გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.12.2018
საქმის ნომერი
330210018002568677
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/22908-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ს---–--’’

წარმომადგენელი - თ-------–-----ე

მოპასუხე - ჯ---------–-----ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შპს ,,ს---–--’’-ს სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. დაეკისროს მოპასუხე ჯ---------–-----ს შპს ,,ს---–--’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 30 ოქტომბრის N1------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 657.17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2 600 ლარი, პროცენტი - 157.17 ლარი და პირგასამტეხლო - 900 ლარი.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 03 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,ს---–--’’-ს და ჯ---------–-----ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება N1-------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2 600 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 308.85 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 30 ნოემბერს, როდესაც მან არ განახორციელა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შენატანის გადახდა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

 

2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით, მოსარჩელის წინაშე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 5 059.73 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 600 ლარი, პროცენტი - 157.17 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითადი თანხის დღიური 0.41% 2017 წლის 30 ნოემბრიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე - 2 302.56 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია შპს ,,ს---–--’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ჯ---------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 2 600 ლარის, პროცენტის - 157.17 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის დაკისრების ნაწილში. მოპასუხემ ასევე მიუთითა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 30 ოქტომბერს შპს ,,ს---–--’’-ს და ჯ---------–-----ს შორის ელექტრონული ფორმით დაიდო სესხის ხელშეკრულება N1-------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 2 600 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 366 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2 %, სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 308.85 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.15-31);

- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. მოპასუხე ჯ---------–-----ის მიერ 2017 წლის 30 ოქტომბერის სესხის ხელშეკრულებით N1------- ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2017 წლის 30 ნოემბერს, რაც გამოიხატა გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადაუხდელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2018 წლის 04 ივლისის მდგომარეობით, მოსარჩელის წინაშე მოპასუხე ჯ---------–-----ის დავალიანება შეადგენს 5 059.73 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 600 ლარი, პროცენტი - 157.17 ლარი, პირგასამტეხლო - 2 302.56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მოპასუხე ჯ---------–-----მა სარჩელი ცნო 2017 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან N1------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 600 ლარის, პროცენტის - 157.17 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ შპს ,,ს---–--’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ჯ---------–-----მა სარჩელი ცნო 2017 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან N1------- გამომდინარე ძირი თანხის - 2 600 ლარის, პროცენტის - 157.17 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის, დარიცხული სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება დავალიანება მოსარჩელის წინაშე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 900 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს და მოპასუხის მიერ ცნობილი თანხით - 200 ლარით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.2 პუნქტის თანახმად, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლიც მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც შესაბამისობაშია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობასთან, შესაბამისად უნდა დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 151.80 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში შეამცირა 900 ლარამდე, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 42.07 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ფაქტობრივად მოპასუხის მიერ ცნობილ ნაწილში, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 88.71 ლარი, მოპასუხე კი უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო სარჩელზე უარის თქმის - 700 ლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 21 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ს---–--’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაეკისროს მოპასუხე ჯ---------–-----ს შპს ,,ს---–--’’-ს სასარგებლოდ 2017 წლის 30 ოქტომბრის N1------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2 600 ლარის, პროცენტის - 157.17 ლარის და პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა;

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N2/22908-18 მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

3. გათავისუფლდეს მოპასუხე ჯ---------–-----ი შპს ,,ს---–--’’-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებისგან;

 

4. მოსარჩელე შპს ,,ს---–--’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,თი----------’’- ში 13.07.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 151.80 ლარიდან 130.78 ლარი (საგადახდო დავალება #--);

 

5.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 21 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია