გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/26056-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე: გ----–----------–--ე (შ--------------–--ის უფლებამონაცვლე)
წარმომადგენლები: ნ----------ე
მ-----–-------–--ე
მოპასუხე: შპს „კ-------–--
წარმომადგენლები: დ--------–-------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „--------–-“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 50000 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისში, სააკაძის ქ. N100-ში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მომიჯნავედ, შპს „--------–--- 2015 წელს განახორციელა საცხოვრებელი ბინების დემონტაჟი და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. მიუხედავად თხოვნისა, მოპასუხემ დემონტაჟი განხორციელებისას გამოიყენა მძიმე ტექნიკა, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ზიანი იმდენად დიდია, რომ მხარეს საცხოვრებელ სახლში ცხოვრების ეშინია, საყრდენი კედლები ფაქტობრივად გახსნილია და ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საცხოვრებელ სახლზე დაზიანებები მე-2, მე-3 ხარისხის დაზიანებები ფიქსირდება, რაც გამოწვეულია მომიჯნავე ნაკვეთში სადემონტაჟო სამუშაოების დროს მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენების გამო.
საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები შეადგენს 148620 ლარს, რომლის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ მიმართა შპს „--------–--, მაგრამ მოპასუხე ყოველდღიური დაპირებით ცდილობს გაიყვანოს დრო, რათა გაყიდოს არსებული ქონება და მოუსპოს მხარეს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს „--------–--- გამორიცხა სადემონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მოსარჩელის კუთვნილი სახლის დაზიანების ფაქტი და განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის მომიჯნავედ, მისამართზე თბილისი, ც------------ N193/195/197-ში მშენებლობის პროცესი განხორციელდა ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ შეთანხმებული და ნებადართული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, ყველა საპროექტო და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, რა დროსაც გამოყენებული იყო მხოლოდ ის ტექნიკური საშუალებები, რასაც ითვალისწინებს მშენებლობის პროექტი. ამასთან, მეზობელ მიწის ნაკვეთებზე მდებარე შენობებზე სადემონტაჟო-სამშენებლო სამუშაოთა გავლენა გამოირიცხა შესაბამისი სპეციალისტის მიერ ჩატარებული კვლევით იმ მიზეზის, გამო, რომ მოსარჩელის სახლი მშენებარე საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 15 მეტრით არის დაცილებულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, ს-------------------ში მდებარე უძრავი ქონებიდან განაშენიანებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის, ფართობით 144.5 კვ.მ-ის და 316.19 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეა შ--------------–--ის უფლებამონაცვლე გ----–----------–--ე, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N0---------------. უძრავი ქონება წარმოადგენს ორსართულიან საცხოვრებელ სახლს, რაც აშენებულია გასული საუკუნის 60-იან წლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 27.12.2016 წლის ექსპერტის დასკვნა.
3.1.2. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.2014 წლის N1------ ბრძანებით, შპს „--------–-- თბილისში, ს-------------------ის მომიჯნავედ მისამართზე, ც------------ N193/197/195-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნება დაერთო. სარჩელის აღძვრის დროისთვის მშენებლობა დასრულებულია.
შპს „--------–ის“ მიერ აშენებულია მრავალბინიანი 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც მშენებლობის დაწყებამდე განლაგებული იყო ერთსართულიანი, ბარაკის ტიპის და ერთი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. მშენებლობის პროცესი მოიცავდა ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟს, ქვაბულის ამოღებას და შემდგომში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას.
მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მოპასუხის მიერ აშენებული 10 სართულიანი სახლის უკანა მხარეს და უახლოესი საკადასტრო წითელი ხაზიდან დაშორებულია (შენობებს შორის მანძილი) 15 მეტრით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- არქიტექტურის სამსახურის 16.12.2014 წლის ბრძანება;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება.
- შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიში;
- შპს „დიდგორი-2011“-ის ანგარიში.
3.1.3. 2016 წლის მდგომარეობით მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, არის საფრთხის შემცველი და მასზე წარმოქმნილი დაზიანებები II-III ხარისხისაა. სახლის ნახევარსარდაფის, რომელიც ტექნიკურად მოუვლელია, მზიდ კედლებსა და ტიხრებზე წარმოქმნილია სხვადასხვა მიმართულების ბზარები, შუა განივ კედელზე ბათქაშის ფენაში შეინიშნება სხვადასხვა მიმართულების დახრილი ბზარები. იატაკის დონეზე ჩამოცვენილია ბათქაში და ბეტონი ნაწილობრივ ჩამოშლილია. იმავე მონაკვეთში გადახურვის დონეზე ზღუდართან განვითარებულია დაახლოებით 10 მმ-მდე გახსნილი ჰორიზონტალური ბზარი, ხოლო ზღუდარებში წარმოქმნილია ვერტიკალური და დახრილი ბზარები გახსნილობით დაახლოებით 5-6 მმ. ტიხრებზე და ტიხრებისა და კედლების გადაკვეთაზე ასევე განვითარებულია დახრილი და ვერტიკალური ბზარები, გახსნილობით დაახლოებით ბეწვისებურიდან 15მმ-მდე. მნიშვნელოვნად დაზიანებულია სააკაძის ქუჩის მხრიდან მდებარე გრძივი კედელი და მიმდებარე განივი კედლის მონაკვეთები, რომლებზეც წარმოქმნილია ნაპრალისებური ბზარები. შენობის პირველ სართულზე, დაზიანება არის ფასადის კედლის შუაკედლისებში. კიბის უჯრედში წარმოქმნილია დახრილი ბზარები. მეორე სართულზე ღიობების ზღუდარებისა და გადახურვის დონეზე შეინიშნება დახრილი და ჰორიზონტალური ბზარები. ნახევარსარდაფში და მეორე სართულზე მნიშვნელოვნად დაზიანებულია ფასადის კედელი და მომიჯნავე განივი კედელი, სადაც წარმოქმნილია დახრილი ბზარები. ფასადზე ნახევარსარდაფის დონეზე კუთხის შუაკედლისი გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან და წარმოქმნილია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ბზარები, ხოლო ზღუდარებში შეინიშნება დახრილი ბზარები. პირველი სართულის მარცხენა კუთხეში კედლის წყობიდან დაძრულია და გამოშვერილია აგურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.12.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნა.
3.1.4. კონსტრუქტორის მიერ ჩატარდა გ----–----------–--ის კუთვნილი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების განფასება, რაც განისაზღვრა ჯამში 148620 ლარით. აღნიშნული თანხიდან მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით 50000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი/მ ალექსანდრე მჭედლიშვილი „ოსტატის“ მოხსენებითი ბარათი.
3.1.5. შპს „--------–-ს“ მიერ წარმოებული მშენებლობის პერიოდში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მოპასუხის მიმართ რამოდენიმეჯერ გაიცა მითითება, რაც ეხებოდა მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას. შპს „--------–-ს“ მხრიდან მოთხოვნათა შესრულების საფუძვლით ყველა მითითებაზე შეწყდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მოპასუხის მიერ განხორციელებული დარღვევები დადგენილებების მიხედვით დაკავშირებული არ არის ისეთ ქმედებებთან, რასაც შესაძლოა ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელის უძრავი ქონების სიმტკიცესა და მდგრადობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 10.01.2017 წლის N16/1725 წერილი;
- 13.03.2016 წლის N0----- დადგენილება;
- 28.11.2016 წლის N0----- დადგენილება.
3.1.6. გ----–----------–--ე არის თავდაპირველი მოსარჩელის შ--------------–--ის მეუღლე და სასამართლოს 05.07.2018 წლის განჩინებით ცნობილი იქნა შ--------------–--ის უფლებამონაცვლედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.07.2018 წლის სხდომის ოქმი;
- სამკვიდრო მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „--------–-ს“ მიერ წარმოებული 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას (რაც მოიცავდა ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟს, ქვაბულის ამოღებას და შემდგომში კორპუსის აშენებას) მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დაზიანება არ მომხდარა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ძველი სახლების დემონტაჟისას მოპასუხემ გამოიყენა ვიბრო სანგრევი, რომლის მუშაობამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მისი საცხოვრებელი სახლი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში (გაცემული 2016 წლის 27 დეკემბერს) აღნიშნულია, რომ საკვლევი შენობის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით, ასაკობრივი ცვეთით და მომიჯნავე ნაკვეთში სადემონტაჟო სამუშაოების დროს მძიმე სამშენებლო ტექნიკის ე.წ. კოდალას მუშაობით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: აღნიშნული დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ სადემონტაჟო სამუშაოების დროს მძიმე ტექნიკის (ე.წ. კოდალას) გამოყენების მითითებისას ექსპერტი აღნიშნავს, რომ სახლის მფლობელის გადმოცემით მომიჯნავე ნაკვეთში განხორციელდა მისი გამოყენება, რა დროსაც სააკაძის ქ. N100-ში მდებარე შენობაში შეიგრძნობოდა ძლიერი ვიბრაციები. კვლევით ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ ვინაიდან ექსპერტისთვის უცნობია საკვლევი შენობის ტექნიკური მდგომარეობა სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე, ამიტომ ვარაუდის საფუძველზე შეიძლება დადგენა, თუ რამ გამოიწვია საკვლევ შენობაზე არსებული დეფორმაციები.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ წარმოდგენილი დასკვნა ვიბრო სანგრევის გამოყენებასთან მიმართებით ემყარება მოსარჩელის (მესაკუთრის) განმარტებას და ამის საფუძველზე ზიანის გამომწვევ შესაძლო ფაქტებზე დასკვნა კატეგორიული შინაარსის არ არის..
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საპირისპიროდ შპს „--------–მა“ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც თავის მხრივ გამორიცხავს მის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისას მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს. კერძოდ: მშენებლობის დაწყებამდე 2014 წლის 9 დეკემბერს შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ მიერ გაიცა დასკვნა მოპასუხის საპროექტო ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდებარედ არსებული შენობების უსაფრთხოებასთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა დაგეგმილიყო მშენებლობის პროცესი, რათა ზეგავლენა არ მოეხდინა მშენებლობას მიმდებარე ნაგებობებზე.
2015 წლის 13 თებერვალს გაიცა საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად შესწავლილი იქნა მოპასუხის მშენებარე ნაგებობის მიმდებარედ სკოლის შენობა, რომელიც მშენებლობის დაწყებამდე უკვე არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო. დასკვნაში მითითებულია რომ საპროექტო შენობისგან გამოწვეული გრუნტის დეფორმაციბი არ აღემატება ნორმით განსაზღვრულ დასაშვებ მნიშვნელობებს, შესაბამისად მშენებლობა არ ახდენს ზეგავლენას სკოლის შენობაზე. მოგვიანებით კვლავ იქნა შესწავლილი სკოლის შენობის მდგომარეობა, დასკვნაში მითითებულია რომ ბზარების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ყალაურების გახსნა გამოწვეულია საძირკვლების არათანაბარი ჯდენით. მიზეზი სავარაუდოდ საძირკვლების ქვეშ გრუნტის გაწყლიანებით იყო გამოწვეული.
შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ანგარიშით შეფასებული იქნა აშენებული მრავალბინიანი 10 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას მის მოსაზღვრე შენობებზე (მათ შორის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე) უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის ალბათობა და აღინიშნა, რომ ფოტომასალაზე დაყრდნობით სადემონტაჟო სამუშაოები ჩატარებულია ხელით. თუმცა იმ დაშვებით, საჭირო რომ გამხდარიყო ვიბროსანგრევის (ე.წ. კოდალას) გამოყენება, უარყოფით გავლენას ვერ იქონიებდა შენობიდან დიდ მანძილზე მოშორების გამო. გაანგარიშების პასუხით 0,5 ტონიანი ჩაქუჩის დარტყმის ტალღები ვრცელდება 4,6მ მანძილზე, მოსარჩელის ნაგებობა კი დაცილებულია 15 მეტრზე. იგივეს იმეორებს შპს „დიდგორი-2011“-ის მიერ გაკეთებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე გავლენის შეფასების ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ შენობა-ნაგებობები, რომელთა დემონტაჟიც განხორციელდა, ყველა ამორტიზირებული აგურია და წვრილი ბლოკის წყობები განხორციელებული ნაწილი თიხის დუღაბზე, ნაწილი ცემენტის ხსნარზე, ყოველგვარი რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყლების გარეშე, დაექვემდებარა ხელით დაშლას. დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ დადიანის ქუჩა N191-193-ში განხორციელებულ მშენებლობას (მათ შორის დემონტაჟის, ქვაბულის ამოღების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესს), თუნდაც იმ დაშვებით, რომ დემონტაჟის პროცესში გამოყენებული ყოფილიყო ვიბროსანგრევი, არ გამოუწვევია და წარმოდგენილი გათვლებით ვერც გამოიწვევდა უარყოფით გავლენას მომიჯნავედ ს-------------------ში მდებარე შენობა-ნაგებობის მიმართ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებებისა, შპს „--------–-ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აქარწყლებს ამ უკანასკნელის მიერ მშენებლობის წარმოებისას მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში საუბარია ზიანის გამომწვევ სხვადასხვა მიზეზზე და სხვადასხვა ხასიათის დაზიანებებზე, მათ შორის სადემონტაჟო სამუშაოებამდე არსებულ დაზიანებებზე (საძირკვლის არათანაბარ ჯდენითი დეფორმაციები, ასაკობრივი ცვეთა), რაც განვითარებული იყო სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებამდეც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, მოსარჩელის მტკიცება საკმარისი არ აღმოჩნდა უტყუარი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მოპასუხის მიერ მშენებლობის პროცესში განხორციელებულმა ზემოქმედებამ განაპირობა მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის დაზიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 27 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნა;
2014 წლის 9 დეკემბრის და 2016 წლის 22 აგვისტოს შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ დასკვნა;
-2018 წლის 5 აპრილის შპს „რეალექსპერტის“ ინსპექტირების ამგარიში;
-2015 წლის 13 თებერვლის ექპსპერტიზის დასკვნა;
-2015 წლის 11 დეკემბრის დასკვნა;
-შპს „დიდგორი 2011“ -ის ანგარიში;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით შ--------------–--ის უფლებამონაცვლის გ----–----------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომაროება, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2)სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისთვის გამოვლენილი უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი, უპირველესად დასადგენია, რაში გამოიხატა მოპასუხის ბრალეულობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უტყუარი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანების ფაქტი, რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 1500 ლარს, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე - 50 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 52-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შ--------------–--ის უფლებამონაცვლის გ----–----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე