გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/4854-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ვ-----------------------–-–---–ი
მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი - ს--–---------–--–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისს გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ-----------------------–-–---–ის საჩივარი კერძოდ N7 ტესტურ დავალებასთან დაკავშირებით.
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ვ-----------------------–-–---–ს მოემატება 01(ერთი) ქულა და მის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 75 (სამოცდათხუთმეტი)-ით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ვ-----------------------–-–---–მა 2018 წლის 03 ივნისს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში. ვ-----------------------–-–---–მა ტესტირების შედეგად დააგროვა 74 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N-- ოქმი - ს/ფ 21-26
3.1.2. ვ-----------------------–-–---–მა ტესტირების შედეგები ორი ტესტი, №07 და N16 ტესტის, შეფასების ნაწილში გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში.
2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შესული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (ს-----------------) ვ-----------------------–-–---–ის საჩივარი N7 და N16 ტესტის შეფასების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ვ-----------------------–-–---–ს საბოლოო შედეგი განისაზღვრა 74 ქულით.
ვ-----------------------–-–---–ი დაეთანხმა N16 ტესტის ნაწილში შეფასებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N-- ოქმი - ს/ფ 21-26.
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება - იხ.: სარჩელი, სხდომის ოქმი.
3.1.3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე N7 კითხვა შემდეგი სახით იყო წარმოდგენილი - დიონისემ განცხადება შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. მხარეებთან კომუნიკაციის წარმოების პროცესში, სასამართლომ აცნობა განმცხადებელს, რომ მთავრობამ გამოთქვა სურვილი მეგობრული მორიგებისათვის მიეღწია განმცხადებელთან და შესთავაზა კომპენსაცია 10 000 ევროს ოდენობით. ევროპული სასამართლოდან ხსენებული შეტყობინების მიღების შემდგომ, განმცხადებელმა სოციალურ ქსელში (facebook) გაასაჯაროვა ხსენებული ინფორმაცია და განცხადება, რომ მთავრობას სურს იგი იყიდოს 10 000 ევროდ, თუმცა იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ხსენებულს. საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროპულ სასამართლოს რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა დიონისეს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვაზე და განსახილველ საქმეთა სიიდან ამოერიცხა. გამართულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნა?
სწორი პასუხი - ,,ბ’’ დიახ, რადგან კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით პროცედურა კონფიდენციალურია.
გაცემული პასუხი - ,,ა’’ არა, რადგან დაუშვებელია მეგობრული მორიგების სანაცვლოდ მთავრობამ განმცხადებელს შესთავაზოს ფულადი კომპენსაცია.
ექსპერტის მოსაზრებით - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის თანახმად, სასამართლო სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად. მორიგების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ საქმეზე, რომელიც უკავშირდება კონვენციით ან დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების, მათ შორის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას.
ამასთან კონვენციის 39-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, მორიგების პროცედურა კონფიდენციალურია. ასევე კონვენციის დებულებები არანაირ შეზღუდვას არ აწესებს მორიგების პირობებთან დაკავშირებით.
წინამდებარე კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ევროპული სასამართლოდან საქმის განხილვის დაწყების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, განმცხადებელმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა მორიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რითაც დაარღვია ზემოხსენებული 39-ე მუხლით დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი.
შესაბამისად გაცემული პასუხი, რომ “დაუშვებელია მეგობრული მორიგების სანაცვლოდ მთავრობამ განმცხადებელს შესთავაზოს ფულადი კომპენსაცია’’, არ არის მართებული.
ამასთან საგულისხმოა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის ვალდებულება ენიჭება დავაში მონაწილე მხარეებს და ამ პრინციპის დარღვევა გამოიწვევს მთლიანი საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვას.
წარდგენილი მოსაზრების განხილვისა და ღია კენჭისყრის შედეგად, წარდგენილი საჩივარი N7 ტესტის შეფასების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებას:
- სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N-- ოქმი - ს/ფ 21-26.
- ექსპერტის მოსაზრება - ს/ფ 25.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ-----------------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, "ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის N-- ოქმით მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავოს საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ. ტესტირების ჩატარების წესს, პროგრამას ამტკიცებს და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. მითითებული მუხლის მე-3-4 პუნქტების თანახმად, ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით; ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი. აღნიშნული მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილია, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №7 ტესტური დავალების შეფასებას. მოსარჩელის განმარტებით, მითითებული ტესტი არ პასუხობს ტესტისთვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან ტესტის შინაარსი, დასმული კითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ტესტის შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №7 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: დიონისემ განცხადება შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. მხარეებთან კომუნიკაციის წარმოების პროცესში, სასამართლომ აცნობა განმცხადებელს, რომ მთავრობამ გამოთქვა სურვილი მეგობრული მორიგებისათვის მიეღწია განმცხადებელთან და შესთავაზა კომპენსაცია 10 000 ევროს ოდენობით. ევროპული სასამართლოდან ხსენებული შეტყობინების მიღების შემდგომ, განმცხადებელმა სოციალურ ქსელში (facebook) გაასაჯაროვა ხსენებული ინფორმაცია და განცხადება, რომ მთავრობას სურს იგი იყიდოს 10 000 ევროდ, თუმცა იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ხსენებულს. საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროპულ სასამართლოს რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა დიონისეს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვაზე და განსახილველ საქმეთა სიიდან ამოერიცხა. გამართულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნა?
სწორი პასუხი - ,,ბ’’ დიახ, რადგან კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებით პროცედურა კონფიდენციალურია.
გაცემული პასუხი - ,,ა’’ არა, რადგან დაუშვებელია მეგობრული მორიგების სანაცვლოდ მთავრობამ განმცხადებელს შესთავაზოს ფულადი კომპენსაცია.
სასამართლო თვლის, რომ განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობაც სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტის (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არსებობს ამა თუ იმ ტესტის სწორ პასუხად მიჩნეული სამართლებრივი შეფასების მიმართ, უნდა გადაწყდეს გამოსაცდელის სასარგებლოდ. თუმცა სასამართლო თვლის, რომ N7 ტესტი არ არის ბუნდოვანი, არ იძლევა ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას, ტესტი არის ნათლად ჩამოყალიბებული და მისი სწორი პასუხი არის ცალსახა. სასამართლო იზიარებს ექსპერტის მოსაზრებას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის 1-ლი პარაგრაფის თანახმად, სასამართლო სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს თავის სამსახურს საქმეზე მორიგების მისაღწევად. მორიგების პროცედურა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერ საქმეზე, რომელიც უკავშირდება კონვენციით ან დამატებითი ოქმებით დაცული უფლებების, მათ შორის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. ამასთან კონვენციის 39-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის თანახმად, მორიგების პროცედურა კონფიდენციალურია. ასევე კონვენციის დებულებები არანაირ შეზღუდვას არ აწესებს მორიგების პირობებთან დაკავშირებით. წინამდებარე კაზუსის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ევროპული სასამართლოდან საქმის განხილვის დაწყების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, განმცხადებელმა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა მორიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რითაც დაარღვია ზემოხსენებული 39-ე მუხლით დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი. შესაბამისად გაცემული პასუხი, რომ “დაუშვებელია მეგობრული მორიგების სანაცვლოდ მთავრობამ განმცხადებელს შესთავაზოს ფულადი კომპენსაცია’’, არ არის მართებული. ამასთან საგულისხმოა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის ვალდებულება ენიჭება დავაში მონაწილე მხარეებს და ამ პრინციპის დარღვევა გამოიწვევს მთლიანი საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვას.
სასამართლო იზიარებს ექსპერტის მოსაზრებას და თვლის, რომ N7 ტესტურ დავალებასა და პასუხებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმი N7 კითხვის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგად შემოსული საჩივრის განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის N-- ოქმის ვ-----------------------–-–---–ის ნაწილში, კერძოდ N7 კითხვის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რომლითაც ვ-----------------------–-–---–ს მოემატება 01(ერთი) ქულა და მის მიერ გამოცდაზე მიღებული ქულათა რაოდენობა განისაზღვრება 75 (სამოცდათხუთმეტი)-ით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ-----------------------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ვ-----------------------–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი