გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210117002211184
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/34790-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს “ფ-------“

წარმომადგენელი ან--–------------

მოპასუხე შპს „ნ------–-----–----“

წარმომადგენელი და-------------

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----------“ მოსარჩელე შპს „ფ--------“ სასარგებლოდ 6114.9 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მხარეებს შორის 2011 წლიდან არსებობს საქმიანი ურთიერთობა, აღნიშნულ ურთიერთობაში შპს „ფ-------“ შპს „ნ-----–-----–-----“ მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა სამშენებლო მასალას. 2011 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 29 ივლისამდე პერიოდში გამყიდველი მოპასუხეს აწვდიდა საქონელს, რომელსაც მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა. ამ პერიოდში მიწოდებულია ჯამში 77 249.90 ლარის ღირებულების სამშენელო მასალა. ამ თანხიდან გადაიხადა 71 135 ლარი.

 

2011 წლიდან 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ყველა შეკვეთის საფასური მოპასუხის მიერ დაფარული იქნა სრულად. ამ პერიოდისათვის მას ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 6901.90 ლარი. 2013 წლის 11 ოქტომბრიდან მოპასუხემ განაახლა სამშენებლო მასალების შეკვეთა და 2013 წლის ბოლოსათვის შეკვეთილი ჰქონდა 42 958.5 ლარის პროდუქცია, ხოლო გადახდილი - 34 901.9 ლარი, (ამ თანხაში გათვალისწინებულია ზედმეტად გადახდილი თანხაც). შესაბამისად, 2014 წლისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 8056.6 ლარის ოდენობით. 2014 წლიდან გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და 2015 წლის 29 ივლისს განხორციელდა ბოლო შეკვეთა, ჯამში მიწოდებულია 16 163 ლარის ღირებულების საქონელი, მოპასუხემ გადაიხადა 18 104.7 ლარი. რადგან მოპასუხეს ჰქონდა დავალიანება 8056.6 ლარი, ამას დაემატა 2014 წლიდან მიწოდებული 16 163 ლარის დავალიანება, ჯამში, მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 24 219.6 ლარს, აქედან გადახდილი თანხის 18 104.7 ლარის გათვალისწინებით, გადასახდელი დავალიანებაა - 6114.90 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. 2014 წლიდან 2015 წლის 29 ივლისამდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული, ხოლო წინა პერიოდში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან ასანაზღაურებელი დარჩა რაიმე თანხა ამ დავალიანების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 21 დეკემბრიდან 2015 წლის 29 ივლისამდე პერიოდში, შპს „ფ-------“ შპს „ნ-----–-----–-----“ მოთხოვნის შესაბამისად აწვდიდა სამშენებლო მასალას.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

მოპასუხის ახსნა-განმარტება;

ანგარიშის ბარათი.

სასაქონლო ზედნადებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ნ-----–-----–-----“ მიწოდებული საქონლის საფასურიდან გადასახდელი აქვს 6114.9 ლარი. ამასთან, მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

მოპასუხე სადავოდ ხდის სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას დავალიანების არსებობის თაობაზე და მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ 2014-2015 წლებში მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად აქვს გადახდილი. რაც შეეხება წინა პერიოდში მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში, ეს მოთხოვნა ხანდაზმულია.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის პირობებში, რაც უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ გარემოებებს, დასახელებული მატერიალური ნორმა არ ითვალისწინებს ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმს. თუმცა, რადგან საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ამ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება კი ცალსახად მოვალეს ეკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება, და ის, რაც შესრულდა, არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად, მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე შესრულების დროს ამოირჩევს. ხოლო, თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ზეპირი ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლიდან - 2015 წლამდე პერიოდში. ამ პერიოდში მყიდველის შპს „ნ-----–-----–-----“ შეკვეთის შესაბამისად, პერიოდულად ხდებოდა სამშენებლო მასალის მიწოდება. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებიდან დგინდება, რომ მყიდველი მიწოდებული საქონლის ღირებულების საფასურის გადახდისას არ მიუთითებდა კონკრეტულად რომელი სასაქონლო ზედნადებით მიწოდებული საქონლის ღირებულებას ანაზღაურებდა. წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2015 წლის 23 აპრილის N---------- საგადახდო დავალებისა და 2015 წლის 26 თებერვლის N--- საგადახდო დავალების გადახდის დანიშნულებაში აღნიშნულია მხოლოდ მიწოდებული საქონლის დასახელება. ანალოგიური ჩანაწერი არის დაფიქსირებული საქმეში წარმოდგენილ სხვა საგადასახადო დავალებებში. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ 2011 წლიდან 2015 წლამდე, სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, მოვალეს - შპს „ნ-----–-----–-----“ შესრულებისას არ ამოურჩევია რომელი ვალდებულება უნდა შეესრულებინა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იფარებოდა ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც დადგა, კერძოდ, 2011 წლიდან 2012 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ყველა შეკვეთის საფასური მოპასუხის მიერ დაფარული იქნა სრულად. ამ პერიოდისათვის მას ზედმეტად ჰქონდა გადახდილი 6901.90 ლარი. 2013 წლის 11 ოქტომბრიდან მოპასუხემ განაახლა სამშენებლო მასალების შეკვეთა და 2013 წლის ბოლოსათვის შეკვეთილი ჰქონდა 42 958.5 ლარის პროდუქცია, ხოლო გადახდილი - 34 901.9 ლარი, (ამ თანხაში გათვალისწინებულია ზედმეტად გადახდილი თანხაც). შესაბამისად, 2014 წლისათვის მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება 8056.6 ლარის ოდენობით. 2014 წლიდან გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა და 2015 წლის 29 ივლისს განხორციელდა ბოლო შეკვეთა, ჯამში მიწოდებულია 16 163 ლარის ღირებულების საქონელი, მოპასუხემ გადაიხადა 18 104.7 ლარი. რადგან მოპასუხეს ჰქონდა დავალიანება 8056.6 ლარი, ამას დაემატა 2014 წლიდან მიწოდებული 16 163 ლარის დავალიანება, ჯამში, მის მიერ გადასახდელი თანხა შეადგენდა 24 219.6 ლარს, აქედან გადახდილი თანხის 18 104.7 ლარის გათვალისწინებით, გადასახდელი დავალიანებაა - 6114.90 ლარი.

 

მოპასუხეს, რომელიც სადავოდ ხდის დავალიანების არსებობის ფაქტს, არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ აღიარებული და საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დადასტურებული გადახდილი დავალიანების გარდა, სადავო 6114.90 ლარის გადახდის ფაქტს. შესაბამისად, მოპასუხის აპელირებას დავალიანების არარსებობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ხანდაზმულობა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია უფლების განხორციელება - სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავების მოთხოვნა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლი).საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

განსახილველი მოთხოვნა გამომდინარეობს ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც სასამართლომ დაადგინა, მყიდველის მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადამოსული ვალდებულების დაფარვის პრინციპით, აქედან გამომდინარე, 2014 წლამდე არსებული ვალდებულება შეწყვეტილია შესრულებით. ამასთან, 2015 წლის განმავლობაში მიწოდებულია 7256.3 ლარის ღირებულების საქონელი, რაც აღემატება არსებული დავალიანების მოცულობას. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დარჩენილი დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის განმავლობაში არსებული ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 12 დეკემბერს, სამწლიანი ხანდაზმულობის ვადაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ ჯეროვნად არა აქვს შესრულებული ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს 6114.9 ლარის გადახდა.

 

5. კანონები , რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 361-ე, მე-400, 427-ე, 316-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „ფ--------“ და შპს „ნ-----–-----–-----“ შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, გამყიდველს შპს „ფ-------“ ეკისრებოდა საქონლის მიწოდების ვალდებულება, ხოლო მყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 6114.90 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს „ფ--------“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს შპს „ნ-----–-----–-----“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ მას გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასურის სახით 6114.2 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. დასახელებული ნორმის მესამე ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 183.45 ლარის ოდენობით ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 2591-ე 367-ე, 369-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ფ--------“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ მოსარჩელე შპს „ფ--------“ სასარგებლოდ 6114.9 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „ნ-----–-----–-----“ მოსარჩელე შპს „ფ--------“ სასარგებლოდ 183.45 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია