გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2018
საქმის ნომერი
330310118002717812
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7079-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - აჰ--------------–-------–----

წარმომადგენელი - გ-----------–--–--ა

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება;

 

1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა აჰ--------------–-------–----ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე აჰ--------------–-------–----მა (A-------------------------, დაბ.: 26.05.1---წ., ერაყში, პასპორტის №--------) 2018 წლის 8 ოქტომბერს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შ----------------–-------–----ის 2018 წლის 8 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 74-77);

- სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 45-46).

 

3.2. აჰ--------------–-------–----ი (პასპორტის №--------), „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატები/სტუდენტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №---- (2----/2014) ბრძანებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის №02-5-- (2----/2014) ბრძანების საფუძველზე, ჩაირიცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის I კურსის სტუდენტად, მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. შესაბამის პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 5 წელს. აჰ--------------–-------–---- ამჟამად არის მეხუთე სასწავლო წლის I სემესტრის სტუდენტი. სწავლის დასრულების სავარაუდო თარიღია 2--- წლის ივლისი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2018 წლის 1-ლი ოქტომბრის N---- ცნობა (ს.ფ. 71).

 

3.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 9 ოქტომბრის №----------/1 წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისაგან გამოითხოვა ინფორმაცია, არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 5 ნოემბრის N------------------ საპასუხო წერილის თანახმად, დეპარტამენტს №---------- საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 9 ოქტომბრის №----------/1 წერილი (ს.ფ. 70);

- 2018 წლის 5 ნოემბრის N------------------ საპასუხო წერილი (ს.ფ. 69).

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ოქტომბრის წერილით აჰ--------------–-------–----ს ეცნობა, რომ მის განაცხადს არ ერთვოდა ერაყის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. განმცხადებელს აღნიშნული დოკუმენტის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარსადგენად განესაღვრა ვადა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე. აქვე განმცხადებელს განემარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილების მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უცხოელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მოპოვებული მასალის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილი იყო გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 9 ოქტომბრის №----------/7 წერილი (ს.ფ. 41-42).

 

3.5. ა---------------–-------–---მა 2018 წლსი 10 ოქტომბერს განცახდებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს და აცნობა, რომ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენას ვერ შეძლებდა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ვინაიდან საკონსულოში ვიზიტი დაუნიშნეს 2018 წლის 9 ნოემბერს. აღნიშნულის გამო, ითხოვა დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება. განცხადებას ერთვოდა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში წარდგენილი ელექტრონული განაცხადი.

 

ა---------------–-------–---მა 2018 წლის 2 ნოემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვიტარების სააგენტოს წარუდგინა ერაყის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცმული ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ. დოკუმენტი არ იყო დამოწმებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 10.02.2018წ. განცახდება (ს.ფ. 60);

- ელ.განაცხადი საკონსულო მომსახურების მიღების ფორმის და დროის განსაზღვრის თაობაზე (ს.ფ. 61-66);

- 02.11.2018წ. განცხადება (ს.ფ. 54).

- საერთაშორისო მოწობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ (ს.ფ. 55-59);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებით, აჰ--------------–-------–----,ს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარი ეთქვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 11-12).

 

3.7. დადგენილია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტმა 2018 წლის 9 ნოემბერს დაადასტურა ერაყის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო საკითხთა სამდივნოს მიერ გაცმული საერთაშორისო მოწმობა ა---------------–-------–---ის ნასამართლობის არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საერთაშორისო მოწობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ (ს.ფ. 98-106);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ აჰ--------------–-------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

მითითებული კანონის მე-14 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო.

 

,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის სახეებს. აღნიშნული მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

მითითებული კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ იგი იძებნება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის ან მსჯავრდებულია შესაბამისი განცხადების წარდგენამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისათვის (თუ ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ არის) ან მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე – სისხლის სამართლის საქმის წარმოების დასრულებამდე.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი რეგლამენტირებულია ამავე წესის მე-13 მუხლით, რომლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს, ასევე, შეუძლია სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები. კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად კი ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები, მიმართვის მიღებიდან 5 დღეში წარუდგენენ სააგენტოს მოთხოვნილ ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვადა საკმარისი არ არის წერილობითი ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, ფიზიკური და იურიდიული პირები ამის თაობაზე აცნობებენ სააგენტოს, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დამატებით ორდღიანი ვადა. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ აღნიშნულ ვადებში სააგენტოსათვის საჭირო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (გარდა კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა) და სააგენტო ვალდებულია საკითხის განხილვა დაასრულოს კანონით განსაზღვრულ ვადაში.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააგენტომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის 1-ელი და მე-5 პუნქტის შესაბამისად, შეამოწმა აჰ--------------–-------–----ის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და მისგან დამატებით მოითხოვა ერაყის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული, სათანადო წესით დამოწმებული, ცნობა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ელი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არარსებობის შესახებ. მოსარჩელეს აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა წარედგინა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე, თუმცა ხსენებული არ განუხორციელებია, რის გამოც, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო გადაწვეტილება სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უცხოელისათვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კერძოდ, მითითებული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.

 

ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი ფარგლები, ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განახორციელოს იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც აქვს მინიჭებული ეს უფლებამოსილება. საგულისხმოა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, ურთიერთშეჯერების ვალდებულებას. მითითებული ვალდებულების შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებით (განხორციელებული ქმედება) პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისთვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც მიღებული იქნა იგი, გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტური დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

 

განსახილველ შემთხვევაში აჰ--------------–-------–----ისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგიდნება, რომ მოსარჩელე არ არის ნასამართლევი. რეალურად პრობლემა წარმოშვა იმ გარემოებამ, რომ მოსარჩელემ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტი, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ დოკუმენტის დამოწმების მოთხოვნით ჯერ კიდევ 2018 წლის 10 ოქტომბერს მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა საკონსულოში ვიზიტი დაუნიშნეს 2018 წლის 9 ნოემბერს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ განცხადების განმხილველ ადმინისტრაციულ ორგანოს განცახდების განხილვის პროცესშივე აცნობა, რომ სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრებოდა დოკუმეტის სათანადო წესით წარდგენა მისგან დამოუკიდეელი მიზეზების გამო და ითხოვა განხილვის ვადის გაგრძელება, თუმცა უშედეგოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ აჰ--------------–-------–----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უნდა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აჰ--------------–-------–----ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. 33-ე მუხლი კი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აჰ--------------–-------–----ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს აჰ--------------–-------–----ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. აჰ--------------–-------–----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 5 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება აჰ--------------–-------–----ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-------------–-------–----ისთვის საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე;

 

4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი