გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/26240-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 დეკემბერი, 20-8 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე ამ----- ცე--–----
წარმომადგენელი თა---–-----–-----ი
მოპასუხე ლა------ ჯო--------
წარმომადგენელი რო-–-------------–-ილი
დავის საგანი საცხოვრებელ ფართზე ჩატარებული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობისათვის დახარჯული თანხის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ლა------ ჯო--------ს, ამ----- ცე--–----ს სასარგებლოდ დაეკისროს თბილისში, მა-------–---–-ს ქ---------–-----------------–---------------------–- ჩატარებული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობისათვის გაწეული ხარჯი - 27 190 ლარი.
სარჩელის მიხედვით, ამ----- ცე--–----ს 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ უვადოდ სარგებლობაში გადასცა საცხოვრებელი ბინა #1-- მდებარე ქ. თბილისი, მა-------–---–-ს ქ------------------------ი, საკადასტრო კოდით #0----------------------. საცხოვრებელი ფართი მოსარჩელეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცა მშენებარე არასრული ე.წ „შავი კარკასის“ მდგომარეობაში. ვინაიდან იგი შესახლებული იყო სახელმწიფოს მიერ, როგორც კეთილსინდისიერი მოსარგებლე თავს მიიჩნევდა სამომავლო მესაკუთრედ და თავისი ხარჯით ჩაატარა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, რომლის შედეგადაც გაიზარდა საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულება. გაწეული სამუშაოების ღირებულება შ---------------–----- დასკვნის მიხედვით შეადგენს 27 190 ლარს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ლა------ ჯო--------ს გადაეცა ზემოაღნიშნული საცხოვრებელო ბინა. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ვინაიდან, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და არ არსებობს მისი გადასინჯვის საფუძვლები, მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ გაწეული სამშენებლო, სარემონტო და კეთილმოწყობისათვის დახარჯული თანხის მოპასუხისთვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ლა------ ჯო--------მ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მოსარჩელე თვითნებურად შეიჭრა ბინაში და უკანონოდ ფლობდა მას. სწორედ ამ მოტივით, მიღებული იქნა სასამართლო გადაწყვეტილება და ამ----- ცე--–---- გამოსახლებული იქნა სადავო ქონებიდან. მისთვის არავის დაუვალებია ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები. ამავდროულად, სადავოა სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული თანხის ოდენობაც. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ბინაში სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ ჩატარებულია მოსარჩელის მიერ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ 2009 წლიდან 20-7 წლის აგვისტომდე (უძრავი ნივთის გამოთავისუფლებამდე) ლა------ ჯო-------ის საკუთრებად აღრიცხულ უძრავ ქონებას ფლობდა მოსარჩელე ამ----- ცე--–----.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ამ----- ცე--–----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ლა------ ჯო-------ის საკუთრებაში არსებული ბინა #1-- (საკადასტრო კოდი #0----------------------) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-7 წლის 24 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო ღონისძიებანი ამ----- ცე--–----ს უკანონო მფლობელობიდან ლა------ ჯო-------ის ქონების გამოთხოვის შესახებ.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20-5 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-24).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 184-185)
- წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (ს.ფ 49-51)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისში, მა-------–---–-ს ქუჩა #16-ში მდებარე #13-ე ბინაში სარემონტო სამუშაოები ჩაატარა მოსარჩელემ.
აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს შემდეგი ფაქტების გათვალისწინებით: მოსარჩელე ლა------ ჯო-------ის სახელზე აღრიცხულ ბინას ფლობდა 2009 წლიდან 20-7 წლის აგვისტომდე, რის შემდეგაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნივთი გამოთხოვილი იქნა ამ----- ცე--–----ს უკანონო მფლობელობიდან.
საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მას გარკვეული სახის სამშენებლო მასალები მიტანილი ჰქონდა, თუმცა უძრავი ქონების ჩამორთმევის გამო რემონტი არ ჩაუტარებია და არც უცხოვრია აღნიშნულ ბინაში. მანვე განმარტა, რომ ბინაში სარემონტო სამუშაოები სავარაუდოდ ჩატარებულია მოსარჩელის მიერ, ვინაიდან უძრავ ქონებას ფლობდა მხოლოდ ამ----- ცე--–----.
მოპასუხე სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტთან ერთად სადავოდ მიიჩნევს მათ ღირებულებასაც. განსახილველ შემთხვევაში სადავო ბინაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების ფაქტი დადასტურებულია 20-7 წლის 14 ივნისის აუდიტორული დასკვნით, რომლის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის რემონტის საბაზრო ღირებულებამ 20-7 წლის 14 ივნისის მდგომარეობით შეადგინა 27 190 ლარი.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარეს სარემონტო სამუშაოების ღირებულების ალტერნატიული შეფასების ამსახველი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და შესაბამისად სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი არ გაიზიაროს ამ----- ცე--–----ს წარმოდგენილი მტკიცებულების შინაარსი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება (ს.ფ 20-24)
- შპს აუდიტ ელგოს დასკვნა (ს.ფ 25-43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ----- ცე--–----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 987-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
მოხმობილი ნორმის თანახმად, სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი სახეზე არ არის, მაშინ მარტოოდენ ხარჯის გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას.
სასამართლო განმარტავს, რომ გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი. ამ დროს უნდა გაირკვეს რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი უკან. ასეთ შემთხვევაში რეალურად ჩანს გამდიდრების ხარისხი. გარდა ამისა, შესაძლებელია გამდიდრება გამოიხატოს დაბრუნებული ნივთიდან ადრინდელთან შედარებით მეტი სარგებლის მიღებაში, რადგან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დაბრუნებული ნივთის ღირებულება. ორივე შემთხვევაში მოვალის გამდიდრების ფაქტია მთავარი და გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად. კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა.
უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნივთის ღირებულება გაიზარდა ამ----- ცე--–----ს მიერ ბინაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოების საფუძველზე, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ნივთზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 27 190 ლარი, უძრავი ქონების გაუმჯობესებას კი შედეგად მოჰყვა უფლებამოსილი პირის (უძრავი ქონების მესაკუთრის) ლა------ ჯო-------ის გამდიდრება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და ლა------ ჯო--------ს, ამ----- ცე--–----ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული რემონტის ღირებულების ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯები სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში რაც შეადგენს 1087,6 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სსსკ-ის 1991 მუხლის დანაწესით, არ არსებობს 20-7 წლის 0- აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ამ----- ცე--–----ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს სრულად და ლა------ ჯო--------ს მოსარჩელის სასარგებლოს დაეკისროს 27 190 ლარის გადახდა;
2. ლა------ ჯო--------ს, ამ----- ცე--–----ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი -865,7 ლარი და იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილი 1087,6 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე