გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002304531
2-163-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------“
წარმომადგენელი ნინო გელაშვილი
მოპასუხეები დ-------------------------------------------–-------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა - 3 160,57 ლარი, საიდანაც 1797,73 ლარი ძირი თანხაა, 391,14 ლარი - პროცენტი და ვადაგადაცილებული ჯარიმა 971,70 ლარი. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2015 წლის 24 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, დ-------------------- ,,ლ--------------სგან“ მიიღო სესხი 2435 ლარი, 2018 წლის 6 დეკემბრამდე, წლიური 20% განაკვეთით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით; 2015 წლის 24 ნოემბერს, ,,ლ--------------ა" და ზ---------------- და გ--–--------- შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა იყო 4 870 ლარი;
სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკით, რაც მოპასუხეებმა დაარღვიეს და 2016 წლის 6 იანვრიდან თანხას აღარ იხდიან;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. დ------------------ის შესაგებელში აღნიშნულია: ,,რადგან გადახდილია თანხის ნაწილი, დარჩენილია 1797.73 ლარი, რასაც აანაზღაურებს მომავალში". სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი განმარტა, მოპასუხე შეტანილია იმ პირთა სიაში, რომელთაც, ბანკის გადაწყვეტილებით, დავალიანება უნდა ჩამოეწეროთ და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მიუხედავად ამისა, სარჩელს ცნობს 1797 ლარის მოთხოვნის ნაწილში ( 14.12.2018 წლის სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი: 14:54:20-14:55:10; 14:57:00-14:57:10);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 24 ნოემბერს, დადებული სესხის ხელშეკრულებით, დ-------------------- ,,ლ--------------სგან“, მიიღო სესხი 2435 ლარი, 2018 წლის 6 დეკემბრამდე, წლიური 20% განაკვეთით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო შეთანხმებული გრაფიკით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2015 წლის 24 ნოემბერს, ,,ლ--------------ა" და ზ---------------- და გ--–--------- შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მათ სოლიდარული ვალდებულება იკისრეს ,,ლ--------------ს“ წინაშე მსესხებლის ვალდებულებების შესრულებაზე.
თავდებთა პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 4 870 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ.25-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. მოპასუხე მხარემ დაარღვია მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის დაფარვის გრაფიკი და 2017 წლის 6 იანვრიდან თანხას აღარ იხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი დ------------------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 33-34);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხთა ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მოპასუხე მხარე აღიარებს, რომ ვალდებულება არ შეასრულა - ვალი არ დააბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მათგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დ------------------ესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რითიც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება დ------------------ისა და სხვა მოპასუხეებისაგან, რომლებიც თავდებად დაუდგნენ კრედიტორის წინაშე მსესხებელს და სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს მისი ვალდებულების შესასრულებლად;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების პირობებიდან გამომდინარეა. ასეთი გარემოების არსებობისას, დ------------------ის შესაგებელში ზოგადი მითითება, რომ ,,გადახდილი აქვს თანხის ნაწილი და დარჩენილია 1797.73 ლარი გადასახდელი, რასაც მომავალში აანაზღაურებს", სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის;
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე;
ამ გარემოებიდან გამომდინარე, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა;
49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. მოპასუხემ, სასამართლოს მთავარ სხდომამდე, სარჩელი ცნო 1797.73 ლარის მოთხოვნის ნაწილში და შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 54 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, დანარჩენი 46 ლარი კი მოპასუხე მხარეს გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ ისევე როგორც საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯი 54 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს:
მოპასუხეებს: დ------------------ეს, ზ---------------- და გ--–--------- სს "ლ---------------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად გადახდეთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხა - 3 160,57 ლარი, საიდანაც 1797,73 ლარი ძირი თანხაა, 391,14 ლარი - პროცენტი და ვადაგადაცილებული ჯარიმა 971,70 ლარი;
2. სააქციო საზოგადოება ,,ლ--------------" დაუბრუნდეს 2018 წლის 12 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ნაწილი 54 ლარი. მოპასუხეებს: დ------------------ეს, ზ---------------- და გ--–--------- სოლიდარულად, სს ,,ლ---------------ს" სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 46 ლარის და 54 ლარის - საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის გადახდა;
3. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი