განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №150100118002737520
1/97-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – ეთერ მაღრაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - გურამ ჭყონიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული ო----- ს--------ას ძე პ--–---ი (დაბადებული 19---–-–------------------ს; საქართველოს მოქალაქე; პ/ნ 3----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ნინოწმინდის რაიონი სოფელი გ----);
ადვოკატი: კახაბერ ასპანიძე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ს-------ში, ტბასთან, ო----- პ--–---მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---- ო-------ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც გ---- ო-------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შრომისუუნარობის უმნიშვნელო მყარი დაკარგვის გამო და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. 2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ს-------ში, ტბასთან, ო----- პ--–---სა და გ---- ო-------ს შორის ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას (კამათს).
დაცვის მხარემ არ უარყო აღნიშნული კონფლიქტის ფაქტი.
მტკიცებულებები: დაზარალებულის გ---- ო-------ის, ასევე მოწმეების და ბრალდებულის ჩვენებები;
2.1.2. აღნიშნული ურთიერთშელაპარაკებისას ო----- პ--–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---- ო-------ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახეში.
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად სცემა იგი. პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან დანარჩენი პირების ვინაობა არ არის დადგენილი, ამიტომ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო საქმე ო----- პ--–---ის მიმართ, ხოლო ძირითად სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ბრალდებულმა აღიარა, რომ ხელი დაარტყა დაზარალებულს, თუმცა მიუთითა, რომ მარტომ და არა სხვებთან ერთად.
მტკიცებულებები: მხარეთა განმარტებები, დაზარალებულის, ასევე მოწმეების ჩვენებები;
2.1.3. აღნიშნული ცემის შედეგად გ---- ო-------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შრომისუუნარობის უმნიშვნელო მყარი დაკარგვის გამო.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- პ--–---მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით), კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: გ---- ო-------ის, მ---------------ის, ჰ------------------ის, ნ----------------ის, ო----- პ--–---ის, კ------–------ის, ჰ---–--------------ის, ა--------------ის, ა---------–-----ის და გ-------------------ის ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გ---- ო-------ის მიმართ, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ო----- პ--–---ის ბრალეულობას.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადა, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- პ--–---ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი ითვალისწინებს - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. (ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია, 2018 წლის 30 ნოემბრის N3772-Iს კანონის ამოქმედებამდე).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, ო----- პ--–---მა ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ---- ო-------ს, კერძოდ ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც გ---- ო-------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება შრომისუუნარობის უმნიშვნელო მყარი დაკარგვის გამო და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა (ძალადობა ჯგუფურად) და შედეგს შორის, მაშინ ო----- პ--–---ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია.
რაც შეეხება დაზარალებულის განცხადებას, რომ ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად სცემა იგი, სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის თანახმად საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი არ შეიცავს ცნებას დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად, შესაბამისად ბრალდებულისათვის ბრალად წარდგენილ ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციაა მიცემული, ამასთან ო----- პ--–---ის მიმართ საქმის ცალკე (დაუდგენელი პირებისაგან ცალკე) განხილვა არ ცვლის კვალიფიკაციას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად, აღიარებს ჩადენილს და ინანიებს, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა;
4.2. ბრალდებულმა ნაწილობრივ ითანამშრომლა სასამართლოსთან (მტკიცებულებები სადავო არ გახადა და სასამართლო რესურსები უმიზეზოდ არ დაიხარჯა).
4.3. ბრალდებული დაზარალებულთან შერიგებული არ არის, დაზარალებულმა განაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ გააჩნია მორალური და მატერიალური პრეტენზია, რაც შეაფასა 10000 ლარად. ამასთან ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი შეეცადა დაზარალებულთან შერიგებას, თუმცა დაზარალებულის მოთხოვნა შეუსაბამობად დიდია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი; თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.3. დაცვის მხარემ ითხოვა ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს მხოლოდ ჯარიმა, მინიმუმის ოდენობით, ვინაიდან დაცვის მხარის განმარტებით, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, მუხლის სანქცია ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოსთან, დანაშაული ჩაიდინა პირველად;
5.3.1. მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით. ბრალდებული არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩაიდინა პირველად, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა სასამართლოსთან (იხ. 4.1.). შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელი - ჯარიმა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ არის შერიგებული დაზარალებულთან, სრულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან (იხ. 4.2 და 4.3.) ჯარიმა უნდა იყოს მინიმუმზე მეტი.
5.3.2. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულს ძირითად სასჯელად შეეფარდოს ჯარიმა 1500 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 278-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო----- პ--–---ი (პ/ნ3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ო----- პ--–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 25 დეკემბრიდან;
2. ო----- პ--–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
3. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან