გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №200210018002403356
საქმე №2/347-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე: ზ----------–-–---–ი
წარმომადგენელი: ჯ------------–-–---–ი, ნ----–----------ძე-ხ--–-–---–ი
მოპასუხე: მ-------------–---–ი
წარმომადგენელი: ა-–-------------–---–ი
დავის საგანი: ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის საქმე №2/90-18 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ----------–-–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის - 300 ლარის შემცირება და მოსარჩელისათვის არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–----------------- დაბადებული მ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის შემოტანის დღიდან, 2018 წლის 18 აპრილიდან.
სარჩელის საფუძვლები:
2018 წლის 22 მარტს თელავის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე №2/90-18, მ-------------–---–ის სარჩელისა გამო მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და არასრულწლოვანი შვილის მ------ ხ--–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს დაეკისრა ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის გადახდა ბავშვის სრუწლოვანებამდე. დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. სარჩელის ჩაბარების მომენტში იგი არ იმყოფებოდა სახლში, დროებით წასული იყო გომბორის ზამთრის საძოვრებზე ახლობელთან დასახმარებლად, რის გამოც ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს მისთვის სარჩელის ჩაბარების შესახებ შეტყობინება, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. იგი არის უმუშევარი და არსაიდან არ ერიცხება შემოსავალი. მოსარჩელის მეუღლეც არის უმუშევარი. კმაყოფაზე ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი ლ--- ხ--–-–---–ი და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი არის შეუსაბამოდ მაღალი.
(სარჩელი, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მ-------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მუშაობს სოფელ კ-------–ი, მორების სახერხ საწარმოში და აქვს ყოველთვიური ხელფასი, ასევე მას აქვს ვენახები და სოფლის მეურნეობაც. იგი ხელზე იღებს ხელფასს და ამის გამო შემოსავლების სამსახურიდან აღებულ ცნობაში არ ჩანს მისი შემოსავალი. ქონება გადააფორმა თავის დაზე - თ----- ხ--–-–---–ზე იმის გამო, რომ ალიმენტი არ გადაეხადა.
მოსარჩელეს აქვს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ ყოველთვიურად გადაუხადოს თავის არასრულწლოვან შვილს ალიმენტის სახით - 300 (სამასი) ლარი, მის კმაყოფაზე მხოლოდ ერთი შვილია. ორივე მეუღლე მუშაობს და აქვთ საკმარისი შემოსავალი, მით უმეტეს, რომ 12 წლის მანძილზე მოსარჩელეს არათუ არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია თავისი შვილისთვის, არამედ გვარსაც კი არ აძლევდა მას და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა მამობა.
მ------ ხ--–-–---–ი დადის საჯარო სკოლაში. ცხოვრობს მოპასუხესთან. დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება, არ იქნება გონივრულ შესაბამისობაში ბავშვის ასაკიდან გამომდინარე საარსებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არარსებობის გამო, სასარჩელო მოთხოვნა არ არის დასაკმაყოფილებელი.
(შესაგებელი, 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზ----------–-–---–ს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–---------------- დაბადებული ლ--- ხ--–-–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა (ს.ფ.20)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 22 მარტს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი №2/90-18 გადაწყვეტილებით, ზ----------–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის 2----–-–---------------- დაბადებული მ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2018 წლის 30 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის შემოსავალი 2014 წლის შემდგომ პერიოდში. ასევე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ზ----------–-–---–ის მიერ თ----- ბ---------–---–ის მიმართ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში ჩანაწერი საკუთრების უფლების გასხვისების შესახებ განხორციელებული არ არის. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ზ----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ.18, 83).
-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 42-43).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი სამართლიანი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, მცირეწლოვანის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მ------ ხ--–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა ნაწილობრივ უნდა შემცირდეს და ნაცვლად 300 (სამასი) ლარისა, იგი განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1230-ე, 1231-ე და 1234-ე მუხლები
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ზ----------–-–---–მა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. იგი არ იმყოფებოდა სახლში, რის გამოც ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს მისთვის სარჩელის ჩაბარების შესახებ შეტყობინება, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2018 წლის 22 მარტს თელავის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ზ------- ხ--–-–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის 2----–-–---------------- დაბადებული მ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ თვეში 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდად, 2018 წლის 30 იანვრიდან მის სრულწლოვანებამდე.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ზ----------–-–---–ს 2014 წლის იანვრიდან არ უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. ასევე უზრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, ზ----------–-–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლის მიერ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ. არის უმუშევარი და კმაყოფაზე ყავს მეუღლე და მეორე არასრულწლოვანი შვილი ლ--- ხ--–-–---–ი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მოპასუხე მ-------------–---–ი მიუთითებს, რომ მოსარჩელე მუშაობს და აქვს შემოსავალი, მას ასევე აქვს ვენახი და სოფლის მეურნეობა, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, საქმეში არ არის წარმოდგენილი.
ამდენად, არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ფარგლებში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების, ასევე, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ ზ----------–-–---–სა და მ-------------–---–ს შეეძინათ ერთი შვილი, 2----–-–---------------- დაბადებული მ------ ხ--–-–---–ი. მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხე მ-------------–---–ი ცხოვრობს არასრულწლოვანთან ერთად.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილი უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.
ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა კი უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, გარემოებათა შეცვლის შემთხვევაში იგი ექვემდებარება გადაანგარიშებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან.
მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავისათვის არსებითი ფაქტობრივი გარემოებებიდან დადგენილია, რომ მ------ ხ--–-–---–ი წარმოადგენს არასრულწლოვანს, ასაკიდან გამომდინარე აუცილებელი მოთხოვნილებებით. იგი ცხოვრობს დედასთან, მ-------------–---–თან ერთად. ზ----------–-–---–ი არ ღებულობს მონაწილეობას არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდაში.
დადგენილია მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, იგი იმყოფება მეორე ქორწინებაში, სადაც ჰყავს მეორე არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–---------------- დაბადებული ლ--- ხ--–-–---–ი.
საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის შემოსავალი 2014 წლის შემდგომ პერიოდში. სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა. ამასთან, მოსარჩელის შრომისუუნარობის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მართალია ბავშვის ინტერესი უპირატესია, მაგრამ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 300 ლარი, არ არის მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისი. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება, მაგრამ არა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით. ალიმენტის ოდენობის ნაწილობრივ შემცირება, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფად.
სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამდენად, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
მოპასუხე მ-------------–---–ი თავისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არის თანახმა არასრულწლოვანი მ------ ხ--–-–---–ის რჩენა-აღზრდისათვის მიიღოს შემცირებული ალიმენტის ოდენობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. გაზრდილია ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც შექმნილი ეკომონიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ამასთან მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ არ შეიძლება შეილახოს არც ერთი მხარის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები. მ------ ხ--–-–---–ის ასაკიდან გამომდინარე, გაზრდილია მისი მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობით შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო ფინანურ სახსრებს.
შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვის ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ შეცვლილი სახით მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა 70 ლარი, საკმაოდ მცირეა დღეის მდგომარეობით არასრულწლოვანისათვის აუცილებელ ხარჯებთან მიმართებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნას ზ----------–-–---–ის უნარები, შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, ის გარემოება, რომ ბავშვი საცხოვრებლად იმყოფება მ-------------–---–თან და მთლიანი ზრუნვა გადადის იმ მშობელზე, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს.
ამასთან, სასამართლო იზიარებს მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, მაგრამ ეს უკანასკნელი უნდა განისაზღვროს მშობელთა მატერიალური შემოსავალ-გასავლებისა და არასრულწლოვანი ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დადგენის შემდეგ ალიმენტვალდებული პირის ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკის, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის საფუძველზე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს და მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 18 აპრილიდან განისაზღვროს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოსარჩელე ზ----------–-–---–ს (პირადი №2----------) თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით №2/90-18 დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 300 (სამასი) ლარი, შეუმცირდეს 150 (ასორმოცდაათი) ლარით და დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 27.08.2--- წელს დაბადებული მ------ ხ--–-–---–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 18 აპრილიდან.
3. ზ----------–-–---–ს დაუბრუნდეს სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით 2018 წლის 18 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან ნაწილი - 50 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.
4. მოპასუხე მ-------------–---–ს (პირადი №2----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი