გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.11.2018
საქმის ნომერი
330310018002580453
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4999-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ა---------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

წარმომადგენელი - ს--–---------–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი ა---------–--ის ნაწილში, კერძოდ N25 კითხვის ნაწილში.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი ა---------–--ის ნაწილში, კერძოდ N56 კითხვის ნაწილში.

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა---------–--ეს მოემატება 02(ორი) ქულა და მის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 76 (სამოცდათექვსმეტი)-ით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე - სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ა---------–--ემ 2018 წლის მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით. ა---------–--ემ ტესტირების შედეგად დააგროვა 74 ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი - ს/ფ 14-19

 

3.1.2. ა---------–--ემ ტესტირების შედეგები 02 ტესტის, მათ შორის, №25, №56 ტესტების, შეფასების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.

 

2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) ა---------–--ის საჩივარი N25, N56 ტესტების შეფასების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ა---------–--ის საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი - ს/ფ 14-19

 

3.1.3. საკვალიფიკაციო გამოცდაზე N25 კითხვა შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი - თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებული იქნა შპს „იბერიას“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ თბილისის არქიტექტურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განსახილველად მიიღო საჩივარი და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოქმედება შეჩერებულია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კანონიერია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ?

 

ექსპერტის მოსაზრებით, ნებისმიერი ტესტის ამოხსნის გასაღები თავად ტესტის კითხვაშია. აღნიშნულ შემთხვევაშიც აპლიკანტს უნდა ეხელმძღვანელა ამ წესით და კითხვაზე: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კანონიერია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ უნდა ეპასუხა სზაკ-ის და არა სასკ-ის მიხედვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია ზოგადი წესი, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, გასაჩივრებული აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან. სადავო ტესტის ფაბულის რელევანტურია მისი სწორი პასუხი.

 

წარდგენილი მოსაზრებების განხილვისა და ღია კენჭისყრის შედეგად, წარდგენილი საჩივარი N25 ტესტის შეფასების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი - ს/ფ 14-19

 

3.1.4. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს N4------- წერილის მიხედვით, ა---------–--ეს 2018 წლის 24 ივლისის წერილზე პასუხად ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების (ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება) მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს N4------- წერილი - ს/ფ 22-23

 

3.1.5. საკვალიფიკაციო გამოცდაზე N56 კითხვა შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი - სოსო, ირინე, ვანო და მანანა არიან და-ძმანი და აპოლონის პირველი რიგის მემკვიდრეები. აპოლონის გარდაცვალების შემდეგ, ირინეს, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში არ მიუღია მემკვიდრეობა, ხოლო დანარჩენებმა ნოტარიუსს მიმართეს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ირინემ თავის და-ძმებს სთხოვა შეეყვანათ სამკვიდრო მოწმობაში. რა შემთხვევაში მიიღებს ირინე სამკვიდროს?

 

ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1501-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები, რომლებსაც არ მიუღიათ სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, თანხმობა განცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე. ტესტის თანახმად, სოსომ, ვანო და მანანამ მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ტესტის შინაარსის ლოგიკური გააზრებით ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული, რადგან გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის შეყვანა შეუძლებელია, რადგან სამკვიდრო მოწმობის გაცემით დასრულებულია სანოტარო მოქმედება.

 

წარდგენილი მოსაზრებების განხილვისა და ღია კენჭისყრის შედეგად, წარდგენილი საჩივარი N56 ტესტის შეფასების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:

- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი - ს/ფ 14-19

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა---------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, "ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავოს საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესს, პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №25 ტესტური დავალების შეფასებას. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ტესტი არ პასუხობს ტესტისთვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან ტესტის შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ტესტების შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.

 

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №25 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებული იქნა შპს „იბერიას“ ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ თბილისის არქიტექტურის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ განსახილველად მიიღო საჩივარი და შესაბამის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოქმედება შეჩერებულია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, კანონიერია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ?

 

ტესტის სწორ პასუხად მიჩნეულია - "ა" დიახ, ვინაიდან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება შეჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოსარჩელემ მიუთითებს, რომ კაზუსი არ იყო სწორად ფორმულირებული, წარმოდგენილ კაზუსში მისი პასუხი მეტად შეესაბამებოდა "არა", რადგან არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული აქტის გასაჩივრებით მისი მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, კითხვაზე - კანონიერი არის თუ არა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილება აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე უნდოდა გაეცა პასუხი არა, გამომდინარე იქიდან რომ ალტერნატიულ პასუხებად არც ერთი არ იყო მოსარჩელის ვერსიასთან ახლოს და ტესტი არასრულად და ხარვეზით იყო წარდგენილი, რის გამოც იძულებული გახდა შემოეხაზა პასუხი ,,გ’’ - არა, ვინაიდან უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა და მისი რეგისტრაცია არ აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 01 აგვისტოს N4------- წერილის მიხედვით, ა---------–--ეს 2018 წლის 24 ივლისის წერილზე პასუხად ეცნობა, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტების (ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება) მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

 

"ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის, მის გაცემაზე უარის თქმის ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის (სარჩელის) განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო თვლის, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტის (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ტესტის სწორ პასუხად მიჩნეული სამართლებრივი შეფასების მიმართ, უნდა გადაწყდეს გამოსაცდელის სასარგებლოდ. შესაბამისად, №25 ტესტში დასმული საკითხის სამართლებრივი შეფასების მიმართ ტექსტის შინაარსის გათვალისწინებით, ტესტში არქიტექტურის სამსახურის მითითება, რომლის აქტებიც გასაჩივრების შემთხვევაში, წარმოებაში მიღებით არ ჩერდება, ტესტს ბუნდოვანს ხდის, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი სწორ პასუხში უნდა გადაწყდეს გამოსაცდელის სასარგებლოდ.

ამდენად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი ა---------–--ის ნაწილში, კერძოდ N25 კითხვის ნაწილში.

 

რაც შეეხება N56 ტესტს, მისი შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში - სოსო, ირინე, ვანო და მანანა არიან და-ძმანი და აპოლონის პირველი რიგის მემკვიდრეები. აპოლონის გარდაცვალების შემდეგ, ირინეს, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში არ მიუღია მემკვიდრეობა, ხოლო დანარჩენებმა ნოტარიუსს მიმართეს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით. ირინემ თავის და-ძმებს სთხოვა შეეყვანათ სამკვიდრო მოწმობაში. რა შემთხვევაში მიიღებს ირინე სამკვიდროს?

 

ექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1501-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები, რომლებსაც არ მიუღიათ სამკვიდრო კანონით დადგენილ ვადაში, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, თანხმობა განცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე. ტესტის თანახმად, სოსომ, ვანო და მანანამ მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ტესტის შინაარსის ლოგიკური გააზრებით ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული, რადგან გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში ახალი მემკვიდრის შეყვანა შეუძლებელია, რადგან სამკვიდრო მოწმობის გაცემით დასრულებულია სანოტარო მოქმედება.

 

სასამართლო იზიარებს ექსპერტის მოსაზრებას და თვლის, რომ N56 ტესტურ დავალებასა და პასუხებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს, სწორედ ამ საგამონაკლისო ნორმის ცოდნა მოეთხოვებოდა მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელს, რასაც სრულად შეიცავდა სწორ პასუხად დადგენილი ვარიანტი.

 

ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი N56 კითხვის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი (2018 წლის 20 ივლისი) ა---------–--ის ნაწილში, კერძოდ N25 კითხვის ნაწილში და უნდა დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა---------–--ეს მოემატება 01(ერთი) ქულა და მის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 75 (სამოცდათხუთმეტი)-ით. ამდენად, ა---------–--ის სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი N56 კითხვის ნაწილში გამოცემულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს ამ ნაწილში სადავო აქტის ბათილად ცნობისა და მოსარჩელის მიერ მითითებული პასუხების დადებით პასუხად მიჩნევის საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმი (2018 წლის 20 ივლისი) N- ა---------–--ის ნაწილში, კერძოდ, N25 კითხვის ნაწილში და დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ა---------–--ეს მოემატება 01(ერთი) ქულა და მის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 75 (სამოცდათხუთმეტი)-ით.

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, დაეკისროს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი