გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.12.2018
საქმის ნომერი
330310018002702652
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6874-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე - შპს ,,გრ----------------------------–-–--------–--------

წარმომადგენელი - ტ------–--------

მოპასუხე- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი-ნ-----------------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–-

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის N------- ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’(იხ.სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15).

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება ,,შპს„გ-----------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-15).

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „გ-----------ი“ ათ წელზე მეტია ფლობს მის კუთვნილ მიწის ნაკვეთების შორის მოქცეულ, ასევე მომიჯნავე, აქამდე დაურეგისტრირებელ სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომელიც თავის დროზე იყო ნაგავსაყრელი ხევი, სადაც მოსარჩელის მიერ მოეწყო შიდა გზები და განთავსებული იქნა ყვავილები, ხე მცენარეები, ნარგავები და სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები. აღნიშნული ფართი მოქცეულია საწარმოს ერთიან საზღვრებში და შემოფარგლულია ერთიანი ღობით. მოსარჩელე ყველანაირად ცდილობს მოქმედი კანონდებლობის შესაბამისად აღნიშნული მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მოპოვებას, რის თაობაზეც კომპანიის ხელმძღვანელობა გაესაუბრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელ პირებს. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ შეიტანა N------------ და N------------ განცხადებები და 2018 წლის 15 თებერვლის კანონის მოთხოვნებთან წინააღმდეგობაში მყოფი ბრძანება N-------, მასთან თანდართული საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N3-- დადგენილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის მოთხოვნათა სრული იგნორირებით შედგენილი საკადასტრო ნახაზები. მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N------- უკანონო ადმინისტრაციული აქტი გასაჩივრდა შემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში,- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11ოქტომბრის N------- ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ითხოვს მათ ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

1. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.00.7--- დაზუსტებული ფართობი:1500.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს,,გ-----------ის“ სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომაროებით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.4--, დაზუსტებული ფართობი: 4481.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: 81.08.16.3--- 81.08.16.3--; 81.08.16.4--- 81.08.16.3---81.08.16.3-- . 81.08.16.4--- სხვა ფართი;2(ორი) ერთეული შენობა ნაგებობა, №1-სათბური;საერთო ფართი-1500 კვ.მეტრი, №2- ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-1500 კვ.მეტრი, №2 ადმინისტრაციული შენობა საერთო ფართით-244,20 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს,,გ-----------ის“ სახელზე.

 

საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.3--- დაზუსტებული ფართობი: 2000.00 კვ.მ მეტრი, შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 394,24 სხვა ფართი:შენობა-ნაგებობა, შიდა ფართობი- 3--.96 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს ,,გ-----------ის’’ სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/12/2014წელი(ს.ფ. 25)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 25/12/2014წელი(ს.ფ.23)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 29/12/2014წელი(ს.ფ.24)

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს(შემდეგში ,,საჯარო რეესტრი’’), საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24ოქტომბრის №--- დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე(ქ.თბილისი, სოფ. დ------–--–--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15თებერვლის ბრძანება N------- ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ“ (ს.ფ. 21-22)

 

3.1.3. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №--------------ანცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--(9982 კვ.მეტრი) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 16 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №8-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, ფართი-9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.8--- დაზუსტებული ფართობი: 9982.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება №8-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 26)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:16/02/2018(ს.ფ. 28)

3.1.4. 2018 წლის 15 თებერვალს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ №------------ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოეხდინათ სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი,სო----–----------–--–--(3520 კვ.მეტრი) არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილება №-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, ფართი-3520 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.08.16.8--, დაზუსტებული ფართობი: 3520.00 კვ.მეტრი, საკუთრების უფლებით აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება №-------------03 ,,რეგისტრაციის შესახებ’’(ს.ფ. 27)

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი:19/02/2018(ს.ფ. 29)

 

3.1.5. 2018 წლის 27 თებერვალს, შპს ,,გ-----------მა’’ N3411/21 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის N------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11ოქტომბრის N------- ბრძანებით შპს ,,გ-----------ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,გ-----------ის’’ 2018 წლის 27 თებერვლის N3411/21 ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 35-37)

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11ოქტომბრის N------- ბრძანება ,,შპს ,,გ-----------ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(ს.ფ. 18-20)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა(მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა მის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,გ-----------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 ოქტომბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი’’, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება’’, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018წლის 15 თებერვლის N------- ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის N------- ბრძანება ,,შპს „გ-----------ის“ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია განიმარტება, როგორც ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე მუხლის „კ“ პუნქტით, სარეგისტრაციო დოკუმენტი-სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით გასაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” პუნქტით სარეგისტრაციო დოკუმენტაცია განმარტებულია, როგორც რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძველზე განმარტავს, რომ რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნის მოტივით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა(მესაკუთრემ) და წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.

 

6.3. საქართველოს მთავრობის 2007წლის 24 ოქტომბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესი’’, რომლის პირველი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მიწა არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

 

საქართველოს მთავრობის 2007წლის 24 ოქტომბრის №--- დადგენილებით დამტკიცებული ,,თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწების, აგრეთვე იმ მიწების, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება დასახელებული კატეგორიის ქონებაზე დამაგრებას, განსაზღვრისა და გამიჯვნის წესის’’ მე-7 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საზოგადოების ქონებაზე დამაგრებული მიწის რეგისტრაცია. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე(წიაღის ჩათვლით) დამაგრებული მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწისა, სახელმწიფო საკუთრებაა და მისი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირება ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების უფლებათა რეესტრში ხორციელდება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში ქონების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომ − ქონების სააგენტო).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება’’, რომლის 1.2 მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს(შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა)სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ)სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის(აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ)კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. ამავე წესის 3.1მუხლის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის №------- ბრძანებით დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს(შემდეგში ,,საჯარო რეესტრი), საქართველოს მთავრობის 2007წლის 24 ოქტომბრის №--- დადგენილების შესაბამისად განახორციელოს დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე(ქ.თბილისი, სოფ. დ------–--–--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ დასახელებული ბრძანება სადავოდ არ არის გამხდარი და იგი დღეის მდგომარეობით ძალაში.

 

დადგენილია ასევე, რომ სწორედ დასახელებული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018წლის 16 თებერვლის №8-------------03 გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, ფართი-9982 კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვლის №-------------03 გადაწყვეტილებით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდა და უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ.თბილისი, სო----–----------–--–--, ფართი- 3520კვ.მეტრი, განხორციელდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს თავისი უფლების რეგისტრაციისათვის, სავალდებულოდ არ მოეთხოვება საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარდგენა, რადგან სახელმწიფოს თავიდანვე გააჩნია საკუთრება მიწაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ კერძო საკუთრებისა. თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და რეგისტრაციით ხდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილი იყო 2018 წლის 15 თებერვალს გამოეცა №------- ბრძანება და მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ეთხოვა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24ოქტომბრის №--- დადგენილების შესაბამისად განხორციელებულიყო დანართ №1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე(ქ.თბილისი, სოფ. დ------–--–--- არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 3520 კვ.მეტრი და 9982 კვ.მეტრი) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 2018 წლის 15 თებერვლამდე სადავო მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებას არ წარმოადგენდა. კონკრეტულად, რეგისტრაციის დროისთვის მასზე შპს ,,გ-----------ის’’ საკუთრების უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ფიქსირდებოდა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის მიერ, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომელიც სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას დაადასტურებდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N------- ბრძანება ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. სასამართლო განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტით დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებები ენიჭება. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მათი უფლებების დაცვის განსაკუთრებული გარანტიების შექმნა. ასეთი აქტის ბათილად ცნობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, დაინტერესებულ პირს ჰქონდეს აღნიშნული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, მხარეს უდავოდ აქვს. კანონიერი ნდობის გარდა, კანონი ასეთი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია ეს დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის, ანუ სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს ,,გ-----------ის’’ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო(ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა ,,უბრალო უპირატესობა’’, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული. სასამართლო აქვე მოსარჩელის ყურადღებას ამახვილებს და მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” კანონის საფუძველზე დასაშვებია კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში გადაცემა. უფრო მეტიც, მითითებული კანონის მე-74 მუხლის შესაბამისად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამდენად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებას განახორციელოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზება და მოიპოვოს სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი პროცედურის დაცვით, მასზე საკუთრების უფლება.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და ზემოთმითითებულ სამართლებრივ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ’’ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტოს 2018 წლის 15 თებერვლის N------- ბრძანება შესაბამისობაშია კანონით დადგენილ მოთხოვნებთან, რის გამოც მოთხოვნის ნაწილში შპს,,გ-----------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის აგვისტოს №------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 11 ოქტომბრის №------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,გ-----------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად-100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, შპს ,,გ-----------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,გ-----------ის“ სარჩელი მოპასუხეების- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი