განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-753-18
(№012031018005)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 დეკემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: ხატია გოგრიჭიანი,დაცვის მხარე:
ბრალდებული მ--------–-----ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი N-----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-----------------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახური ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი,საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 03 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე ქ.რუსთავში მ---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა მ--------–-----ემ იძალადა თავის დაზე მ--------–-----ეზე, კერძოდ ხელი ძლიერად მოუჭირა ყელზე, რის გამოც მ--------–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 03 ოქტომბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქ.რუსთავში, მ---------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მ--------–-----ე მოკვლით დაემუქრა თავის დას, მ--------–-----ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან მ--------–-----ეს მუქარის განხორციელების მომენტში ხელში ეჭირა ხანჯალი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა მ--------–-----ემ განმარტა, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში, საქართველოში დაბრუნდა დედის გარდაცვალების გამო და მას შემდეგ ცხოვრობს დასთან. შემთხვევის დროს ნასვამი იყო, მ-----ის დაურეკა და უთხრა, რომ ძმაკაცების მიყვანა უნდოდა სახლში. მაღაზიიდან პროდუქტებსაც აიტანდა, თუმცა მ-----იმ უარი უთხრა. სახლში მისვლისას სუფრა დახვდა გაშლილი, მ-----ის სტუმარი ჰყავდა, ამის გამო განაწყენდა, გაბრაზდა რომ მ-----იმ მას მეგობრების დაპატიჟების უფლება არ მისცა, იჩხუბეს, ხელი მოუჭირა ყელზე, თავიდან მოიშორა, გადიო ეუბნებოდა და შესაშინებლად ხანჯალი აიღო. მისთვის ტკივილის მიყენება არ უნდოდა, ხელის მოჭერით უბრალოდ იქით გაწია და მუქარაც მხოლოდ სიტყვიერი იყო. მომხდარზე ნანობს, თავი უნდა შეეკავებინა.
დაზარალებულმა მ--------–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ძმაა, იგი 13 წელი ცხოვრობდა უკრაინაში, საქართველოში ჩამოსვლისას მასთან ურთიერთობა დაეძაბა. წასული რომ იყო, მათ არ კითხულობდა და დედას არაფრით ეხმარებოდა, მისი დაკრძალვის ხარჯები გაყიდული ბინის ფულით დაფარა და ვალებიც გადაიხადა, ამის გამო თვლის, რომ მ-----ას არ ჰქონდა მის სახლში ისე ცხოვრების უფლება, როგორც თავად სურდა. დედამ საცხოვრებელი სახლი მის სახელზე დაარეგისტრირა და ამაზეც ნაწყენი იყო. შემთხვევის დღეს დედის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ე.წ. საკურთხი მოამზადა და მეგობარი მიიწვია. მ-----ამ დაურეკა მეგობრებს ამოვიყვანო და უარი უთხრა, იგი განაწყენდა, დაუწყო გინება, დარეკვიდან სახლში მისვლისთანავე ყელში წვდა და თავში ძლიერად ჩაარტყა მუშტი, შემდეგ მისი შვილის ცეკვის ხანჯალი აიღო და მოკვლით დაემუქრა. მისი მეგობარი აშველებდა, მ-----ა არ ჩერდებოდა და მისკენ იწევდა, ყვიროდა, იგინებოდა, ხანჯალი რომ აიღო მას შეეშინდა, რომ შეიძლებოდა მას მართლა მოეკლა, იმ მომენტში ყველაფერზე წამსვლელი იყო. ყელში ხელის წაჭერის შედეგად განიცადა ტკივილი და სილურჯეებიც ჰქონდა.
2018 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: მ--------–-----ეს გარეგნულიდ ათვალიერებისას აღენიშნება ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე და მარჯვნივ ქვედა ყბის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტმა მ--------–----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გამოკვლევა დაზარალებულის შემოწმების საფუძველზე ჩაატარა ზემოაღნიშნული დაზიანებები მას აღენიშნებოდა დასკვნაში მითითებული სახით.
მოწმე ე--------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაზარალებული მისი მეგობარია, მას დედა გარდაეცვალა და სამსახურის შემდეგ სტუმრად მივიდა. მ-----ის ძმამ დაურეკა, რა უთხრა არ იცის, თუმცა შეატყო რომ მ-----ი განერვიულდა. როგორც შემდეგ გაიგო, ძმაკაცის ამოყვანა უნდოდა სახლში და მ-----იმ უარი უთხრა. რაღაც პერიოდის შემდეგ მოვარდა მ-----ა და მ-----ის ეჩხუბებოდა რატომ არ ჰქონდა ძმაკაცების სახლში მიყვანის უფლება. წინ და უკან დარბოდა, ყვიროდა, დეტალები აღარ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ მ-----ა ხელით შეეხო მ-----ის, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა. იგი მ-----ისთან შვილთან ერთად იყო და ბავშვი რომ ამ ფაქტს შეესწრო, ძალიან განერვიულდა, ამიტომ ძირითადად იმაზე ფიქრობდა, რომ ბავშვს არაფერი მოსვლოდა. დარწმუნებით ახსოვს, რომ მ-----ამ მ-----ს დაარტყა და ემუქრებოდა ხანჯლით, ის ხანჯალი შემდეგ მან გამოართვა.
მოწმე გ--–---–-----ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებული მისი ბიძაა, იგი მათთან დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს დედამ დაურეკა და უთხრა, რომ ბიძა სახლში ნასვამი მივიდა და აგრესიული იყო. ხანჯალი, რომლითაც მ-----ა იმუქრებოდა, მას ეკუთვნის და თავის ოთახში ინახავდა.
2018 წლის 3 ოქტომბრის ოქმით ალკოტესტით შემოწმების შესახებ ირკვევა, რომ 21:14 საათზე ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებული იქნა მ--------–-----ე, რა დროსაც ალკოტესტმა დააფიქსირა 0,690 % პრომილით ალკოჰოლური თრობის ფაქტი.
მოწმე გ------------–-ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად შედგენილი დოკუმენტების სისწორე. მანვე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღო ქართული სატევარი ხმლის ქარქაში, ხოლო საძინებელ ოთახიდან ამოღებული იქნა თვითონ სატევარი. აღნიშნული დაილუქა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება. სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ ასევე პოზიტიურ ვალდებულებას. ამ მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ ასევე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ დარღვევის შემთხვევაში (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება პასუხისმგებლობის საკითხი თავად სახელმწიფოსი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
სახელმწიფო ვალდებულია გამოძიოს ქალთა მიმართ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და ოჯახში ძალადობის ფაქტები, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება იყოს დროული და ეფექტიანი. გამოძიების ეფექტურობა გულისხმობს დამოუკიდებელ, მიუკერძოებულ, დროულ და დაზარალებულის საკმარის ჩართულობას. საქმეში Opuz v. Turkey სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფოს უუნარობა დაეცვა ქალები ოჯახში ძალადობისაგან, არღვევს კანონის წინაშე ქალთა თანასწორუფლებიანობას, აგრეთვე აღრვევს მათ უფლებას ისარგებლონ კანონის დაცვის თანაბარი მექანიზმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობის ფაქტი, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. სსკ-ს 126 პრიმა მუხლის საფუძველზე დასჯადია როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ძალადობა. ფსიქიკური ძალადობა გამოიხატება სისტემატური შეურაცხყოფით, შანტაჟით ან დამცირებით, რაც ადამიანის ფსიქიკურ ტანჯვას - პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს. ძალადობა, რომელიც გამოიხატება დარტყმით, ცემით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა ორივე შემთხვევაში ძალადობის ხასიათი შედეგთან მიმართებით არ აღემატება ფიზიკური ტკივილის განცდას და ტანჯვას. როგორც წესი, ცემა მეტი ინტენსივობით ხასიათდება და არაერთჯერად დარტყმას გულისხმობს, ძალადობა კი შეიძლება იყოს ერთხელ დარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა ნებისმიერი ისეთი მოქმედება, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისკენ და ეს უკანასკნელი განიცდის ფიზიკურ ტკივილს. ძალადობა განზრახი დანაშაულია და ბრალდებულს გაცნობიერებული უნდა ჰქოდეს, რომ განზრახ ურტყამს სხვა ადამიანს.
ოჯახში ძალადობის დანაშაულის საკანონმდებლო კონსტრუქცია იმგვარია, რომ სავალდებულოდ ითხოვს დამდგარი შედეგის - ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდის დადგენას, რაც სასამართლოს შეფასებით უნდა დადგინდეს არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებით, არამედ იმ გარემოებების დადგენით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შეეძლო თუ არა პირს ობიექტურად განეცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ტკივილი შეიძლება ობიექტურად შეფასდეს თუ დაზარალებულს აღენიშნება დაზიანებები, ასევე ძალადობის ჩასადენად სხვადასხვა საგნის გამოყენება და სხვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ცემა და ძალადობა ისეთი ხასიათის მოქმედებებია, რომელიც შედეგად იწვევს ფიზიკურ ტკივილს და თავისი ინტენსივობით მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ფიზიკური ტკივილის შეფასების სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე სასამართლოს ამ შემთხვევაში დადგენილად მიაჩნია, რომ ყელში ძლიერად ხელის მოჭერა და თავში მუშტის ჩარტყმა ობიექტურად გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მ--------–-----ესა და მ--------–-----ეს შორის მომხდარი კონფლიქტის დასადასტურებლად, სასამართლოში წარმოადგინა თავად დაზარალებულის და კონფლიქტის შემსწრე ეკატერინე მეკოშკიშვილის ჩვენება, ასევე იმ პირთა ჩვენებები, რომლებმაც საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და მათ სასამართლოს დასადგენი ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ მისცეს ამომწურავი ჩვენება. მათი ჩვენებების შეფასებისას, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში არ გამოვლენილა ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად გასცა პასუხი და მის მიერ მითითებული გარემოებები სრულად დაადასტურა მოწმე ე.მეკოშკიშვილმა, რომლის განმარტებით, შეესწრო და-ძმას შორის მომხდარ კონფლიქტს და მ--------–-----ის მიმართ ძალადობის ფაქტს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენებით უტყუარად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სახლში მოსვლისთანავე ყელში წაუჭირა და ხანჯლით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც მ--------–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ასევე გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მ--------–-----ეს აღენიშნება ნაჭდევები კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე და მარჯვნივ ქვედა ყბის მიდამოში. აღნიშნული გარემოებები ერთობლიობაში სრულად იძლევა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობის დადგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მ--------–-----ემ დის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.
მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების საფუძველზე უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა დამნაშავის მხრიდან ადგილი სიცოცხლის მოსპობის (ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების) მუქარას და გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, იმას ვისაც ემუქრებიან.
საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა მუხლის თანახმად: ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის (მათ შორის) 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარის განხორციელებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ზოგადად მუქარის შემცველი სიტყვების გამჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნული ფორმით ისე უნდა იყოს გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ქმედების შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქმედების სიხშირე, გამოყენებული საშუალება, ურთიერთობა დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის.
მ--------–-----ის მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენასთან დაკავშირებით, სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის წარსულში არასახარბიელო ურთიერთობის, ასევე მათ შორის საცხოვრებელი ბინის თაობაზე არსებული უთანხმოების გათვალისწინებით, იმ კონკრეტულ მომენტში, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული გამოხატავდა აგრესიას დის მიმართ, გამოთქვამდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს და ხანჯლის დემონსტრირებით ემუქრებოდა მას მოკვლით, დაზარალებულს რეალურად ჰქონდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის მიზეზი. მხედველობაშია მისაღები ასევე ის, რომ ხანჯალი მ--------–-----ეს გამოართვა სტუმრად მყოფმა ქალბატონმა, რომელიც აშველებდა და-ძმას და ხანჯალი მან აიღო სხვა ოთახიდან, რომელიც იმ მომენტში არ იდო მისი თვალთახედვის ადგილას. შესაბამისად, უსაფუძვლოა ბრალდებულის განმარტება, რომ ხანჯლით შეშინებას, მხოლოდ სიტყვიერი დატვირთვა ჰქონდა და მის დას არ უნდა გასჩენოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ს 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
მ--------–-----ეს ისეთი ხასიათი შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულმა გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგი, ოჯახში ძალადობა ძალადობრივი დანაშაულებიდან ერთ-ერთი მეტად გასაკიცხი ქმედებაა, ოჯახის წევრის მხრიდან შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა უფრო მეტად თრგუნავს დაზარალებულს და უშლის მას ხელს განვითარებაში, იცხოვროს მშვიდ, სტაბილურ გარემოში და არ განეწყოს საზოგადოების მიმართ უნდობლობის გრძნობით. მითითებული გარემოებები ერთობლიობაში იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია ბრალდებულის იზოლაცია და მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--------–-----ის მიმართ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება ასევე გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაში არსებულ რეკომენდაციებს (X და Y საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი №24/2009), რომლის თანახმადაც, კონვენციის დარღვევად იქნა მიჩნეული სახელმწიფოს მხრიდან „ოჯახში განმეორებითი ძალადობის“ ფაქტის იგნორირება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ძალადობის აღსაკვეთად არაადეკვატური რეაგირება. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში ასევე თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ--------–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორლესური სატევარი და მისი ქარქაში, უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-271-ე, 272-ე, 273-ე, 274 - 277-ე, 279-ე, 280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, მ--------–-----ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა მ--------–-----ეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 03 ოქტომბრიდან.
მ--------–-----ის მიმართ შეფარდებული აღვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორლესური სატევარი და მისი ქარქაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მესამე განყოფილებაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე