გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.12.2018
საქმის ნომერი
010210018002645250
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002645250

2-3975/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12/12/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - თ------ კ--------ო

წარმომადგენელი - ნ---------------ე

მოპასუხე - დ----- მ------–---–-

წარმომადგენლი - კ------------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ------ კ--------ო სასარჩელო განცხადებით მოითხოვს დ----- მ------–---–ს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის, თ----- მ------–---–-ს სკოლაში სწავლის საფასურის ნახევრის, ერთი წლის განმავლობაში თვეში 125 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

თ------ კ--------ო და დ----- მ------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2018 წლის 30 მარტამდე. ჰყავთ ერთი საერთო შვილი - თ----- მ------–---–-, დაბადებული 2011 წლის 9 ოქტომბერს. მხარეები ხასიათებით ვერ შეეწყვენ ერთმანეთს, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ და განქორწინდენ. თ----- მ------–---–- იზრდება დედასთან. ის, შპს ,,მ--------–ას“ პირველი კლასის მოსწავლეა. თ------ კ--------ო შვილის სკოლაში სწავლისათვის ყოველთვიურად იხდის სწავლის საფასურს, 250 ლარს. მიიჩნევს, რომ დასახელებული ხარჯის გაწევა აუცილებელია, რადაგანაც აღნიშნულ სკოლაში სწავლის გარეშე, თ----- მ------–---–- ვერ მიიღებს სათანადო განათლებას. თ------ კ--------ო დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში. ის ქართულ ენას ვერ ფლობს. შესაბამისად შვილს ვერ ეხმარება გაკვეთილების მომზადებაში. სწორედ ამის გამო მოსარჩელემ შვილი სასწალებლად შეიყვანა კერძო სკოლაში, სადაც მას მასწავლებლები ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში. მიიჩნევს, რომ მოპასუხე, როგორც შვილის მამა, ვალდებულია დედის მსგავსად მონაწილეობა მიიღოს შვილის სწავლაში და ამ მიზნით მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ერთი სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევრის გადახდა.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია:

დ----- მ------–---–- სარჩელეს არ ცნობს. განმარტავს, რომ მის შვილს, თ----- მ------–---–ს არ სჭირდება კომერციულ სკოლაში სწავლა. ის განათლების მიღებას შეძლებს საჯარო სკოლაშიც, სადაც სწავლის საფასური არ არის გადასახდელი. მას ოჯახში აქვს ყველა წინაპირობა იმისა, რომ შვილს დაეხმაროს გაკვეთილების მომზადებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე სკოლის გადასახადს არ მიიჩნევს აუცილებელ დამატებით ხარჯებად, რის გამოც მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. თ------ კ--------ო და დ----- მ------–---–- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2018 წლის 30 მარტამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.2. თ------ კ--------ოს და დ----- მ------–---–ს 2011 წლის 9 ოქტომბერს შეეძინათ შვილი, თ----- მ------–---–-.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დაბადების მოწმობა. ს.ფ. 19.

 

3.1.3. თ------ კ--------ო და დ----- მ------–---–- 2018 წლის 30 მარტს განქორწინდენენ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შვილი თ----- მ------–---–- იზრდება დედასთან - თ------ კ--------ოსთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.5. თ------ კ--------ო ეროვნებით უკრაინელია. ის დაიბადა და გაიზარდა უკრაინაში. ქართულ ენაზე ვერ საუბრობს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

3.1.6. თ----- მ------–---–-, შპს ,,მ--------–ას“ პირველი კლასის მოსწავლეა. მისი სწავლის გადასახადი შეადგენს თვეში 250 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,მ--------–ას“ ცნობა.ს.ფ. 35

 

3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელეს გადახდილი აქვს სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვის სწავლის საფასური თვეში 250-250 ლარი, სულ 750 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

3.1.8. მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს ყოველთვიურად 125 ლარის გადახდა, მაგრამ მოთხოვნა ბუნდოვანი იყო და მას სასამართლომ შესთავაზა დაეკონკრეტებინა ყოველთვიური გადახდა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო. მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა თვეში 125-125 ლარის გადახდა თ----- მ------–---–-ს სრულწლოვანებამდე. საბოლოოდ მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 2018-2019 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ნახევრის გადახდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სხდომის ოქმი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1 მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხია თ----- მ------–---–- უნდა სწავლობდეს თუ არა კომერციულ სკოლაში. ასევე სადაოა მისი სწავლებისათვის უკვე გადახდილი 750 ლარი, ასევე შედგომში გადასახდელი ყოველთვიური 250 ლარი, არის თუ არა ისეთი დამატებითი ხარჯი, რომელშიც მონწილეობას ორივე მშობელი უნდა ღებულობდეს თანაბრად. სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს საკითხები არაა ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტია, რომ თ----- მ------–---–- სწავლობს შპს ,,მ--------–აში“ და მისი სწავლისათვის თ------ კ--------ო იხდის თვეში 250 ლარს. შპს ,,მ--------–აში“ სწავლის აუცილებლობა და მასში გადახდილი 250 ლარის დამატებით ხარჯებად მიჩნევა/არ მიჩნევის საკითხი დამოკიდებულია დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივ შეფასებაზე და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. მოპასუხეს უნდა დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის სკოლაში სწავლის, უკვე გადახდილი საფასურის ნახევრის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო შვილი, თ----- მ------–---–-, დაბადებული 2011 წლის 9 ოქტომბერს. ის ცხოვრობს და იზრდება დედასთან - თ------ კ--------ოსთან. მიუხედავად იმისა, რომ დ----- მ------–---–- თ------ კ--------ოსთან განქორწინებულია და არ ცხოვრობს მასთან და თ----- მ------–---–თან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას თ------ კ--------ოს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს იმ აუციელებელ ხარჯებში, რაც შვილის წინაშე გაჩნდება სხვადასხვა ეტაპზე. ასეთი შეიძლება იყოს სწავლა, მკურნალობა, აუცილებელი ინვენტარის შეძენა და სხვა. მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს შვილის რჩენისათვის დაკისრებული აქვს ალიმენტი. მოსარჩელე ალიმენტისაგან დამოუკიდებლად მოითხოვს ისეთ ხარჯებში მოპასუხის მონაწილეობას, როგორიცაა სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქ. სკ-ის 1215-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა იმ დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლის მთავარი მოვალეობაა მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, ჩამოაყალიბოს ბავშვი საზოგადოების ღირსეულ წევრად. მშობლის უფლება მოიცავს არამარტო ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესად განსაზღვრავს, არამედ მოიცავს იმ უფლებასაც მშობელმა/მშობლებმა გადაწყვიტონ თუ რომელ მესამე პირთან ჰქონდეს, ან არ ჰქონდეს ურთიერთობა შვილს, რომელი წესით უნდა აღიზარდოს შვილი, რომელ სკოლაში ისწავლოს შვილმა, რომელი ენა ისწავლოს, რომელი აღმსარებლობის იყოს გარკვეულ ასაკამდე, რა წაიკითხოს და რა არ წაიკითხოს და ა.შ. ამ საკითხებს მშობლები წყევეტენ ურთიერთ შეთანხმებით, მაგრამ თუ ვერ შეთანხმდენ, მაშინ საკითხს შვილის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო. წინამდებარე შემთხვევაში მშობლები ვერ თანხმდებიან რომელ სკოლაში ისწავლოს თ----- მ------–---–მა. დედამ - თ------ კ--------ომ გადაწყვიტა, რომ მან უნდა ისწავლოს ქართულ სკოლაში და ამასთან ერთად გადაწყვიტა, რომ მან უნდა ისწავლოს კომერციულ სკოლაში, სადაც გახანგრძლივებული სწავლების რეჟიმია და მასწავლებლები სკოლაშივე ეხმარებიან თ----- მ------–---–ს გაკვეთილების მომზადებაში. თავის მხრივ დ----- მ------–---–- კატეგორიული წინააღმდეგია დასახელებულ სკოლაში ისწავლოს თ----- მ------–---–მა. მას სურს თ----- მ------–---–მა ისწავლოს ქართულ სკოლაში, მაგრამ არ სურს კომერციულ სკოლაში სწავლება. თუმცა მას ამ საკითხთან დაკავშირებით დავა არ დაუწყია. მან თავიდანვე იცის, რომ შვილი კომერციულ სკოლაში სწავლობს, მაგრამ სკოლის შერჩევა სადაო არ გაუხდია. ამ შემთხვევაში მხოლოდ სკოლის ,,არ მოწონებით“ ამართლებს ხარჯებში მონაწილეობაზე უარის თქმას. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ მშობლები ვერ თანხმდებიან რომელ სკოლაში ისწავლოს შვილმა, მაშინ ერთერთმა მშობელმა აღნიშნულ საკითხზე უნდა წამოიწყოს დავა. ამ შემთხვევაში თ----- მ------–---–- უკვე სწავლობს კონკრეტულ სკოლაში და მისი დედა იხდის სწვლის საფასურს. როგორც სკოლის შერჩევის საკითხი, ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც დამოკიდებულია შვილისა და მშობლის უფლებებზე და ამ უფლებათა რეალიზებისას მშობლები თანაბარნი არიან. შესაძლებელია ნებისმიერი საკითხი გახდეს სადაო და მის გადაწყვეტაში აუცილებელი გახდეს სასამართლოს ჩარევა. შესაძლებელია პირიქითაც მოხდეს (როგორც ხდება ძრითადად) და მშობლებმა ურთიერთ შეთანხმებით გადაწყვიტონ შვილის უფლებებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, მათ შორის სკოლის შერჩევის საკითხიც. თუ ვერ შეთანხმდებიან, მაშინ დაინტერესებუომა მშობელმა სარჩელი უნდა აღძრას და მოითხოვოს სადაო საკითხის გადაწყვეტა. წინამდებარე შემთხვევაში სკოლის შერჩევაზე დავა არ მიმდინარეობს, ამიტომ ამ მიმართულებით მხარეებს მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და მსჯელობაც არ განვითარებულა. შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს შპს ,,მ--------–აში“ თ----- მ------–---–-ს სწავლა შეესაბამება თუ არა თ----- მ------–---–-ს სრულყოფილი განათლების მიღების ინტერესს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თ------ კ--------ოს მიერ თ----- მ------–---–-ს სწავლისათვის გადახდილი თანხა არის თუ არა ის დამატებითი ხარჯი, რომლის გადახდაც მეუღლეებს თანაბრად ეკისრებათ.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის ვალდებულებას მშობელს განუსაზღვრას კანონი. დასახელებული ვალდებულება იყოფა ორ ნაწილად. პირველი მათგანია ალიმენტი, რომელიც წყდება მშობლების შეთანხმებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით, და მეორეა დამატებითი ხარჯები. მასში მონაწილეობის ვალდებულება აქვს მშობელს თუ ბავშვმა მიიღო დასახიჩრება, ავადმყოფობა, ან არსებობს სხვა მსგავსი გარემოება. ყველა ის ხარჯები, რომელიც გაუთვალისწინებელ გარემოებასთან არის დაკავშირებული, ითვლება დამატებით ხარჯებად. ნათელია, რომ საალიმენტო ვალდებულების მიზანია ბავშვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო თანხები შესაძლებელია არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების გასანხორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებით. ესაა დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხით და მისი დაკავშირება არ შეიძლება ხელფასთან ან სხვა შემოსავალის ოდენობასთან. თუ ხარჯის გაწევა წინასწარ არ იყო მოსალოდნელი, იმავდროულად თუ ამ ხარჯის გაწევის გარეშე შეუძლია შვილის სათანადო აღზრდა, ბუნებრივია ასეთ ხარჯს უნდა მიენიჭოს აუცილებელი ხარჯის სტატუსი.

 

დადგენილია, რომ თავდაპირველად მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ცხოვრობდენ. ერთად ცხოვრების პერიოდში, თ------ კ--------ოს ენის ბარიერი არ იყო მნიშვნელოვანი პრობლემა. თუ თ------ კ--------ომ არ იცის ქართულად წერა და კითხვა, სამაგიეროდ ქართულად წერს და კითხულობს დ----- მ------–---–- და ის შეძლებდა თ----- მ------–---–-სათვის სწავლაში დახმარებას. თ----- მ------–---–- პირველი კლასიხს მოსწავლეა, რაც ნიშნავს მას, რომ ის ახლა სწავლობს წერას, კითხვას, ანგარიშს და სხვა მნიშვნელოვან საგანმნათლებლო საკითხებს. ლოგიკურია ვარაუდი იმისა, რომ მას სკოლის შემდეგ დასჭირდება გაკვეთილების სათანადო მომზადება და მასში მხარდაჭერა. ამ საქმეში მას თ------ კ--------ო ვერ დაეხმარება, ამიტომ ის სწავლობს გახანგრძლივებულ ჯგუფში და ყოველთვიურად მისი სწავლისათვის მოსარჩელე იხდის 250 ლარს. შესაძლებელია ასეთი ხარჯის გაღება მშობელის ერთად ცხოვრების პერიოდში არ იყოს გონივრული, ასევე თ----- მ------–---–- მაღალ კლასებში თავად დაეუფლება წერა-კითხვასა და ანგარიშს, აღარ დაჭირდეს გახანგრძლივებულ რეჟიმში სწავლა, მაგრამ ამჟამად ასეთი მეთოდით სწავლება მისთვის აუცილებელია. სწორედ ამის გამო მისი გახანგრძლივებულ სწავლებაში თანხის გადახდა აუცილებელი ხარჯია. იქედან გამომდინარე, რომ სკოლის გარეშე თ----- მ------–---–-ს განათლება დადგება კითხვითი ნიშნის ქვეშ, მისი სწაველბისათვის გაწეული ხარჯი მიჩნეული უნდა იქნას დამატებით ხარჯად და მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. თუმცა ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თ----- მ------–---–მა სხვა სკოლაში გააგრძელოს სწავლა, გაეზარდოს ან შეუმცირდეს გადასახადი. აღნიშნულის გამო არაა ლოგიკური, სასამართლომ სამომავლო დროისათვის მოპასუხეს დაუდგინოს იგივე ხარჯები, რაც სექსტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ჰქონდა თ------ კ--------ოს. მოსარჩელეს სულ გადახდილი აქვს სამი თვის სწავლის ღირებულება, სულ 750 ლარი. მისი ნახევარი უნდა დაეკისროს დ----- მ------–---–ს. ამ მოსაზრებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უკვე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია. სხვა პერიოდის ხარჯის ნაწილში უსაფუძვლა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადახდეს სახ. ბაჟის სახით გადასახდელი თანხის ნახევარი 50 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ------ კ--------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. დ----- მ------–---–ს, თ------ კ--------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 375 ლარის გადახდა.

3. დ----- მ------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ.№30) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე