გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32309-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ტარიელ ტაბატაძე
სხდომის მდივანი - გიორგი ჭავჭავაძე
მოსარჩელე - სს ''ლ-------------ი''
წარმომადგენელი - გ-------------ა, ნ--------–-–---–ი
მოპასუხე - ზ---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ---------–--ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს N1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3320,82 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 2574,93 ლარი, პროცენტი 141 ლარი და ჯარიმა 604,89 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 14 აპრილს სს „ლ-------------სა“ და ზ---------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------, კრედიტის თანხა განისაზღვრა 4250 ლარით, საპროცენტო განაკვეთი 42%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15.10.2015 წლამდე. მსესხებელს კრედიტით გათვალიწინებული თანხის გადახდა უნდა მოეხდინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის პირობები 2015 წლის 14 სექტემბრიდან. შესაბამისად, მას ჯარიმა დაერიცხა აღნიშნული თარიღიდან 2016 წლის 13 სექტემბერამდე (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე).
მოსარჩელემ 2015 წლის 18 სექტემბერს წერილობით აცნობა მხარეს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ გაფრთხილებას მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, მოპასუხე ზ---------–--ის დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ შეადგენს 3320,82 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 2574,93 ლარი, პროცენტი 141 ლარი და ჯარიმა 604,89 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დამატებით წარმოადგინა მტკიცებულებები და განმარტა, რომ აღნიშნული საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილის გირავნობით, რომლის რეკვიზიტებია: მოდელი M------- c---, გამოშვების წელი-2002, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------(14.04.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულება #1------), რომლის რეალიზაცია განხორციელდა მოსარჩელის მიერ და ამონაგები თანხით დაიფარა კრედიტის ნაწილი და ხარჯები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების აქტის თანახმად ავტომობილის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3500 ლარს, ხოლო ავტომობილის რეალიზაცია მოხდა 3944 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 1675,07 ლარი, სესხის პროცენტი - 1849,93 ლარი, გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი, აღსრულების ხარჯი - 200 ლარი, საჯარიმო/ევაკუატორის ხარჯი - 169 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არასწორად არის დარიცხული სესხის პროცენტი და ჯარიმა. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ავტომობილის ღირებულება აღემატებოდა იმ თანხას, რა თანხადაც მოხდა მისი რეალიზება. მოპასუხე უთითებს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვა სრულად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 აპრილს სს „ლ-------------სა“ და ზ---------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N1------, კრედიტის თანხა განისაზღვრა 4250 ლარით, საპროცენტო განაკვეთი 42%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 15.10.2015 წლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს. ფ. 15);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, (ს.ფ. 16-20)
3.1.2. მოპასუხე ზ---------–--ემ არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში. რის შედეგადაც დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ზ---------–--ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მოდელი M------- c---, გამოშვების წელი-2002, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება,სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 16-21)
- ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდების ისტორია (ს.ფ.22-24);
- 14.04.2015 წლის გირავნობის ხელშეკრულება #1------), დანართი
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების აქტის თანახმად, ავტომობილის საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდისათვის შეადგენდა 3500 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების აქტი;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.2.2. მოსარჩელის მიერ ავტომობილის რეალიზაცია მოხდა 3944 ლარად, რომლის გაქვითვაც განხორციელდა შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხა - 1675,07 ლარი, სესხის პროცენტი - 1849,93 ლარი, გირავნობის მოწმობის საფასური - 50 ლარი, აღსრულების ხარჯი - 200 ლარი, საჯარიმო/ევაკუატორის ხარჯი - 169 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან;
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოპასუხის პოზიცია, იმის თაობაზე, რომ ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების აქტი ავტომანქანის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით არასწორია და ავტომანქანის ღირებულება აღემატება მითითებულ თანხას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გამოთქმულ პოზიციას, ხოლო მხოლოდ ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად.
3.2.3. მოპასუხე ზ---------–--ის დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ შეადგენს 3320,82 ლარს, საიდანაც სესხის ძირია 2574,93 ლარი, პროცენტი 141 ლარი და ჯარიმა 604,89 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21)
- ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდების ისტორია (ს.ფ.22-24);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 14)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 411-ე-414-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს სს ''ლ-------------სა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლ-------------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის - 2574,93 ლარის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 141 ლარის გადახდა.
6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს.
შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სს ''ლ-------------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 141 ლარის ოდენობით.
ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე ზ---------–--ეს დაეკისრა 2856,93 ლარის გადახდა. ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 86,03 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ხოლო, სარჩელის უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 13,97 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “ლ-------------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ზ---------–--ეს სს “ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 14 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2856.93 ლარის გადახდა, საიდანაც: სესხის ძირითადი თანხაა - 2574.93 ლარი, პროცენტი - 141.00 ლარი, პირგასამტეხლო - 141.00 ლარი;
3. ზ---------–--ეს სს “ლ-------------ის” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 86.03 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე