გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2085-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ს------- ბ---------–---–ი
წარმომადგენელი - ე------–---------–---ი
მოპასუხე - სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ი“
წარმომადგენელი - ა------------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“ ს------- ბ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7965 ლარის ანაზღაურება.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სადაზღვევო პოლისის #EUL 0086/16 და იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების V.03.08.2016 საფუძველზე მოსარჩელე დაზღვეული იყო სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ში“. სადაზღვევო პერიოდი 08/09/2016-07/09/2017.
დაზღვევის მომენტში, მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „ბანკი რესპუბლიკაში“, დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 15 მაისს. სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მიზნით მოსარჩელემ მიმართა სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“. თუმცა, 2017 წლის 17 ივლისის წერილით უარი ეთქვა ანაზღაურების გაცემაზე იმ მიზეზით, რომ თითქოს იძულებითი უმუშევრობა დადგა დაზღვევის პირობებით გათვალისწინებული მოცდის პერიოდის განმავლობაში. სადაზღვევო პოლისი გაიცა 2016 წლის 08 სექტემბერს. პოლისი/დაზღვევის პირობები ითვალისწინებს მოცდის პერიოდს - სადაზღვევო პოლისის ძალაში შესვლიდან ათვლილი ექვს თვიანი ვადა, რომლის განმავლობაში დამდგარი შემთხვევები არ ექვემდებარება ანაზღაურებას მზღვეველის მხრიდან. მოსარჩელის შემთხვევაში მოცდის პერიოდი განისაზღვრა 2016 წლის 08 სექტემბრიდან 2017 წლის 08 მარტამდე. მოსარჩელესთან, როგორც დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2017 წლის 15 მაისს. შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა ანუ დაზღვევის პირობებით განსაზღვრული იძულებითი უმუშევრობა დადგა ან დაიწყო 2017 წლის 15 მაისს. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია სწორედ იმ რისკის ხდომილებამ, რომელიც მოცემული დაზღვევის პირობების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტშია მითითებული, როგორც დაფარული რისკი.
სადაზღვევო კომპანიის უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სს „ბანკი რესპუბლიკისა“ და სს „თიბისი ბანკის“ შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, სადაზღვევო კომპანიამ არასწორად მიიჩნია, რომ შერწყმის პროცესის დაწყება ნიშნავდა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, რის გამოც მოცდის პერიოდის შემდეგ დამდგარი შემთხვევა მიიჩნია არასადაზღვევო შემთხვევად და უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.
შერწმის პროცესის დაწყება არ იყო კავშირში მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან. აღნიშნული პროცესის დაწყების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა შრომითი ურთიერთობა და ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. საწარმოთა შერწყმის პროცესის არც დაწყება და არც დასრულება არ გულისხმობს ამ საწარმოებში დასაქმებულ პირებთან შრომითი ურთიერთობის უპირობო შეწყვეტას. სადაზღვევო რისკი დადგა არა შერწყმის პროცესის დაწყებისას, არამედ იმ თარიღიდან, როდესაც მოსარჩელესთან, როგორც დასაქმებულთან ფაქტობრივად შეწყდა შრომითი ურთიერთობა - 2017 წლის 15 მაისი. ფიზიკური პირებისათვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამავე პირობების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტი ადგენს, რომ სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს დაზღვეულის მიერ შერჩეული ყოველთვიური სადაზღვევო ლიმიტის ექვსმაგ ოდენობას სადაზღვევო პოლისში მითითებული ჯამური სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად. სადაზღვევო პოლისის თანახმად ანაზღაურების ჯამური ლიმიტი განისაზღვრება 8100 ლარით, ყოველთვიური ლიმიტი 1350 ლარით, ხოლო ფრანშიზა 135 ლარის ოდენობით. შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება შეადგენს ჯამურ სადაზღვევო თანხას - 8100 ლარს, გამოკლებული ფრანშიზა 135 ლარი, რაც შეადგენს 7965 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს “ჯ------------–-----ი”-ს პოზიცია სრულ შესაბამისობაშია მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულების დებულებებთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე აპელირებს 2017 წლის 11 მაისს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, იმავდროულად, გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ ამავე შეტყობინებაში ასახულია დამსაქმებლის მიერ გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა (ბანკების შერწყმის ფაქტი), ხოლო, მათ შორის მოსარჩელის ხელთ არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ სს "თიბისი ბანკი"-სა და სს "ბანკი რესპუბლიკა"-ს შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბრის თვეში (ანუ, 2016 წლის 18 სექტებერს მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცდის პერიოდის 6 თვის გასვლამდე).
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ფრაგმენტულად აპელირებს დაზღვევის პირობების ცალკეულ დებულებაზე, იმავდროულად, გვერდს უვლის ამავე პირობების დანაწესების ერთობლიობას, კერძოდ: - აღნიშნული პირობების მე-7 მუხლში ნამდვილად არის ასახული დაფარული რისკები, ამასთან, 7.1. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზებად ითვლება დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას, მაგრამ, ამავე პირობების მე-9 მუხლის 9.16 პუნქტის შესაბამისად, იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ უმუშევრობა დამდგარია დაზღვევის ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ); - პირობების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტით განსაზღვრულია, რომ სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს დაზღვეულის მიერ შერჩეული ყოველთვიური სადაზღვევო ლიმიტის ექვსმაგ ოდენობას სადაზღვევო პოლისში მითითებული ჯამური სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად, მაგრამ ამავე პირობების მე-4 მუხლის 4-11 პუნქტის შესაბამისად, ფრანშიზა წარმოადგენს ზარალის თანხის ნაწილს, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს. ფრანშიზა შეადგენს ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში, რაც ასევე ასახულია დაზღვევის პოლისში. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად იყო გათვალისწინებული 8 100 ლარის ოდენობით ჯამური და 1350 ლარის ოდენობით ყოველთვიური ანაზღაურების ლიმიტი, რის გამოც დაზღვევის პირობების ზემოთ აღნიშნული დებულების (მე-4 მუხლის 4.11 პუნქტის თანახმად, ფრანშიზის ოდენობა ყოველთვიურ გასაცემზე შეადგენს 135 ლარს, ხოლო ჯამურად - 810 ლარს.
მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ 2016 წლის 08 სექტემბრის დაზღვევის ხელშეკრულებისა და შესაბამისი დაზღვევის პირობების შესაბამისად, სხვა საკითხებთან ერთად, განსაზღვრულია შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და გამონაკლისების საკითხები. აქვე აღსანიშნავია, რომ სხვა გამონაკლისებთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემთხვევა, რომელიც არ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას, კერძოდ, იძულებითი უმუშევრობა დამდგარი დაზღვევის ხელშეკრულებით დაფარული რისკით, რომელიც არამხოლოდ დადგა, არამედ დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის (ექვსი თვე) გასვლამდე (მიუხედავად იმისა რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ).
მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ სს "თიბისი ბანკი"-სა და სს "ბანკი რესპუბლიკა"-ს შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბრის თვეში, ანუ, მოვლენა, რითაც შემდგომში განპირობებულია დამსაქმებლის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, დაიწყო დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმებიდან მოცდის პერიოდის განმავლობაში, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის წინაპირობას. დამატებით აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის უსაფუძვლობასთან ერთად, დაუსაბუთებელია მოთხოვნის მოცულობა, ვინაიდან, სარჩელის სასამართლოში წარდგენის დროისათვის, მოთხოვნის არსებობის პირობებშიც (რასაც რასაკვირველია არ ეთანხმება “ჯ------------–-----ი”, გასათვალისწინებელია დაზღვევის პირობებით განსაზღვრული შემდეგი საკითხები: - ფრანშიზა (პირობების 4.11 პ., დაზღვევის პოლისი); - გადაუხდელი სადაზღვევო პრემია (პირობების 8.3 პ.); - ანაზღაურების გაცემის პროცედურები და ანაზღაურების გაცემის შეწყვეტის წინაპირობა (პირობების 8.6 პ.); - არაანაზღაურებადი პერიოდი (პირობების 11.2 პ.), რაც მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის მოცულობასთან დაკავშირებით იგნორირებულია მოსარჩელის მიერ.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის განმარტება 7 965 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარმოადგენს სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად იყო განსაზღვრული 8 100 ლარის ოდენობით ჯამური და 1 350 ლარის ოდენობით ყოველთვიური ანაზღაურებს ლიმიტი, მაგრამ, 10% ფრანშიზის (დაზღვევის პირობების მე-4 მუხლის 4.11 პუნქტი) გათვალისწინებით, მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც (რასაც, როგორც აღინიშნა, არ ეთანხმება “ჯ------------–-----ი”) მისი ოდენობა არ აღემატება 7 290 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სადაზღვევო პოლისის #EUL 0086/16 და იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების V.03.08.2016 საფუძველზე მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ი დაზღვეული იყო სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ში“. სადაზღვევო პერიოდი 08/09/2016-07/09/2017.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 4.1.1. პუნქტის თანახმად, ფრანშიზა წარმოადგენდა ზარალის თანხის ნაწილს, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებდა. ფრანშიზა ამ პოლისისთვის შეადგენდა ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდებოდა სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში. 8.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი იტოვებდა უფლებას სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოექვითა სრული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ოდენობა.
ზემოაღნიშნული პირობების 11.2 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 თვის განმავლობაში მოქმედებდა არანაზღაურებადი პერიოდი, რომელიც გულისხმობდა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან პირველი თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებას არ განახორციელებდა. სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურება განიხილებოდა 1 თვიანი არანაზღაურებადი პერიოდის გასვლის შემდეგ, სადაზღვევო პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ი, რომელიც დასაქმებული იყო სს ,,თიბისი ბანკში“, 2017 წლის 11 მაისის განკარგულების საფუძველზე, 2017 წლის 15 მაისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
ს------- ბ---------–---–ის მიერ დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლება განაპირობა სს ,,თიბისი ბანკისა“ და სს ,,ბანკი რესპუბლიკის“ რეორგანზიაციამ/შერწყმამ, რომელიც იურიდიულად განხორციელდა 2017 წლის 08 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 მაისის განკარგულება (ს.ფ. 26-27);
- 2017 წლის 11 მაისის შეტყობინება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს ,,ჯ------------–-----მა“ 17.07.2017 წლის წერილით უარი უთხრა ს------- ბ---------–---–ს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულ პუნქტში მითითებულია, რომ იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ: 9.16 უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.
ამავე წერილით, მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ს განემარტა, რომ ვინაიდან მისი იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი ძალაში შევიდა 2016 წლის 08 სექტემბერს, ხოლო სს ,,თიბისი ბანკს“ და სს ,,ბანკ რესბულიკას“ შორის შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის 28 ნოემბერს, სადაზღვევო პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის ამოწურვამდე, სადაზღვევო კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას აღიაროს სადაზღვევა შემთხვევად და აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.07.2017 წლის წერილი (ს.ფ. 24);
- 02.08.2017 წლის წერილი (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ის“ 14.08.2017 წლის წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ს მის წერილობით პრეტენზიასთან დაკავშირებით განუმარტა, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების მე-9 პუნქტის თანახმად, ,,იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ: 9.16 უმუშევრობა დამდგარია ამ ხელშეკრულების მე-7 მუხლში წარმოდგენილი დაფარული რისკით ან რისკებით, რომელიც ან რომლებიც დადგა და/ან დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლამდე (მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლისა და პოლისის გამოწერიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ). ვინაიდან, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების რისკი დაიწყო დაზღვევის ძალაში შესვლამდე, აღნიშნული წერილის თანახმად, სადაზღვევო კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ეღიარებინა სადაზღვევო რისკად და აენაზღაურებინა მისთვის მიყენებული ზარალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 14.08.2017 წლის #8200 წერილი (ს.ფ. 80);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. სს ,,თიბისი ბანკის“ და სს ,,ბანკი რესპუბლიკის“ შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, ხოლო შერწყმის განხორციელების თაობაზე ბანკების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2016 წლის დეკემბერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 29 მაისის წერილი (ს.ფ. 134);
- 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ. 53);
- სს ,,თიბისი ბანკის“ აქციონერის თიბისი ბანკ გრუპ პი-ელ-სის გადაწყვეტილება (ს.ფ. 161-163);
- სს ,,თიბისი ბანკის“ 28.06.2017 წლის წერილი (ს.ფ. 164);
- სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ საერთო კრების გადაწყვეტილება (ს.ფ. 56-57)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ბოლო ორი (ივლისი, აგვისტო) სადაზღვევო პრემიის გადახდა აღარ განხორციელებულა და ჯამური, გადაუხდელი სადაზღვევო პრემია (2 თვის) შეადგენს 47.30 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 18);
- დაზღვევის ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 19-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარემ შედავება ამ კუთხით განახორციელა შესაგებელში და მიუთითა სასამართლო პროცესზეც, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა მითითება გაკეთებული გადახდილი აქვს თუ არა მოსარჩელეს ბოლო 2 თვის სადაზღავევო პრემია) - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არ დგინდება მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მე-7 პუნქტით განსაზღვრული, იძულებითი უმუშევრობის დაზღვეული დაფარული რისკებიდან ამავე შეთანხმების 9.16 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო პირობის არსებობა ამავე შეთანხმების 4.10 პუნქტით განსაზღვრულ მოცდის პერიოდში.
დადგენილია, რომ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობებით მხარეებმა შეათანხმეს, რომ სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემოდა სადაზღვევო შემთხვევის - იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში. ასევე, მხარეებმა შეთანხმებით გაითვალისწინეს საგამონაკლისო შემთხვევები, რა დროსაც იძულებითი უმუშევრობის შემთხვევაში ანაზღაურება არ გაიცემოდა.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ სს „თიბისი ბანკსა“ და სს „ბანკ რესპუბლიკას“ შორის შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში. მოპასუხე მხარის მითითებით აღნიშნული ნიშნავს, რომ მოცდის ექვსთვიანი პერიოდის გასვლამდე წარმოიშვა დაფარული რისკი, მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული პირის უმუშევრობა დადგა პოლისის ძალაში შესვლიდან მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ.
მხარეთა შეთანხმების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (2016 წლის 08 სექტემბერი) 6 თვის მოცდის პერიოდის გასვლამდე დაიწყებოდა ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც, აუცილებელს ხდიდა სამუშაო ძალის შემცირებას, დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოება, ორგანიზაციის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება).
დადგენილია, რომ სს "თიბისი ბანკისა" და სს "ბანკი რესპუბლიკის" შერწყმის პროცესი დაიწყო 2016 წლის ნოემბერში, ხოლო შერწყმის განხორციელების თაობაზე ბანკების აქციონერთა კრებებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2016 წლის დეკემბერში, ს------- ბ---------–---–სა და სს „ბანკ რესპუბლიკას“ შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება კი შეწყდა 2017 წლის 15 მაისიდან.
მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს და განმარტავს, რომ სს "თიბისი ბანკსა" და სს "ბანკ რესპუბლიკას" შორის შერწყმის პროცესის დაწყება (2016 წლის ნოემბერში) არ ნიშნავდა ავტომატურად სს „ბანკ რესპუბლიკაში“ დასაქმებული პირების გათავისუფლებას. მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია გენერალური დირექტორის 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება სს „თიბისი ბანკისა“ და სს „ბანკი რესპუბლიკის“ შერწყმის ადამიანთა რესურსების მართვის პოლიტიკის შესახებ. ბრძანების თანახმად, შერწყმის ფარგლებში ძალაში შევიდა სს „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალების თანამშრომელთა შრომითი პირობები, რომელთა მიხედვით, ბრძანების ძალაში შესვლის დროისათვის არსებული თანამშრომელთა მოქმედი შრომითი ხელშეკრულების პირობები 2017 წლის 15 მაისი ჩათვლით დარჩა უცვლელი და ასევე, ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 15 მაისიდან სს „ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალების თანამშრომლებს, სს „თიბისი ბანკთან“ განუსაზღვრელი ვადით გაუფორმდებოდათ შრომითი ხელშეკრულებები. აღნიშნული იძლევა მყარი ვარაუდის საფუძველს, რაც თავის მხრივ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბანკების შერწყმის პროცესის დაწყებასთან სს „ბანკი რესპუბლიკაში“ დასაქმებული პირების შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში და ავტომატურად დაკავშირებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაფარული რისკები არ წარმოშობილა ექვსთვიანი მოცდის პერიოდში, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე საგამონაკლისო, უარის თქმის საფუძველი, არამედ სახეზეა ის დაფარული რისკი (შეთანხმების 7.1), რაც სწორედ სადაზღვევო შემთხვევას - დაზღვეულის იძლებით უმუშევრობას გულისხმობს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო პოლისი (ს.ფ. 18);
- დაზღვევის ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 19-23);
- 2016 წლის 10 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ.153);
3.2.2. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ სს ,,ჯ------------–-----ის“ მიერ ს------- ბ---------–---–ისთვის ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხა ფრანშიზის და გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გათვალისწინებით შეადგენს 7242.70 ლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ფიზიკური პირებისათვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, იძულებითი უმუშევრობის მიზეზად ითვლება მხოლოდ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მიზეზიცაა: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. ამავე პირობების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტი ადგენს, რომ სადაზღვევო თანხა ერთ დაზღვეულზე შეადგენს დაზღვეულის მიერ შერჩეული ყოველთვიური სადაზღვევო ლიმიტის ექვსმაგ ოდენობას სადაზღვევო პოლისში მითითებული ჯამური სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად. სადაზღვევო პოლისის თანახმად ანაზღაურების ჯამური ლიმიტი განისაზღვრება 8100 ლარით, ყოველთვიური ლიმიტი 1350 ლარით, ხოლო ფრანშიზა 135 ლარის ოდენობით. შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურება შეადგენს ჯამურ სადაზღვევო თანხას - 8100 ლარს, გამოკლებული ფრანშიზა 135 ლარი, რაც შეადგენს 7965 ლარს. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, ფრანშიზის თანხა წარმოადგენს ერთჯერად გადასახდელს, ვინაიდან სადაზღვევო პოლისში მისი მრავალჯერადი გადახდის თაობაზე მითითებული არ არის. სასამართლო მოსარჩელე მხარის აღნიშნულ პოზიციას ფრანშიზასთან დაკავშირებით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნებისთვის სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისით, არამედ ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობებით, რომლის 4.11 მუხლის თანახმად, ფრანშიზა არის ზარალის თანხის ნაწილი, რომელსაც მზღვეველი არ აანაზღაურებს. ფრანშიზა ამ პოლისისთვის შეადგენს ყოველთვიური ლიმიტის 10%-ს და აკლდება სადაზღვევო ანაზღაურებას თითოეულ და ყველა შემთხვევაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები სადაზღვევო პოლისთან ერთად არეგულირებს ამ კონკრეტულ სადაზღვევო ურთიერთობას, შესაბამისად, სადაზღვევო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს არა მხოლოდ სადაზღვევო პოლისით, არამედ დაზღვევის პირობებით. შესაბამისად, ჯამური ფრანშიზა არსებულ შემთხვევაში შეადგენს 810 ლარს.
ასევე, ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი იტოვებდა უფლებას სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოექვითა სრული სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ოდენობა. წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი ბოლო 2 თვის სადაზღვევო პრემია, რაც მოპასუხეს მითითებული თანხის (47.30 ლარი) გამოქვითვის შესაძლებლობას ანიჭებს ზემოაღნიშნული პუნქტის დანაწესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 18);
- ფიზიკური პირებისთვის იძულებითი უმუშევრობის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 19-23);
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 802-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
დადგენილია, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----მა“ დამზღვევზე გასცა სადაზღვევო პოლისი, რასაც ხელს აწერენ მხარეები. ამდენად, დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა ხელმოწერილი დაზღვევის ხელშეკრულებისა და მისი წერილობითი ფორმის შესახებ. რაც შეეხება ხელშეკრულების არსებით პირობებს, უპირველესად უნდა შეფასდეს, რა ითვლება ასეთად. კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას. საკითხთა წრე, რომელზედაც მხარეთა შეთანხმება აუცილებლადაა მიჩნეული შეიძლება იყოს ხელშეკრულების საგანი, ფასი და ხელშეკრულების ვადა. თუმცა, აღნიშნული ვერ იქნება გამოყენებული ყველა ტიპის ხელშეკრულების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულების არსებით პირობებზე: სადაზღვევო ლიმიტზე - 8100 ლარი, პერიოდზე - 2016 წლის 08 სექტემბრიდან 2017 წლის 07 სექტემბრამდე, დაზღვეულ რისკზე - იძულებითი უმუშევრობა. მაშასადამე, მხარეები შეთანხმდნენ არსებით პირობებზე, რომლებიც გამოხატავენ და შეესაბამებიან დაზღვევის ხელშეკრულების ბუნებას. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმებისა და მასზე ხელმოწერის შემდეგ, ხელშეკრულება იქცა ნამდვილად და მხარეთათვის წარმოშვა შესაბამისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სახეზეა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული იმ დაფარული რისკის არსებობა, რაც იძულებითი უმუშევრობის მიზეზს გულისხმობს, რაც თავის მხრივ, დაზღვეულ პირს ს------- ბ---------–---–ს უფლებას აძლევს მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება. დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში 2017 წლის 15 მაისიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაზღვეულს ს------- ბ---------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს დაზღვევის პირობების გათვალისწინებული ფრანშიზის და გადაუხდელი სადაზღვევო პრემიის გამოკლებით 7242.70 ლარი, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სადაზღვევო თანხა მოთხოვნილი 7242.70 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 239.00 ლარის ოდენობით. ვინაიდან წარმოდგენილ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“ მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის 217.28 ლარის ოდენობით ანაზღაურება. ამასთან, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 0.05 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო რა ნაწილშიც მოსარჩელე მხარეს ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი, სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ს------- ბ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“ ს------- ბ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 7242.70 ლარის გადახდა.
3. არ დაკმაყოფილდეს ს------- ბ---------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის 722.30 ლარის დაკისრების თაობაზე.
4. სს ,,სადაზღვევო კომპანია ჯ------------–-----ს“ ს------- ბ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 217.28 ლარის ანაზღაურება.
5. ს------- ბუ------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 19/10/2017 წლის №1 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 239.00 ლარის ნაწილი - 0.05 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე