გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4393-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - ს----------------------–ო
წარმომადგენლები - ნ-----------------–---–ი, მ------------–----–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება ს----------------------–ოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება ს----------------------–ოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე;
1.3. დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განიხილოს მოსარჩელის განცხადება ს----------------------–ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ: 2018 წლის 18 სექტემბრის სხდომის ოქმი, 15:36:38).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს და არ იყო დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ს----------------------–ო (დაბადებული 1----–-–--------------ს) არის ს----------------------–--ის მოქალაქე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------ის პასპორტი (ს.ფ. 68);
- 13.06.2018წ. განცხადება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ (ს.ფ. 40-51).
3.1.2. 2018 წლის 13 ივნისს ს----------------------–--ის მოქალაქე ს----------------------–ომ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 13.06.2018წ. განცხადება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ (ს.ფ. 40-51).
3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: პასპორტის დამოწმებული ასლის წარდგენა (ასლი დედანთან სისწორე); მომსახურების საფასურის გადახდა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ს----------------------–ოს ნების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა ს----------------------–ოს დაევალა 2018 წლის 13 ივლისამდე.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება, ხარვეზის დადგენის თაობაზე სააგენტოს ინტერნეტ გვერდზე განთავსდა 2018 წლის 14 ივნისს.
დადგენილია, რომ განმცხადებლის - ს----------------------–ოს მიერ ზემოაღნიშნული დოკუმენტები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 76-77);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის 2018 წლის 20 სექტემბრის N0-------- წერილი (ს.ფ. 153);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. დადგენილია ასევე, რომ განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებით, ს----------------------–ოს 2018 წლის 13 ივნისის განცხადება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 72-73).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ს----------------------–ოს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილებას ს----------------------–ოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტისთვის აუცილებელი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე, ასევე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებას ს----------------------–ოს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე და ითხოვს მოპასუხისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, ს----------------------–ოს განცხადების განხილვის დავალებას. სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.
საქართველოს კონსტიტუციის (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციის) მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებელი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე დასკვნის მომზადებას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევით, რაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენს. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად სააგენტოს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით’’ განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესები.
მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე დებულების მე-4 მუხლის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ნატურალიზაციის სახეებს, კერძოდ, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება - მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ან სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება - საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებული პირისათვის ან რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება - საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება - საქართველოს მოქალაქეობაშეწყვეტილი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გზით აღდგენა.
ამავე დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ ამ დებულებით დადგენილი ფორმის განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები განმცხადებელს შეაქვს სააგენტოში ან ტერიტორიულ სამსახურში, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირს - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს შეუძლია უშუალოდ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და გაუგზავნოს მას განცხადებები და საკითხის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტები. მე-7 მუხლის თანახმად კი, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მისთვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას განმცხადებელი უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი საშუალება – ელექტრონული ფოსტა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განმცხადებელი წარადგენს: ა) დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებულ განცხადებას; ბ) ფოტოსურათს - ზომით 3X4; გ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ დებულებით გათვალისწინებული შესაბამისი საკითხის განხილვისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით, ხოლო საზღვარგარეთ საფასურის გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით. ამავე დებულების 32-ე მუხლი კი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განსახილველად სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ წარსადგენი დოკუმენტების დამატებით ნუსხას, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განსახილველად სხვა ქვეყნის მოქალაქის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა; ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი; გ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
ამასთან, მითითებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმცხადებელი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღეში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი თუ სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. მითითებული საკანონმდებლო აქტის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
6.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------------------–--ის მოქალაქე ს----------------------–ომ განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: პასპორტის დამოწმებული ასლის წარდგენა (ასლი დედანთან სისწორე); მომსახურების საფასურის გადახდა და საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ს----------------------–ოს ნების შესაბამისი წესით დამოწმებული დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა ს----------------------–ოს დაევალა 2018 წლის 13 ივლისამდე. დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარმოსადგენად, ხარვეზის დადგენის თაობაზე მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2018 წლის 14 ივნისის №1----------- გადაწყვეტილება გამოქვეყნდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე 2018 წლის 14 ივნისს, ხოლო განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებით, ს----------------------–ოს 2018 წლის 13 ივნისის განცხადება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განუხილველად იქნა დატოვებული.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 14 ივნისის №1----------- და 2018 წლის 13 ივლისის №1--------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ს----------------------–ოსთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის დავალების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ს----------------------–ოს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------------------–ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე