განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2018
საქმის ნომერი
110100118002614797
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
27.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002614797

N1/193-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - მ------ ზ------- ძე ო---ე, დაბადებული 1----–-–---- ო-----------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, სოფელი რ----------–-;

 

ადვოკატი - მ-----– ხ---------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2018 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათიდან, 00:00 საათამდე პერიოდში, ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ------ ო---ემ, განაწყენების ნიადაგზე, მეუღლეს - ლ---- შ---–----, ხელი დაარტყა მარჯვენა მკლავზე, რომელზეც, ასევე, ძლიერად მოუჭირა ხელი და წააქცია კიბეზე, რის შედეგადაც ლ---- შ---–---- განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2018 წლის 30 ივლისს, ალკოჰოლური თრობის მგომარეობაში მყოფ მ------ ო---ეს, მეუღლის - ლ---- შ---–---- მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ:

 

3. 2006 წლის 15 დეკემბრის ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ლ---- შ---–---, ხოლო საქმროდ მ------ ო---ე.

 

4. 2008 წლის 8 აპრილის გ------- ო---ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ---- შ---–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ------ ო---ე.

 

5. 2010 წლის 13 დეკემბრის თ----- ო---ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ---- შ---–---, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია მ------ ო---ე.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------ ო---ე და დაზარალებული ლ---- შ---–--- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ს-----–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს სვირის პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიბელის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 ივლისს, მას, ტელეფონზე დაუკავშირდა ლ---- შ---–---, რომელიც იყო აღელვებული და განუცხადა, რომ მეუღლემ, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თავის მხრივ, იგი, დაუკავშირდა სამორიგეო ნაწილს და დაარეგისტრირა მიღებული შეტყობინება. 2018 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 20:30 საათზე, შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მას და შ----- კ----–-–---–- სახლში დახვდათ ლ---- შ---–--- და მ------ ო---ე. გაესაუბრნენ ლ---- შ---–----, რომელმაც განუცხადა, რომ წინა ღამით, მას, მეუღლემ, მ------ ო---ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მიუთითა მკლავზე მიყენებულ დაზიანებაზე. ლ---- შ---–----, მკლავზე, გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები დალურჯებების სახით. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ------ ო---ე, კვლავ განაგრძობდა ლ---- შ---–----ათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, რის გამოც მოხდინეს მისი დაკავება გადაყვანა სამმართველოში.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ----- კ----–-–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს სვირის პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 31 ივლისს, იგი იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მეწყვილე გ--- სუხიაშვილთან ერთად. გ--- ს-----–---–-, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ქალბატონი, რომელმაც აცნობა ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში ოჯახური კონფლიქტის შესახებ და ითხოვა დახმარება. შ----- კ----–-–---–- და გ--- სუხიაშვილი დაუყოვნებლივ წავიდნენ სოფელ როდინაულში. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მათ დახვდათ მ------ ო---ე და ლ---- შ---–---. ეს უკანასკნელი ძალიან აღელვებული იყო და ტიროდა. ლ---- შ---–----, მას და გ--- ს-----–---–- უამბო, რომ მ------ ო---ემ, 30 ივლისს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ---- შ---–---- მკლავზე აღენიშნებოდა დაზიანება, რომელიც, მისი თქმით მეუღლემ - მ------ ო---ემ მიაყენა. მ------ ო---ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და მათი თანდასწრებითაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ლ.შ---–----. აღნიშნულის შემდეგ, დააკავეს მ------ ო---ე, შეადგინა დაკავების ოქმი და წარადგინეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2018 წლის 2 აგვისტოს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მ------ ო---ეს გააცნო დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, გამოკითხა და გაუცვალა მტკიცებულებები.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------ გ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოახდინა დაზარალებულ ლ---- შ---–---- გარეგნული დათვალიერება. აღნიშნულის შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- გ--–-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს სვირის პოლიციის განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო მ------ ო---ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: გამოკითხა დაზარალებული და მოწმეები. დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გამოითხოვა დოკუმენტაცია სამოქალაქო რეესტრიდან, პრობაციის ეროვნული ბიუროდან და სოციალური სააგენტოდან. ასევე, დანიშნა ექსპერტიზა.

 

13. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ლ---- შ---–----, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა მ------ ო---ემ, უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

14. 2018 წლის 31 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში და წარმოადგენს მ------ ო---ის და ლ---- შ---–---- საცხოვრებელ სახლს.

 

15. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით დგინდება, რომ 0---------წ. 0---------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ---- შ---–---- სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მრავლობითი ერთმანეთთან ახლოს მდებარე სხვადასხვა ზომისა და ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი მაქსიმალური ზომით: 0.5X0.3სმ და მინიმალური ზომით: 0.3X0.1სმ). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

16. იმერეთის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 1 აგვისტოს MOC 4 18 0------- მიმართვით დგინდება, რომ მ------ ო---ე აღრიცხვაზე იმყოფება, მასზე კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრი--------- განაჩენის საფუძველზე.

 

17. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 იანვრი--------- განაჩენით, მ------ ო---ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულ მ------ ო---ეს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

18. საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ, უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების თ----- ქ------- და გ------- გ-------–-–---–-- დაკითხვა.

 

19. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე ზემოქმედება, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

20. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მ------ ო---ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს მ------ ო---ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მ------ ო---ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა მ------ ო---ის მხრიდან დაზარალებულ ლ---- შ---–---- მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 ივლისს, ალკოჰოლური თრობის მგომარეობაში მყოფ მ------ ო---ეს, მეუღლის - ლ---- შ---–---- მიმართ, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

21. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

22. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

24. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N49).

 

27. სასამართლო აღნიშნავს, რომ მ------ ო---ის მიერ ლ---- შ---–---- მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების - გ--- სუხიაშვილისა და შ----- კ----–-–---–-ს ჩვენებები. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ------ ო---ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან კი არ დასტურდება, რომ 2018 წლის 30 ივლისს, მ------ ო---ემ ძალადობა ჩაიდინა მისი მეუღლის - ლ---- შ---–---- მიმართ. მოწმეებმა გ--- ს-----–---–-- და შ----- კ----–-–---–-- მიუთითეს და დაადასტურეს, რომ როდესაც გამოძახებაზე მისულები გამოცხადდნენ სოფელ როდინაუში, მათ სახლში დახვდათ ლ---- შ---–--- და მ------ ო---ე. ლ---- იყო ანერვიულებული და განუმარტა მათ, რომ წინა დღეს, მეუღლემ, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ----ს ნამდვილად ემჩნეოდა დაზიანება მკლავზე, თუმცა დეტალები, რა დროს, რა ვითარებაში და როგორ მიაყენა დაზიანება ბრალდებულმა დაზარალებულს, მოწმეებს არ უთქვამთ. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). სასამართლო, აქვე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მართალია მითითებულია ლ---- შ---–---- სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, თუმცა, თუ რა გარემოებებში ჰქონდა მიღებული ეს დაზიანებები დაზარალებულს და ვინ მიაყენა, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, საქმეში არ მოიპოვება. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნ------ გორგაძის ჩვენებას ვინაიდან მოწმის მიერ საქმეზე ჩატარებული იქნა ერთადერთი მოქმედება - დაზარალებულ ლ---- შ---–---- გარეგნული დათვალიერება. აღნიშნული დათვალიერების ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, 2018 წლის 10 სექტემბრის, წინასასამართლო სხდომაზე ცნობილ იქნა დაუშვებელ მტკიცებულებად, რაც ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით. საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, მოწმე ნ------ გორგაძის ჩვენება წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. გარდა აღნიშნულისა, ასევე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა (ცემა და სხვაგვარი ძალადობა), სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ან/და სხვაგვარი ძალადობა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ეს არის უსიამოვნო და ემოციური გამოცდილება, რომელიც ქსოვილის რეალურ ან პოტენციურ დაზიანებას უკავშირდება, ან ასეთი დაზიანების ტერმინებით აღიწერება. სხვა სიტყვებით, ეს არის ორგანიზმის რეაქცია მავნე ზემოქმედების მქონე გამღიზიანებლების სტიმულაციაზე, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია იმისათვის, რომ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება ან საფრთხე შეუქმნას მას. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განცდილმა ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

 

28. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, საქმეზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც, მ------ ო---ე უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------ ო---ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

მ------ ო---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის N1/193-2018 განჩინებით დ-------- ო---ის (პ/ნ-----------), ლ---- შ---–---- (პ/ნ-----------) და მ------ ო---ის (პ/ნ1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი სოფელი რ----------–-, საკადასტრო კოდით N------------);

 

გამართლებულ მ------ ო---ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე