გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017002020850
საქმე №2/1099-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - ლ---- ყ----–---–ი
წარმომადგენელი - ტ---- რ------ე
მოპასუხე - ლ--------- პ---–--–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---- პ---–--–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მასში ცვლილების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ---- გ-----–---–ის მიერ 2017 წლის 07 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ნაცვლად 0.2%-ისა განისაზღვროს - 0.005% და შესაბამისი ცვლილება შევიდეს სააღსრულებო ფურცელში;
მოსარჩელის პოზიცია
ლ---- ყ----–---–სა და ლ--------- პ---–--–---–ის შორის 2015 წლის 17 სექტემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სესხად მიიღო 6500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, ყოველთვიურად 3.37%. სესხის გადახდა უნდა დამთავრებულიყო 2016 წლის 17 მარტს. სესხის უზრუნველყოფა მოხდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე, ქ. გ---------------------7, ს.კ.66.45.10.0--. ვინაიდან, მოხდა ხელშეკრულების დარღვევის გამო, 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუს ლ---- გ-----–---–ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2017 წლის 07 ნოემბერს კი ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელის გაცემის ცვლილება, საიდანაც სესხის ძირითადმა თანხამ შეადგინა 6500 აშშ დოლარი, 6 თვის სარგებელი - 1314.3 აშშ დოლარი და პირგასამტეხლომ სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (0.2%) დღეში 13 აშშ დოლარი, რომლის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2016 წლის 18 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებამდე. აღნიშნული თანხების უზრუნველყოფის მიზნით უნდა მოხდეს იპოთეკი საგნის რეალიზაცია. ვინაიდან, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილებით გათვალისწინებულია არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის ამ თანხების შემცირების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. 2015 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელე ლ---- ყ----–---–სა და მოპასუხე ლ--------- პ---–--–---–ს შორის გაფორმდა N1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ლ---- გ-----–---–ის მიერ), რომლის თანახმად, ლ--------- პ---–--–---–ზე სესხის სახით გაიცა 6500 აშშ დოლარი, ექვსი თვის ვადით.
2.1.2. 2015 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სასესხო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ლ---- ყ----–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. გ---------------------7, ს.კ.66.45.10.0--.
2.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
2.1.4. მსესხებელს (მოსარჩელეს) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
2.1.5. 2015 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 15 მაისს ნოტარიუსის ლ---- გ-----–---–ის მიერ გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც 2017 წლის 07 ნოემბერს შეტანილ იქნა ცვლილება, და სააღსრულებო ფურცლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხა - 6500 აშშ დოლარი, ექვსი თვის სარგებელი - 1314.3 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (0.2%) სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 13 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდეს 2016 წლის 18 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარი და აღსრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 07 ნოემბრის N1-------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება.
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. 2015 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, სესხის და სარგებლის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს იპოთეკარს პირგასამტეხლო 0.2%-ის ოდენობით თითოეული ვალდებულების შესრულების ვადისათვის გადაცილებული ყოველი დღისათვის. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
2.2.2. სასამართლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებათა ანალიზით მათ შორის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტებით სარჩელის დაზუსტებასთან დაკავშირებით, წერილობითი სახით წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებსა და შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების სადაო პერიოდს წარმოადგენს 2016 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით არსებული დრო და არა სადავო დოკუმენტში მითითებული ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებამდე პერიოდი.
სამოტივაციო ნაწილი
3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
3.1. სასამართლოს მიჩნევს, რომ ლ---- ყ----–---–ი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, მუხლები.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
5.2. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
5.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის საფუძველზე კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ ხდიან მათ შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობას და ამ ვალდებულების გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ასევე არ დავობენ, რომ სესხი იყო სარგებლიანი. მოსარჩელე, როგორც მსესხებელი, სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის შეუსაბამოდ მაღალია.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში სესხის თანხა არ გადაიხადა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2% არის შეუსაბამოდ მაღალი სესხის ძირითად თანხასა და მასზედ დარიცხული სარგებელთან შეფარდებით, რაც სცდება კანონმდებლობით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და ამოცანებს და კაბალურ მდგომარეობაში აყენებს ხელშეკრულების მონაწილეს, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს გონივრული ოდენობით - 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით პერიოდზე გაანგარიშებით. ამდენად, სადავო პერიოდს შეადგენს 830 დღე, რაც უნდა გამრავლდეს შემცირებულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე - 1.3 აშშ დოლარზე და შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1079 აშშ დოლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე დასაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და შესაბამისი ცვლილება შევიდეს ნოტარიუსის მიერ გაცემულ სადაო აქტში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს სადავოდ ჰქონდა გამხდარი 10510.23 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს თანხა (1780-269.77), რაზედაც სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი, ამასთან პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 1079 აშშ დოლარით, ამდენად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასრგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 690 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8; 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლ---- ყ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ლ---- გ-----–---–ის მიერ, 2017 წლის 07 ნოემბერს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის გაცემის ცვლილება და მასში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.2% შემცირდეს 0.02%-ით სესხის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 18 მარტიდან 2018 წლის 28 ივნისის ჩათვლით და შესაბამისი ცვლილება შევიდეს სააღსრულებო ფურცელში.
2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.
3. მოპასუხე ლ--------- პ---–--–---–ს მოსარჩელე ლ---- ყ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 690 (ექვსას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯირბენაძის ქ. №30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე