გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2384-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ლ-–- ა-----–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ე---------- ა---–--–ი
დავის საგანი - აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2014 წლის 22 ოქტომბერს ს.გ.პ. ,,სადახლოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა რუსეთის მოქალაქე L----- V-----, პასპორტის ნომერი: 7--------. აღნიშნული პიროვნების მიერ რისკის პროფილი ,,ოქრო სადახლოს“ საფუძველზე მოხდა ფიზიკური პირის დეკლარაციის შევსება, რომელშიც მან მიუთითა, რომ არ ჰქონდა ძვირფასი ნივთები. ფიზიკური დათვალიერებისას მას სხეულზე აღმოაჩნდა არადეკლარირებული ძვირფასი ნივთები. კერძოდ, ვერცხლის ყელსაბამი - 1ც, ოქროს ყელსაბამი - 1ც, ოქროს ჯვარი - 4ც, ოქროს გულსაკიდი - 1ც, ოქროს საყურე - 1 წყვილი.
აღნიშნულ ფაქტზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიცრის მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი იქნა N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე L----- V-----, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 1000 ლარით. ოქმში არ არის მითითებული სამართალდამრღვევი პირის მისამართი, თუმცა ოქმი ვ------ ლ------ს ჩაბარდა ადგილზე, რაც დასტურდება ოქმზე მისი ხელმოწერით.
საქმეში წარმოდგენილი ვ------ ლ------ის პასპორტის ასლის თანახმად, პასპორტი არ შეიცავს მონაცემებს პირის საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციის უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 22 ოქტომბერს ვ------ ლ------ს ჩამოერთვა საქონელი: ვერცხლის ყელსაბამი - 1ც, ოქროს ყელსაბამი - 1ც, ოქროს ჯვარი - 4ც, ოქროს კულონი - 1ც, ოქროს საყურე - 1 წყვილი და დაილუქა ლუქით 0------. აღნიშნულის შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6----------- რომელშიც არ არის მითითებული სამართალდამრღვევი პირის მისამართი.
ვ------ ლ------ს 2014 წლის 22 ოქტომბრის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა არ გადაუხდია და საქართველოს ტერიტორია დატოვა იმავე დღეს - 2014 წლის 22 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 12 მარტს მიღებული იქნა N0------ ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის თანახმად, ყადაღა დაედო ვ------ ლ------ის (ს/ნ 1--------) ქონებას. ქონების დაყადაღება (აღწერა) დაევალა ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს მთავარ ოფიცერს ლ-–- ჩ-----–--ეს და ოფიცერს რენი მეცხვარიშვილს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს ქვემო ქართლის განყოფილების მთავარი ოფიცრის ლ-–- ჩ-----–--ის და ოფიცერ ა-–---------ე ბ--------ს მიერ 2017 წლის 07 თებერვალს შედგენილი იქნა ოქმი, რომლის თანახმად, მათ მიერ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვ------ ლ------ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე (პასპორტის N7--------) და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის www.info.mia.ge-ს მონაცემებით ვ------ ლ------ი (პასპორტის N7--------) ორჯერ იქნა გადამოწმებული და უფიქსირდება საზღვრის კვეთა (გასვლა), ამიტომ ვერ მოხერხდა მისთვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2015 წლის 12 მარტის N0------ ბრძანების წარდგენა/ჩაბარება.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ოფიცრებმა 2017 წლის 09 თებერვალს აღწერეს და დააყადაღეს ვ------ ლ------ის ქონება, რის შესახებაც შედგა 2017 წლის 09 თებერვლის N2017/0------/1 აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის #1------------- გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის განცხადების საფუძველზე განხორციელდა ვ------ ლ------ის მოძრავ ნივთებზე ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.
შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 მარტის N0------ ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, მოვალე ვ------ ლ------ს ეცნობა, ბრძანების შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდზე, 2017 წლის 06 აპრილს, საჯაროდ გამოქვეყნების გზით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2014 წლის 22 ოქტომბრის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 33);
- 2014 წლის 22 ოქტომბრის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი N6---------- (ს.ფ. 34-35);
- ვ------ ლ------ის პასპორტის ასლი (ს.ფ. 36);
- შედარების აქტი (ს.ფ. 29);
- შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 მარტის N0------ ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ს.ფ. 25);
- 2017 წლის 07 თებერვლის ოქმი (ს.ფ. 37);
- საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 38-39);
- ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2017 წლის 09 თებერვლის N2017/0------/1 აქტი (ს.ფ. 27-28);
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 10 თებერვლის #1------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ს.ფ. 26);
- ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ. 40);
3.2. 2017 წლის 29 მაისს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გაიცეს ბრძანება ფიზიკური პირის ვ------ ლ------ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ 2015 წლის 12 მარტის №0------ ბრძანების საფუძველზე ფიზიკური პირის ვ------ ლ------ის ქონებას დაედო ყადაღა. აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს სულ 1000 ლარს.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდებოდა, რომ ვინაიდან ფიზიკური პირი ვ------ ლ------ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და ვერ მოხერხდა მისთვის ბრძანების ჩაბარება, ბრძანება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე. შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ფიზიკური პირი ვ------ ლ------ის მიერ არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო გაეტარებინა საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 ივნისს მიღებული იქნა ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საქმეზე N3------. აღნიშნული ბრძანების თანახმად, დაკმაყოფილდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ფიზიკური პირის ვ------ ლ------ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ და დადგინდა, რომ აუქციონის წესით რეალიზებული იქნას ფიზიკური პირის ვ------ ლ------ის (საიდენტიფიკაციო კოდი 1-------- რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის N7--------) ყადაღადადებული ქონება.
ვ------ ლ------ი 2017 წლის 29 ივნისს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მისი მიწვევა სხდომაზე სასამართლოს მიერ განხორციელდა საჯარო შეტყობინების გზით. ასევე, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის N3------ ბრძანების შესახებ, გადასახადის გადამხდელს - ვ------ ლ------ს ეცნობა სასამართლოს მიერ საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის N3------ ბრძანება ვ------ ლ------ის მიერ არ გასაჩივრებულა და იგი შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 19 სექტემბერს ამოწერილი იქნა N3------ სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცელში სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული იქნა მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ვ------ ლ------ი (საიდენტიფიკაციო კოდი 1-------- რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პასპორტის N7--------).
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის ბრძანება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საქმეზე N3------ (ს.ფ. 80-82);
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 79);
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.3. 2017 წლის 24 ოქტომბერს, სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 24 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 78);
3.4. 2017 წლის 30 ოქტომბერს, აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ NA---------------- შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შეტყობინებაში მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ამასთან, მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის მისამართი. ამდენად, კრედიტორს ეცნობა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, სააღსრულებო საბუთი უკან დაუბრუნდებოდა.
2017 წლის 03 ნოემბერს შემოსავლების სამსახურმა N2----------- წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს. წერილში მიუთითა, რომ ვ------ ლ------ს 2014 წლის 22 ოქტომბრის NE------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას არ მიუთითებია მისი საცხოვრებელი ან/და იურიდიული მისამართი. ამასთან, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ვ------ ლ------ის საცხოვრებელი და იურიდიული მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაზეც შედგა 07.02.2017 წლის ოქმი, რომლის თანახმად, ვ------ ლ------ი არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ვ------ ლ------ს უფიქსირდება საზღვრის კვეთა (გასვლა). შემოსავლების სამსახურმა წერილში მიუთითა, რომ სასამართლოსთვის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ უფლების მოპოვების შუამდგომლობით მიმართვისას მას არ მიუთითებია ვ------ ლ------ის საცხოვრებელი/რეგისტრაციის მისამართი. შესაბამისად, სასამართლომ პროცესის თარიღიც და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ბრძანებაც გამოაქვეყნა საჯაროდ. თავის მხრივ, ვ------ ლ------ი არ დასწრებია არც პროცესს და არც სასამართლოს ბრძანება გაუსაჩივრებია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ როგორც სამსახურისთვის, ისე ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის უცნობია ვ------ ლ------ის (პასპორტის ნომერი 7--------) საცხოვრებელი ან/და რეგისტრაციის მისამართი, რის გამოც შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა NA---------------- წერილის მოთხოვნები.
2017 წლის 07 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ N----------------- შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შეტყობინებაში მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ამასთან, მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალის მისამართი. ამდენად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, კერძოდ, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება, სააღსრულებო საბუთი სამსახურს დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 30 ოქტომბრის NA---------------- შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 45-46);
- შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 03 ნოემბრის N2----------- წერილი (ს.ფ. 47-48);
- 2018 წლის 07 თებერვლის N----------------- შეტყობინება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ (ს.ფ. 49-50);
3.5. შემოსავლების სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 07 თებერვლის ქმედება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ 2018 წლის 22 თებერვალს გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 22 მარტს მიღებული იქნა N1--- ბრძანება, რომლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 22 თებერვლის N21-04/25014 საჩივარი (ს.ფ. 51-54);
-აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 55-57).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაზე“, რომლის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს: უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ და დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ვ“ პუნქტის თანახმად, აღსრულების ქვემდებარე აქტს წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს, წარადგინა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მოთხოვნის იძულებით აღსრულება.
6.3. სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტებს. კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს ან იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც მიიღო აღსასრულებელი გადაწყვეტილება; ბ) საქმე, რომლის გამოც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; გ) გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი; დ) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი; ე) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; ვ) კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ეს წესი არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისას.
ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი/აღსასრულებელი გადაწყვეტილება, რომლითაც არ მოხდა ან ნაწილობრივ მოხდა აღსრულება, უბრუნდება კრედიტორს, თუ კრედიტორი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გაფრთხილების მიუხედავად, გაფრთხილებიდან 1 თვის ვადაშიც არ ასრულებს ამ კანონით დადგენილ უფლება-მოვალეობებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 ოქტომბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სპეციალისტმა სააღსრულებო ფურცლის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ NA---------------- შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცელში არ იყო მითითებული მოვალის მისამართი. ამდენად, კრედიტორს ეცნობა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდებოდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, სააღსრულებო საბუთი უკან დაუბრუნდებოდა.
2017 წლის 03 ნოემბერს შემოსავლების სამსახურმა N2----------- წერილით მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს. წერილში მიუთითა, რომ ვ------ ლ------ს 2014 წლის 22 ოქტომბრის N E------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას არ მიუთითებია მისი საცხოვრებელი ან/და იურიდიული მისამართი. ამასთან, აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შემოსავლების სამსახურის მიერ მოკვლეულ იქნა ვ------ ლ------ის საცხოვრებელი და იურიდიული მისამართების შესახებ ინფორმაცია, რაზეც შედგა 07.02.2017 წლის ოქმი, რომლის თანახმად, ვ------ ლ------ი არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნია. ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ვ------ ლ------ს უფიქსირდება საზღვრის კვეთა (გასვლა). შემოსავლების სამსახურმა წერილში მიუთითა, რომ სასამართლოსთვის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ უფლების მოპოვების შუამდგომლობით მიმართვისას მას არ მიუთითებია ვ------ ლ------ის საცხოვრებელი/რეგისტრაციის მისამართი. შესაბამისად, სასამართლომ პროცესის თარიღიც და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ბრძანებაც გამოაქვეყნა საჯაროდ. თავის მხრივ, ვ------ ლ------ი არ დასწრებია არც პროცესს და არც სასამართლოს ბრძანება გაუსაჩივრებია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ როგორც სამსახურისთვის, ისე ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის უცნობია ვ------ ლ------ის (პასპორტის ნომერი 7--------) საცხოვრებელი ან/და რეგისტრაციის მისამართი, რის გამოც შემოსავლების სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა # A---------------- წერილის მოთხოვნები.
2017 წლის 07 თებერვალს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ N----------------- შეტყობინებით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შეტყობინებაში მიუთითა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ ერთი თვის ვადაში არ მოხდა კანონით მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულება, კერძოდ, ხარვეზის გამოსწორება (მოვალის მისამართის მითითება), სააღსრულებო საბუთი სამსახურს დაუბრუნდა უკან, შეუსრულებელი სახით, ხოლო აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2018 წლის 09 თებერვალს გაცემული იქნა ცნობა სააღსრულებო წარმოების დამთავრების შესახებ.
6.4. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 07 თებერვლის ქმედება სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, 2018 წლის 22 თებერვალს გაასაჩივრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 22 მარტს მიღებული იქნა N1--- ბრძანება, რომლის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავო ბრძანების გამოცემისას არსებითად დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ,,კრედიტორისა და მოვალის დასახელება და რეკვიზიტები“ თავისთავად გულისხმობს მისამართის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, მოპასუხე მიუთითებს, რომ მხარის ინფორმირება წარმოების მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია სააღსრულებო წარმოების ყველა ეტაპზე. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა ფიზიკური პირის ყადაღადადებული ქონება. შესაბამისად, აღმასრულებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო მოვალის ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია, თუმცა იძულებითი აუქციონის გამოცხადებამდე, აუცილებელია მოხდეს მოვალის ინფორმირება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამდენად, სადავო ბრძანებაში აღინიშნა, რომ ვინაიდან მოვალის მისამართის მითითება აუცილებელია სააღსრულებო წარმოების დაწყებისა და შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისათვის, ხოლო კრედიტორმა ვერ უზრუნველყო აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნდა კრედიტორს შეუსრულებელი სახით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, მათ შორის, პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ასევე სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. ამდენად, აღნიშნული ნორმა არ ადგენს, რომ მოვალის მისამართის მითითება სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცელში უნდა აღინიშნოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებები და რეკვიზიტები, რის შემდგომაც კანონმდებელი აკონკრეტებს, რომ რეკვიზიტებს შორის უნდა მიეთითოს პირადი ნომრები ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრები, ამდენად, სავალდებულო რეკვიზიტებად განსაზღვრავს მხოლოდ პირად ნომრებსა და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრებს და არა მისამართს. ამასთან, აღნიშნულ პუნქტში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცელში ასევე უნდა აღინიშნოს სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანოსთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემები. შესაბამისად, კანონმდებელი ავალებს სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს კრედიტორისა და მოვალის დასახელებებთან, ასევე მათ სავალდებულო რეკვიზიტებთან (პირად ნომრებთან და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრებთან) ერთად მიუთითოს მისთვის ცნობილი სხვა საკონტაქტო მონაცემებიც, რომელიც მოიცავს მისამართსაც. ამდენად, ცალსახაა, რომ სხვა დამატებითი რეკვიზიტების, მათ შორის, მისამართის არცოდნის შემთხვევაში, სააღსრულებო ფურცლის გამცემ ორგანოს სააღსრულებო ფურცელში მათი მითითება არ ევალება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც შემოსავლების სამსახურისთვის, ასევე ბოლნისის რაიონული სასამართლოსთვის უცნობი იყო ინფორმაცია ვ------ ლ------ის მისამართის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო შემდგომ სამართალწარმოება ისე განხორციელდა და დასრულდა, რომ არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არც სასამართლოსთვის მოვალე ვ------ ლ------ის მისამართი არ ყოფილა ცნობილი, თუმცა ამ გარემოებას წარმოების მიმდინარეობები არ შეუფერხებია.
შემოსავლების სამსახურის მიერ მოვალე ვ------ ლ------ის მისამართის არცოდნის ფაქტს ადასტურებს ის გარემოებები, რომ ვ------ ლ------ს 2014 წლის 22 ოქტომბერს, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია მისი მისამართის შესახებ. მისამართი არ არის აღნიშნული არც საგადასახადო სამართალდარღვევისა და არც საქონლის ჩამორთმევის ოქმებში, ასევე მისამართი არ ყოფილა მითითებული ვ------ ლ------ის პასპორტის მონაცემებშიც.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 12 მარტის N0------ ბრძანებით ყადაღა დაედო ვ------ ლ------ის (ს/ნ 1--------) ქონებას. აღნიშნული ბრძანების მოვალისთვის ჩაბარების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მოკვლევა ვ------ ლ------ის საკონტაქტო მონაცემების შესახებ, თუმცა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვ------ ლ------მა 2014 წლის 22 ოქტომბერს დატოვა საქართველოს ტერიტორია და მას საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ გააჩნდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც შემოსავლების სამსახურის, ისე სასამართლოს მიერ ვ------ ლ------ის ინფორმირება განხორციელდა საჯარო შეტყობინების გამოქვეყნების გზით.
6.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოსავლების სამსახური ითხოვს მოპასუხემ განახორციელოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის N3------ ბრძანების აღსრულების მიზნით გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობის განხილვა/გადაწყვეტა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით დადგენილი დებულებების გათვალისწინებით. შუამდგომლობა არ წარმოადგენს სარჩელს და მისი განხილვა ხდება სასარჩელო წარმოებისგან განსხვავებული წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 2123 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში, მე-2 პუნქტის თანახმად, მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა), ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტა სასამართლოს იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუკი მხარეები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან ან სასამართლომ ვერ შეძლო მათი მოწვევა, ანუ სასამართლო უწყების ჩაბარება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როცა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მოწვევის/ინფორმირების შეუძლებლობა, თუნდაც მისამართის მოუძიებლობის საფუძვლით, არ აბრკოლებს არც შემოსავლების სამსახურს და არც სასამართლოს განახორციელონ წარმოებები და მოვალისთვის შეტყობინება გაავრცელონ საჯაროდ, გაუგებარია, რატომ არის მისამართის მიუთითებლობა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ამ წარმოებების შედეგად საბოლოოდ გაცემული დოკუმენტის - სააღსრულებო ფურცლის აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოება, მით უფრო, როცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მისამართი სააღსრულებო ფურცლის სავალდებულო რეკვიზიტს არ წარმოადგენს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ინტერესს მხოლოდ სასამართლოს მიერ მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს. გადაწყვეტილებას აზრი ეკარგება თუ არ მოხდება მისი აღსრულება, ნებაყოფლობით, ან იძულებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნისა და გაცემული ფურცლის სააღსრულებო ბიუროსთვის წარდგენის გზით.
6.6. მოცემულ შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ინფორმირება ხდება სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით.
სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ იმ პირობებში, როცა სააღსრულებო ფურცელში მითითებული არ არის მოვალის მისამართი, აღმასრულებელი ვერ განახორციელებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-7 პუნქტით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღისა მოახდინოს მოვალის ინფორმირება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, საჯარო შეტყობინების გაკეთება მხოლოდ მხარისათვის მისამართზე ორჯერ გაგზავნისა და გზავნილის მისთვის ჩაუბარებლობის შემდეგაა შესაძლებელი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისამართი არ გააჩნია, შესაბამისად, იგი შეტყობინებას საჯაროდ ვერ გამოაქვეყნებდა. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოზიციით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღმასრულებელი ვერ განახორციელებდა სააღსრულებო მოქმედებებს, რის გამოც კრედიტორს ეთხოვა მოვალის მისამართის მითითება. ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო კი აღმასრულებელმა კრედიტორს სააღსრულებო ფურცელი დაუბრუნა უკან, აღუსრულებელი სახით.
სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-6 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღსრულების დაწყების შესახებ სააღსრულებო წარმოების მხარეთა ინფორმირება ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით სასამართლო უწყების ჩაბარებისთვის დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინებები, წინადადებები, გადაწყვეტილებები და სხვა დოკუმენტები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირებს ჩაჰბარდებათ ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევას, როცა მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სწორედ ისეთი გარემოება, როცა უცნობია მოვალის ადგილსამყოფელი. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი აღარ ითვალისწინებს მხარისათვის გზავნილის გაგზავნის ვალდებულებას, მით უფრო ორჯერ და სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამდენად, ის გარემოება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ცნობილი არ იყო მოვალის მისამართი, არ წარმოადგენდა აღმასრულებლის მიერ შესაბამისი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას. აღმასრულებელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, უნდა გამოეყენებინა საჯარო შეტყობინების ინსტიტუტი და შემოსავლების სამსახურის მიერ წარდგენილი 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განეხორციელებინა სააღსრულებო მოქმედებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ არის უკანონო, შესაბამისად, მისი ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრების შედეგად გამოცემული აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება არ შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ასევე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა დაევალოს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
7. საპროცესო ხარჯები:
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ლ” და ,,ხ“ ქვეპუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო − სარჩელებზე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 7 თებერვლის ქმედება, სააღსრულებო ფურცლის დაბრუნების შესახებ;
3. ბათილად იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 მარტის N1--- ბრძანება სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
4. დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის N3------ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.
5. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე