გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210118002387288
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10260-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს ”მ----------------------”

წარმომადგენელი ნოდ----------–---

მოპასუხე მალ---------–------

წარმომადგენელი ბე---------–--–---–-

დავის საგანი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე მალ---------–------სათვის შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის 2663.04 ლარის გადახდის დაკისრება.

2017 წლის 27 ივნისს შპს „მ-----------------------“ და მა-–---------–-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3200 ლარის ოდენობით.

 

სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბმვ 520.

 

მოპასუხის მხრიდან სრულად იქნა გადახდილი მხოლოდ პირველი თვის (27.07.17) გადასახადი. რაც შეეხება მეორე და სხვა მომდევნო თვეების გადასახადს, მოპასუხემ არცერთი თვის გადასახადი არ გადაიხადა. მსესხებელს და ავტომანქანის მესაკუთრეს გაეგზავნათ შეტყობინებები 17.11.2017 წელს დაგირავებული ავტომანქანის კრედიტორისათვის გადაცემის თაობაზე, თუმცა ვალდებულება არ შესრულებულა.

 

გირავნობის საგნის კრედიტორის მფლობელობაში გადაცემისა და რეალიზაციის მიზნით 19.12.17 შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 21.07.2017 დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. სააღსრულებო წარმოების ხარჯი შეადგენს 150 ლარს.

 

ხელშეკრულების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან 27.08.2017 წლიდან მალ---------–------ს სესხი ვადაგადაცილებაშია - შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ 2017 წლის 27 აგვისტოსა და ყოველი მომდევნო თვის 27 რიცხვისათვის ერიცხება სესხის დარჩენილი ნაწილის 5.3%, რაც შეადგენს 167.94 ლარს. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გასულია 8 თვე და 3 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი შეადგენს 1 360.31 ლარს.

 

მოპასუხე მა-–---------–-----ს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებულ დღისათვის 6 ლარის ოდენობით. 2017 წლის 28 აგვისტოდან გასულია 214 კალენდარული დღე, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს - 1 284 ლარს.

 

2018 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაამატა ფაქტობრივი გარემოება და განმარტა, რომ 2018 წლის 30 ივლისს მოხდა დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია 3300 ლარად, საიდანაც სრულად გაიქვითა სარგებელი - 1360.31 ლარი, პირგასამტეხლო 1284 ლარი, სააღსრულებო ხარჯი 150 ლარი და ძირითადი თანხიდან 505.69 ლარი, რის გამოც მსესხებელის დავალიანება შეადგენს ძირითად თანხას 2663.04 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მა-–---------–-----მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში. ხოლო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის მიერ სარჩელის დაზუსტების შემდგომ არ არ ცნო სარჩელი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ხარჯზე, სხვაობის თანხა უნდა ჩათვლილიყო ძირითადი დავალიანების ანგარიშში გადახდილად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 ივნისს შპს „მ-----------------------“ და მა-–---------–-----სა შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N-----------, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს 5.3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 3200 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

 

3.1.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სესხის დაბრუნება და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება იმდაგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

ხელშეკრულება.

 

3.1.3. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გირავნობის უფლებით დაიტვირთა მალ---------–------ს კუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, მარკა მოდელი: ბმვ-510 I.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.4. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისათვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისათვის სესხის დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

3.1.5. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას, სესხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები და სასამართლო ბაჟი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს გამსესხებლის შეხედულებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და

გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

3.1.6. გირავნობის საგნის კრედიტორის მფლობელობაში გადაცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით 19.12.2017 შსს „მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემულ იქნა გირავნობის მოწმობა, რომლის საფუძველზეც 21.07.17 დაიწყო სააღსრულებო წარმოება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- გირავნობის მოწმობა.

- განცხადება იძულებით აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ.

 

3.1.8. შპს „მ-----------------------“ 2018 წლის 30 ივლისს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 3300 ლარად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 623-ე, 427-ე, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. შპს „მ----------------------ს“ მოთხოვნა მალ---------–------ს მიმართ ძირითადი თანხის 2663.04 ლარის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

ზემოღნიშნული ნორმის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”მ-----------------------” და მოპასუხე მა-–---------–-----ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს ”მ-----------------------” გადასცა მსესხებელს თანხა, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხის დაბრუნების ვალდებულება.

6.1.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (გირავნობის საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის დარჩენილი/მიუღებელი ნაწილის ამოღების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს მსესხებლის ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მესამე პირთა საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღება და რეალიზაცია, აგრეთვე მსესხებლის საბანკო ანგარიშების დაყადაღება და თანხების ჩამოჭრა,სამომავლო ქონების ან/და სხვა ნებისმიერი ქონების ან/და უფლების დაყადაღება და რეალიზაცია და სხვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მსესხებლის მალ---------–------ს მიერ სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის ვადების დარღვევის გამო, კრედიტორმა გამოიყენა ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება და საქმის სასამართლოში განხილვისას 2018 წლის 30 ივლისს, უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია 3300 ლარად, საიდანაც რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანებიდან დაფარულად ჩათვალა სარგებელი -1360.31 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლო 1284 ლარის ოდენობით, აღსრულების ხარჯი 150 ლარის ოდენობით და ძირითადი თანხიდან 505.69 ლარი.

 

ამ შემთხვევაში, გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა კრედიტორმა გადაანაწილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რიგითობით სასამართლოში დავის განხილვის დროს, ისე რომ არ გაუთვალისწინებია, მოპასუხის პოზიცია, რომელიც სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულება მოვალის მხრიდან წარმოადგენს ნების გამოვლენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მოვალის - მალ---------–------ს ნება სესხის ხელშეკრულების ფარგლებში პირგასამტეხლოს დაფარვის თაობაზე, რის გამოც, ამ ნაწილში ვალდებულება არ შეწყვეტილა შესრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. ამით აიხსნება ის, რომ ზოგადი წესით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება იმ ფარგლებში, რომელიც ვერ დაიფარა პირგასამტეხლოთი.

 

სასამართლოს ვალდებულების დარღვევის ვადიდან, შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობიდან და პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან გამომდინარე, გონივრულად მიაჩნია მისი შემცირება 10-ჯერ. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 128.4 ლარით. აქედან გამომდინარე, კრედიტორის მიერ პირგასამტეხლოში ჩათვლილი 1155.6 ლარი უნდა გამოაკლდეს მის სასარგებლოდ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხის ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოვალე მა-–---------–-----ს კრედიტორის შპს ”მ----------------------ს” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილი 1507.44 ლარი, პირგასამტეხლოს შემცირებისა და პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩათვლილი თანხის 1155.6 ლარის ნაწილში, სესხის ძირითადი დავალიანების შესრულებულად ჩათვლის გამო. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს შპს „მ----------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი გადაუხდელი თანხა 1507.44 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, მოსარჩელის საბოლოო მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეადგენს 50 ლარს. (სარჩელის ფასი 2663.04 ლარი). სარჩელზე წინასწარ გადახდილი იყო 178.89 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 128.89 ლარი. სასარჩელო მოთხოვნიდან დაკმაყოფილდა 56.60%. დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 28.30 ლარის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ”მ----------------------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე მა-–---------–-----ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ''მ----------------------ს” სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის 1507.44 ლარის გადახდა;

2. მოპასუხე მა-–---------–-----ს დაეკისროს მოსარჩელე შპს „მ----------------------ს” სასარგებლოდ 28.30 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად;

2.1. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „მ----------------------“ 2018 წლის 02 აპრილის N---------- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 178.89 ლარიდან 128.89 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია