გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.11.2018
საქმის ნომერი
330210018002600602
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/24702-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - გ------- ტ-----------------ი

წარმომადგენელი - ა---- ლ------ე

მოპასუხე - ა-–---------- ხ------------ი

წარმომადგენელი - დ----- გი------–---–ი

დავის საგანი - გარიგების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ------- ტ-----------------ის მიერ ა-–---------- ხ------------ზე 2013 წლის 26 სექტემბერს გაცემული N1-------- რწმუნებულება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გ------- ტ-----------------ის სახელით ა-–---------- ხ------------თან 2013 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და ჩუქების საგნის - უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თ---–--–----------------–-----–--------------ში, ფართობი 20 კვ.მ ს/კ 0----------------------, მესაკუთრედ ცნობილ იქნეს გ------- ტ-----------------ი.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2013 წლის აგვისტოში მოსარჩელეს განუვითარდა ინსულტი, რის გამოც სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა კლინიკაში 2013 წლის 21 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო გაწერის შემდგომ მკურნალობა გააგრძელა სახლის პირობებში. გ------- ტ-----------------ი არის მარტოხელა, ხანდაზმული პირი, იგი იღებს სოციალურ დახმარებას. გარდა ა-–---------- ხ------------ისა, სხვა ნათესავები არ ჰყავს. მოსარჩელეს ეკუთვნოდა ქ. თ---–--–- დ----- აღ--–-----–------------------ში მდებარე ბინა. საავადმყოფოდან გამოწერიდან მე-5 დღეს მოპასუხემ მოსარჩელესთან მიიყვანა ნოტარიუსი და გააცემინა 3 რწმუნებულება: N1-------- სანოტარო აქტი ლომბარდთან წარმომადგენლობის შესახებ, N1-------- სანოტარო აქტი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ურთიერთობის შესახებ და N 1-------- სანოტარო აქტი ბინის შეუზღუდავი ფორმით მართვა-განკარგვის შესახებ. ბინის განკარგვის შესახებ რწმუნებულებით ისარგებლა მოპასუხემ და მეორე დღესვე საკუთარ თავზე იჩუქა მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა. ბინის განკარგვის შესახებ რწმუნებულება ბათილი გარიგებაა, იგი დადებულია მოტყუებით, არ შეესაბამება მოსარჩელის რეალურ ნებას და მის დასადებად მოსარჩელეს ნება არ გამოუვლენია. მან წინასწარ იცოდა, რომ თანხმობას აცხადებდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ლომბარდთან წარმომადგენლობის შესახებ. მისთვის არ იყო ცნობილი, რომ საცხოვრებელი ბინის შეუზღუდავად განკარგვის უფლება მიანიჭა მოპასუხეს.

 

მოპასუხემ დიდი უმადურობა გამოიჩინა მოსარჩელის მიმართ. მის მიერ დაგირავებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები გამოიტანა ლომბარდიდან, ისე, რომ არ დაუბრუნებია მოსარჩელისათვის და მიითვისა.

 

ბინის გაჩუქების შემდეგ მოსარჩელე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რასაც ადასტურებს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. მოსარჩელე იღებს შემწეობას და იმყოფება სიღატაკის ზღვარს მიღმა.

 

მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ მინდობილობა ნებაყოფლობით გაიცა. ვინაიდან ა-–---------- ხ------------ი არის მოსარჩელის ძმისშვილი, უვლიდა მას, მოსარჩელემ გამოხატა მადლიერება მის მიმართ. მოპასუხე ბინის გადაფორმებამდეც მატერიალურად ეხმარებოდა მოსარჩელეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-–---------- ხ------------ი (მოპასუხე) არის გ------- ტ-----------------ის (მოსარჩელე) ნათესავი - ძმისშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. გ------- ტ-----------------ს ეკუთვნოდა ქ. თ---–--–- დ----- აღ--–-----–------------------ში მდებარე 20 კვ.მ ბინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ჩუქების ხელშეკრულება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.1.3. 2013 წლის აგვისტოში გ------- ტ-----------------ს განუვითარდა იშემიური ინსულტი, რის გამოც სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა კლინიკაში 2013 წლის 21 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე, ხოლო გაწერის შემდგომ მკურნალობა გააგრძელა სახლის პირობებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 19-20).

 

3.1.4. 2013 წლის 26 სექტემბერს გ------- ტ-----------------მა გასცა სამი მინდობილობა: N1-------- სანოტარო აქტით მოსარჩელემ ა-–------ ხ------------ს (ა-–---------- ხ------------ის შვილი) მიანიჭა ლომბარდებთან წარმომადგენლობის უფლებამოსილება, N1-------- სანოტარო აქტით მოსარჩელემ ა-–------ ხ------------ს მიანიჭა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან წარმომადგენლობის უფლებამოსილება, N 1-------- სანოტარო აქტით - გენერალური მინდობილობით, მოსარჩელემ ა-–---------- ხ------------ს მიანიჭა ბინის შეუზღუდავი ფორმით მართვა-განკარგვის, მათ შორის, საკუთარ თავზე გადაფორმების უფლებამოსილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მინდობილობები (ს.ფ. 23-33).

 

3.1.5. 2013 წლის 27 სექტემბერს ა-–---------- ხ------------მა, როგორც გ------- ტ-----------------ის წარმომადგენელმა, თავის თავთან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება და იჩუქა ქ. თ---–--–----------------–-----–--------------ში (ფართობი 20 კვ.მ ს/კ 0----------------------), მდებარე უძრავი ნივთი.

 

უძრავი ქონება 2013 წლის 3 ოქტომბერს დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 34-35);

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 37-38).

 

3.1.6 გ------- ტ-----------------ს ა-–---------- ხ------------ის სასარგებლოდ შედგენილი ჰქონდა ანდერძი, რომლის საფუძველზე უტოვებდა ქ. თ---–--–----------------–-----–--------------ში მდებარე მის კუთვნილ ბინას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ანდერძი.

 

3.1.7 2013 წლის დეკემბერში გ------- ტ-----------------მა შეიტყო მინდობილობისა და ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (02.11.2018 წლის სხდომის ოქმი, 16:27).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. N 1-------- სანოტარო აქტი - გენერალური მინდობილობა არ არის მოტყუებით დადებული გარიგება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის

მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმედ დაიკითხნენ ნოტარიუსი და ის პირები, რომლებიც ესწრებოდნენ გარიგების დადებას.

 

ნოტარიუსმა თ------------------–მა განმარტა, რომ მან განახორციელა ბინაზე მომსახურება. მოსარჩელე ცხოვრობს მის სანოტარო ბიუროსთან ახლოს. ბინაზე მიიყვანა დაინტერესებულმა პირმა. ორჯერ მივიდა მოსარჩელესთან სახლში. პირველ შემთხვევაში მოსარჩელე თავად ვერ აწერდა ხელს, ლოგინში იწვა. ნოტარიუსმა განუმარტა მინდობილობები და მოსარჩელემ მას შენიშვნაც კი მისცა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, ბანკის თანამშრომელი ვიყავი, რამდენჯერ მიხსნი, სულელი კი არ ვარო. ნოტარიუსის განმარტებით, რადგან დარწმუნდა, რომ მოსარჩელე ხელს ვერ მოაწერდა, კანონის შესაბამისად, გამოიყენეს მოწმეები, ერთი მოწმე უნდა ყოფილიყო მის მაგივრად ხელმომწერი და მეორე - ფაქტის დამსწრე. მოსარჩელე იყო ქმედუნარიანი, საღ გონებაზე. პირი, ვისზეც მინდობილობა ფორმდებოდა, გარეთ გაუშვა, რადგან უნდოდა, რომ თვითონ განემარტა მოსარჩელეს, რა სურდა. ამ შემთხვევაში რაც გაკეთდა, ყველაფერი თვითონ თქვა, რასაც მოწმეები ადასტურებენ (02.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 15:19:11-15:21:08). ნოტარიუსმა მიუთითა, რომ შესრულდა ორი თუ სამი სანოტარო მოქმედება, ზუსტად არ ახსოვს. ერთი მინდობილობა იყო ლომბარდებთან ურთიერთობის შესახებ, მეორე - გენერალური მინდობილობა. გენერალურ მინდობილობას ყოველთვის პირველ რიგში უხსნის ხოლმე, რადგან მაინც ქონების განკარგვას ეხება. ბინაზე მივიდა ორჯერ, რადგან პირველ მისვლაზე გაარკვია რა სურდა პირს, დაბრუნდა ბიუროში, რათა გაემზადებინა დოკუმენტები, დაებეჭდა და მეორე მისვლაზე გამზადებულ დოკუმენტებზე მოაწერინეს ხელი მოწმეებს (02.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:22:23). ნოტარიუსთან ერთად იმყოფებოდა მისი თანაშემწეც. პირი, ვისაც ენდობოდა, გაუშვა გარეთ, რადგან რაღაცეებს ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მხარის შეკითხვაზე ნოტარიუსმა განმარტა, რომ მისთვის არავის უთქვამს მოსარჩელის დიაგნოზი, გამოკვლევის საფუძველი არ არსებობდა, იყო ქმედუნარიანი, საუბრობდა ჩვეულებრივად, უბრალოდ იწვა ლოგინში. ტექსტი წაუკითხა ნოტარიუსმაც და მოწმემაც. ჯერ განუმარტა ნოტარიუსმა, ორჯერ გაუმეორა და მერე მოწმემაც წაიკითხა. მხარემ თქვა, რომ ეს ერთი ნათესავი მყავს და მისთვის მინდა ყველაფერიო (02.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 1----). ერთი მოწმე დახვდა ბინაში, მეორე მერე მოვიდა. ნოტარიუსმა ასევე განმარტა, რომ ინსულტის შემთხვევაში არ მიდიან ბინაზე.

 

მოწმე ც----------------–-–---–მა განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეზობელი. როცა საავადმყოფოდან გამოიყვანეს მოსარჩელე, მისმა ძმისშვილმა დაუკაკუნა და უთხრა, რომ ნოტარიუსი იყო მისული მინდობილობის გასაფორმებლად და ორი მოწმე სჭირდებოდათ. ბინაში იყო ნოტარიუსი და მისი მდივანი. რადგან კიდევ ერთი მოწმე იყო საჭირო, ნ-----–-----------ს თავად დაუძახა. ნოტარიუსმა წაუკითხა მინდობილობა თავიდან ბოლომდე და განუმარტა, რომ ამ მინდობილობით უფლება აქვს შენი სახლი გაყიდოს, გააჩუქოს და გადააფორმოსო. მოსარჩელემ უთხრა, რომ თანახმა იყო. გაუბრაზდა კიდეც ნოტარიუსს, რომ რატომ მიმარტავ მაგასო, ეს ჩემი ძმისშვილიაო (02.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:39). როგორც ახსოვს, სამი მინდობილობა დამოწმდა. კარგად ახსოვს, რომ განუმარტა ნოტარიუსმა, ეს ბინა შეუძლია გაასხვისოსო და მოსარჩელემ უთხრა კიდევაც, რომ მე ბანკში ვმუშაობდი და შენი ახსნა-განმარტება რაში მჭირდებაო. მოსარჩელემ რომ თქვა, თანახმა ვარო, ხელი მოაწერეს მოწმეებმაც (იგივე ოქმი, 15:41). მოსარჩელე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა, რამე შეზღუდვა არ ჰქონდა, სიარული უჭირდა, ნელ-ნელა დგებოდა და ისევ წვებოდა, ხელის მოძრაობა უჭირდა, სახეზე გამოხატული არაფერი ჰქონდა (იგივე ოქმი, 15:42:41). მოსარჩელეს და მოპასუხეს ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, მოპასუხის მეუღლე უვლიდა, სანამ მომვლელს აუყვანდა. ორჯერ ფულიც გამოუგზავნა და მოწმემ გადასცა მოსარჩელეს (იგივე ოქმი, 15:45:17).

 

მოწმე ნ-----–-----------მ განმარტა, რომ არის მოსარჩელის მეზობელი, იცნობს 20 წელია. იმ დღეს ეზოში რომ შევიდა, დაუძახეს და ავიდა ზევით, მოსარჩელე ავად იყო, ბინაში დახვდა ნოტარიუსი, მეორე მოწმე, მოპასუხე, უთხრეს, რომ ხელის მოწერა უჭირს და გთხოვთ, რომ დაემოწმოთო. მოსარჩელემ გააცნო მოპასუხე, ესო ჩემი პატრონია, ჩემი ძმისშვილიო. ნოტარიუსმა წაიკითხა ტექსტი, რამდენჯერმე განმარტა და ქალბატონი გ-------ი გაუბრაზდა კიდეც, მეო განათლებული ქალი ვარ, ბანკში ნამუშევარი ვარ და ამდენი განმარტება არ მჭირდებაო. ნოტარიუსმა რამდენჯერმე განმარტა ბინის საკითხი, რომ შეუძლია, გაყიდვა, გაჩუქება. მოწმემ მიუთითა, რომ მისმა ძმისშვილმა სომხურად უთხრა რაღაც მოსარჩელეს და ნოტარიუსმა გაუშვა გარეთ, გაგვიკვირდა კიდეც ასეთ სიმკაცრეო. მოწმეებმა მოაწერეს სამ ფურცელზე ხელი, ერთზე იყო პენსია და დახმარება, მეორეზე ლომბარდი და მთავარი რაც იყო, ბინაზე იყო ლაპარაკი. ორჯერ თუ სამჯერ განმარტა ნოტარიუსმა ეს საკითხი და მოსარჩელე თვითონვე გაბრაზდა, მე არ მჭირდება ამდენი განმარტებაო (02.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 15:49:11-15:51:08). მოწმემ ასევე განმარტა, რომ ყოველი შემთხვევისათვის გადაიკითხა ტექსტი, რომ ვინმეს რამე არ შემოეპარებინა (იგივე ოქმი 15:55:59). მოსარჩელე იყო შეუძლოდ, ინსულტი ჰქონდა, ინახულა, რომ გამოწერეს საავადმყოფოდან. გარეგნულად არაფერი ეტყობოდა (იგივე ოქმი 16:00).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და აღნიშნავს, რომ გარიგების დადებისას მოწმედ მიწვეული პირები არ არიან მხარეებთან დაკავშირებულნი. გადაწყვეტილება არ ეხება მათ და არ იკვეთება ისეთი გარემოებები, რაც საფუძველს მისცემდა სასამართლოს, ევარაუდა საქმის განხილვის შედეგით მათი დაინტერესება. მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ნოტარიუსის გარდა, გარიგების ორივე მოწმეს ნათლად ახსოვს, რომ ნოტარიუსმა რამდენჯერმე განმარტა, რას გულისხმობდა გენერალური მინდობილობა. სამივე მოწმეს ახსოვს ერთი და იგივე სპეციფიური დეტალი: მოსარჩელე გაბრაზდა და შენიშვნა მისცა ნოტარიუსს, რომ ბანკში მუშაობდა, განათლებული ადამიანია და არ სჭირდებოდა ამდენი განმარტება. 2018 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ანალოგიური ფრაზით უპასუხა სასამართლოს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ არაერთხელ ურჩია მორიგება და შესთავაზა დავის მედიაციისათვის გადაცემა (იხ. აუდიოჩანაწერი). ყველა ეს გარემოება საფუძვლად დაედო სასამართლოს შინაგან რწმენას და სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმეთა ჩვენებები სარწმუნოა, გასაზიარებელია.

 

საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე საპირისპირო მტკიცებულება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი აპელირებს იმაზე, რომ მოსარჩელეს ჰქონდა იშემიური ინსულტი და არ შეეძლო გაეცნობიერებინა, რას აწერდა ხელს. სასამართლო ამ მტკიცებას არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელეს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, არ შეეძლო ნათლად აზროვნება, გაეცნობიერებინა მისი ქმედებების მნიშვნელობა და შინაარსი. ინსულტის დიაგნოზი, თავისთავად, არ ადასტურებს დროებით ქმედუუნარობას, მით უმეტეს, რომ მოწმეთა განმარტებით, მოსარჩელე ნათლად აზროვნებდა, ჩვეულებრივად მეტყველებდა და არც სახეზე ეტყობოდა რაიმე. რაც შეეხება ნოტარიუსის განმარტებას, რომ ინსულტის შემთხვევაში არ ცხადდება ბინაზე, სასამართლო ასკვნის, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პროფესიულად თავის დაზღვევას და ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ინსულტის დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტი, მით უმეტეს, სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ, არის ქმედუუნარო. ამ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ ანდერძი ჰქონდა შედგენილი. არ იკვეთება, რომ მოპასუხეს რაიმე გარემოებებიდან გამომდინარე დასჭირდა მოსარჩელის მოტყუება და ბინის სასწრაფოდ გადაფორმება, მით უმეტეს, რომ 2013 წლიდან დღემდე არც უფლებრივად დაუტვირთავს უძრავი ქონება, არც გასხვისება უცდია (მტკიცებულებებით რაიმე მგავსი გარემოება არ დასტურდება). მოსარჩელემ თავად აღიარა, რომ დაახლოებით ორ თვეში შეიტყო მინდობილობისა და ჩუქების თაობაზე. ამის მიუხედავად, რაიმე ზომა არ მიუღია. მოსარჩელის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა მაშინ, როცა მოპასუხემ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა.

 

ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო გარიგება - გენერალური მინდობილობა არ დადებულა მოტყუებით და შეესაბამებოდა მოსარჩელის რეალურ ნებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 84-ე, 103-ე 114-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს საცილო გარიგებების კატეგორიას, რომლებიც, თავისი არსით, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს მიეკუთვნება, კერძოდ, გარიგების ერთ-ერთი მხარე ან არასწორი აღქმის შედეგად დებს გარიგებას, ან გარიგება არ არის დადებული ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში.

 

გარემოებების არასწორ აღქმას, არასწორ ანალიზს უკავშირდება შეცდომით ან მოტყუებით გარიგების დადება. „როგორც შეცდომით, ისე მოტყუებით დადებული გარიგებისას ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, იმ გარემოებების არასწორი აღქმა, რაც გარიგების დადებას საფუძვლად დაედო, მაგრამ მათ შორის არსებობს არსებითი განსხვავება, კერძოდ, მართალია, მოტყუებით დადებული გარიგებებისას, მხარე შეცდომის საფუძველზე შედის სამართალურთიერთობაში, მაგრამ ეს შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით, ანუ, შეცდომით დადებული გარიგებისას, ხელშეკრულების კონტრაჰენტი კეთილსინდისიერია ნების ნაკლთან მიმართებით და მოდავე მხარის მცდარი წარმოდგენა მის მიერ გარკვეული მონაცემების დამალვით ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ არის განპირობებული“ (იხ. სუსგ №ას-1350-1275-2012). კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ ას-1275-2018). იმისათვის, რომ გარიგება ბათილად იქნეს ცნობილი, აუცილებელია დადგინდეს არა მხოლოდ კონტრაჰენტის მიერ განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდების ან მნიშვნელოვანი გარემოებების დამალვის ფაქტი, არამედ აშკარა უნდა იყოს, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ ვერ დაადგინა ეს ფაქტობრივი გარემოებები. არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მოპასუხემ მოატყუა. არც ის დასტურდება, რომ სადავო გარიგება - მინდობილობა არ შეესაბამებოდა მოსარჩელის ნებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.

 

საცილო გარიგებებს ნების ნაკლის მქონე უცილოდ ბათილი გარიგებებისაგან ის გარემოება განასხვავებს, რომ გარიგება ბათილია არა თავისთავად, არამედ მხარე გარიგებას უნდა შეეცილოს, ამასთან, ეს შესაძლებლობა დროში შეზღუდულია. შეცილების უფლების მქონეს ვერ მიენიჭება შესაძლებლობა, შეცილების უფლების შეუზღუდავად გამოყენებით შეარყიოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.

 

შეცილების ვადა არის უფლების გამომრიცხავი ვადა და არა ხანდაზმულობის ვადა. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან: თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად, ხოლო სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით, ილახება მხარის უფლება, გარდა ამისა, ხანდაზმულობა განიხილება, როგორც საქმის ფაქტობრივი გარემოება. ხანდაზმულობის ვადა ზღუდავს უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობას, ხოლო შეცილება ხორციელდება მეორე მხარის მიმართ. განსხვავებით ხანდაზმულობის ვადის გასვლისგან, გამომრიცხავი ვადის გასვლა მოთხოვნას არა მხოლოდ განუხორციელებელს აქცევს, არამედ სრულიად აქარწყლებს მას. სასამართლო, როდესაც იხილავს სარჩელს ამა თუ იმ მოთხოვნით, მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებზე დაყრდნობით ადგენს, არსებობს თუ არა ამ ნორმით გათვალისწინებული ესა თუ ის გარემოება, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს ეს კონკრეტული მოთხოვნის უფლება. სწორედ ამ მიზეზით, უფლების გამომრიცხავ ვადას სასამართლო ამოწმებს არა მხოლოდ მოპასუხის მითითების არსებობის პირობებში, არამედ დამოუკიდებლად, თავისი ინიციატივითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავად მოსარჩელემ მიუთითა, რომ დაახლოებით 2013 წლის დეკემბერში, როცა გამოკეთდა, მივიდა ნოტარიუსთანაც და იუსტიციის სახლშიც და შეიტყო როგორც მინდობილობის, ისე ჩუქების შესახებ. მიუხედავად ამისა, იგი გარიგებას არ შეცილებია. მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელის უფლება დაირღვა მაშინ, როცა მოპასუხემ ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ნაჩუქარი ბინის გაყიდვას აპირებს, მაგრამ თუნდაც დადასტურებულად იქნეს ეს გარემოება მიჩნეული, სასამართლო ვერ გაიზიარებს უფლების დარღვევის შესახებ ამ შეფასებას. შეცილების ვადა აითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარემ შეცილების საფუძვლების არსებობის შესახებ შეიტყო, ანუ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარიგების მეორე მხარემ მოატყუა, რის შედეგადაც დადო გარიგება, რომელსაც სხვაგვარად არ დადებდა. ამგვარი გარიგების დადებაა ამ შემთხვევაში უფლების დარღვევა და არა გარიგების შედეგი (მაგ. ქონების დაკარგვა). განსახილველ შემთხვევაში, მხარემ შეიტყო, რომ გენერალური მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ქონების განკარგვის უფლებას ანიჭებდა, მოპასუხემ თავის თავთან დადო ჩუქების ხელშეკრულება და საკუთრებად დაირეგისტრირა მოსარჩელის ბინა. სწორედ ამ მომენტიდან გახდა მისთვის ცნობილი შეცილები საფუძვლების არსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუნდაც დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული, რომ სადავო გარიგება დაიდო მოტყუებით, იგი შეცილებული არ ყოფილა კანონით დადგენილ ვადაში, რაც მოთხოვნის უფლებას გამორიცხავს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა, გარიგების ხასიათიდან გამომდინარე, იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა, ან როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით.

 

მოსარჩელის მოსაზრებით, ჩუქების დადება წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება. დასაჩუქრებული პირი უნდა შეარჩიოს თავად გამჩუქებელმა.

 

სამოქალაქო კოდექსით პირდაპირ არ არის აკრძალული ჩუქება წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, თავისი ბუნებით მიეკუთვნება თუ არა ჩუქება ისეთ გარიგებათა რიცხვს, რომელიც მხარემ უშუალოდ უნდა დადოს.

 

იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ ნორმის ორი დათქმა, „იგი უშუალოდ უნდა დადოს პირმა“ და „როცა კანონით აკრძალულია გარიგების დადება წარმომადგენლის მეშვეობით“, ერთი და იმავე შინაარსის მატარებელია. მეორე წინადადებას გარკვეული პრევენციის ფუნქცია გააჩნია (იხ. კერესელიძე „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“ , გვ. 403).

 

სასამართლო განმარტავს, რომ 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პირობა მიუთითებს გარიგების ხასიათზე. აღნიშნული ნორმის ფარგლებში, დამატებით, წარმომადგენლის მეშვეობით არ დაიშვება იმ გარიგების დადება, რომლის საფუძველზე მხარემ ნაკისრი ვალდებულება პირადად უნდა შეასრულოს, თუნდაც კანონი პირდაპირ აკრძალვას არ შეიცავდეს. მაგალითად, მხატვარი ვერ იკისრებს წარმომადგენლის მეშვეობით ნახატის დახატვის ვალდებულებას, ვინაიდან ეს ვალდებულება პირადად უნდა შეასრულოს და თავად უნდა შეაფასოს, სურს ან შეუძლია თუ არა ამ შეკვეთის შესრულება. ამასთან, გარიგების სამართლებრივ ბუნებასთან ერთად, უნდა შეფასდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გადაცემულია ერთი კონკრეტული დავალების შესასრულებლად და შეზღუდულია ვადით, თუ სახეზეა ფართო უფლებამოსილების მიმნიჭებელი მინდობილობა, რომელიც წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით სხვადასხვა, დაუკონკრეტებელი მოქმედებების განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს. პირველ შემთხვევაში შესაძლებელია ვარაუდი, რომ მარწმუნებელმა ზუსტად იცის დასადები გარიგების არსი და მისთვის კომფორტულია გარიგების წარმომადგენლის მეშვეობით და არა პირადად დადება, ამიტომაც ანიჭებს წარმომადგენელს ერთ კონკრეტულ უფლებამოსილებას. მეორე შემთხვევაში, ამ გარემოებებზე მხარებმა უნდა მიუთითონ.

 

ამ განმარტების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩუქება არ მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებების კატეგორიას, რომლის წარმომადგენლის მეშვეობით დადება შეუძლებელია, ვინაიდან ნაკისრი ვალდებულება არ არის პირადად გამჩუქებლის მიერ შესასრულებელი.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცება, რომ გამჩუქებელმა პირადად უნდა შეარჩიოს დასაჩუქრებული, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულება დადებულია მინდობილობის საფუძველზე, რომელიც მინდობილ პირს პირდაპირ ანიჭებს უფლებას, თავის თავზე გაიფორმოს მარწმუნებლის კუთვნილი ქონება, ამდენად, გამჩუქებელმა თავიდანვე გამოავლინა ნება ქონების მოპასუხეზე გადაცემასთან დაკავშირებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის თანახმად თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

 

განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მინდობილობის საფუძველზე, რომელიც წარმომადგენელს ანიჭებდა მარწმუნებლის სახელით სადავო ქონებაზე საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებას, ამდენად, ხელშეკრულება მართლზომიერად დაიდო და მინდობილობის ბათილად ცნობის გარეშე ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.

 

6.3. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ დასაჩუქრებულმა დიდი უმადურობა გამოიჩინა გამჩუქებლის მიმართ, ამასთან, ქონების გაჩუქების შედეგად გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. თავისი მოთხოვნის საფუძვლად ის ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლებზე.

 

12.10.2018 წლის და 02.11.2018 წლის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელეს ორჯერ განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით არ დაიშვება ალტერნატიული სასარჩელო მოთხოვნების დაყენება. არსებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლო ვერ იმსჯელებდა ჩუქების გაუქმების საკითხზე.

 

მიუხედავად ამ განმარტებას, მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა უცვლელად დატოვა, ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენელის მოსაზრებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა, მას თავისი ინიციატივით შეეძლო ემსჯელა ჩუქების გაუქმებაზე სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლების საფუძველზე.

 

სამოქალაქო დავების განხილვა მიმდინარეობს დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელემ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რა მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და რა გარემოებები დაუდოს საფუძვლად ამ მოთხოვნას. სასამართლო მოთხოვნას ვერც შეცვლის და ვერ მის ფარგლებს გასცდება. ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა მინდობილობის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, როგორც მოტყუებით დადებული გარიგების, სასამართლო ვერ იმსჯელებდა ჩუქების გაუქმებაზე უმადურობის გამო, ან იმის გამო, რომ გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ესაა ორი სრულიად განსხვავებული მოთხოვნა, რომელიც სხვა ფაქტობრივ საფუძვლებიდან გამომდინარებს და სრულიად სხვა სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება.

 

რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებას, რომ სასამართლოს შეუძლია შეცვალოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, სასამართლო პასუხობს, რომ საქმის განმხილველი სასამართლოსათვის სავალდებულოა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, აქედან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლის შეცვლა ნიშნავს იმ ფაქტობრივი გარემოებების შეცვლას, რომლებიც თავდაპირველად იყო მითითებული მოსარჩელის მიერ თავის სარჩელში. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. ანუ, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლის შეცვლა ნიშნავს არსებული მოთხოვნისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ფარგლებში მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შეცვლას და არა სრულიად სხვა ნორმიდან გამომდინარე იმ მოთხოვნაზე მსჯელობის შესაძლებლობას, რომელიც დაყენებული არც ყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3------------ განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 1991 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- ტ-----------------ის სარჩელი მოპასუხე ა-–---------- ხ------------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე ა-–---------- ხ------------ს (რფ პასპორტი N7---------) აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ---–--–-, დ----- ა----–-----–-------------------------, ფართი 20.00კვ.მ. ს/კ 0---------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, ან მისი წარმომადგენელი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია