გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3399-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე მა-–-----------–---–-
წარმომადგენელი ინ---–----–-----
მოპასუხე გო------------
წარმომადგენელი ლე-–--–---–------
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე გო------------სათვის მოსარჩელე მა-–-----------–---–-ს სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდის დაკისრება.
2016 წლის 14 აპრილს მალ-----------–---–სა და გ------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ------------მა მალ-----------–---–ს ასესხა 25 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 2.5%-ით. სესხის დაბრუნების ვადა 2016 წლის 14 ოქტომბერი. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საგანია მა-–-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ----–---------------------- ს/კ N8--2-.0--1---
2017 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტორმა გ------------მა გო------------ს სასარგებლოდ დათმო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნიდან 5000 აშშ დოლარის მოთხოვნა.
გო------------ს განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც მოვალე მა-–-----------–---–-ს ვალდებულება, კრედიტორის გო------------ს წინაშე 2016 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით, განისაზღვრა 5000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი, სულ 126.72 ლარი. დადგინა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
კერძო აღმასრულებელმა დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მალ-----------–---–ს 2017 წლის 14 აგვისტოს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე, რომლის თანახმად, მალ-----------–---–ს დაევალა ძირი თანხის 5000 აშშ დოლარისა და სააღსრულებო ფურცლის ხარჯის 126.72 ლარის გადახდა.
მალ-----------–---–მა 2017 წლის 19 სექტემბერს კ---------–---–ის მეშვეობით, გადაურიცხა გო------------ს 7000 ლარი.
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მა-–-----------–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე,ქ. თბილისში, ხ----–---------------------- ს/ კN8--2-.0----- გაიყიდა 2017 წლის 05 დეკემბერს იძულებით აუქციონის წესით და შეიძინა გო------------მ.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ (ს.ფ. 91-99). 2.1. 2017 წლის 19 სექტემბერს 7000 ლარი, მან გადაუხადა გი-------------ს. ის გარემოება, რომ მან ეს თანხა სწორედ მეორე კრედიტორს გადაუხადა, დასტურდება, იმ ფაქტით, რომ 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღმასრულებელთან არ ყოფილა წარდგენილი. ეს თანხა მოპასუხემ გადასცა გი-------------ს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 აპრილს მალ-----------–---–სა და გ------------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ------------მა მალ-----------–---–ს ასესხა 25 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა ყოველთვიურად 2.5%-ით. სესხის დაბრუნების ვადა 2016 წლის 14 ოქტომბერი. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საგანია მა-–-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ----–---------------------- ს/კ N8--2-.0--1---
2017 წლის 11 აგვისტოს გი-------------სა და გო------------ს შორის გაფორმდა ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კრედიტორმა გ------------მა გო------------ს სასარგებლოდ დათმო ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მა-–-----------–---–-ს მიმართ, მოთხოვნიდან 25 000 აშშ დოლარიდან 5000 აშშ დოლარის მოთხოვნა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-27).
ცესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 28-30).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. კრედიტორის გო------------ს განცხადების საფუძველზე, 2017 წლის 14 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი N1--------, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და ცესიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორის გო------------ს წინაშე, მოვალე მა-–-----------–---–-ს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა 5000 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 126.72 ლარი. დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი. (ს.ფ. 19-22).
3.2.2. კერძო აღმასრულებელმა ზ---–------–---–-–---–მა, 2017 წლის 14 აგვისტოს, მოვალეს მალ-----------–---–ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
წინადადება გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე. (ს.ფ. 31).
3.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 05 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის იძულებით აღსრულების მიზნით, გამართულ იძულებით საჯარო აუქციონზე, მა-–-----------–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შემძენი გახდა გო------------, რომელიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 05 დეკემბრის განკარგულება (ს.ფ. 35).
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 36-37).
3.2.4. 2017 წლის 19 სექტემბერს მალ-----------–---–მა გო------------ს 7000 ლარი ჩაურიცხა, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განსაზღვრული დავალიანების დასაფარავად.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავოა მა-–-----------–---–-ს მიერ გო------------სათვის გადარიცხული მითითებული თანხით, მის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს შეადგენს მოპასუხისათვის თანხის გადაცემის დადასტურება, ამ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 19 სექტემბრის შემოსავლის ორდერის თანახმად, დგინდება, რომ კ---------–---–მა გო------------ს ანგარიშზე ჩარიცხა 7000 ლარი, მა-–-----------–---–-ს იპოთეკური სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით, ცალსახად დგინდება და არც მოპასუხე უარყოფს, რომ კ---------–---–ის მიერ გო------------სათვის ჩარიცხული თანხა წარმოადგენდა მა-–-----------–---–-ს მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებას. ამ შემთხვევაში, მოპასუხე მიუთითებს, რომ მართალია მალ-----------–---–მა თანხა გო------------ს ჩაურიცხა, რეალურად ეს თანხა განკუთვნილი იყო მეორე კრედიტორის გ------------ისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, საყურადღებოა, ის გარემოება, რომ თანხის ჩარიცხვა მოხდა გო------------სათვის. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლო გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება. განსახილველი ნორმა უნდა განიმარტოს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით მოცემული ვალდებულების შესრულების თაობაზე შეთანხმების კონტექსტში, ასევე სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 624-ე მუხლებთან ერთობლიობაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება, რომ გ------------სა და გო------------ს შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შესაბამისად, გო------------ უფლებამოსილი იყო მიეღო შესრულება კრედიტორის - გ------------ის სახელით, მსესხებლის მა-–-----------–---–-საგან. მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, იმის თაობაზე, რომ გამსესხებლის გ------------ის საქართველოს არყოფნის გამო, მის ნაცვლად მიიღო შესრულება, სასამართლო არ იზიარებს. რაც შეეხება გ------------ის ხელწერილს, რომლითაც ის ადასტურებს გო------------საგან მა-–-----------–---–-საგან მიღებული თანხის გადაცემას, სასამართლოს მიერ სადავო გარემოების დასადასტურებლად არ არის გაზიარებული, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე.
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, ცალსახად დგინდება, რომ მან ნოტარიუსის სააღსრულების ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების პროცესში კრედიტორს გო------------ს გადაუხადა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით დადგენილი დავალიანების ნაწილი. მოპასუხის განმარტებებს, ზემოაღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოების გამოსარიცხად სასამართლო არ იზიარებს, რადგან ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები არ ყოფილა წარდგენილი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე, 316-ე, 623-ე, 385-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის არსის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. შესაბამისად, ერთი პირის გამდიდრება უნდა მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს. ანაზღაურების მოთხოვნის არსებობისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, უნა იქნეს მოთხოვილი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები არიან ერთი მხრივ მოვალე, რომელსაც გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ კრედიტორი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოვალის ვალდებულება ყოველთვის შეესაბამება კრედიტორის მოთხოვნის უფლებას. არ არსებობს ვალდებულება მოთხოვნის უფლების გარეშე და შესაბამისად არ არსებობს მოთხოვნის უფლება, ვალდებულების გარეშე. სესხის ხელშკრულებით მსესხებელს გააჩნია ვალდებულება გამსესხებლის მიმართ დააბრუნოს სესხი, აღნიშნულ ვალდებულებას შეესაბამება გამსესხებლის მოთხოვნის უფლება - მოითხოვოს სესხის დაბრუნება. ამდენად, ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში, კრედიტორი, ვალდებულების არსებობის საფუძველზე, უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს ამ ვალდებულების შესრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტორის გო------------ს განცხადების შესაბამისად, 2016 წლის 14 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 14 აგვისტოდან -სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან, მის დასრულებამდე 2017 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდში, მოვალე მალ-----------–---–მა, კრედიტორს - გო------------ს გადაურიცხა 7000 ლარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, დაწყებული სააღსრულებო წარმოება დასრულდა მოვალის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით და იპოთეკის საგანი საჯარო აუქციონზე შეიძინა კრედიტორმა.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მალ-----------–---–მა სადავო თანხა 7000 ლარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაუხადა გო------------ს, 2016 წლის 14 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, რადგან ამ ხელშეკრულების საფუძველზე, გაცემული ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელში მითითებული დავალიანების სრული მოცულობით აღსრულების მიზნით, აუქციონზე გაიყიდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა გო------------ს გამდიდრება 7000 ლარით, ამ ოდენობით მოსარჩელე მა-–-----------–---–-ს ქონებრივი დანაკლისი, რაც მოსარჩელემ გაიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 210 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა-–-----------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1.დაეკისროს მოპასუხე გო------------ს მოსარჩელე მა-–-----------–---–-ს სასარგებლოდ 7000 ლარის გადახდა.
2. დაეკისროს მოპასუხე გო------------ს მოსარჩელე მა-–-----------–---–-ს სასარგებლოდ 210 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია