გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2015-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.11.2018 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ჩიქოვანი
მოსარჩელე ლ------ მ–------ე
მოპასუხე დ----- წ---–-----ი
წარმომადგენელი თეიმურაზ ბიჭოშვილი
დავის საგანი ფულადი ვალდებულების დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ----- წ---–-----ისათვის 5500 ლარის დაკისრება
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2014 წლის 21 აგვისტოს მასსა და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მოსარჩელეს გადაუხდიდა 5500 ლარს 2014 წლის 25 სექტემბრისათვის სარგებლის დარიცხვის გარეშე. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და თანხა საერთოდ არ გადაიხადა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
წერილობთ შესაგაბელში განმარტა, რომ მოსარჩელისაგან თანხა მას არ მიუღია და ვალის აღიარების ხელშეკრულებით თავდებად დაუდგა მეგობარს დ----- კალაიჯიშვილს ვალის დაბრუნების საკითხში. დაზუსტებულ შესაგებელში და სხდომაზე მიუთითა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება გაფორმდა მოსარჩელის მხრიდან იძულების შედეგად. 2014 წლის ზაფხულში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ქალაქ ბათუმში, სადაც სტუმრად დაჰპატიჟა მეგობარმა დ----- კალაიჯიშვილმა, რომელმაც მისგან ითხოვა მერსედესის მარკის ავტომობილი. ერთ საღამოს იგი სახლში დაბრუნდა ავტომობილის გარეშე და განმარტა, რომ მეგობრის ოჯახში დატოვა და მეორე დღეს მოიყვანდა. ამის მომდევნო დღეს დ----- კალაიჯიშვილმა სცადა თვითმკვლელობა, ბასრი საგნით გადაიჭრა ვენები. მეუღლეზე ახლად დაქორწინებული იყო და მას რომ არ ენერვიულა სასწრაფო დახმარება არ გამოიძახეს და საკუთარი ძალებით გაუწიეს დახმარება. გონზე მოსვლის შემდეგ დ----- კალაიჯიშვილმა განუცხადა, რომ ავტომობილი მას წაართვა ლ------ მ–------ემ, რომლის ვალი აქვს გადასახდელი და ავტომობილს არ უბრუნებს ვალის დაბრუნებამდე. ასევე განმარტა, რომ ლ------ მ–------ეს ჰყავდა მისგან ნაყიდი ბმვ-ს მარკის ავტომობილიც, რომლის თანხა დ----- წ---–-----ისთვის სრულად გადახდილი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დაურეკა ლ------ მ–------ეს, რომლის მოსვლის შემდეგ ხანგრძლივი კამათი და ჩხუბი ჰქონდათ, სადაც ლ------ მ–------ე დაემუქრა, რომ მანქანას საერთოდ დაწვავდა და გაანადგურებდა, თუ დ----- კალაიჯიშვილი ვალს არ დააბრუნებდა ან თუ დ----- წ---–-----ი ვალს არ აღიარებდა. ამის შემდეგ ერთად მივიდნენ ნოტარიუსში და გაფორმდა ვალის აღიარების ხელწერილი, რის შემდეგ მერსედესის მარკის ავტომობილი წამოიყვანა და ამჟამადაც მისი ოჯახის სარგებლობაშია. ლ------ მ–------ეს მანამდე არ იცნობდა და მისი ვალი არ ჰქონია, ხელშეკრულება კი იძულების შედეგად გაფორმდა. ეს ხელშეკრულება მოსარჩელეს სჭირდებოდა დ----- კალაიჯიშვილზე ზეწოლისთვის, მისგან კი თანხა დიდი ხნის მანძილზე არ მოუთხოვია. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად მოსარჩელემ ერთხელ უკვე გაიხმო მის მიმართ აღძრული სარჩელი და ყოველთვის ითხოვდა დ----- კალაიჯიშვილზე ზეგავლენის მოხდენას ვალის დასაბრუნებლად.
(15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი )
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 21 აგვისტოს დ----- წ---–-----სა და ლ------ მ–------ეს შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომლითაც დ----- წ---–-----მა ლ------ მ–------ის წინაშე იკისრა 2014 წლის 25 სექტემბრამდე 5500 ლარის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულება არ არის დადებული ლ------ მ–------ის მხრიდან განხორციელებული იძულების შედეგად. ვალის აღიარების ხელშეკრულებით ფაქტობრივად დ----- წ---–-----მა ლ------ მ–------ის მიმართ იკისრა დ----- კალაიჯიშვილის ფულადი ვალდებულების გადახდის ვალდებულება.
2014 წლის 24 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებულია ვალის აღიარების ხელშეკრულება დ----- წ---–-----სა და ლ------ მ–------ეს შორის, რომლის მიხედვით, დ----- წ---–-----ს წარსულში არსებული საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე წარმოეშვა ლ------ მ–------ის მიმართ 5500 ლარის გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით დ----- წ---–-----მა იკისრა 2014 წლის 25 სექტემბრამდე ამ თანხის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულება დამოწმებული ქალაქ ბათუმში ნოტარიუს მარინე სიხარულიძის მიერ.
მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ პირადად დ----- წ---–-----ს ლ------ მ–------ის მიმართ ფულადი ვალდებულება ამ ხელშეკრულების დადებამდე არ გააჩნდა და ეს ხელშეკრულება შეეხება მოსარჩელის მეგობრის დ----- კალაიჯიშვილის ფულადი ვალდებულებას ლ------ მ–------ის მიმართ.
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს იძულების შედეგად ამ ხელშეკრულების დადებას, ხოლო იძულების განხორციელებას უკავშირებს ლ------ მ–------ის მხრიდან მუქარას, რადგან იგი იმუქრებოდა დ----- წ---–-----ის კუთვნილი ავტომობილის განადგურებით.
იძულების ფაქტის დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა მოწმეების დ----- კალაიჯიშვილის, მაია ჯაჭვაძის და ზაზა წ---–-----ის ჩვენებები.
დ----- წ---–-----ის მეუღლის მაია ჯაჭვაძის ჩვენებით, 2014 წლის აგვისტოში ახალდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად ისვენებდა ბათუმში. იქ ცხოვრობდნენ მისი მეუღლის მეგობრის დ----- კალაიჯიშვილთან, რომელმაც შესთავაზა რამდენიმე დღით მის ბინაში ცხოვრება, რაზეც დათანხმდნენ. დ----- წ---–-----მა მეგობარს ათხოვა გერმანიიდან ახალი ჩამოყვანილი მერსედესის მარკის ავტომობილი. ერთ საღამოს იგი ავტომობილის გარეშე დაბრუნდა, ხოლო მეორე დღეს დილით თავის მოკვლა სცადა და ამ მიზნით სააბაზანო ოთახში ვენები გადაიჭრა. სასწრაფო არ გამოიძახეს, რადგან გართულებებს მოერიდნენ და საკუთარი ძალებით აღმოუჩინეს დახმარება. გონზე მოსვლის შემდეგ დ----- კალაიჯიშვილმა თვითმკვლელობის მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ ლ------ მჟავაძემ ვალის დაუბრუნებლობის გამო დაიტოვა დ----- წ---–-----ის ავტომობილი. მოწმის განმარტებით, ლ------ მ–------ის სახელის ხსენება მისი მეუღლისთვის მოულოდნელი არ იყო, თუმცა მისი მეუღლე ლ------ მ–------ეს არ იცნობდა. მისმა მეუღლემ დაურეკა ლ------ მ–------ეს, რომლის მოსვლის შემდეგ მათ შორის ჩხუბი და ხმამაღალი კამათი იყო. ლ------ მჟვანაძე მოითხოვდა ვალის გადახდას, რომელიც ჰქონდა დ----- კალაიჯიშვილს, იგი დაიმუქრა, რომ მანქანას გაანადგურებდა, საერთოდ გადაწვავდა თუ ვალს არ დაუბრუნებდნენ. თანხის დაბრუნების შესაძლებლობა არ ჰქონდა დ----- კალაიჯიშვილს, რის გამოც ლ------ მ–------ემ მოითხოვა რომ დ----- წ---–-----ს ვალის აღიარების ხელწერილი შეედგინა და ეს იქნებოდა თანხის დაბრუნების გარანტია. სხგავარად მანქანის დაბრუნება შეუძლებელი იყო, რიც გამოც დ----- წ---–-----ი იძულებული გახდა ხელი მოწერა ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე, რის შემდეგ ლ------ მ–------ის სახლის ეზოდან წამოიყვანა ავტომობილი.
მოწმე დ----- კალაიჯიშვილის ჩვენებით ბავშვობიდან მეგობრობს დ----- წ---–-----თან.რამდენჯერმე აქვს შეძენილი ავტომობილი დ----- წ---–-----ისგან. 2014 წელს ბიზნესსაქმიანობის გამო ცხოვრობდა ბათუმში, მან რამდენჯერმე ისესხა თანხა ლ------ მ–------ისგან, საბოლოოდ მის მიმართ გადასახდელი ჰქონდა 3600 ლარი სესხი. დ----- წ---–-----ს ავტომობილები გასაყიდად ჩამოჰყავდა გერმანიიდან და ყიდდა საქართველოში. 2014 წლის ზაფხულში ბათუმში მას შეხვდა დ----- წ---–-----ი და დაჰპატიჟა სტუმრად. თავად ცხოვრობდა ლ------ მ–------ის დისშვილის ბინაში, რომელთანაც მეგობრობდა და სადაც დაპატიჯა დ----- წ---–-----ი. დ----- წ---–-----ს სთხოვა ახლად ჩამოყვანილი, განუბაჟებელი მერსედესის მარკის ავტომობილი, რაც ვალის გამო დაიტოვა ლ------ მ–------ემ და განუცხადა, რომ ვალის გადახდამდე არ დაუბრუნებდა. იმ პერიოდში ჰყავდა ასევე მეორე ავტომობილი ბმვ-ს მარკის, რომელიც რამდენი თვით ადრე იყიდა დ----- წ---–-----ისგან და ისიც ლ------ მ–------ის ავტოფარეხში იდგა, რადგან ავტოავარიის დროს დააზიანა. მანქანის გამო მეგობართან შერცხვენილი იყო, რის გამოც თვითმკვლელობა გადაწყვიტა, მაგრამ დ----- წ---–-----მა და მისმა მეუღლემ გადაარჩინეს. მან სთხოვა, რომ საკითხის გარკვევაში პოლიციის ჩარევა არ სურდა, რის გამოც სასწრაფო არ გამოძახეს. დ----- წ---–-----მა დაურეკა ლ------ მ–------ეს და აცნობა ამ ამბის შესახებ, რის შემდეგ ლ------ მ–------ესთან მოუვიდათ ჩხუბი, ხმამაღალი კამათი, იგი კატეგორიულად მოითხოვდა 5500 ლარის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიმუქრა ავტომობილის განადგურებით, დაიმუქრა მისი დაწვით. ამ ჩხუბის გამო განერვიულდა დ----- წ---–-----ის ახლად მოყვანილი მეუღლეც. დ----- წ---–-----ი იძულებული გახდა ხელი მოეწერა ვალის აღიარების ხელშეკრულებაზე, რადგან სხვა გზით ავტომობილს ვერ დაიბრუნებდა ლ------ მ–------ის მუქარის გამო. დ----- წ---–-----ს არავითარი ვალი არ ჰქონდა ლ------ მ–------ის მიმართ. მას სურდა მხოლოდ ავტომობილის დაბრუნება. ლ------ მ–------ეს ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში დ----- წ---–-----ისგან თანხას არ ითხოვდა. იგი პერიოდულად მის ოჯახსაც სთხოვდა ვალის დაბრუნებას. მას ლ------ მ–------ის მიმართ გადასახდელი ჰქონდა სესხის 3600 ლარი, ხოლო ლ------ მ–------ემ მოითხოვა კიდევ 2 თვის მისი საბანკო სესხის პროცენტი და მისი დისშვილის ბინაში ცხოვრების საფასური.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება ლ------ მ–------ის მიერ განხორციელებული მუქარა, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა დ----- წ---–-----ის ავტომობილს, ლ------ მ–------ეს არ განუხორციელებია ისეთი მოქმედება, რასაც მოპასუხეზე შეეძლო მოეხდინა იმგვარი ზეგავლენა, რომ ავტომობილის რეალური განადგურების შიშით დაედო ვალის აღიარების ხელშეკრულება. მოპასუხის განმარტებით და მოწმეების ჩვენებების თანახმად, ლ------ მ–------ის მფლობელობაში იყო დ----- წ---–-----ის კუთვნილი ავტომობილი, რაც არც ლ------ მ–------ემ უარყო. თუმცა ავტომობილის განადგურების მუქარის შესახებ გარემოება მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება. მოპასუხე მასზე ზეგავლენის მომხდენ ფაქტებად ასახელებს დ----- კალაიჯიშვილის თვითმკვლელობით გამოწვეულ სტრესულ გარემოს, ლ------ მ–------ესთან კონფლიქტურ სიტუაციას და მის მუქარას.
დ----- კალაიჯიშვილის მიერ ვენების გადაჭრის შესახებ გარემოება არ დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით და ეს გარემოება მისი შინაარსის გამო მხოლოდ მხარეთა ზეპირი განმარტებებით არ შეიძლება დადასტურდეს. ეს გარემოება და შემდგომ არსებული კონფლიქტი არ დასტურდება მოწმე მაია ჯაჭვაძის განმარტებით, რადგან მის მიერ ფაქტების აღწერა არ არის დეტალური, კონკრეტული და მოვლენის ზოგად აღწერას შეიცავდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაია ჯაჭვაძე მხარის განმარტებით ესწრებოდა ბათუმში ხელშეკრულების დადებას, რის გამოც მისთვის ცნობილია ხელშეკრულების დადების წინმსწრები და მომდევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რადგან იგი არის მოპასუხის ოჯახის წევრი. თუმცა მან ჩვენებაში ხელშეკრულების დადებამდე მომხდარი მოვლენები და შემდგომ ლ------ მ–------ესა და მის მეუღლის ოჯახის სხვა წევრების შორის არსებული სადაო ურთიერთობა დეტალურად ვერ აღწერა.
ლ------ მ–------ის მხრიდან მუქარის ფაქტი არ დასტურდება მოწმე ზაზა წ---–-----ის ჩვენებით, რადგან იგი სადაო ხელშეკრულების დადებას არ ესწრებოდა. მისი განმარტებით, ხელშეკრულების არსებობის შესახებ მას გაფორმებიდან 1 წლის შემდეგ განუცხადა შვილმა. მერსედესის მარკის ავტომობილით ამჟამადაც იგი სარგებლობს, ხოლო ლ------ მ–------ე ითხოვდა დახმარებას, რათა დ----- კალაიჯიშვილზე მოეხდინა გავლენა და დაერწმუნებინა, რომ გადაეხადა ვალი და ამ თანხას მის შვილისგან არ ითხოვდა. ასეთი შეთანხების გამო მან გაიხმო ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელი.
ლ------ მ–------ის განმარტებით, დ----- კალაიჯიშვილი მის ოჯახის მეგობარი იყო, ხოლო სადაო პერიოდში ცხოვრობდა მის დისშვილის ბინაში ქალაქ ბათუმში და ბინა ჰქონდა ნაქირავები. დ----- კალაიჯიშვილს სხვადასხვა პერიოდში დაუგროვდა მისი და მისი დისშვილი ვალი, რასაც დაემატა გადაუხდელი ბინის ქირაც. არაერთხელ ჰპირდებოდა ვადის დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. 2014 წლის ზაფხულში დ----- კალაიჯიშვილმა ავტომობილით ქუთაისშიც კი წაიყვანა ვალის დასაბრუნებლად, მაგრამ შეპირებული თანხა არ მისცეს. დ----- კალაიჯიშვილმა რაიმე იძულების და კამათის გარეშე თავად დატოვა ავტომანქანა მის ეზოში. მისი დისშვილის ბინაში როგორც აღმოჩნდა ცხოვრობდა დ----- წ---–-----ის ოჯახი, ხოლო დ----- კალაიჯიშვილს თვითმკვლელობის მცდელობით გამოწვეული რაიმე განსაკუთრებული ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა. ავტომობილის განადგურებით არავის დამუქრებია და ჩხუბი არ ჰქონიათ. მისმა დისშვილმა გამოიძახა პოლიციიდან უბნის რწმუნებული, რომლის მოსვლამდე დ----- წ---–-----ი და მის მეუღლე ბინიდან გავიდნენ, რადგან მათი თქმით რაიმე გართულება და საკითხში პოლიციის ჩარევა არ უნდოდათ. ნოტარიუსში დ----- წ---–-----ი, მისი მეუღლე და დ----- კალაიჯიშვილი ერთად წამოვიდნენ. ავტომობილის დაბრუნებაზე უარს ვერც ეტყოდა, რადგან პოლიციაში განცხადების წარდგენით თავისუფლად შეეძლოთ მისი წაყვანა. დ----- წ---–-----ს მისი ვალი ნამდვილად არ ჰქონდა, ხოლო ხელშეკრულებით თავისი ნება-სურვილით იკისრა თანხის გადახდა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დ----- კალაიჯიშვილს ჰქონდა ლ------ მ–------ის მიმართ ფულადი ვალდებულება, რის შესახებ 2014 წლის 21 აგვისტომდე ინფორმირებული იყო დ----- წ---–-----იც, რადგან მისი მეუღლის ჩვენებით, ლ------ მ–------ის მოხსენიება მისი მეუღლისთვის უცხო და მოულოდნელი არ იყო. ლ------ მ–------ის განმარტებით დასტურდება, რომ დ----- კალაიჯიშვილს გადასახდელი ჰქონდა სესხის თანხა 5000 ლარი და ბინის ქირა 500 ლარი, რადგან დ----- კალაიჯიშვილი ცხოვრობდა მისი დისშვილის ბინაში. ვალის აღიარების ხელშეკრულებით დ----- წ---–-----მა იკისრა მეგობრის ამ ფულადი ვალდებულების შესრულება, რითიც თავის თავზე აიღო დ----- წ---–-----ის ვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ვალის აღიარების ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-17. ტომი 1 )
- მოწმეების ჩვენებები (30.10.2018წ, 15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
- შესაგებელი (ს.ფ. 46-50, ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (09.10.2018წ; 30.10.2018წ და 15.11.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
- მოსარჩელის განმარტებები (30.10.2018წ და 15.11.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეებს შორის დადებულია ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება, გარიგება იძულებით არ დადებულა, რის გამოც მოპასუხემ უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 319-ე, 85-ე, 86-ე, 203-ე, 89-ე, 448-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
გარიგება არის კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის მნიშვნელოვანი საფუძველი. იგი კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის განხორცილების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია. გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია ნების გამოვლენა. სამართლებრივ შედეგს იწვევს ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება. ნების გამოვლენა არის სუბიექტის მიერ სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოვლენა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს არა მარტო კანონით დადგენილი ფორმა, არამედ ნების გამომვლენის თავისუფალი ნება. სახელშეკრულებო თავისუფლებაში რა თქმა უნდა იგულისხმება არა მარტო ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა, არამედ თავად გარიგების მხარის მიერ გამოვლენილი ნების შესაბამისობა მის ნამდვილ ნებასთან, ნების გამოვლენა უნდა განხორციელდეს ზეგავლენის, იძულების გარეშე.
მხარეებს შორის კანონით დადგენილი ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიმართ არსებობს მისი ნამდვილობის პრეზუმფცია, რაც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამ ნორმის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის მიზანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, რისი ერთერთი გამოხატულებაა კანონით დადგენილი ფორმით დადებული და გარიგების მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიმართ სანდოობა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. გარიგების შეცილების უფლების მქონე პირმა უნდა მიუთითოს ის გარემოებები, რაც ნების ნაკლს განაპირობებს. მასვე ეკისრება გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება. ნების გამოხატვა, ხელშეკრულების დადება გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
მოპასუხე ვალის აღიარების ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მიუთითებს მის იძულებით დადებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 85-ე მუხლის მიხედვით, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.
ამავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, 1. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. 2. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
იძულება წარმოადგენს ნების გამოვლენის პროცესში აშკარა და უხეშ, დაუშვებელ ჩარევას. იძულების გამო ნების გამომხატველის თავისუფალი ნება იმდენად არის შეზღუდული, რომ თანხმდება ისეთი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დადება არ სურს. ნების გამომვლენს გაცნობიერებული აქვს რეალობა, მას არ სურს გარიგების დადება, მაგრამ თანხმდება ამაზე მასზე განხორციელებული ზეგავლენის შედეგად. კანონმდებელი იძულებად, დაუშვებელი ზემოქმედების ხერხებად მიიჩნევს ძალადობას და მუქარას. ამ შემთხვევაში ფიზიკური ძალადობის გამოყენებაზე მოპასუხეს არ მიუთითებია. მისი განმარტებით მის მიმართ განხორციელდა მუქარა მისი კუთვნილი ავტომობილის განადგურების შესახებ, რის გამოც იძულებული გახდა დაედო ვალის აღიარების ხელშეკრულება, ხოლო ფულადი ვალდებულება გააჩნდა დ----- კალაიჯიშვილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „მუქარა არის სამომავლო საფრთხის შესახებ შეტყობინება, რომლის რეალიზებასაც დამმუქრებელი საკუთარ ნება-სურვილზე დამოკიდებულად წარმოაჩენს, რათა ამგვარად ზეგავლენა მოახდინოს მუქარის ადრესატის ნების ჩამოყალიბებაზე და დაიყოლიოს შესაბამისი გარიგების დადებაზე.(2015 წლის 29 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-132-124-2015, 2013 წლის 27 მაისის განჩინება საქმე Nას-170-163-2013.
მოპასუხე მუქარად მიიჩნევს ლ------ მ–------ის მიერ წარმოთქმულ ფრაზას „საერთოდ გადავწვავ მანქანას“ და დ----- კალაიჯიშვილის თვითმკვლელობის მცდელობით გამოწვეულ სტრესსს, შემდეგ მოხდარ კონფლიქტს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულება არის ნების გამოვლენაში უხეში ჩარევა, რაც არსებითად ხელყოფს ნების გამოვლენის თავისუფლებას. შესაბამისად, იგი რიგ შემთხვევაში დელიქტური ზიანის სახეს იძენს ისეთ შემთხვევაშიც კი, როცა იძულება გარიგების დადების ნებას შეეხება.
ამ შემთხვევაში იძულებად მითითებულია მუქარა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის შინაარსის მიხედვით, არის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამ ნორმის მიხედვით, გარიგების ბათილობას საფუძველია ისეთი იძულება, რასაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, გაუჩინოს იმის განცდა, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. შესაბამისად, კანონი ყოველგვარ მუქარას ან ფიზიკურ ზემოქმედებას კი არ მიიჩნევს გარიგების ბათილობის საფუძვლად, არამედ მხოლოდ ისეთს, რაც გარიგების მხარეს უქმნის იმის განცდას, რომ ასეთი საფრთხე რეალურია. შესაბამისად, მუქარის იძულებად კვალიფიკაციისათვის უნდა შეფასდეს მისი ხასიათი, რომლის შეფასების გარკვეულ კრიტერიუმებს თავად 86-ე მუხლი შეიცავს. ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.
იურიდიული დოქტრინაში აღიარებული განმარტებით, მუქარის ხასიათი უნდა შეფასდეს შემდეგი კრიტერიუმებით: რაში მდგომარეობს დამმუქრებლის მიერ პიროვნების ან მისი ქონების მიმართ განცხადებული საფრთხე (მოსალოდნელი საფრთხე); უნდა შეფასდეს საფრთხის სიმძაფრე, რა დროსაც გასათვალისწინებელია მუქარის ადრესატის თვალსაწიერი და აბსტრაქტულია საფრთხე თუ რატომ არსებობს მისი რეალური განხორციელების შესაძლებლობა, რა გარემოება წარმოშობს საფრთხის განხორციელების რეალურობის აღქმას. (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი. წიგნი პირველი. www.civilcode.ge)
მუქარის დროს დამმუქრებელი პირს აღუწერს საფრთხეს, რომლის განხორციელება-თავიდან აცილებაც მას ხელეწიფება, რათა ამგვარად დაიყოლიოს მისთვის სასურველი ნების გამოვლენაზე. ქონების განადგურების მუქარით პირზე ზეწოლის მოხდენის გავლენის შეფასებისათვის, აუცილებელი არ არის, რომ დამმუქრებელს მართლაც ჰქონდეს განცხადებული უარყოფითი შედეგის სისრულეში მოყვანის განზრახვა, საკმარისია, თუ მუქარის ადრესატს შეეძლო მისი აღქმა რეალური საფრთხის შემცველად და ეს გავლენას ახდენს მისი ნებაზე. პირზე მუქარის გავლების ეფექტის შეფასების, საფრთხის რეალურობის აღქმის შეფასებისათვის გასათვალისწინებელია პირთა ასაკი, სქესი, ცხოვრებისეული გამოცდილება. გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი მუქარა, რომლის რეალიზება ადრესატის თვალსაწიერიდან დამმუქრებლის ნებაზეა დამოკიდებული და პირი ყველა გარემოებიდან გამომდინარე აცნობიერებს, რომ სხვა გზით ამ საფრთხის თავიდან აცილება შეუძლებელია. (სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის კომენტარი, 2017 წლის გამოცემა. www.civilcode.ge)
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად ქონების განადგურების მუქარა პირზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და უჩენს სურვილს დაიცვას ქონება ამგვარი საფრთისაგან. 86-ე მუხლის მიხედვით, ყოველგვარი მუქარა ნების გამოვლენაში უხეშ ჩარევად არ ითვლება და გარიგების ბათილობის საფუძველია ისეთი მუქარა, რაც პირს აფიქრებინებს საფრთხის რეალურობას. ეს გარდა პირის სუბიექტური აღქმისა ასევე დამოკიდებულია ობიექტურად არსებულ ვითარებაზე. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა დ----- კალაიჯიშვილის თვითმკვლელობის მცდელობა და ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესი, მოსარჩელის ჩხუბი და მუქარა. მხარეებს შორის გარიგების დადებისას წარმოშობილი კამათი ან ჩხუბი, ცალკე აღებული, ვერ ამტკიცებს იძულების ფაქტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულება მიზნად არ ისახავს დამუქრებული პირის ნების სრულ პარალიზებას, არამედ მის მიზანია მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიმართულებით ნების მოდრეკა, თუმცა ამისათვისაც აუცილებელია, რომ იძულება იყოს გარკვეული, არაუმნიშვნელო ინტენსივობის და ამის შედეგად წარმოშობდეს პირში იმის განცდას, რომ პირი მუქარაას რეალურად განახორციელებს და ამის თავიდან აცილება მისი ნებაზე დაყოლის გარეშე შეუძლებელია.
მართალია იძულების დადგენისათვის აუცილებელი არ არის, რომ დამმუქრებელს ჰქონდეს განცხადებული ნეგატიური შედეგის რეალიზაციის შესაძლებლობა და საკმარისია ნების გამომვლების მიერ ასეთი მუქარის რეალურად შესრულების, ქონებისათვის მოსალოდნელი საფრთხის რეალურობის აღქმა, მაგრამ პირზე ასეთი ზემოქმედების და შიშის გაჩენას გარკვეული ობიექტური და სუბიექტური წინაპირობები უნდა ქმნიდეს.
კანონის მოთხოვნის მიხედვით, იძულების ხასაითის შესაფასებლად გასათვალისწინებელია ასაკი, სქესი, ცხოვრებისეული გარემოებები. ამ უკანასკნელში კი შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს მხარეთა ურთიერთდამოკიდებულება, მათი ნაცნობობის ხანგრძლივობა, დამმუქრებლის უნარი სისრულეში მოიყვანოს მუქარა, პირის პროფესია. ასევე გასათვალისწინებელია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შედეგად მასზე ზეგავლენა უფრო იოლია და მას შეეძლო რეალურად არსებულზე უფრო მძაფრად აღექვა საფრთხე. დ----- წ---–-----მა ავტოავარიის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო 2016 წლის 1 იანვარს, ხელშეკრულების დადებიდან 1 წლისა და 4 თვის შემდეგ.
ამ შემთხვევაში ლ------ მ–------ესა და დ----- წ---–-----ს მანამდე რაიმე ნაცნობობა არ ჰქონდათ და მათ პირველად ნახეს ერთმანეთი 2014 წლის 21 აგვისტოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ფრაზის „მანქანას საერთოდ გადავწვავ“ თუნდაც მოსარჩელის მიერ წარმოთქმის შემთხვევაში, რამდენად შეუქმნიდა მოპასუხეს ამ მუქარის განხორციელების რეალურობას, შეფასების საგანია და უნდა გადაწყდეს როგორც ხელშეკრულების დადებამდე მათი ურთიერობის ხასიათის, ისე შემდგომ განვითარებული მოვლენებში მხარეთა ურთიერთდამოუკდიებულების შეფასების შედეგად. აღწერილი საფრთხის რეალურობის აღქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად შეუძლია პირს გააცნობიეროს, რომ ამ საფრთხის აღკვეთა, საკუთარი უფლების დაცვა სხვა საშუალებით სრულიად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობაც ხომ არ წაერთვა მას იძულების შედეგად. მოპასუხის განმარტებით, დ----- კალაიჯიშვილის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მათ თავად თქვეს უარი სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დადებამდე და არც შემდეგ მხარეებს შორის განვითარებული ურთიერთობის ხასიათი არ მიუთითებს იმაზე, რომ ლამარ მ–------ე მუქარას ახორციელებდა დ----- წ---–-----ის მიმართ და არ უბრუნებდა მას ავტომობილს ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, მუქარა დროში წინ უნდა უსწრებდეს გარიგების დადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია საუბარი გარიგების მიზნით „დაყოლიებაზე“, თუმცა აქ გადამწყვეტია მუქარით გამოწვეული ზოგადი ეფექტი და არა მხოლოდ ფაქტების ზუსტი ქრონოლოგია ხელშეკრულების დადებამდე. რიგ შემთხვევაში იძულება ერთჯერადი ქმედებით ან მხოლოდ გარიგების დადებამდე განხორციელებული ქმედებით არ ვლინდება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ მუქარის ფსიქოლოგიური გავლენით მხარე გარიგების შეცილების უფლებას ვერ იყენებს. რის შემთხვევაში იძულება ხელშეკრულების დადებით არ სრულდება, მისი გავლენა ხელშეკრულების დადების შემდეგად გრძელდება და ზეგავლენას ახდენს ნების გამომვლენზე. იძულების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც არსებობს ნების გამომვლენისათვის ვნების მიყენების შესაძლებლობა, იმ საფრთხის რეალიზაციის შესაძლებლობა, რომლის თავიდან აცილების მიზნითაც დაზარალებულმა მუქარის გავლენით გააფორმა ხელშეკრულება.
ამ შემთხვევაში მხარეთა განმარტებით და მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ ლ------ მ–------ეს რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია დ----- წ---–-----ის ოჯახთან, მათივე განმარტებით იგი ითხოვდა მათგან თანხას ან დახმარებას, რათა მოეხდინათ ზეგავლენა დ----- კალაიჯიშვილზე და მას გადაეხადა ვალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და მოპასუხის განმარტებების ერთობლივი ანალიზის შედეგად არ დასტურდება მოპასუხის მიმართ იძულება სადაო ხელშეკრულების დადების მიზნით, რის გამოც ვალის აღიარების ხელშეკრულება ნამდვილ ხელშეკრულებას წარმოადგენს და წარმოშობს მოსარჩელის მოთხოვნის უფლებას მოპასუხისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულების შესრულება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2014 წლის 21 აგვისტოს მხარეებს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსით არის ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით, 1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. 2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.
ამ ნორმის მიხედვით, ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება იდება მოთხოვნის მფლობელსა და ახალ მოვალეს შორის და იგი, როგორც წესი, არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. ვალის გადაკისრება ათავისუფლებს მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან კრედიტორის მიმართ. ვალის გადაკისრება, 203-ე მუხლის მიხედვით, არის მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულების საფუძვლით გარიგების ბათილობის საფუძვლების დადასტურების შემთხვევაშიც, ხელშეკრულების შეცილების ერთ წლიანი ვადა დაცული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან.
იძულებით დადებული გარიგება საცილო გარიგების სახეა, რის გამოც მისი ბათილობისათვის საჭიროა დაინტერესებული პირის მიერ გარიგების შეცილება. „სასამართლოს ინიციატივით ექვემდებარება კვლევას, თუ რა ვადაში განხორციელდა შეცილება რათა არ გაუარესდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა. გარიგების შეცილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა, რომ იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, „შეცილების უფლება არა მხოლოდ გარიგების გაუქმების უფლებაა, არამედ მისთვის ნამდვილობის მინიჭების უფლებაც. ამდენად, შეცილების უფლება მეტად ძლიერი საშუალებაა სამართლებრივ ურთიერთობაზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეუზღუდავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ურთიერთობების არასტაბილურობის საფრთხე ძალიან დიდი იქნებოდა. ამ საფრთხეს ითვალისწინებს კანონი და შეცილების უფლებას განსაზღვრულ ჩარჩოებში აქცევს“. უცილო (არარა) გარიგებების „ბათილობისაგან განსხვავებით, რაც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ავტომატურად დგება და არ საჭიროებს შესაბამის შედეგზე მიმართულ არანაირ დამატებით მოქმედებას (მაგალითად, რაიმე ფორმით ბათილად გამოცხადებას), საცილო გარიგება „დადების მომენტიდან“ ბათილი იქნება მხოლოდ ნამდვილი შეცილების შემთხვევაში. შესაბამისად, დადების მომენტში საცილო გარიგება ნამდვილია, თუმცა არსებობს გარემოებანი, რომელთა გამოც ის შეიძლება შემდგომში გახდეს ბათილი. შეცილება ცვლის არსებულ სამართლებრივ მდგომარეობას, ვინაიდან იგი მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის გაქარწყლებაზე. ამდენად, შეცილება სამართლებრივი ურთიერთობის ცალმხრივად „განმსაზღვრელი“ ნების გამოვლენა თუ გარიგებაა“ (იხ. სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
მოპასუხეს ვალის აღიარების ხელშეკრულების შეცილების უფლება არ გამოუყენებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლის მიხედვით, იძულებით დადებული გარიგების შეცილებისათვის დადგენილია იძულების დამთავრების მომენტიდან ერთი წელი. იძულების დადასტურების პირობებშიც კი მოსარჩელის მხრიდან მუქარას და იძულებას განგრძობადი ხასიათი არ ჰქონდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ მუქარა მოპასუხის მიმართ არ გაგრძელებულა, რის გამოც მოპასუხეს შეეძლო ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის ვადაში განეცხადებინა ხელშეკრულების დადების მიზნით მისი იძულების შესახებ. ამასთან, არც წინამდებარე დავაში დაიცვა მოპასუხემ ხელშეკრულების შეცილების საპროცესო წესი და მას ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ წარმოუდგენია.
ამდენად, 2014 წლის 21 აგვისტოს ლ------ მ–------ესა და დ----- წ---–-----ს შორის დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობები არ არსებობს, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების 5500 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი საწინააღმდეგო ასევე განმარტა, რომ მისგან თანხის გადახდას მოსარჩელე არ მოითხოვდა და მათი შეთანხმებით ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრული სარჩელი გაიხმო და იგი ყოველთვის ითხოვდა დახმარებას დ----- კალაიჯიშვილისგან თანხის გადახდევინების საკითხში. ამდენად, მოპასუხე მიუთითებს ვალის პატიების გარემოებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც წესი მოვალემ უნდა ამტკიცოს, რომ ვალის პატიების თაობაზე ხელშეკრულება ნამდვილია და მას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოსდევს, რადგან ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტის საფუძველია და მოპასუხისათვის პასუხიმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს. მართალია ვალის პატიება მხარეთა შეთანხმებით ხდება, მაგრამ იგი ერთგვარად კრედიტორის კეთილი ნების გამოვლენაცაა, რის გამოც თავად პატიების ფაქტი კრედიტორის ქმედების ვარაუდითი შეფასების გზით მხოლოდ ძალიან გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დადგინდეს. ვალის პატიება კრედიტორის არაორაზროვანი ქმედებით უნდა განხორციელდეს, ნათლად და კონკრეტულად უნდა დგინდებოდეს კრედიტორის ნება ვალის პატიების შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება 2014 წლსი 21 აგვისტოს ვალის აღიარების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალის პატიების შესახებ, რის გამოც ვალის პატიების საფუძვლით ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟს ასანაზღაურებლად 165 ლარის გადახდა.
მოპასუხეს უარი უნდა ეთქვას იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამ ნორმის მიხედვით, იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საფუძველია ამ ხარჯების გამწევი მხარის სასარგებლოდ დავის დასრულება, რაც სახეზე არ არის, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ლ------ მ–------ის სარჩელი;
1.1. დ----- წ---–-----ს დაეკისროს ლ------ მ–------ისათვის 5500 ლარის გადახდა;
2. დ----- წ---–-----ს დაეკისროს ლ------ მ–------ისათვის სახელმწიფო ბაჟის 165 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი