გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13744-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.12.2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ან---------
წარმომადგენელი ლა–------------
მოპასუხე შო----------–---–-
წარმომადგენელი ირ---–-----------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შო----------–---–-სათვის მოსარჩელე ან---------ს სასარგებლოდ 13 000 ლარის გადახდის დაკისრება.
ან--------- და შო----------–---–- იყვნენ „დანიშნული წყვილი“, რის შედეგადაც მოპასუხემ მოიპოვა ან---------ს განსაკუთრებული ნდობა.
ან--------- იმ პერიოდისათვის საკუთრების უფლებით ფლობდა ავტომანქანა „მერსედეც ბენც ემელ“-ს, რომლის საბაზო ღირებულებაც შეადგენდა 6 000 აშშ დოლარს, რაც იმდროისათვის დაახლოებით 13 000 ლარი იყო, რომელიც ან---------ს მისმა ბაბუამ შეუძინა. შ------------–---–მა შესთავაზა ან---------ს, თუ იგი აღნიშნულ ავტომანქანას გენერალური მინდობილობით გადასცემდა ლ-–--–-----ს, მაშინ იგი მას სანაცვლოდ მოუყვანდა უფრო ახალი გამოშვების „ინფინიტის“ მარკის ავტომობილს. 2012 წლის 5 ივლისს ან---------მ გაუფორმა ლ-–--–-----ს გენერალური მინდობილობა, ხოლო ამ უკანასკნელმა იმავე დღესვე გააუქმა რეგისტრაცია ავტომანქანაზე.
შ------------–---–მა ან---------ს მოუყვანა „ემელის“ სანაცვლოდ „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი და გადააფორმა მის სახელზე. ცოტა ხანში გაირკვა, რომ ავტომანქანა „ინფინიტი“ შ------------–---–ს დანაშულებრივი გზით მოპოვებული თანხით ჰქონდა შეძენილი და აღნიშნული ავტომანქანა „ამოღებულ იქნა“ სათანადო ორგანოების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მაისის განჩინებით აღნიშნული ავტომანქანა გადაეცა დაზარალებულ კომპანიას შპს „მ---“-ს. მოსარჩელე ან---------მ დაკარგა საკუთრების უფლება როგორც „ინფინიტის“ ისე „ემელის“ მარკის ავტომობილზე, რომელიც მოტყუების გზით გავიდა მისი მფლობელობიდან.
მოსარჩელე ან---------ს მოპასუხე შო----------–---–-ს დანაშულებრივი ქმედების შედეგად მიადგა მატერიალური ზიანი 13 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ------------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
2012 წლის 5 ივნისს ან---------მ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა გაასხვისა ლ-–--–-----ზე, ხოლო ამ უკანასკნელმა მოსარჩელეს გადაუხადა ნასყიდობის ფასი - 5 000 აშშ დოლარი. „ინფინიტის“ მარკის ავტომანქანის გადაცემა ან---------სათვის არ მომხდარა „მერსედესის“ სანაცვლოდ. ავტომანქანა „ინფინიტი“ ეკუთვნოდა შ------------–---–ს და მან გადააფორმა ან---------ზე უფრო ადრე, ვიდრე ის გაასხვისებდა საკუთარ ავტომობილს ლ-–--–-----ზე.
ავტომანქანა „ინფინიტი“ მოპასუხის მიერ შეძენილი იქნა 14 000 აშშ დოლარად. აღნიშნული ავტომანქანით სარგებლობდა ან---------, რომელმაც ამის შემდგომ მოპასუხისაგან დამოუკიდებლად გაასხვისა საკუთარი ავტომანქანა სხვა პირზე. მოპასუხეს ან---------სთან ურთიერთობა არ ჰქონია 2013 წლიდან.
მოსარჩელე ან--------- პრეტენზიას აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც დაკავშირებულია 2012 წლის 5 ივლისს ავტომანქანის „მერსედესის“ გასხვისებასთან. იმავდროულად მისგან 2012 წლის 13 ივლისს ამოღებულია ავტომანქანა „ინფინიტი“, რომელიც შპს „მგგ-------------–---“ გადაეცა სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის განჩინებით. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების შესაძლო დარღვევისა და მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ, რაზეც მან დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 29 მაისს. შესაბამისად, მოსარჩელე ან---------ს მოთხოვნა არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ან---------სა და შ------------–---–ს შორის გაცვლის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მასსა და მოპასუხეს შორის არსებობდა ავტომანქანების გაცვლის შესახებ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მან საკუთრების უფლებით გადასცა მისი კუთვნილი ავტომანქანა მოპასუხის მითითებით ლ-–--–-----ს, ხოლო სანაცვლოდ უნდა მიეღო მოპასუხის კუთვნილი „ინფინიტის“ მარკის ავტომობილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმფციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში.
ამავდროულად, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 521-ე მუხლის მიხედვით, გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.
საქმეში წარმოდგენილია ან---------ს მიერ 2012 წლის 5 ივლისს გაცემული მინდობილობა, რომლითაც მან ლ-–--–-----ს განუსაზღვრელი ვადით, მიანიჭა მისი კუთვნილი ავტომანქანის მართვისა და განკარგვის უფლებამოსილება.
მოსარჩელემ სარჩელში მითითებული გაცვლის შეთანხმების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმე ლ-–--–-----, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან ან---------საგან შეიძინა მისი კუთვნილი ავტომანქანა „მერსედეს ბენც ემელი“ და ნასყიდობის თანხაც გადაიხადა.
სარჩელს ერთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, დგინდება, რომ ლ-–--–-----მ როგორც ან---------ს წარმომადგენელმა, 2012 წლის 6 ივლისიდან ან---------ს სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება „MERCEDES-BENZ ML” რეგისტრაციიდან მოხსნა. ლ-–--–-----ს მიერ ავტომანქანის რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტი ამ შემთხვევაში, არ ადასტურებს მხარეებს შორის გაცვლის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ის არ წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მითითებული სახელშეკრულებო ურთიერთობის სუბიექტს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენებით არ დასტურდება სარჩელში მითითებული გარემოება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ავტომანქანების გაცვლის შეთანხმების არსებობისა და მისი არსებითი პირობების შესახებ.
3.2.2. არ დგინდება შო----------–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და ამ ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის 13 000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და მხარეთა განმარტებებიდან გამომდინარე, 2013 წლის 1 მაისის განჩინებიდან სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, ხელწერილიდან და სხვა წერილობითი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ან---------საგან ამოღებულ იქნა შო----------–---–-საგან გადაცემული, მის მფლობელობაში არსებული ინფინიტი სახელმწიფო ნომრით N--------
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მიუთითებს,რომ მას მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა ზიანი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელიც ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისამართლებრივ ღონისძიებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
ამდენად, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად, ქმედების დანაშაულებრიობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით და უნდა დადასტურდეს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ან---------ს მიმართ, შო----------–---–-ს მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც დაკავშირებულია მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის საკუთრებაში მიღებასთან. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ განჩინებას სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე, ეს განჩინება ეხება სხვა ქმედებას სხვა დაზარალებულის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 992-ე, 327-ე, 521-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოეშობა მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 521-ე მუხლის მიხედვით, გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად, რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო-ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის პირობებში, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის საფუძველზე, არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რადგან როგორც დადგენილია, სარჩელი არ არის აღძრული დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 390 ლარს. (13 000 ლარის 3%). რადგან მოსარჩელეს წინასწარ სახელმწიფო ბაჟი არა აქვს გადახდილი და სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით ამ თანხის გადახდის ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ან---------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. დაეკისროს მოსარჩელე ან---------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 390 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია