გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002552077
2-3044/18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14/11/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ზ------ ს------ე
წარმომადგენელი - რ--------------------ე
მოპასუხე - საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ი’’
წარმომადგენელი - ა-–-----------–-–---ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ზ------ ს------ემ სარჩელი აღძრა საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ის’’ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს:
- ხელფასის სახით 7500 ლარის გადახდა;
- ხელფასის გაცემის დაყოვნებისათვის, 2014 წლის 3 სექტემბრიდან მის სრულ გადახდამდე ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,07 %-ის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის 3 ივლისს, ზ------ ს------ესა და საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე 6 თვის ვადით დასაქმდა მოპასუხესთან. ხელფასის ოდენობა შეადგენდა თვეში 1500 ლარს (ხელზე ასაღები). მოპასუხემ ივლისის თვის ხელფასი ზ------ ს------ეს გადაუხადა 2014 წლის 20 აგვისტოს. დანარჩენი თვეების ხელფასის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა და ხელფასი არ გადაუხადა.
2.მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ში’’ და მასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელეს ხელფასის სახით უნდა მიეღო თვეში 1500 ლარი. ერთიო თვის ხელფასი გადახადა და გადასახდელი აქვს 5 თვის ხელფასი, მაგრამ საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ ამ ეტაპზე არ აქვს თანხის გადახდის საშუალება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2014 წლის 3 ივლისს, ზ------ ს------ესა და საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ში’’ 6 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი კონტრაქტი. ს. ფ 15-19;
3.1.2 ზ------ ს------ის ხელფასი შეადგენდა 1875 ლარს (ხელზე ასაღები 1500 ლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომითი კონტრაქტი. ს. ფ 15-19;
3.1.3. საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–მა’’ მოსარჩელეს აუნაზღაურა 2014 წლის ივლისის თვის ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერი ანგარიშიდან.ს.ფ. 34-35.
3.1.4. საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–მა’’ მოსარჩელეს 5 თვის ხელფასი არ გადაუხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.1.5. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში აღარ არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს სადაო ფაქტობრივი გარემოებები არ აქვთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან ერგება 5 თვის ხელფასი, მაგრამ მოპასუხე ხელფასს არ უხდის მართლსაწინააღმდეგოდ. შესაბამისად სარჩელი ხელფასისა და პირგასამტეხლოს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს კონსტიტუცია.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მისთვის გადასახდელი აქვს 5 თვის ხელფასი. მოპასუხე ხელფასს არ უხდის და ამ გზით არღვევს მის შრომით უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულების შრომის უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც (30-ე მუხლი) შრომა თავისუფალია. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, განისაზღვრება კანონით. შრომის უფლება დაცულია ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ასევე იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. შრომის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ იძულებითი შრომის აკრძალვას, ის გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს უფლებათა ვრცელ სპექტრს: - პროფესიისა და საქმიანობის სახეობის არჩევის თავისუფლებას, შრომითი შესაძლებლობების თავისუფალ გამოყენებას, სათანადო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფას, სამართლიანი და ადექვატური გასამრჯელოს მიღების უფლებას, სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლებისა და ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისაგან დაცულობას და რაც მთავარია თავად უმუშევრობისგან დაცვის უფლებას.
6.2. საქართველოში შრომითი ურთიერთობების ძირითადი მარეგულირებელი აქტია "შრომის კოდექსი". საკითხები, რომელიც ამ კანონით არ რეგულირდება, უნდა დარეგულირდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით. საქართველოს შრომის კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”. სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა არის დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დამსაქმებლისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობებისას დასაქმებული სამუშაოს ასრულებს დამსაქმებლის მიერ დადგენილ და უზრუნველყოფილ "შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების" პირობებში და მას ანაზღაურება მიეცემა საბოლოო პროდუქტის ხარისხის მიუხედავად.
მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ივლისს, ზ------ ს------ესა და საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე დასაქმდა საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ში’’ 6 თვის ვადით. ზ------ ს------ის ხელფასი შეადგენდა 1875 ლარს (ხელზე ასაღები 1500 ლარი). აღნიშნული ნიშნავს მას, რომ მოსარჩელე საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ის“ მიზნებისათვის ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და სანაცვლოდ ღებულობდა შეთანხმებულ ანაზღაურებას. მოსარჩელემ იმუშავა 6 თვე. აქედან მოსარჩელემ ერთი თვის ანაზღაურება მიიღო, მაგრამ არ მიუღია შემდეგი 5 თვის ხელფასი. სწორედ ამ ხელფასის მიღება დაგეგმა მოსარჩელემ სარჩელით.
6.3. შრომის ანაზღაურების ვალდებულების საკითხი რეგულირდება შრომის კოდექსის 31-ე მუხლით. დასახელებული ნორმით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ ს------ეს ბოლო 5 თვის ხელფასი მიღებული არ აქვს. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი მოვალეობა. მხოლოდ ამის შემდეგ იძენს უფლებას მოითხოვს შეთანხმებული ანაზღაურება. თუ მოსარჩელე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, მოპასუხეს უჩნდება საპასუხო მოვალეობა - ხელშეკრულებით დათქმულ დროში გადაიხადოს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. ანუ შრომის კოდექსით, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული შრომის სამართლიანი ანაზღაურება. ასეთი მოვალეობა მას გაუჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება.მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნაკისრი ვალდებულებები მოსარჩელემ შეასრულა. მას შესრულებული სამუშაოს სანაცვლო ანაზღაურება სრულად არ მიუღია. მოპასუხე ვალდებულია პატივი სცეს დასაქმებულის შრომის უფლებას და აუნაზღაუროს ის ხელფასი, რაც მას ერგება აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეში. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხემ მოსარჩელეს თითოეულ თვეში უნდა აუნაზღაუროს ხელზე ასაღები 1500 ლარი, სულ 7500 ლარი.
6.4. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების, თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, ამ მუხლის ნორმები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მითითებულ ნორმათა ანალიზიდან სასამართლო განმარტავს, რომ დაყოვნებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და თუკი მხარეთა მიერ ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმება ხელშეკრულებით არ იქნება გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში მოქმედებს აღნიშნული დაყოვნებული თანხის 0.07%-ის პირგასამტეხლოს სახით ანაზღაურების დანაწესი. დაყოვნებულ თანხად განიხილება იძულებითი მოცდენის პერიოდისათვის განაცდურის სახით გადასახდელი ყოველთვიური ხელფასი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ი’’ 2014 წლის 3 სექტემბრიდან ხელფასს უგვიანებს მოსარჩელეს. მის მიერ ხელფასის გაცემის დაყოვნება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ის, რომ მას არ აქვს შემოსავალი, აღნიშნული ვერ გამოდგება ხელფასის გაცემაზე უარის თქმის გამართლებისათვის. მისი მოვალეობაა მოსარჩელეს გადაუხადოს შეთანხმებული ხელფასი. ხელფასის დაყოვნების გამო საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ თითოეულ დაყოვნებულ დღეზე უნდა დაეკისროს მისაღები თანხის 0.07 %-ის გადახდა. მოსარჩელეს 2014 წლის 3 სექტემბერს უნდა მიეღო 1500 ლარი. ამ თანხის 0.07 % არის 1.05 ლარი. მომდევნო ხელფასი მოსარჩელეს უნდა მიეღო 2014 წლის 3 ოქტომბერს. ამ პერიოდიდან მას მისაღები აქვს 3000 ლარი, რის 0.07 % არის 2.1 ლარი. მოსარჩელეს 3 ნოემბერს უნდა მიეღო მომდევნო თვის ხელფასი, რაც მას არ მიუღია. 2014 წლის 3 ნოემბრიდან მას მისაღები აქვს 4500 ლარი, რომლის 0.07 % არის 3.15 ლარი. 2014 წლის 3 დეკემბრიდან ვადაგადაცილებაშია 6000 ლარი, რომლის 0.07 % არის 4.2 ლარი, ხოლო 2015 წლის 3 იანვრიდან ვადაგადაცილებაშია 7500 ლარი, რომლის 0.07 შეადგენს 5.25 ლარს. მოპასუხე ვალდებულია წარმოდგენილი გაანგარიშების მიხედვით მოსარჩელეს აუნაზღააუროს ხელფასის დაყოვნებისათვის კანონით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი ბაჟის თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
წინამდებარე შემთხვევაში სახ. ბაჟის გამოთვლა უნდა განხორციელდეს საქ.სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. ამ ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობაა 300 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ------ ს------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ ზ------ ს------ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 თვის ხელფასის, სულ 7500 ლარის გადახდა.
3. საქველმოქმედო ,,ფ-------------–-------–ს’’ ხელფასის დაყოვნების გამო ზ------ ს------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით შემდეგი თანხის გადახდა:
- 2014 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 3 ოქტომბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1500 ლარის 0.07 %-ის ანუ დღეში 1.05 ლარის გადახდა.
- 2014 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 3 ნოემბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 3000 ლარის 0.07 %-ის ანუ დღეში 2.1 ლარის გადახდა.
- 2014 წლის 3 ნოემბრიდან 2014 წლის 3 დეკემბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4500 ლარის 0.07 %-ის ანუ დღეში 3.15 ლარის გადახდა.
- 2014 წლის 3 დეკემბრიდან 2015 წლის 3 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6000 ლარის 0.07 %-ის ანუ დღეში 4.2 ლარის გადახდა.
- 2015 წლის 3 იანვრიდან ხელფასის სრულად ანაზღაურებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7500 ლარის 0.07 %-ის, ანუ დღეში 5.25 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელეს ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი აქვს 100 ლარი. მას დამატებით სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 20 ლარის გადახდა;
5. მოპასუხეს სახ. ბაჟის სახით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ№30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე