გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/11860-18
330210118002410612
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2018წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა
მხარეები:
მოსარჩელე - შპს ,,ბო-------ი“
წარმომადგენლები: ნა----------–---–---–ი, ირ---–-------------–---–ი, ნი----–-------------ე, გი---------–--ე
მოპასუხე - შპს ,,ბო---------------“
წარმომადგენლები: გე----------–------ი, შა-–--------------ე
დავის საგანი - დივიდენდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი დივიდენდის სახით მოსარჩელისათვის 866285 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე, შპს ,,ბო-------ი“ არის მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ 21% წილის მფლობელი.
11/04/2017წ. შპს ,,ბო---------------ს“ პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის დაარსებიდან მითითებულ თარიღამდე არსებული მოგების პარტნიორებზე განაწილების შესახებ.
23/05/2017წ. პარტნიორთა გადაწყვეტილებით მოხდა მოსარჩელისათვის დივიდენდის ნაწილის - 359152,5 ლარის გაცემა. 09/01/2018წ. კრების ოქმით პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ მითითებული თარიღისათვის მოსარჩელის მიერ მისაღები (სარჩენი) მოგება შეადგენდა 1650000 ლარს, რომლის გაცემის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 30 იანვარი.
მოპასუხის მიერ დივიდენდის გადახდის ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ - 1650000 ლარიდან მოსარჩელეს გადაეცა მხოლოდ 783715 ლარი. შესაბამისად, დარჩენილია 866285 ლარი და გასულია ამ თანხის მიღების კანონით და კრების ოქმით გათვალისწინებული ვადები.
მოსარჩელემ მოითხოვა, მის მიერ წარმოდგენილი 09/01/2018წ. კრების ოქმის მე-7 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (ს.ფ.-ები: 191-192).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ - 719732.62 ლარის ნაწილში (ს.ფ.-ები: 102-116), თუმცა შემდგომ, 29/06/2018წ. წერილობითი განცხადებით, მოპასუხემ განმარტა, რომ შესაგებელში მითითებული მისი აღიარება იყო არსებითი შეცდომის შედეგი და განაცხადა ამ აღიარების უარყოფის შესახებ. კერძოდ, მიუთითა, რომ შპს ,,ბო---------------ს“ 11/04/2017წ. კრების ოქმის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე, დივიდენდის მოცულობად შეცდომით იქნა მითითებული შპს ,,ბო-------ის“ წილის ღირებულება (ს.ფ.257).
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 09/01/2018წ. პარტნიორთა კრების ოქმზე არ არის დანარჩენ 79%-ის წილის მქონე პარტნიორთა ხელმოწერა, შესაბამისად, აქ ნაჩვენები 1650000 ლარის გასანაწილებელი მოგება, არ შეესაბამება სინამდვილეს. 09/01/2018წ. პარტნიორთა კრების ოქმი არსებობს, ოღონდ რადიკალურად განსხვავებული შინაარსით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ბო---------------ს“ პარტნიორებმა: აჩ-------------ემ (კაპიტალში წილის 50%-ის მფლობელი), ლე---------–--ემ (14%), გი---------------ემ (15%) და შპს ,,ბო---------------მ“ (21%), 11/04/2017წ. მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაფუძნებიდან 2017 წლის 11 აპრილამდე არსებული მოგების პარტნიორებზე განაწილების შესახებ.
საზოგადოების ჯამურმა გასანაწილებელმა მოგებამ ამ დროისათვის შეადგინა 8869524.37 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- შპს ,,ბო---------------ს“ წესდება (ს.ფ.-ები: 161-176);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 23-27);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.-ები: 64-66);
- 11/04/2017წ. კრების ოქმი (ს.ფ.-ები: 34-40);
- ბუღალტრული ბარათი (ს.ფ.114);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, 23/05/2017წ. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, პარტნიორებზე მათი წილის პროპორციულად განაწილდა მოგების ნაწილი 1710250 ლარი, საიდანაც მოსარჩელეზე 2017 წლის 23 მაისს გაიცა დივიდენდის სახით, 359152.50 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 23/05/2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.41);
- შპს ,,ბო-------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი (ს.ფ.42);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. შპს ,,ბო---------------ს“ პარტნიორთა 09/01/2018წ. კრებაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბო-------ისათვის“ მოგების ნაწილის სახით 783715 ლარის გაცემის შესახებ და 2018 წლის 9 იანვარს ეს თანხა გადაეცა მოსარჩელეს.
ჯამში, 11/04/2017წ. პარტნიორთა გადაწყვეტილების ფარგლებში, მოსარჩელეზე დივიდენდის სახით გაიცა 1142867.5 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 09/01/2018წ. კრების ოქმი (ს.ფ.112);
- შპს ,,ბო---------------ს“ სალაროს გასავლის ორდერის ასლი (ს.ფ.46);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ პარტნიორთა მიერ, 2018 წლის 9 იანვარს არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება იმ შინაარსით, როგორც ეს მითითებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 09/01/2018წ. კრების ოქმში, მათ შორის, მოსარჩელეზე 2018 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით არაუგვიანეს 2018 წლის 30 იანვრისა 1650 000 ლარის გაცემის შესახებ, ვინაიდან ეს კრების ოქმი, პარტნიორთაგან ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის, როგორც საზოგადოების კაპიტალში 21%-ის მქონე პარტნიორის მიერ (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 09/01/2018წ. კრების ოქმი (ს.ფ.-ები: 43-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის 11 აპრილამდე შპს ,,ბო---------------ს“ ჯამური მოგებიდან, მოსარჩელეზე გაუცემელი დივიდენდის დარჩენილი ნაწილი შეადგენს 719732.62 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 11/04/2017წ. კრების ოქმი (ს.ფ.-ები: 34-40);
- შპს ,,ბო---------------ს" წერილი (ს.ფ.113);
- ბუღალტრული ბარათი (ს.ფ.114);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, მე-91 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში დივიდენდი უნდა გაიცეს წესდებით გათვალისწინებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოგების განაწილების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 9 თვისა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, იმის შესახებ რომ მასზე გასაცემი დივიდენდის დარჩენილი ნაწილი 2018 წლის 9 იანვრის მდგომარეობით, შეადგენდა 1650 000 ლარს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 09/01/2018წ. კრების ოქმი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხელმოწერილია მხოლოდ მისი, როგორც 21%-ის წილის მქონე პარტნიორის დირექტორის, ივ---------–-–---–ის მიერ. ამ ოქმის ბოლოს, პარტნიორთა სახელების, მათ შორის აჩ-------------ის, გასწვრივ სხვა ხელმოწერა არ არის შესრულებული.
რაც შეეხება ოქმის ტექსტის ბოლოს არსებულ ხელმოწერას, იგი შპს ,,ბო---------------ს“ დირექტორის, გი----------ის, ავტოკალმით შესრულებული სახელის გასწვრივაა, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ამავე დღით დათარიღებული კრების ოქმის ანალოგიურად (ს.ფ. 112), რომლის ნამდვილობასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად, არ არსებობს არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ეს ხელმოწერა მიჩნეული იქნეს მოპასუხე კომპანიის 50%-იანი პარტნიორის, აჩ-------------ის ხელმოწერად, როგორადაც ამას მიუთითებს მოსარჩელე.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას. კრების მოწვევა არ არის აუცილებელი, როცა ყველა პარტნიორი წერილობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. წერილობითი თანხმობა კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად. საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს. პარტნიორთა საერთო კრებაზე ... შპს-ის პარტნიორთა ხმები განისაზღვრება მათი წილების პროპორციულად.
შპს ,,ბო---------------ს“ წესდების მე-4 მუხლის 28-ე მუხლით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ“ (იხ. სუსგ Nას-1370-1290-2017, 16 მარტი, 2018 წელი).
ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 09/01/2018წ. ,,პარტნიორთა კრების ოქმის“ ტექსტი ხელმოწერილია მხოლოდ მოსარჩელის, როგორც შპს ,,ბო---------------ს“ 21%-იანი პარტნიორის მიერ, სასამართლო თვლის, რომ ამ კრების ოქმს არ გააჩნია იურიდული ძალა და კომპანიის პარტნიორთა მიერ არ მომხდარა აქ მითითებული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, შპს ,,ბო-------ისათვის“ 2018 წლის 9 იანვრის მდგომარეობით ნარჩენი მოგების სახით 1650 000 ლარის გაცემის შესახებ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, რამდენადაც მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ პარტნიორთა 11/04/2017წ. გადაწყვეტილებით, დადგენილი იქნა საზოგადოების დაფუძნებიდან 2017 წლის 11 აპრილამდე არსებული მოგების - 8869524.37 ლარის - დივიდენდის სახით განაწილება, ხოლო მოსარჩელე იყო ამ საზოგადოების კაპიტალში 21% წილის მფლობელი, მასზე პროპორციულად გასაცემი მოგება შეადგენდა 1862600.12 ლარს (8869524.37 ლარის 21%), საიდანაც მოსარჩელეზე გაიცა 1142867.5 ლარი. შესაბამისად, მასზე გასაცემი დივიდენდის დარჩენილი ოდენობაა 719732.62 ლარი.
6.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ შესაგებლით სარჩელის ნაწილობრივი ცნობა და მოსარჩელეზე გასაცემი დივიდენდის ნაწილში ფაქტობრივი გარემოების აღიარება, იყო არსებითი შეცდომის შედეგი, რაც მისი მითითებით, გამოიწვია მოსარჩელეზე გასაცემ დივიდენდად, შეცდომით შპს ,,ბო---------------ში“ მისი წილის ღირებულების აღნიშვნამ, რასაც შეიცავს შესაგებელზე დართული ე.წ. ,,ბუღალტრული ბარათი“.
დასახელებული დოკუმენტი, რომელიც ხელმოწერილია შპს ,,ბო---------------ს“ დირექტორის, გი----------ის მიერ, თან ერთვის მოსარჩელისათვის 03/05/2018წ. წერილს, რომლითაც ეცნობა, რომ მასზე გასაცემად დარჩენილი დივიდენდი შეადგენს 719732,62 ლარს, რომელსაც კომპანია ჩაურიცხავდა არაუგვიანეს 2018 წლის 30 ივნისისა. ,,ბურალტრულ ბარათში“ აღნიშნულია, რომ საზოგადოების ჯამურმა მოგებამ 01/01/2017წლიდან 11/04/2017 წლამდე შეადგინა 8869524.37 ლარი, საიდანაც შპს ,,ბო-------ის“ წილია 1862600.12 ლარი. აქედან გაცემულია 1142867.50 ლარი, ხოლო დარჩენილია 719732.62 ლარი (ს.ფ.-ები: 113-114).
გარდა იმისა, რომ შპს ,,ბო-------ის“ წილად მითითებული 1862600.12 ლარი, ჯამური მოგების 8869524.37 ლარის ზუსტად 21%-ია, ზემოაღნიშნული მონაცემები ზედმიწევნით ემთხვევა საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ შესაბამის კრების ოქმებსა და სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერებს (იხ. 23/05/2017წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ.41); შპს ,,ბო-------ის“ სალაროს შემოსავლის ორდერის ასლი (ს.ფ.42); 09/01/2018წ. კრების ოქმი (ს.ფ.112); შპს ,,ბო---------------ს“ სალაროს გასავლის ორდერის ასლი (ს.ფ.46) (იხ. გადაწყვეტილების 3.1.2.-3.1.3. პუნქტები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლებით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. ამავე კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ აღიარების უარსაყოფად მითითებული გარემოება - დივიდენდის ნაცვლად წილის ღირებულების აღნიშვნა - იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. შესაბამისად, მისი განცხადება, აღიარების უარყოფის შესახებ, დაუსაბუთებელია.
ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა ზემოაღნიშნულ წერილსა და ,,ბუღალტრულ ბარათში“ შეტანილი მონაცემების არასწორობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,დივიდენდის გამოცხადებისა და გადახდის კომპეტენციას „მეწარმეთა შესახებ“ კანონი დირექტორს აკუთვნებს, დაუშვებელია დირექტორის ეს უფლება არამართლზომიერად იქნეს გამოყენებული და უსაფუძვლოდ შეზღუდოს პარტნიორის უფლება დივიდენდის მიღებაზე. ნებისმიერი სამოქალაქო უფლება შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხ.) და ამდენად, სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტის ნების გამოვლენით არ უნდა ირღვეოდეს პირის ძირითადი უფლებები და სამართლის ზოგადი პრინციპები" (იხ. სუსგ Nას-1063-1018-2014; 08 აპრილი, 2015 წელი).
გამომდინარე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ მოსარჩელე, შპს ,,ბო-------ის“ სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს დივიდენდის დარჩენილი ნაწილის სახით, 719732.62 ლარის გადახდა.
6.3. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან იგი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს მის მიერ წარმოდგენილ 09/01/2018წ. პარტნიორთა კრების ოქმის მე-7 პუნქტზე, რომლითაც, მოსარჩელის განმარტებით, დადგენილია ამ კრების ოქმით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შპს ,,ბო-------ის" სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
ამ გადაწყვეტილების 6.1. პუნქტში სასამართლომ უკვე იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასახელებული კრების ოქმის იურიდიულ ძალაზე და დაადგინა, რომ აქ მითითითებულ საკითხებზე შპს ,,ბო---------------ს" პარტნიორებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. სასამართლო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
რამდენადაც დაკმაყოფილებული ნაწილი, 719732.62 ლარი, შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის - 866285 ლარის 83.082%-ს, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 4154 ლარისა და 10 თეთრის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ (5000 ლარის 83.082%).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2671, 269-270-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:
1. შპს ,,ბო-------ის“ (ს.ნ.2--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ (ს.ნ.2--------) მოსარჩელე, შპს ,,ბო-------ის“ (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს 719732 ლარისა და 62 თეთრის გადახდა.
3. შპს ,,ბო-------ის“ (ს.ნ.2--------) მოთხოვნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე, შპს ,,ბო---------------ს“ (ს.ნ.2--------) მოპასუხე, შპს ,,ბო-------ის“ (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან 4154 ლარისა და 10 თეთრის ანაზღაურება. სარჩელზე გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 845 ლარი და 90 თეთრი, დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის ნაწილში, მოსარჩელეს შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა, მისთვის ამ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, თბილისისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილი