გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე№ 2/395-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. მცხეთა
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე სოფიო ლეჟავა
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - დ--–-----------–----–--------------ა
წარმომადგენელი - ა--------–---–ი
მოპასუხე - შ------------
წარმომადგენელი - ა-–----------------–--ე
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 დ--–-----------–----–------სა და შპს „ბ------“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–---------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კერძოდ ხელშეკრულების მიწოდების ვადის გადაცილებისთვის შპს ბ------ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%, ჯამში - 25819.46 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 3 მაისს დ--–-----------–----–------სა და შპს „ბ------“ შორის გაფორმდა N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ბ------“ უნდა შეესრულებინა ქ. დუშეთში 10 ქუჩის (შამანაურის ჩიხის, ობსერვატორიის ქუჩის (თეატრის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე), ვაჟა-ფშაველას ქუჩის, ობსერვატორიის ქუჩის, ბაჩანას ქუჩის, მწითურის ქუჩის, მწითურის ქუჩის მე-2 შესახვევის, ილია ჭავჭავაძის ქუჩის, კოსტავას ქუჩის, შამანაურის პირველი შესახვევის) კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 29 ივლისი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 31 დეკემბერი.
შპს „ბ------“ დირექტორმა თამაზ ბაზაძემ 2016 წლის 9 ივნისის განცხადებით მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარმოადგინა წერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან“ უამინდობაზე. დ--–-----------–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თემურ ეღიკაშვილის 2016 წლის 10 ნოემბრის N510/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ბ------“ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარი.
მიუხედავად ხელშეკრულების მიწოდების ვადის გაგრძელებისა, შპს „ბ------“ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულების მიწოდების ვადებში ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, რაც დასტურდება შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ იქნა რიგი შეუსაბამობები, რაც წარმოადგენს შპს „ბ------“ მხრიდან სახელშეკრულებო და ტექნიკური ნორმების გადახვევას. აღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე დ--–-----------–----–--------------ამ ვერ ჩაიბარა შპს „ბ------“ მიერ შესრულებული ხარვეზის მქონე სამუშაოები. შპს „ბ------“ განესაზღვრა დამატებითი ვადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.
შპს „ბ------“ გამოასწორა დასკვნაში მითითებული ხარვეზები, რასაც გარკვეული პერიოდი დასჭირდა (ჯამში 42 დღე). შპს „ბ------“ წარმოადგინა შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2017 წლის 11 იანვარი. ამ პერიოდის მანძილზე მას დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მიწოდების ვადის გასვლის გამო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც ჯამში 25 819.46 ლარი შეადგინა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები; მოპასუხის პოზიციით, შპს ,,ბ------’’ არ დაურღვევია 2016 წლის 03 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #149 ხელშეკრულების არცერთი პუნქტი, ვინაიდან სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში 2016 წლის 28 ნოემბერს, რაც დასტურდება შპს ,,მშნებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას’’ მიერ გაცემული კრებსითი #32 დასკვნით; ის გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადამ გადაიწია, გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის ბრალეულობით, ვინაიდან სამუშაოს დასაწყებად სათანადო მდგომარეობაში არ იქნა ჩაბარებული ობიექტები, ამას დაემატა უამინდობაც; ამასთან, სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილი იქნა მცირე ხარვეზი, რომელიც პირველად ოფიციალურად აისახა 31.12.2016 წლის ტექნიკური ზედამხედველობის დასკვნაში და რომლის გამოსწორებაზეც წერილობითი მოთხოვნა მოსარჩელე მხარეს ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს, რის შემდეგაც აღნიშნული ხარვეზი შპს ,,ბ------’’ გამოასწორა საკუთარი ხარჯით, დაუყონებლივ, 04 დღის ვადაში. მოპასუხე მხარის განმარტებით, არ არსებობს არც მატერიალური და არც არამატერიალური ზიანი, ვინაიდან გამოვლენილი უმნიშვნელო ხარვეზები გამოსწორდა დაუყოვნებლივ. მხარე მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩაითვლება, რომ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროში, ჯარიმის დარიცხვა უნდა მოხდეს არა 01.12.2016 -დან 11.01.2017-მდე პერიოდზე, არამედ 07.01.2017-დან ანუ ხარვეზის არსებობაზე და მის გამოსწორებაზე შეტყობინების მოსარჩელისთვის ჩაბარებიდან 11.01.2017-მდე პერიოდზე. უკიდურეს შემთხვევაში ვადაგადაცილების ათვლა უნდა დაწყებულიყო ტექ. ზედამხედველობის დასკვნის მომზადებიდან ანუ 31.12.2016 წლიდან, ვინაიდან ხარვეზის არსებობის ფაქტი პირველად ამ დოკუმენტში დაფიქსირდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 დ--–-----------–----–------სა და შპს „ბ------“ შორის 2016 წლის 3 მაისს გაფორმდა N149 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „ბ------“ უნდა შეესრულებინა ქ. დუშეთში 10 ქუჩის, კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების მიწოდების ვადად 2016 წლის 29 ივლისი, ხოლო მოქმედების ვადად 2016 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2----–-–---------------- ხელშეკრულება ს.ფ. 27-32;
3.1.2. შპს „ბ------“ დირექტორმა თამაზ ბაზაძემ 2016 წლის 9 ივნისის განცხადებით მოითხოვა მიწოდების ვადის გაგრძელება და წარმოადგინა წერილი „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან“ უამინდობაზე.
დ--–-----------–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თემურ ეღიკაშვილის 2016 წლის 10 ნოემბრის N510/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე შპს „ბ------“ხელშეკრულების მიწოდების ვადა გაუგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 9 ივნისის 22/06-16 წერილი ს.ფ. 22;
- 2016 წლის 02 ივნისის წერილი ს.ფ. 23;
- 2016 წლის 10 ნოემბრის N510/09 მოხსენებითი ბარათი ს.ფ. 25;
- 2016 წლის 24 ნოემბრის N3 დანართი-შეთანხმება ს.ფ. 21;
- თეიმურაზ ბაზაძის 2016 წლის 30 დეკემბრის წერილი ს.ფ. 24;
- 2016 წლის 30 დეკემბრის N4 დანართი-შეთანხმება ს.ფ. 20;
3.1.3. შპს „ბ------“ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში, რის საფუძველზეც გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნულ აქტში სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია 2017 წლის 11 იანვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების ანგარიში ს.ფ. 46-56;
- 2017 წლის 24 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი ს.ფ. 57;
- 2017 წლის 24 იანვრის მოხსენებითი ბარათი ს.ფ. 36;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
3.2.1 შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნა შედგენილ იქნა 2016 წლის 31 დეკემბერს, რომლის თანახმად შპს ,,ბ------’’ მიერ სამუშაოების წარმოებისას გამოვლენილ იქნა რიგი შეუსაბამობები, რაც წარმოადგენდა შპს „ბ------“ მხრიდან სახელშეკრულებო და ტექნიკური ნორმების გადახვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნა ს.ფ. 40-45.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. შპს „ბ------“ გაეგზავნა 2016 წლის 5 დეკემბრისა და 21 დეკემბრის N09/5965, N09/6806 წერილები სამუშაოთა წარმოებისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა მოპასუხე მხარემ დასახელებული წერილების მიღების ფაქტი სადავოდ გახადა და სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ დასახელებული ხარვეზები პირველად აისახა სწორედ შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნაში, რომლის გამოსწორებაზეც წერილობითი მოთხოვნა მოპასუხეს ჩაბარდა მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ კრებსითი დასკვნა #32 ს.ფ. 40-45;
- 2016 წლის 5 და 21 დეკემბრის #09/5965 და #09/6806 წერილები ს.ფ. 33-35;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამ ნორმის შესაბამისად, საქმეში არსებული ყოველი მტკიცებულება უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან შეჯერების საფუძველზე და ამის შემდეგ გამოიტანოს სასამართლომ დასკვნა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადასტურების ან დაუდასტურებლობის შესახებ.
3.3. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად; (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32). ''ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის'' მე-6-მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ. საქმე Nას-178-167-2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, ამასთან მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ დ--–-----------–----–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-319-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-418-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
მოცემულ შემთხევვაში სადავო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 3 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #149-ე ხელშეკრულება, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით; დადგენილია ასევე, რომ შპს ,,ბ------’’ დირექციის წერილის მიხედვით დ--–-----------–----–--------------ის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის თემურ ეღიკაშვილის 2016 წლის 10 ნოემბრის N510/09 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე სამუშაოების მიწოდების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 იანვარი, რაც წარმოადგენს დასახელებული ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (იხ. დანართი-შეთანხმება #3 და #4); ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, თუ რა მიზეზებით მოხდა სამუშაოს შესრულების ვადის გადაწევა, ვინაიდან ამ საკითხზე მხარეები თავად შეთანხმდნენ;
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:
ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების
შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ვინაიდან დადგენილია, რომ შპს ,,ბ------’’ სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2016 წლის 28 ნოემბრეს, რაც დასტურდება 2016 წლის 31 დეკემბერს მომზადებული შპს „მშენებლობის ტექ-ზედამხედველობა და ექსპერტიზას“ N32 კრებსითი დასკვნით, თუმცა ამავე დასკვნით ირკვევა, რომ სამუშაოები შესრულებულია გარკვეული ხარვეზით, რაც საჭიროებდა გამოსწორებას. აქ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, თუ როდის ეცნობა მოპასუხე მხარეს შესრულებული სამუშაოს ხარვეზის შესახებ და ამ შეტყობინების მიღებიდან რა დროში უზრუნველყო ამ უკანასკნელმა ხარვეზის გამოსწორება ან გამოასწორა თუ არა საერთოდ ხარვეზი;
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მითითებული ნორმის თანახმად, ვალდებულება შესრულებული უნდა იყოს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოპასუხემ სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, თუმცა მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ იყო შეთანხმებული ხარისხის, კერძოდ, სამუშაო არ აკმაყოფილებდა 2016 წლის 3 მაისის ხელშეკრულების მოთხოვნებს. ამდენად, ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას.
მართალია, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შპს ,,ბ------’’ შესრულებული სამუშაოების ხარვეზის შესახებ ეცნობა 2016 წლის 05 დეკემბრისა და 21 დეკემბრის წერილებით, თუმცა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის და მიუთითებს, რომ შეტყობინება მხარეს მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს ჩაბარდა; საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 26 ნოემბრით, 06 დეკემბრითა და 16 დეკემბრით დათარიღებული წერილები, რომლითაც შპს ,,მშენებლობის ტექ. ზედამხედველობა და ექსპერტიზას’’ დირექტორი რევაზ ცუცქირიძე ატყობინებს დ--–-----------–----–------ის გამგებელს ვაჟა ჩოხელს შპს ,,ბ------’’ მიერ შესრულებულ სამუშაოებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, თუმცა გაეგზავნა თუ არა ამგვარი შეტყობინება თავად მოპასუხე მხარეს - შპს ,,ბ------’’, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. ამასთან უდავოა, რომ შპს ,,ბ------’’ ხარვეზი გამოასწორა და 2017 წლის 24 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით დ--–-----------–----–--------------ამ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო. ამავე აქტიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვრის მდგომარეობით ხარვეზი გამოსწორებული იყო;
ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ შპს „ბ------“ ხელშეკრულების 5.6. პუნქტის შესაბამისად წარმოადგინა საბოლოო, შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიში ხელშეკრულებით დადგენილ 50 დღიან ვადაში და აღნიშნული გარემოება სადავოდ მოსარჩელე მხარესაც არ გაუხდია.
6.4. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ხარვეზის შესახებ შეტყობინების მიღებიდან ხელშეკრულების პირობების (2.4. პუნქტი)შესაბამისად, დაუყოვნებლივ, 4 დღის ვადაში თავისივე ხარჯით გამოასწორა ხარვეზი, რაც აიასახა კიდეც შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშში და 2017 წლის 24 იანვრის მიღება- ჩაბარების აქტში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
6.5. 2016 წლის 3 მაისის #149-ე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად, დადგენილ ვადაში ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისთვის ხელშეკრულების თანდართუილი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული - შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 %-ს ოდენობით;
ამდენად, დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს გადახდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ გამოვლენილი ხარვეზი გამოსწორებულ იქნა დაუყოვნებლივ, 4 დღის ვადაში. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ბ------’’ ხარვეზის შესახებ შეტყობინება მიუვიდა მხოლოდ 2017 წლის 07 იანვარს, ხოლო საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია, მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო, დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 %-ს ოდენობით სწორედ იმ დღეების გათვალისწინებით, რაც მას დასჭირდა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ--–-----------–----–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში დ--–-----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 73,74 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 256-ე, 257-259ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--–-----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე შპს ,,ბ------’’ მოსარჩელე დ--–-----------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2.458,99 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე შპს ,,ბ------’’ სახელმწიფო ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 73,74 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე სოფიო ლეჟავა