გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
030310018002440123
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 030310018002440123

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

ფოთის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი ლევანი ქირია

მოსარჩელე ა-- წ------

კანონიერი წარმომადგენელი (დედა) ე------ მ-----

მოპასუხეები: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახური, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი გ------- ჯ-----–---–ი

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 დაევალოს მოპასუხე – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 4 წლის ვადით.

 

სარჩელის არსი:

 

მოსარჩელე ა-- წ------ არის მ---- კლასის მოსწავლე, არასრულწლოვანი - დაბადებულია 2----–ლის 0--------------ს და ე----- მ-----მ, როგორც მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მისი ინტერესების გათვალისწინებით 2017 წლის 05 დეკემბერს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით პირადობის მოწმობის არაელექტრონული სახით გაცემა.

 

2017 წლის 07 დეკემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისგან მიიღო წერილი N30/338817, რომლის თანახმად მისცეს განმარტება, რომ უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები გასცემენ მხოლოდ ელექტრონულ მოწმობას, ხოლო პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის 25-ე მუხლის თანახმად, გაიცემა: 1. იმ პირზე, რომელსაც მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია გამოხატოს ნება პირადობის მოწმობის მიღებაზე, 2. სააგენტოს სამსახურების მიერ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო პირს ვერ გადასცემენ დამზადებულ ელექტრონულ მოწმობას, 3. პირზე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაადგილება (ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადება), 4. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფ პირებზე, 5. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირებს, რომელთაგან მოსარჩელე არც ერთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მიუხედავად იმისა, რომ მათი პასუხი გაასაჩივრეს ადმინისტრაციული წესით ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, სააგენტომ ასევე, 2017 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით უარი უთხრა მისი საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ტერიტორიული სამსახურის პასუხი წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის წერილს, რომელზეც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაიშვება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2005 წლის 30 დეკემბრის N3----- დაბადების მოწმობის თანახმად, ა-- წ------ დაიბადა 2----–ლის 0--------------ს.

 

3.1.2. სსიპ გ------- ჭ-----------–--------–---------–-------------- საჯარო სკოლის მიერ 2018 წლის 15 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით, ა-- წ------ სწავლობს სსიპ გ------- ჭ-----------–--------–---------–-------------- საჯარო სკოლის მ---- კლასში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილით ა-- წ------ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ შესაბამისად, არ არსებობს ა-- წ------ს სახელზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა-- წ------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

3.2.2. 2017 წლის 22 დეკემბრის საჩივრის შესაბამისად, ა-- წ------ს კანონიერი წარმომადგენლის ე----- მ-----ს მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

3.2.3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N01/363821 წერილით ე----- მ-----ს ეცნობა, რომ სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სადაც განმარტებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები, ვინაიდან ა-- წ------ს განცხადებაში არ იყო მითითებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა. ვინაიდან სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს საჩივარი.

 

3.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N30/311/გ გადაწყვეტილების თანახმად, ა-- წ------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელეს ა-- წ------სა და მისი კანონიერი წარმომადგენლის (დედა) ე------ მ-----ს სარჩელი - მოპასუხემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გასცეს ა-- წ------ზე არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4 წლის ვადით, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა-- წ------ს სასარჩელო მოთხოვნის მიზანია მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელეთა სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება 4 წლის ვადით, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია კანონის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებული ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის – მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მესამე თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წელს მიღწეულ პირზე – 10 წლის ვადით, ხოლო სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გასაცემი, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირადობის მოწმობა, გარდა პირადობის ელექტრონული მოწმობისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გაიცემა 6 თვემდე ვადით. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილით ა-- წ------ს ეცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98-ე ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ შესაბამისად, არ არსებობს ა-- წ------ს სახელზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირადობის მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ ა-- წ------ს განცხადება არ დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 22 დეკემბრის საჩივრის შესაბამისად, ა-- წ------ს კანონიერი წარმომადგენლის ე----- მ-----ს მიერ გასაჩივრდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის N01/363821 წერილით ე----- მ-----ს ეცნობა, რომ სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სადაც განმარტებულია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის საფუძვლები, ვინაიდან ა-- წ------ს განცხადებაში არ იყო მითითებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული დოკუმენტის გაცემა. ვინაიდან სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 07 დეკემბრის N30/338817 წერილი არის ინფორმაციული ხასიათის, სააგენტოს არ შეუძლია განიხილოს საჩივარი.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N30/311/გ გადაწყვეტილების თანახმად, ა-- წ------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ კანონი მათ აძლევს საშუალებას მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებენ არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ კანონის ასეთი სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 26-ე მუხლი პირველი პუნქტის საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია აიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის გაცემა ასევე შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეზე.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მ---------–---- ლ---- გ------- და ნ-----–---- გ------- ითხოვდნენ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებლებზე გაეცა პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, აღნიშნული დადასტურებული იქნა მოსარჩელეთა კანონიერი წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზეც. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 14 წლის მიღწევიდან 6 თვის ვადაში მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილის შემთხვევაში ასევე შეუძლია 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს შესაბამისად, მოსარჩელე - ა-- წ------ს შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირთა სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სანსახურებმა პირადობის მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით. პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25-ე მუხლით დადგენილ შემთხვევებში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 05 ივლისის Nბს-389-389 (კ-18) გადაწყვეტილება)

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცდილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 4 წლის ვადით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო

 

კოდექსის პირველი, მ----, 24–ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეს ა-- წ------სა და მისი კანონიერი წარმომადგენლის (დედა) ე------ მ-----ს სარჩელი - მოპასუხემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და ამავე სააგენტოს ფოთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გასცეს ა-- წ------ზე არაელექტრონული პირადობის მოწმობა 4 წლის ვადით, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასმართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის №3) მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე