განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/14-18
გამოძიების #0-----------
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი:
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო
მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან გურჩიანი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ზ----------------------------, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------, პირადი ნომერი - 2----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, უმუშევარი, ნასამართლობის არმქონე, მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი, კ------------------–------ დასახლება, ამჟამად პატიმარი.
ადვოკატი - ი-----------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2 ეპიზოდი); სსკ-ის მე-111 მუხლი და 151-ე მუხლის პირველი ნაწილი .
დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; სიცოცხლის მოსპობის მუქარას ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების ფორმულირება:
1. 2018 წლის აპრილის დასაწყისში, დღის დროს, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- ეჭვიანობის გამო მარჯვენა ხელის თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის ნ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------–-------------------------.
2. 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- ეჭვიანობის გამო კედლებზე მიხეთქებისა და ხელის სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის ნ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------–-------------------------.
3. 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- ეჭვიანობის გამო, დანის დემონსტირებითა და სიტყვებით - „უნდა მოგკლა და შენს სისხლში დავიბანო ხელები“ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ნ-----------------, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
4. არ დადგინდა 2018 წლის აპრილის დასაწყისში, ზ------------------- მიერ მეუღლეზე - ნ------------------- მარჯვენა ხელის თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით ფიზიკური, ასევე, თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები.
5. 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- კედლებზე მიხეთქებისა და ხელის სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ნ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------–-------------------------. ამასთან დადგინდა თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებისა და შეურაცხყოფის ფაქტები, თუმცა არ დადგინდა აღნიშნულით დაზარალებულის მიყენებული ტანჯვის ფაქტი.
6. არ დადგინდა 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- მიერ დანის დემონსტირებითა და სიტყვებით - „უნდა მოგკლა და შენს სისხლში დავიბანო ხელები“ სიცოცხლის მოსპობის მუქარა ნ----------------- მიმართ და რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
7. წინასასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის ინიციატივითა და მხარეთა შეთანხმებით სასმართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მტკიცებულებები მიჩნეულ იქნა უდავოდ, რაც უკავშირდება ზ------------------- ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ძირითადად მიმოწერის ამსახველ დოკუმენტაციას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII). ამიტომ საქმის არსებით განხილვაზე მათი გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა მათი შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ სასამართლოში მოწმის სახით არ წარადგინა პ------–-------, ბ------------–-------, გ---–----------, რ-------------–---–-, გ---–-------–--–---–------–---–---–- და ნ------–------–---–-.
8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთან, ძალადაკარგულია ამ წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამათლოს 2015 წლის 22 იანვრის #1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.), ხოლო სსსკ-ის 76-ე მუხლი ირიბ ჩვენებად მოიაზრებს მოწმის ისეთ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეზე გამოკვლეული ყველა სადავო და ასევე უდავო მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ზ------------------- მიერ წინამდებარე განაჩენის პირველ და მე-3 პუნქტებში, აგრეთვე მე-2 პუნქტში ფსიქოლოგიური ძალადობით გამოწვეულ ტანჯვასთან დაკავშირებით აღნიშნული ქმედებების განხორციელებას. ამასთან იმავე სტანდარტით სასამართლო ადასტურებს ზ------------------- მიერ დანაშაულის ჩადენას, რომლის ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია წინამდებარე განაჩენის მე-2 პუნქტში ფიზიკური ძალადობის ნაწილში, 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდი.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის მიზნებისთვის (ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილიშვილი, შესაბამისად, ერთი მხრივ, ზ------------------ და ნ----------------, რომლებიც არიან მეუღლეები და, მეორე მხრივ, გ-------– (6 წლის) და ნ----------------ები (4 წლის) არიან ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილიშვილები. აღნიშნული სადავო არც გამხდარა.
11. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულმა ზ------------------- გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო დაზარალებულმა ნ----------------მ და მოწმე ნ-----–----------------- უარი განაცხადეს შესაბამისად, მეუღლისა და მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
12. მოწმე ნ---------------- (ბრალდებულის რძალი) აღნიშნა, რომ 2018 წლის 15 აპრილს ზ------------------ იყო მთვრალი, გამოაღვიძა ლანძღვა-გინების ხმამ. ბრალდებული შევიდა სახლში დანით ხელში აღმართული გაემართა დაზარალებულისკენ, რაზეც მან იყვირა „დანა ხელში უჭირავს დეო“, შემდეგ კი პირდაპირ შევიდა თავის საძინებელში დანა ოთახში დადო. როდესაც გამოვიდა მკერდთან დაიჭირა დაზარალებული და კედელზე მიახეთქა ერთი ორჯერ თან მუშტს ურტამდა ტანის არეში, რასაც შეესწრნენ მისი შვილები, რომლებიც უყურებდნენ და ტიროდნენ, ასევე დედა ხ------------------–---–-. მანვე აღნიშნა, რომ რაც ამ ოჯახში ცხოვრობს სულ გინება და ჩხუბია, ალბათ 2 დღე რომ გამოვაკლოთ კვირას ამ ინტენსივობით. მანვე განაცხადა, რომ ორი კვირის წინ ბრალდებულმა ერთხელ დაარტყა დაზარალებულს ხელი. მოწმე ხ------------------–---–-- (ნ---------------- დედა) განმარტა, რომ 2018 წლის 15 აპრილს დილითვე გავიდა მისი შვილისა და შვილიშვილის სანახავად, გაიგონა, რომ ზ------- ჩხუბობდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, მარცხენა ხელით ეჭირა გულისპირთან ტანსაცმლით, ყელში ჰქონდა წაჭერილი და აჯანჯღარებდა, ხოლო მარჯვენა ხელს ურტყამდა ტანის არეში, ამ დროს, მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები იქვე იდგნენ, უყურებდნენ ამას და ტიროდნენ. დანის მოღერების ფაქტს არ შესწრებია. არაერთხელ შესწრებია ბრალდებულის მხრიდან გინებას, რაც თითქმის ყოველდღიურად ხდება. შვილმა უთხრა, რომ ბრალდებულმა დანა აიქნია დაზარალებულის მისამართით. სასამართლო იზიარებს აღნიშნული მოწმეების ჩვენებებს და ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მათი ჩვენებები არათანმიმდევრულია და ამასთან, წინააღმდეგობრივიც. ისიც აღსანიშნავია, რომ ადვოკატი ზოგადად აღნიშნავს მოცემულ პრობლემას და არ მიუთითებია კონკრეტული გარემოებები, თუ რაში გამოიხატება აღნიშნული. სასამართლომ კრიტიკულად შეამოწმა როგორც გამოძიებაში მათ მიერ მიცემული ინფორმაცია (რომელთა ნაწილიც გამოქვეყნდა სხდომაზე), ისე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები და ვერ იპოვა მიზეზი ამგვარად იფიქროს. განსაკუთრებით მოწმე ხ------------------–---–---- მიმართებით, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ რაც დაინახა ის თქვა და არაფერი დაუმატებია არც „შეუალამაზებია“, გარდა ამისა, მის სუბიექტურ დამოკიდებულებასაც გამორიცხავს სასამართლო, რაც ნათელი გახდება, თუ კი მისი ჩვენება სრულად იქნება გაანალიზებული. გარდა ამისა, მოწმე კ-------------–---–-- და ნ---------–---–---–-- (გამომძიებლები) აღნიშნეს, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ შეტყობინების (კერძოდ ოჯახური ძალადობის შესახებ) მიღების შემდეგ და მეორე დღეს გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღეს საგამოძიებო მოქმედებებში, საიდანაც იციან, რომ ზ------------------ დაემუქრა ნ----------------- და ფიზიკურად და სიტყვიერად ძალადობდა მასზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ იქნა დანა. სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, 2018 წლის 16 აპრილს გარეგანი დათვალიერებით, ნ----------------- სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო პირადი გასინჯვის მონაცემებით, იგი უჩივის ტკივილს კისრის, მარჯვენა იღლიისა და მკერდის მიდამოში, ყლაპვის გაძნელებას. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ--------–------------ და აღნიშნა, რომ შესამოწმებელი პირის განმარტებით მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და უჩიოდა ტკივილს, თუმცა ისინი ვერ ამოწმებენ ტკივილს და ამ შემთხვევაში არ ჩათვალა საჭიროდ გაეგზავნა რომელიმე ექიმთან.
13. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა, მოწმე ნ---------------- ჩვენება, რომელიც მიუთითებს ერთხელ ჩარტყმაზე, რაც არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ით განსაზღვრულ მტკიცებულებით სტანდარტს და იმის თქმაც შეუძლებელია განიცადა თუ არა დაზარალებულმა რაიმე ტკივილი. სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, რომელმაც უარი თქვა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცმაზე. შესაბამისად აღნიშნული ფაქტი არ დგინდება.
14. სასამართლო ერთად შეაფასებს ზ------------------- მიმართ წარდგენილ ორ სხვადასხვა ბრალდებას (სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ორი ეპიზოდი) იმ მიმართებით, რაც ეხება თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე მის მიერ სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით დაზარალებულზე ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ორივე ბრალდების ფორმულირებაში საუბარია ერთი და იგივე ფაქტებსა და გარემოებებზე - დანაშაულის აღწერაზე. შესაძლოა, ისინი დროის პერიოდით სულ რამდენიმე დღით შეიძლება სცდებოდეს ერთმანეთს, თუმცა იდეურად და ბრალდების არსიდან გამომდინარე საუბარია ზუსტად იდენტურ ქმედებებზე. საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა. სასამართლოს შეფასებით, ეს ჩანაწერი იმასაც გულისხმობს, რომ დაუშვებელია პირის მიმართ ერთი და იგივე ბრალდებითა და კვალიფიკაციით პირის ბრალდება ან მსჯავრდება. სასამართლო ხასგასმით აღნიშნავს, რომ საუბარია იდენტურ ბრალდებაზე ყველა მისი კომპონენტისა და ელემენტის გათვალისწინებით, შესაბამისად იგი მხოლოდ ერთ ბრალდებასთან მიმართებით იქნება შეფასებული. აღნიშნული ორი ბრალდება მხოლოდ ამ თვალსაზრისით არ არის პრობლემური. საქმეზე არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ამგვარი გინებითა და შეურაცხყოფით დაზარალებულისათვის ტანჯვის მიყენების ფაქტს. სასამართლო ხ------------------–---–-სა და ნ---------------- ჩვენებებიდან გამომდინარე დადასტურებულად მიიჩნევს სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტს, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება მიანიშნებს, რომ ამან დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია. სასამართლოსათვის უცნობია დაზარალებულის განცდები და დამოკიდებულება ამ ქმედებებისადმი, რასაც ბრალდებული ახორციელებდა მის მიმართ და რაც როგორც აღინიშნა წლებია გრძელდება, ასე რომ ჩნდება გონივრული ეჭვები ამგვარი ტანჯვის განცდასთან დაკავშირებით, რისი გარკვევის გარეშეც სასამართლო გადაჭრით ვერ იტყვის, რომ ეს ასეა. ბრალდების მხარემ არ წარადგინა არც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროფესიონალურ დონეზე განსაზღვრავდა ამ გარემოებას, რის გამოც სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი დაზარალებულის ტანჯვის ფაქტი.
15. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 აპრილს სიცოცხლის მოსპობის მუქარის ეპიზოდთან მიმართებით მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა, მოწმე ნ---------------- ჩვენება, რომელიც მიუთითებს ბრალდებულის მიერ დანის მოღერებაზე, რის შედეგადაც ბრალდებულმა გზა გააგრძელა საძინებლისკენ და დანა შეინახა. ნიშნადობლივია, რომ მოწმე ვერ მიუთითებს რამდენად აღიქვა ეს მომენტი დაზარალებულმა, რამდენად დაინახა მოღერებული დანა, რაც მუქარის განხორციელების რეალურობას უფრო აშკარას გახდიდა. ამ და იმ მიზეზით, რომ მითითებულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ ვერ დააკმაყოფილა საქართველოს სსსკ-ით განსაზღვრული მტკიცებულებითი სტანდარტი და იმის თქმაც შეუძლებელია გადაჭრით და ერთმნიშვნელოვნად განიცადა თუ არა დაზარალებულმა მუქარის განხორციელების რეალური შიში, წარმოშობილი ეჭვები უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად სასამართლომ ვერ დაადგინა აღნიშნული ფაქტი.
16. რაც შეეხება 2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ფაქტს, სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული დასტურდება ხ------------------–---–-სა და ნ---------------- ჩვენებებით, რომელთა სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, რაზეც სასამართლომ უკვე ისაუბრა ზევით. სასამართლო ვერ გაიზიარებს დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს, ვინაიდან ისინი ირიბ მოწმეებს წარმოადგენენ. აღსანიშნავია დანაშაულის შესახებ შეტყობინების შინაარსიც, რაც თანხმედრაშია მოწმეთა ჩვენებებთან და თავად ნ----------------მ დარეკა პოლიციაში, სადაც აღნიშნავდა მეუღლის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ ნ----------------მ ისარგებლა მისი უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს, უპირობოდ არ გულისხმობს მოწმის ახლო ნათესავის გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტის განსაზღვრა ტანჯვისაგან განსხვავებით უფრო მეტად შესაძლებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით გათვალისწინებულ უნდა იქნეს ფიზიკური ძალადობის ხასიათი და ლოკაცია. მოწმეები მიუთითებენ ზ------------------- მიერ დაზარალებულის კედელზე მიხეთქების ფაქტებსა და სხეულის არეში დარტყმებზე, რაც სასამართლოს შეფასებით აუცილებლად გამოიწვევდა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ისიც აღსანიშნავია, რომ ნ---------------- სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას აღნიშნავდა ტკივილებს სხეულის სხვადასხვა არეში, რაც ზუსტად მიყენებული დაზიანების ხასიათისა და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, ამყარებს რწმენას ფიზიკური ტკივილის განცდასთან დაკავშირებით.
17. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში ვერ დგინდება სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისის ეპიზოდი), ასევე როგორც ამ, ასევე იმავე მუხლით 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდთან წარდგენილ ბრალდებაში ტანჯვის და მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის ისეთი აუცილებელი ელემენტები, როგორიცაა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა აგრეთვე მუქარა, რამაც დაზარალებულს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კ-----–------------- დასახლებაში მდებარე ქ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ------------------- კედლებზე მიხეთქებისა და ხელის სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის ნ----------------- მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------–-------------------------.
სამართლებრივი შეფასება:
18. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, შვილიშვილი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ასევე, სსკ-ის მე-111 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, კერძოდ ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის [...] 149-ე−1511, [...] მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამ მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: [...] მეუღლე, [...]. რაც შეეხება სსკ-ის 151-ე მუხლს, აუცილებელია, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ დაზარალებულს გაუჩინოს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
19. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ, ერთი მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ზ------------------- მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, გარდა 2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდისა, და მეორე მხრივ, იგივე სტანდარტით დაადასტურა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა 2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში, რაც საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic პარ 49). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77) უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება. (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.austria, პუნქტი 15).
20. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის წინააღმდეგ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ------------------- საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური შეურაცხყოფით ტანჯვის მიყენების ეპიზოდი), იმავე კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდთან ერთად აღნიშნული ბოლო ორი წლის განმავლობაში სისტემატური შეურაცხყოფით ტანჯვის მიყენების ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი. ამასთან, ვინაიდან ერთი კვალიფიკაციის ქვეშ იყო მოქცეული 2018 წლის 15 აპრილის ეპიზოდში ფიზიკური ძალადობისა და ბოლო ორი წლის მანძილზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, სასამართლოს მოსაზრებით აუცილებელი არ არის სარეზოლუციო ნაწილში მისი ცალკე ასახვა ამორიცხვის კონტექსტში. გარდა ამისა, ზ------------------- მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. ამასთან არ არსებობს ბრალისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
22. ზ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
23. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
24. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია, კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
25. სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის (2018 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქცია, ვინაიდან აღნიშნულის შემდეგ მოქმედი რედაქციებით უარესდება ზ------------------- მდგომარეობა) სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.
26. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა ოჯახის წევრის მიმართ, მათ შორის, არასრულწლოვნების თანდასწრებით, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე და ასევე მხედველობაში იღებს რა ზ------------------- დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ (იგულისხმება გინება და შეურაცხყოფა) სასამართლო გამორიცხავს მის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გარდა სხვა სასჯელის გამოყენებას, რაც იქნება ადეკვატური ღონისძიება სასჯელის მიზნების მისაღწევად. სასამართლოს შეფასებით, არსებული ვითარების გათვალისწინებით გამორიცხულია საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის გამოყენებით იმ შედეგის მიღწევა, რასაც თავისუფლების აღკვეთა უზრუნველყოფს, მსჯავრდებულის იზოლაციის ეფექტის ჩათვლით. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ზ------------------ არ არის ნასამართლევი სასამართლოს მიაჩნია, რომ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ადეკვატური და პროპორციული იქნება სასჯელის მიზნების შესასრულებლად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი).
2. ზ------------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ზ------------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
4. ზ------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2018 წლის 15 აპრილიდან.
5. ზ------------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს.
6. ნივთმტკიცება - დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი