გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210018002560914
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22287-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - თ---------------–-ილი

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

მოპასუხე - ს---------–-–-------------------------–--------ტო

წარმომადგენელი - მ--------------ე

დავის საგანი - ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ა-–-------------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ე----–---–---–-ს ქუჩა №-- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა" - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 154.00 კვ.მ; ლიტერი ,,ვ-ვც'' დამხმარეები 10.00 კვ.მ);

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე თ---------------–-ილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით ა-–-------------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ე----–---–---–-ს ქუჩა №-- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა" - უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი 154.00 კვ.მ; ლიტერი ,,ვ-ვც'' დამხმარეები 10.00 კვ.მ).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

1970-იან წლებში მოსარჩელე თ---------------–-ილმა ზეპირი გარიგების საფუძველზე ალ-------------------------ნ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ე----–---–---–-ს ქუჩა №---ში. ა-–-------------------ო სასამართლო გადაწყვეტილებით გამოცხადდა გარდაცვლილად და მისი გარდაცვალების თარიღად დადგენილია 2017 წლის 26 დეკემბერი. მას არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე არ დარჩენია. 1970-იანი წლებიდან დღემდე აღნიშნული ქონებით სარგებლობს თავად მოსარჩელე, იხდის კომუნალურ გადასახადებს.

 

თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით აღნიშნული უძრავი ქონება ირიცხება აწ გარდაცვლილ ა-–-------------------ოს სახელზე. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისი უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-17, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 19 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:32:43).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 44-52, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 19 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:39:10).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა დახასიათებით, ქ. თბილისში, ე----–---–---–-ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ნივთის (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი: 221.000 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 154.00 კვ.მ, ლიტერი ვ-ვც (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 10.00 კვ.მ. სააღრიცხვო ბარათი №0----- აღრიცხულია 1940 წელს, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე: 221) მესაკუთრეს წარმოადგენს - ა-–-------------------ო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა დახასიათება (ს.ფ. 18).

 

3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული №3----- ინფორმაციის თანახმად, ქ. თბილისში, ე-----–---–---–ის ქუჩა №---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფართით 211 კვ.მ საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 11 ივლისს გაცემული №3----- ცნობა (იხ. ს.ფ. 38).

 

3.1.3. ალექსანდე დუბენკო გარდაიცვალა - 2017 წლის 26 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 36).

 

3.1.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით 2017 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-------------------ოს დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან. კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ა-–-------------------ოს სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 19 ივლისის №16/1---- და №16/1---- წერილები (ს.ფ. 32 - 33).

 

3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს მიერ 2008 წლის 19 მაისს გაცემული ცნობის თანახმად თ---------------–-ილი 1981 წლის 09 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მისამართზე - ქ.თბილისი, კ----------------–-----ის ქუჩა №--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო - სამისამართო ბიუროს 19.05.2008.წ ცნობა (ს.ფ 22).

 

3.1.6.სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათის თანახმად თ---------------–-ილი ქ. თბილისში, ე-----–---–---–ის ქუჩა ქუჩა №---ში რეგისტრირებულია 2004 წლის 16 ნოემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 20 ნოემბრის №0------------ საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 23).

 

3.1.7.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №4----- წერილის თანახმად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტრქნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია ,,თბილისი, ე----–---–---–-ს ქ. 27"-ის სააღრიცხვო მასალა, რომელშიც მისამართებად ფიქსირდება: ე-–-------------–იის ქუჩა №--(1ა), კ----------------–-----ის ქუჩა №--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ნოემბრის №4----- წერილი (ს.ფ. 37).

 

3.1.8. კომუნალური გადასახადების გადამხდელად რეგისტრირებულია თელასის აბონენტი 3------ და ყაზტრანსგაზის აბონენტი 3------7-- - თ-----------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,თელასის" 01.02.2018.წ №01--/2--/18 წერილი (ს.ფ 25);

- შპს ,,ყაზტრანსგაზ - თბილისის" 12.02.2018.წ №01-0-----18 წერილი;

- კომუნალური გადასახადების ქვითრები (ს.ფ. 28-31).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებები და ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოს უქმნის რწმენას იმისათვის, რომ გაიზიაროს მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება და დადგენილად მიიჩნიოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თ---------------–-ილი არის ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, ხოლო საცხოვრებელი სადგომი უმკვიდრო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა მხარის ახსნა-განმარტება, საინფორმაციო ბარათი, კომუნალური გადახდების ქვითარი (სხდომის ოქმი ს.ფ. 44-48).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-6 და მე-9 მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

იმისთვის, რომ სპეციალური კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1. მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 2. საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 3. გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 1970 წელს, ზეპირი გარიგების საფუძველზე ა-–-------------------ოსგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარდგენილი სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება და ან იმ ტიპის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც განაპირობებდა სადავო საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის უფლების არსებობას, უნდა დადგინდეს ის გარემოება თუ რამდენად თავსებადია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით წარმოქმნილ ურთიერთობასთან.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოსარგებლეობის უფლება დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით, კომუნალური გადასახადების გადახდის ქვითრებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო სამისამართო ბიუროს ცნობით და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საინფორმაციო ბარათით. საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს უქმნის პრეზუმფციას იმისა, რომ თ---------------–-ილი ნამდვილად წარმოადგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” გათვალისწინებულ სუბიექტს - მოსარგებლეს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ე----–---–---–-ს ქუჩა №---ში მდებარე უძრავი ქონების (ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, ფაქტიური ფართობი: 221.000 კვ.მ, ლიტერ ,,ა’’ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 154.00 კვ.მ, ლიტერი ვ-ვც (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 10.00 კვ.მ. სააღრიცხვო ბარათი №327--4 აღრიცხულია 1940 წელს, მიწის ფართი უ.დ.დ-ს გარეშე 1994 წლამდე: 221) მესაკუთრეს წარმოადგენს -ა-–-------------------ო.

 

მოწმე ა---------–----–--ლმა, რომელიც ცხოვრობს ქ.თბილისში, ბ-–---–---–ის პირველი გასასვლელი №--ში და ვ-------------------–მა, რომელიც ცხოვრობს ქ. თბილისში, ე.ბ-–---–---–ის ქუჩა №--ში განმარტეს, რომ წარმოადგენენ თ---------------–-ილის მეზობლებს. მოწმეთა განმარტებით თ---------------–-ილმა სადავო უძრავი ქონება ა-–-------------------ოსგან შეიძინა 1970-1975 - იან წლებში და დღემდე ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე.

 

საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ა-–-------------------ო გარდაიცვალა - 2017 წლის 26 დეკემბერს და სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობების შესაბამისად ერთიან ელექტრონულ სამკვიდრო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2017 წლის 26 დეკემბერს გარდაცვლილი ა-–-------------------ოს სამკვიდრო ქონებაზე და მისი სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ე.ბ-–---–---–ის ქუჩა №---ში - 1940 წელს აღრიცხული ა-–-------------------ოს სახელზე - ცნობილი უნდა იქნას უმკვიდროდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი).

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, უმკვიდროდ უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისში, ე.ბ-–---–---–ის ქუჩა №---ში სა-–-------------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და აღნიშნული უმკვიდრო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს თი--------------–---–ს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი” ქვეპუნქტის საფუძველზე. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ---------------–-ილის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ცნობილი იქნას უმკვიდროდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ა-–-------------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ე----–---–---–-ს ქუჩა №-- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 154.00 კვ.მ, ლიტერი ,,ვ-ვც’’ დამხმარეები 10 კვ.მ);

 

1.2. გადაეცეს უსასყიდლოდ საკუთრებაში მოსარჩელე თ---------------–-ილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ა-–-------------------ოს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ე----–---–---–-ს ქუჩა №-- (საცხოვრებელი სადგომი ლიტერი ,,ა’’ 154.00 კვ.მ, ლიტერი ,,ვ-ვც’’ დამხმარეები 10 კვ.მ);

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე