გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
010210018002598783
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002598783

№2/3490-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.12.18 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

მოსარჩელე - ი---ა თ----------–--ე

მოპასუხე - დ---თ ჩ----ა

წარმომადგენლები - მ------–ა ჩ----ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე დ---თ ჩ----ასათვის არასრულწლოვანი შვილების ი----ა და ნ-----–--ზ ჩ----ების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ჯამში 400 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ი----ა ჩ----ა და 2--- წლის 2----–--ს დაბადებული ნ-----–--ზ ჩ----ა. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან და იმყოფებიან მისი მზრუნველობის ქვეშ. მოპასუხე, რომელსაც გააჩნია სათანადო შემოსავლები, საკმარისად არ ზრუნავს შვილების რჩენასა და აღზრდაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ალიმენტის სახით 80 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდას, პირიქით, აქტიურად არის ჩართული მათ აღზრდაში და იღებს შესაბამის ხარჯებს, მაგრამ შემოსავალი იმ ოდენობით, რაც ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის საშუალებას მისცემდა, არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ი---ა თ----------–--ესა და მოპასუხე დ---თ ჩ----ას თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ი----ა ჩ----ა და 2--- წლის 2----–--ს დაბადებული ნ-----–--ზ ჩ----ა. ი---ა თ----------–--ე და დ---თ ჩ----ა, ამჟამად, ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან - ი---ა თ----------–--ესთან და იმყოფებიან მისი მზრუნველობის ქვეშ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ი----ა ჩ----ას დაბადების მოწმობა;

- ნ-----–--ზ ჩ----ას დაბადების მოწმობა;

 

3.1.2. მოსარჩელე ი---ა თ----------–--ე დასაქმებულია სასტუმრო „ა--------–ში“ დამლაგებლის პოზიციაზე და მისი ანაზღაურება თვეში შეადგენს, დაახლოებით, 400 ლარს. მოპასუხე დ---თ ჩ----ა პროფესიით მძღოლია და დასაქმებულია ბათუმის ს----–-----–------ო ს--------ში. არ გააჩნია ფიქსირებული სახელფასო ანაზღაურება. მისი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია მგზავრთა მიერ გატარებული სამგზავრო ბარათების რაოდენობაზე. დ---თ ჩ----ას 2018 წლის მარტის თვეში ხელფასის სახით ჩაერიცხა - 481.97 ლარი, აპრილის თვეში - 38.92 ლარი, მაისის თვეში - 803.51 ლარი, ივნისის თვეში - 558.92 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი დ---თ ჩ----ას საბანკო ანგარიშიდან;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე დ---თ ჩ----ას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რაც მას არასრულწლოვანი შვილების - ი----ა და ნ-----–--ზ ჩ----ას სასარგებლოდ, მისცემდა ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება მოპასუხის შემოსავლების თაობაზე. მას სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებაც, რომლის მიხედვით დ---თ ჩ----ას სტაბილური და ფიქსირებული ყოველთვიური შემოსავალი არ გააჩნია. შესაბამისად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია შემოსავალი იმ ოდენობით, რაც მას მისცემდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის გადახდის საშუალებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა და ა. შ. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, ასევე ითვალისწინებს სარჩენ პირთა ასაკს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მოთხოვნილებებს, ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ შესაძლებლობას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნია ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას და მიიჩნევს, რომ ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 140-140 ლარის ოდენობით თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის.

 

3.2.2. მოპასუხე დ---თ ჩ----ას საკრედიტო დაწესებულებასთან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 20 მაისამდე ეკისრება კრედიტის დაფარვის ვალდებულება ყოველთვიურად 186.69 ლარის ოდენობით, მასვე თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნია 540 ლარის ოდენობით დავალიანება, თუმცა ეს გარემოება ვერ გახდება მოპასუხის ვალდებულების - არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გადაიხადოს ალიმენტი გონივრული ოდენობით, შემცირების საფუძველი.

 

ის გარემოება, რომ მოპასუხეს საკრედიტო დაწესებულებასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე გააჩნია გარკვეული ფულადი ვალდებულება, დასტურდება მოპასუხე მხარის განმარტებითა და წარმოდგენილი წერილობითი მასალებით - სესხის ხელშეკრულებით, თავდებობის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით.

 

ალიმენტის გონივრული ოდენობის განსასაზღვრავად, სასამართლო აფასებს რა მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას, მის ყოველთვიურ რეგულარულ შემოსავალს, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ალიმენტვალდებული პირის მიერ, კრედიტის დასაფარავად, დადგენილი გადასახადის ყოველთვიურად გადახდა, მოპასუხის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ვერ იქონიებს - გარკვეულ ვადაში გაწერილი ეს დროებითი ვალდებულება ვერ გახდება ალიმენტის ოდენობის შემცირებისა და მოპასუხისათვის მოვალეობების შესრულებისაგან განრიდების უპირობო საფუძველი. სასამართლოს აღნიშნავს, რომ მოცემული დასკვნა შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხილეთ საქმე №ას-1299-1226-2012).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198, 1212, 1214, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; 29.11.1989 წელი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

1989 წლის 29 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებებს ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას კი ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

 

ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამგვარი პირობები მოიცავს შვილების უზრუნველყოფას კვებით, ჰიგიენით, საჭირო მედიკამენტებით. ამასთან, ბუნებრივია ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა თუ მის რჩენაზე მყოფი სხვა პირების მიმართ, ასევე სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვი მოთხოვნილებებს არ ამცირებს და მით უფრო არ გამორიცხავს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

მინიმალურ ზღვარს ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობისა თუ არასტაბილური შემოსავლის ფაქტიც კი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობით დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, თვითდასაქმებისა თუ არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ი----ა და ნ-----–--ზ ჩ----ები ცხოვრობენ დედასთან და ძირითადად დედა ზრუნავს მათ რჩენასა და აღზრდაზე. საქმის მასალებისა და მხარეთა განმარტებების მიხედვით, მოსარჩელე არ არის მატერიალურად იმგვარად უზრუნველყოფილი, რომ სრულად გაიღოს ბავშვების რჩენის ხარჯები. შესაბამისად, აუცილებელია მათ აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც. საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ. უდავოა, რომ არასრულწლოვან ბავშვებს სჭირდებათ მშობლების ფინანსური დახმარება, ხოლო მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა შვილის რჩენასა და აღზრდაში. დადგენილია, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია, დასაქმებულია და ხელფასის სახით გააჩნია შემოსავალი ყოველთვიური ხელფასის სახით. შესაბამისად, მას შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით მოიპოვოს სახსრები შვილების რჩენის მიზნით. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით, თითოეული შვილისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 21 აგვისტოდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 4800 ლარს (400X12=4800), ხოლო სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 72 ლარს (4800X3:100:2=72), თანახმად სსკ-ის 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთXოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ 3360 ლარის ნაწილში ((140+140)X 12=3360). შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50.40 ლარს. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის სახით 80 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც ის უნდა გათავისუფლდეს მოთხოვნის ამ ნაწილის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 14.40 ლარის გადახდისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს, მის მიერ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 36.00 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ი---ა თ----------–--ის სარჩელი მოპასუხე დ---თ ჩ----ას მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

 

1.1. მოპასუხე დ---თ ჩ----ას არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული ი----ა ჩ----ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

1.2. მოპასუხე დ---თ ჩ----ას არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2----–--ს დაბადებული ნ-----–--ზ ჩ----ას სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 140 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 21 აგვისტოდან, მის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე დ---თ ჩ----ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 36 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს (ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი