლა ეწინააღმდეგება მითითებული კანონით განსაზღვრული ურთიერთობებისა და რეგულაციის შინაარსს და წარმოადგენს საკითხისადმი უკიდურესად ფორმალურ მიდგომას.
,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეროვნული საარქივო ფონდი არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული იმ დოკუმენტების (განურჩევლად მათი მატარებლის სახეობისა) ერთობლიობა, რომლებსაც აქვთ ისტორიული, რელიგიური, მეცნიერული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება. ეროვნულ საარქივო ფონდს აგრეთვე მიეკუთვნება სხვა სახელმწიფოებში დაცული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად უნდა დაუბრუნდეს ან გადმოეცეს საქართველოს; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტი, განურჩევლად მისი შექმნის ადგილისა და დროისა, შენახვის ადგილისა, საკუთრების ფორმისა და მატარებლის სახეობისა (მატერიალური ან/და ელექტრონული), ინახება მუდმივად.
იმავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული საარქივო ფონდი შეივსება იმ დოკუმენტებით, რომლებიც შეიქმნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში.
სასამართლო განმარტავს, რომ მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია) წარმოადგენს სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს, რაც, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) იყო დამტკიცებული.
დადგენილია და სადავო არაა, რომ სოფელ ლ-------ის 2002 წლის მიწის საგადასახადო სია ქსეროასლის სახით კასპის არქივს გადაეცა თვით ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ, რაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული იქნა არქივში.
ის გარემოება, რომ ამ დოკუმენტის დედანი მოძიებული ვერ იქნა, ეს ფაქტი არ შეიძლება, ამ დოკუმენტში ასახული ფიზიკურ პირის უფლებების დაუდასტურებლობის ერთადერთი და საკმარისი საფუძველი გახდეს, რამდენადაც სხვა მტკიცებულება, რაც გამორიცხავდა ამ უფლებას, საქმეზე არ არსებობს.
,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილად ითვლება ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე გაცემული „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე – თუ არ დგინდება სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) მიწების განაწილების სიის დამტკიცების ფაქტი.
აქედან გამომდინარე, კასპის არქივის მიერ მიწოდებული და საგადასახადო სიის ქსეროასლში ასახული ინფორმაცია, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ეჭვს ქვეშ არ უნდა დამდგარიყო.
სასამართლოს მიერ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან" გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია და მტკიცებულებები, კასპის რაიონის სოფელ ლ-------აში მცხოვრები პირი გ------- თ--------–---–ი იყო თუ არა 2000-2004 წლების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიაში და რა ოდენობის ფართი ირიცხებოდა მასზე.
როგორც აღინიშნა, კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით, გ------- გ-------- ძე თ--------–---–ის სახელზე ირიცხება 1,25 ჰა (მონაცემი ჩასწორებულია) მიწის ფართი (მიწის დანიშნულება მითითებული არ არის).
სასამართლოს მიაჩნია, რომ მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულიც იყო, ეს ინფორმაცია თვითონ გამოეთხოვა სსიპ ,,შემოსავლების სამსახურიდან" და მართლზომიერ მფლობელობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად წარდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მით უფრო, რომ ეს დოკუმენტი დამოწმებულია კასპის მიწის მართვის სამმართველოსა და ლ-------ის თემის საკრებულოს მიერ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სადავოდ გამხდარ თავისივე გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ სსიპ ,,შემოსავლების სამსახურის" საარქივო სამმართველოში ინახებოდა კასპის რაიონის სოფელ ლ-------ის 2003 წლის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს № 358883 გადაწყვეტილების 4.1.3. პუნქტი).
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტია სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დაუსაბუთებელია საჯარო რეესტრის სამსახურის პოზიცია, რომ გ------- თ--------–---–ს არ გააჩნია სადავო მიწის ნაკვეთზე უფლების დამდგენი დოკუმენტაცია და მართლზომიერ მფლობელად ვერ მიიჩნევა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის (მტკიცების ტვირთი) 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები; თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
მოცემულ შემთხვევაში, გ------- თ--------–---–ის მიერ მოთხოვნილია სწორედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ რეესტრის სამსახურში წარდგენილი და იქ დაცული დოკუმენტაცია, მართლზომიერი მფლობელობისა და მესაკუთრეობის დადასტურების თვალსაზრისით, იძლეოდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს, და მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო, მოეხდინა რეგისტრაცია; შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, დაევალოს მოპასუხეს მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს;
აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტების მიღებისას დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შიდა ქართლის რეგიონული ოფისის სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება კანონს და შესაბამისად, ექვემდებარება ბათილად ცნობას; ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაევალოს გ------- თ--------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ის ფაქტი, რომ გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული არაა მიწის დანიშნულება, ეს ვერ გახდება მისი საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან იგი ითხოვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად ითვლება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, და შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარეგისტრაციო ნაკვეთი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
გარდა ამისა, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია დგებოდა და დამტკიცება ხდებოდა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეებზე. გ------- თ--------–---–ის მართლზომიერი მფლობელობა (და საკუთრება) კი დგინდება სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სიით (საგადასახადო სიით).
სასამართლო აღნიშნული რეგისტრაციის დავალების ფარგლებს განსაზღვრავს სასამართლოში აღძრული სარჩელის მოცულობისა და ფარგლების გათვალისწინებით;
ამავე დროს, საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი და ვალდებულია, იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" საქართველოს კანონით, ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციით” და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესით" განსაზღვრული დებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 800 ლარის გადახდის ქვითრები.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს გაწეული ხარჯები;
ამავე დროს, საადვოკატო მომსახურების ხარჯის 800 ლარით განსაზღვრა, დავის სირთულისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გონივრულია.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 23-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- თ--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში დოკუმენტაციის გადასაგზავნად თანხმობის წარდგენის მოთხოვნის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 ივლისის № 892018570736-10 გადაწყვეტილება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2018 წლის 24 აგვისტოს № 892018570736-11 გადაწყვეტილება.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 17 აგვისტოს № 358883 გადაწყვეტილება.
1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს დაევალოს, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ------- თ--------–---–ის მიერ 2018 წლის 27 ივნისის № 892018570736 განცხადებით წარდგენილი დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრში დაცული (მოძიებული) ინფორმაციის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------აში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულ ოფისს გ------- თ--------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 800 (შვიდასი) ლარი, სულ - 900 (ცხრაასი) ლარი.
3. თ-- ღ-----–---–ის მიერ სარჩელზე 2018 წლის 29 ოქტომბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (ID 494753094) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი