გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2019
საქმის ნომერი
611210018002732771
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002732771

#2/530-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.12.2018 წ. ქ. მ--------–ი

შესავალი ნაწილი

მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე - ნ---–----–-----------ა

მოპასუხე - ე--- ჩ-----------ი

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ნ---–----–-----------ა სარჩელით ითხოვს ე--- ჩ-----------ისათვის ალიმენტის დაკისრებას.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ნ---–----–-----------ი და ე--- ჩ-----------ი არასრეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2014 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 27 აპრილს დაბადებული ა---- ჩ-----------ი. მხარეთა შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა გაგრძელდა 2017 წლის 14 სექტემბრამდე. შემდეგ მოსარჩელე თავის შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედის სახლში, რის შემდეგაც ბავშვის მამა - ე--- ჩ-----------ი ერთხელაც არ დაინტერესებულა შვილის მატერიალური მდგომარეობით, არანაირი მონაწილეობა არ მიუღია შვილის აღზრდაში და რჩენაში. მოსარჩელის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, რომ იგი დაეხმაროს შვილს, მოპასუხე ნებაყოფლობით არ აპირებს ალიმენტის გადახდას. ე--- ჩ-----------ი ხელოსანია, მუშაობს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების ქარხანაში და მისი ხელფასი შეადგენს 600-700 ლარს. თავად მოსარჩელე უმუშევარია, დაკავებულია შვილის მოვლით.

აქედან გამომდინარე მოსარჩელე ნ. ა-–-----------ა ითხოვს მოპასუხისათვის ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის დაკისრებას, ბავშვის სრულწლოვნებამდე.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით განმარტა, რომ ის 15 დღის განმავლობაში სტაჟიორად, ანაზღაურების გარეშე მუშაობდა ,,მ--------–ი მოლში", მაღაზიაში, შემდეგ კი ის სხვა თანამშრომლებთან ერთად გაათავისუფლეს და ამჟამად უმუშევარია.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ე--- ჩ-----------მა შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 60 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდაზე. მან მიუთითა, რომ მოსარჩელე მას არ აძლევდა შვილთან ურთიერთობის საშუალებას. მეტის გადახდის საშუალება არ აქვს, მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ის ნამდვილად მუშაობდა ე-–----------–---ის კუთვნილ მეტალოპლასტმასის საამქროში 2017 წლის სექტემბრის თვემდე. ვინაიდან მესაკუთრე მას თვეების განმავლობაში არ აძლევდა ხელფასს, იძულებული გახდა თვითონ გაეყიდა საქონელი და ასე აეღო ხელფასი, რის გამოც 2018 წლის 3 აპრილს მსჯავრდებულ იქნა ბ---–----------------–- სასამართლოს მიერ და განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 2000 ლარი, რაც დღემდე არ გადაუხდია მატერიალური პრობლემების გამო. ამჟამად ის უმუშევარია. მოსარჩელე კი მუშაობს მაღაზიაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ნ---–----–-----------ა და ე--- ჩ-----------ი 2014 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 27 აპრილს დაბადებული ა---- ჩ-----------ი.

მტკიცებულებები:

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5).

 

3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს მეუღლეები დაშორდნენ. ნ---–----–-----------ა არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს თავისი მშობლების სახლში.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5).

 

3.1.3. ე--- ჩ-----------ის ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს. ფ. 28).

 

3.1.4. ბ---–----------------–-------------–---------–-–-----------–-- განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ-----–----------ს და ბრალდებულ ე--- ჩ-----------ს შორის. ე--- ჩ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (რამდენიმე ეპიზოდი, რომლებიც შეეხება ე-–----------–---ის კუთვნილი მეტალოპლასტმასის საამქროდან მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების აქსესუარების მოპარვას) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით (პირობითად) და ჯარიმა 2000 ლარი ოდენობით.

მტკიცებულება:

- ბ---–----------------–-------------–---------–-–-----------–-- განაჩენი (ს. ფ. 46-54).

 

3.1.5. მოპასუხე ე--- ჩ-----------ი ცნობს სარჩელს მისთვის შვილის სასარგებლოდ 60 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

მტკიცებულება:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 21, 2018 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 15:42:00-15:43:00, 15:44:57-15:45:05).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელე ნ---–----–-----------ა ამჟამად არ მუშაობს და დაკავებულია შვილის აღზრდით.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმის თაობაზე, რომ ის დასაქმებულია მაღაზიაში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მხარის ახსნა-განმარტება, როგორც აღნიშნული მუხლი მიუთითებს, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებაა, თუმცა როდესაც მას უპირისპირდება მეორე მხარის ახსნა-განმარტება, იგი საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება და შესაბამისი გარემოება სხვა მტკიცებულებითაც უნდა დადასტურდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელე კი უარყოფს ამ ფაქტს და განმარტავს, რომ 15 დღის განმავლობაში სტაჟიორად, ანაზღაურების გარეშე მუშაობდა ,,მ--------–ი მოლში", მაღაზიაში, შემდეგ კი ის სხვა თანამშრომლებთან ერთად გაათავისუფლეს და ამჟამად უმუშევარია. აღნიშნული გარემოება დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული ა----- ნ-------ას ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ ნ. ა-–-----------ასთან ერთად მუშაობდა ,,მ--------–ი მოლში", საიდანაც ორივე გაათავისუფლეს სხვა თანამშრომლებთან ერთად.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2018 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:48:43-16:51:49, 16:58:30- 17:00:25);

- მოწმის ჩვენება (2018 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:57:48-17:02:35 სთ.).

3.2.2. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მოპასუხის შემოსავლისა და დასაქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მოპასუხემ კი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, კერძოდ, რომ 2017 წლის სექტემბრის ბოლოდან აღარ მუშაობს მეტალოპლასტმასის საამქროში შესაბამისი მიზეზის განმარტებით, წარმოადგინა წერილობითი მტკიცებულება - ბ---–----------------–-------------–---------–-–-----------–-- განაჩენი (იხ. გადაწყვეტილების 3.1.1. პუნქტი).

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 21, 2018 წლის 25 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:53:50- 16:54:31);

- ბ---–----------------–-------------–---------–-–-----------–-- განაჩენი (46-54).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---–----–-----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ნ---–----–-----------ს სარჩელი ე--- ჩ-----------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ე. ჩ-----------მა მოსამზადებელ ეტაპზე ცნო სარჩელი მისთვის 60 ლარის დაკისრების ნაწილში.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე არ მუშაობენ, ამასთან, ბავშვი ცხოვრობს დედასთან, რომელიც ზრუნავს მის აღზრდაზე, ხოლო მოპასუხის რჩენაზე არავინ იმყოფება, არის შრომისუნარიანი და აქვს მუშაობის როგორც გამოცდილება, ისე გარკვეული უნარ-ჩვევები, მისი ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას, და მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2015 წლის 27 აპრილს დაბადებული ა---- ჩ-----------ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 100 ლარის ოდენობით ალიმენტი, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა 150 ლარის დაკისრებას. შესაბამისად, სარჩელი ფასი შეადგენს (150X12) 1800 ლარს, რომლის 3%-ია 54 ლარი, თუმცა ვინაიდან სახელმწიფო ბაჟის მინიმალური ოდენობა 100 ლარია, უნდა განისაზღვროს ამ თანხით, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს.

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა 100 ლარის ნაწილში. შესაბამისად, დასაკისრებელი ბაჟის ოდენობა პროპორციულად შეადგენს 33,33 ლარს, საიდანაც მოპასუხე თავისუფლდება 60 ლარის დაკისრების ნაწილში პროპორციულად გადასახდელი ბაჟისაგან - 20 ლარისგან, მის მიერ სარჩელის ცნობის გამო.

შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 13,33 ლარს.

 

გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. თუმცა ამავე კოდექსის 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 150 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას. სარჩელი დაკმაყოფილდა 100 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მოსარჩელემ შეიძლება გაასაჩივროს 50 ლარის ნაწილში (რა ნაწილშიც მას უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე), ხოლო მოპასუხემ - 100 ლარის ნაწილში (რა ნაწილშიც დაკმაყოფილდა სარჩელი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ა-–-----------ას სააპელაციო საჩივრის შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტისა და 365-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეიძლება იყოს არაუმეტეს (50X12) 600 ლარისა, ხოლო ე. ჩ-----------ის სააპელაციო საჩივრის შემთხვევაში - არაუმეტეს (100X12) 1200 ლარისა. შესაბამისად, ვინაიდან არცერთ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება, გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---–----–-----------ას სარჩელი ე--- ჩ-----------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ე--- ჩ-----------ს ნ---–----–-----------ას სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის - 2015 წლის 27 აპრილს დაბადებული ა---- ჩ-----------ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა 2018 წლის 21 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. მოპასუხე ე--- ჩ-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 13,33 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი