გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
080210017001674802
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/40-17

გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.12.2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“;

წარმომადგენელი -ზურაბ წკეპლაძე;

მოპასუხე - ი----ლი გ----ავა, ი----ლი ნ---იძე (არ გამოცხადნენ);

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

 

1. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ი----ლი გ----ავას და ი----ლი ნ---იძის მიმართ, მისი მითითებით 2015 წლის 25 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, ხოლო მის საფუძველზე საკრედიტო, თავდებობის და გირავნობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა ორი სასყიდლიანი კრედიტი - 4610 აშშ დოლარის და 1580 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა - 72%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე მიმდინარე ნაშთის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. თითოეული კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა მოპასუხის ი----ლი გ----ავას კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები „დაფ FTR 95 XF 430”, სახელმწიფო ნომრით GG257CC და „ვოგელზანგ VO-17-27“, სახელმწიფო ნომრით BA997B. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2015 წლის 25 ოქტომბრიდან არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ 2015 წლის 30 ოქტომბერს. ვინაიდან მსესხებელმა ვერ შესძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, 2015 წლის 01 დეკემბერს ნებაყოფლობით გადასცა მის საკუთრებაში რიცხული ორივე მანქანა, რის შემდეგაც შეწყდა პირგასამტეხლოს დარიცხვა. 2016 წლის 29 ნოემბერს ერთ-ერთი ავტომობილი „ვოგელზანგ VO-17-27“ გაიყიდა 1505 ლარად, მეორე ავტომობილი კი შეფასებულია 7054 ლარად. შესაბამისად, მოპასუხეებს გადასახდელი დარჩათ დავალიანება 7584.44 აშშ დოლარი, აქედან ერთი სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე - 5.225.13 აშშ დოლარი, მეორე სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე - 2359.31 აშშ დოლარი. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს ი----ლი გავაზავას და ი----ლი ნ---იძეს დაეკისროთ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სასაგებლოდ სოლიდარულად 7584.44 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 20989.17 ლარის გადახდა, ასევე მიყენებული ზიანის 4301.19 აშშ დოლარის ექვივალენტი 11903.11 ლარის გადახდა, რადგან თუკი მოპასუხეები დროულად დაფარავდნენ ვალს, ორგანიზაციას მიეცემოდა შესაძლებლობა გაეცა ახალი სესხი და მიეღო სარგებელი.

2. მოპასუხე ი----ლი ნ---იძემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მოპასუხე ი----ლი გავაზავას სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია.

3. სასამართლო სხდომაზე, მოპასუხეები, რომლებსაც სხდომის თარიღი ეცნობათ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ გამოცხადნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები უცნობებიათ სასამართლოსათვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

5. მოცემულ შემთხვევაში დამტკიცებულად ითვლება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2015 წლის 25 აგვისტოს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ს და ი----ლი გ----ავას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება A3254, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი 4610 აშშ დოლარი, წლიური მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი – 96%. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება A3254a, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ი----ლი გ----ავამ მიიღო სესხის სახით 4610 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 72% დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ნაშთის 1%, კრედიტის მოქმედების ვადა - 25.08.2015-დან 25.08.2018-მდე. იმავე დღეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ს და ი----ლი გ----ავას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება A3254. გირავნობის საგანს შეადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება „დაფ FTR 95 XF 430”, სახელმწიფო ნომრით GG257CC.

5.2. 2015 წლის 25 აგვისტოს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ს და ი----ლი გ----ავას შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება A3255, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი 1580 აშშ დოლარი, წლიური მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი –96%. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, იმავე დღეს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება A3255a, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ი----ლი გ----ავამ მიიღო სესხის სახით 1580 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებლის 72% დარიცხვის პირობით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა ნაშთის 1%. კრედიტის მოქმედების ვადა - 25.08.2015-დან 25.08.2018-მდე. იმავე დღეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ს და ი----ლი გ----ავას შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება A3255, გირავნობის საგანს შეადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალება ვოგელზანგ VO-17-27“, სახელმწიფო ნომრით BA997B.

5.3. 2015 წლის 25 აგვისტოს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ს და ი----ლი ნ---იძეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების A3254, გირავნობის და საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. იმავე დღეს, იმავე მხარეებს შორის გაფორმდა მეორე თვადებობის ხელშეკრულება, რომლითაც ი----ლი ნ---იძემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების A3255a, გირავნობის და საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

5.4. 2015 წლის 30 ოქტომბერს ი----ლი გ----ავას მოსარჩელემ გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც მოსთხოვა ორივე ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო 14 დღის ვადაში დაგირავებული ავტომანქანების გადაცემა.

5.5. 2015 წლის 1 დეკემბერს ი----ლი გ----ავამ მოსარჩელეს გადასაცა ავტოსატრანსპორტო საშუალება „დაფ FTR 95 XF 430”, სახელმწიფო ნომრით GG257CC და ავტოსატრანსპორტო საშუალება „ვოგელზანგ VO-17-27“, სახელმწიფო ნომრით BA997B. იმავე დღეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის გენერალური დირექტორის მინდობილი პირის მიერ გამოიცა ბრძანება ორივე სესხის ხელშეკრულებაზე პირგასამტეხლოს დარიცხვის შეწყვეტის შესახებ. ი----ლი გ----ავამ დაწერა ხელწერილი, რომლითაც მოსარჩელეს მიენიჭა უფლებამოსილება ავტომანქანების რეალიზაციის ან მისი გადაფორმების თაობაზე.

5.6. 2015 წლის 01 დეკემბერს შედგა ავტომანქანის „ვოგელზანგ VO-17-27“, სახელმწიფო ნომრით BA997B და ავტოსატრანსპორტო საშუალების „დაფ FTR 95 XF 430”, სახელმწიფო ნომრით GG257CC, გადაცემის და ვიზუალური დათვალიერების აქტი, სადაც მითითებულია, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვთ. 2016 წლის 29 ნოემბერს მოსარჩელემ ავტომანქანა „ვოგელზანგ VO-17-27“ გაყიდა 1505 ლარად. ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება „დაფ FTR 95 XF 430” შეფასებული იქნა 7054 ლარად.

5.7. 2016 წლის 19 მაისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ A3254a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა 8397.79 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 4570.60 აშშ დოლარი, პროცენტი 2136.06 -აშშ დოლარი, ჯარიმა -1691.13 აშშ დოლარი. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ გასწია ევაკუატორის ხარჯი -18.40 აშშ დოლარი და ექსპერტის მომსახურების თანხა- 27.74 აშშ დოლარი გამარტივებული წარმოებისათვის სააპლიკაციო საფასური 42.63 აშშ დოლარი, მას შემდეგ რაც დავალინებას გამოაკლდა ავტომანქანის ღირებულება, დავალიანებამ შეადგინა 5225.13 აშშ დოლარი, საიდანაც 4570.60 აშშ დოლარი არის ძირი, 611.90 აშშ დოლარი - პროცენტი, სააპლიკაციო საფასური 42.63 აშშ დოლარი.

5.8. 2016 წლის 19 მაისის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ A3255a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენდა ძირ თანხას 1565.80 აშშ დოლარს, პროცენტს - 731.78 აშშ დოლარს, ჯარიმას - 579.35 აშშ დოლარს. მოსარჩელემ გასწია ევაკუატორის ხარჯი -15.95 აშშ დოლარი და ექსპერტის მომსახურების თანხა- 23.93 აშშ დოლარი, გამარტივებული წარმოების სააპლიკაციო საფასური 42.63 აშშ დოლარი. ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 2359.31 აშშ დოლარი.

5.9. სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 258-ე 276-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სსკ 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იყო საკრედიტო ხელშეკრულებით დავალიანების ნაშთის 1% ყოველდღიურად, არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს 0.07%-მდე, შესაბამისად, A3254a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ნაცვლად 1691.13 აშშ დოლარისა, 118.37 აშშ დოლარით და A3255a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნაცვლად 579.35 აშშ დოლარისა 40.55 აშშ დოლარით.

 

ამდენად, მოპასუხის დავალიანება A3254a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩება 3652.37 აშშ დოლარი, ხოლო A3255a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1820.51 აშშ დოლარი.

ასევე სამართლებრივად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (2015 წლის 25 ოქტომბერს), მოსარჩელის მოთხოვნით მას 2015 წლის 1 დეკემბერს გადასცეს დაგირავებული ავტომანქანები. საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომ ერთი ავტომანქანის აქტივში აყვანის და მეორე ავტომანქანის გასხვისების შემდეგ, მოპასუხეებს ეცნობათ დარჩენილი დავალიანების ოდენობის ან მისი დაფარვის ვალდებულების თაობაზე, ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ არის მითითებული სარჩელშიც. შესაბამისად, მოვალისათვის არ ყოფილა ცნობილი, რომ ავტომანქანის გადაცემის შემდეგ კვლავ დარჩა დავალიანება, რის გამოც ისინი ვერ იქნებიან მიჩნეული ზიანის დადგომაში ბრალეულებად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა 5472.88 აშშ დოლარის ფარგლებში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ჰქონდა 986.74 ლარი (კურსი 2.7674), შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად - 454.36 ლარი, ხოლო 532.40 ლარი - სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე, 233-237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხეებს ი----ლი გ----ავას და ი----ლი ნ---იძეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ A3254a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3652.37 აშშ დოლარის გადახდა;

3. მოპასუხეებს ი----ლი გ----ავას და ი----ლი ნ---იძეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ A3255a საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1820.51 აშშ დოლარის გადახდა.

4. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

5. მოპასუხეებს ი----ლი გ----ავას და ი----ლი ნ---იძეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Ceo Capital“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 454.36 ლარი.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე