გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2018
საქმის ნომერი
330210018002651585
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - ვ--------------–---–ი

 

მოპასუხე - თ------------–---–ია

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ------------–---–იას მოსარჩელე ვ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად 935 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 27 ივლისს 09:35 საათზე ქ. თბილისში ქ----------- ქუჩა N18-თან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც, თ------------–---–ია, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ჰონდა ფიტს, სახელმწიფო ნომრით M------, შეეჯახა მოსარჩელე ვ--------------–---–ის სატრანსპორტო საშუალებას MERSEDES BENZ M-------, სახელმწიფო ნომრით S-----. საგზაო შემთხვევის თაობაზე საპატრულო პოლიციის 27.07.2018 წლის სამართალდარღვევის ოქმით მოპასუხე დაჯარიმდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საფუძვლით 250 ლარით.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს 2018 წლის 03 აგვისტოს N--------- ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად საორიენტაციოდ შეადგენს 935 ლარს, რომლის ანაზღაურებაზეც მოპასუხე უარს აცხადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით თ------------–---–იამ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შეუსაბამოდ მაღალი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით ზიანის ოდენობა და იგი თანახმაა გადაუხადოს 250-300 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 27 ივლისს 09:35 საათზე ქ. თბილისში ქ----------- ქუჩა N18-თან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც, თ------------–---–ია, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ჰონდა ფიტს, სახელმწიფო ნომრით M------, შეეჯახა მოსარჩელე ვ--------------–---–ის სატრანსპორტო საშუალებას MERSEDES BENZ M-------, სახელმწიფო ნომრით S-----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- შემთხვევის ადგილის სქემა;

- ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.2. სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა თ------------–---–ია, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას ჰონდა ფიტს, სახელმწიფო ნომრით M------. საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტებები;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- შემთხვევის ადგილის სქემა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს დასკვნის საფუძველზე და სასამართლო იმავდროულად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ანაზღაურებული თანხა რეალურად ასახავს მიყენებული ზიანის ოდენობას, რაც შეადგენს 935 ლარს.

 

შემთხვევის ადგილის სქემის, ფოტოსურათების, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომობილს დაუზიანდა დასკვნაში დასახელებული ნაწილები. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ თანხები არარეალური იყო. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ შესაბამისი წონადი მტკიცებულება ან დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

ვინაიდან მოპასუხემ ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის გაქარწყლება - მტკიცების ტვირთის რეალიზება, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას დადასტურებულად მიიჩნევს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს N--------- დასკვნა;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვ--------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი. 2. ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ თ------------–---–იამ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში თ------------–---–იას მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ექსპერტიზის მომსახურებისთვის 241 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2. თ------------–---–იას ვ--------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 935 ლარის გადახდა;

3. თ------------–---–იას ვ--------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 241 ლარის გადახდა ექსპერტიზის დასკვნის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

4. თ------------–---–იას ვ--------------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

7. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საცივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე