განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2018
საქმის ნომერი
160100118002518536
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
12.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100118002518536

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/182-18 12 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031230618002)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი,თამთა როყვა

სხდომის სახე : ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მაკა რევია

 

ბრალდებული: მ------- ა--------ი

მამის სახელი: ასრათ

დაბადებული: 1----–-–---------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–---------–----–----------------------

 

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 25 ივნისის დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ მ------- ა--------ს ბრალად ედება, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 ივნისს, დაახლოებით 15:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 300 ლარის მიცემაზე უარით განაწყენებულმა მ------- ა--------მა, გულმკერდის არეში ხელის ძლიერად კვრის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დედის სახიბა ა--------ის მიმართ, ასევე უკანასკნელი ხუთი თვის მანძილზე სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დედის - სახიბა ა--------ის და მშვილებლის ფახრად ა--------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახიბა ა--------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ხოლო დაზარალებულმა ფახრატ ა--------მა განიცადა ტანჯვა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. მ------- ა--------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

მ------- ა--------ი 2018 წლის მაისის ბოლოდან 2018 წლის 23 ივნისის ჩათვლით სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი მშვილებლის - ფახრად ა--------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფახრატ ა--------მა განიცადა ტანჯვა.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დაზარალებული სახიბა ა--------ა, რომელმაც განმარტა, რომ არის მ------- ა--------ის დედა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა დაზარალებული ფახრად ა--------ი, რომელმაც განმარტა, რომ მ------- ა--------ი არის მისი შვილობილი.

 

შესაბამისად მ------- ა--------ი, სახიბა ა--------ა და ფახრად ა--------ი არიან ერთი ოჯახის წევრები.

 

დაზარალებულმა სახიბა ა--------ამ (ბრალდებულის დედა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე.

 

2018 წლის 23 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (ვითარების აღდგენის) ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია მარნეულის რაიონი სოფელი ყიზილაჯლო. სახიბა ა--------ა მიუთითებს საკუთარ საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოწმე უთითებს ერთ სართულიან სახლზე, რომელსაც აქვს შესასვლელი რკინის კარები. ამ კარების ზედა ნახევარში ჩასმულია მინა. მინა არის დაზიანებული , კერძოდ მისი ნახევარი არის ჩამსხვრეული, ნახევარი კი არის კარზე დარჩენილი. სახიბა ა--------ას განმარტებით აღნიშნული კარები დააზიანა მ------- ა--------მა. შემდეგ მოწმე მიუთითებს შესასვლელი ოთახისკენ, სადაც კარებიდან ხელმარჯვნივ განთავსებულია ხის ტუმბო, რომელზეც მოთავსებული იყო კომპიუტერი. მოწმის მითითებით ტუმბოზე იდო გასახსნელი დანა, რომელიც აიღო მ------- ა--------მა და დაემუქრა მამამისს მოკვლით, თუ იგი არ მისცემდა ფულს. შემდეგ მოწმე აჩვენებს ხის ორფრთიან კარზე, რომლის მინები ასევე დაზიანებულია და მინის ნამსხვრევი ყრია იატაკზე, ამ კარის მეშვეობით არის გასასვლელი მისაღებ ოთახში, სადაც სახიბა ა--------ას განმარტებით იდგა როდესაც შვილმა ძლიერად ჰკრა ხელი გულმკერდის არეში, რის შემდეგადაც იგი ზურგის მხარეს დაეცა იატაკზე და განიცადა წელისა და გულმკერდის არეში ტკივილი. მოწმემ, ასევე მიუთითა იქვე მისაღებ ოთახში ე.წ. ,,სერვანდის“ ღია თაროზე დადებულ მეტალის გასახსნელ დანაზე და განმარტა რომ სწორედ ის დანაა, რომლის დემონსტრირებითაც მ-------ი ემუქრებოდა ფახრატ ა--------ს. სახიბა ა--------ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობისას წარმოადგინა წერილი, რომელიც არის აზერბაიჯანულ ენაზე შესრულებული და მისი განმარტებით წერს რომ მისი გარდაცვალება იქნება მ------- ა--------ის ბრალი. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი.

 

2018 წლის 24 ივნისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7021038 დასკვნის თანახმად მ------- ა--------ი კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ასევე, მას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი.

 

2018 წლის 29 ივნისის სამედიცინო ექსპერტიზის N004433418 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (24.06.2018წ) სახიბა ა--------ას სხეულზე გარეგნულად ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თამარ ჩუბინიძე, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 23 ივნისს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღეს შეტყობინება - მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეტყობინება შესასრულებლად დაეწერა მოწმე -თამარ ჩუბინიძეს, რის საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება მ------- ა--------ის მხრიდან მშობლების სახიბა ა--------ას და ფახრატ ა--------ის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე. ასევე, მის მიერ საქმეზე გამოკითხული იქნა მოწმის სტატუსით სახიბა და ფახრატ ა--------ები. რის შემდეგაც ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ჩატარებული იქნა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, დათვალიერებულ იქნა შემთხევის ადგილი. ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი- ვითარების აღდგენის ოქმი, რა დროსაც მ------- ა--------ის დედასთან მოხდა მისი ჩვენების გადამოწმება. ექსპერიმენტის ჩატარების დროს ამოღებულ იქნა დანა და მინის ნამსხვრევები. სახიბა ა--------ას მიერ წარმოდგენილი იქნა წერილი, რომელიც შედგენილი იქნა აზერბაიჯანულ ენაზე. წერილი იყო სახიბა ა--------ას მიერ დაწერილი, სადაც იგი წერდა რომ თუ გარდაიცვლებოდა ეს იქნებოდა მისი შვილის ქმედებიდან გამომდინარე. ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობდა თამარ ჩუბინიძის თანამშრომელი დიტო გიგანი. ასევე ვინაიდან შეტყობინებაშიც იყო მითითებული და მ------- ა--------ის მშობლებიც მიუთითებდნენ მ------- ა--------ის ნარკოტიკებთან დამოკიდებულებაზე, გამოტანილი იქნა დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მ------- ა--------ი წარდგენილი იქნა ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც მას დაუდგინა ოპიუმის ჯგუფის მოხმარება. შემდეგ, სახიბა ა--------ა და ფახრატ ა--------ი ცნობილ იქნენ დაზარალებულებად, რომელთაც მოწმემ გააცნო დადგენილება, განუმარტა უფლებები და გამოკითხა მოწმის სახით. სახიბა ა--------ა ასევე წარდგენილი იქნა სამედიცინო ექსპერტიზაზე და შემოწმებულ იქნა ექსპერტის მიერ. მოწმის მიერ მოხდა ასევე ბრალდებულისათვის ბრალის წარდგენა და ბრალდებულის სახით გამოკითხვა. თამარ ჩუბინიძის მიერ გამოთხოვილი იქნა მ------- ა--------ის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დიტო გიგანი, რომლის განმარტებითაც 2018 წლის 23 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შევიდა შეტყობინება მ------- ა--------ის მხრიდან მისი მშობლების მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე მისი თანამშრომლის თამარ ჩუბინიძის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება და სახიბა ა--------ას გამოკითხვის შემდეგ წავიდნენ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში საგამოძიებო ექსპერიმენტის - ვითარების აღდგენის მიზნით. სახლში მისვლისას იყო ერთ სართულიანი სახლი, სახლს ჰქონდა შესასვლელი რკინის კარები, რომელსაც ჰქონდა შუშის მინები და აღნიშნული მინები იყო ჩამტვრეული. ასევე სახლში შესვლისას დახვდათ ორ ფრთიანი ხის კარები, რომელსაც ასევე ჰქონდა ჩამტვრეული მინები. სახიბა ა--------ას განმარტებით აღნიშნული მინები ჩაამტვრია მისმა შვილმა. სახიბა ა--------ამ მიუთითა ტუმბოზე, სადაც იდო დასაკეცი დანა, რომლითაც მ------- ა--------ი ემუქრებოდა მოკვლით. მოწმის განმარტებით სახიბა ა--------ამ ასევ უჩვენა მათ ადგილი, სადაც წაიქცა, როდესაც შვილმა გულმკერდის არეში დაარტყა. სახიბა ა--------ამ მათ წარუდგინა თავისი ხელით დაწერილი წერილი. აღნიშნულზე შედგენილი იქნა ოქმი და დამოწმებულ იქნა შესაბამისი წესით.

 

სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული იქნა დაზარალებული ფახრად ა--------ი. ფახრად ა--------მა განმარტა, რომ მ------- ა--------ი არის მისი ძმიშვილი, რომელიც მის დედაზე დაქორწინების შემდეგ გაზარდა შვილივით. დაზარალებულის ჩვენებით დგინდება რომ 2018 წლის 23 ივნისს იყო წასული ყიზილაჯლოში, პანაშვიდზე მეუღლე-სახიბა ა--------ასთან ერთად, რა დროსაც დაურეკა მ------- ა--------მა და უთხრა რომ სახლს დაწვავდა და დაამტვრევდა თუ მალე არ მივიდოდა სახლში. აღნიშნულის შემდეგ იქნებოდა დაახლოებით 3-4 საათი, ფახრატ ა--------მა მეუღლე დატოვა სახლში და თვითონ წავიდა სამსახურში. 5 წუთში კი დაურეკა მეუღლემ, რომ მ-------ი ჩხუბობს და მოდიო. როდესაც მივიდა სახლში კარი იყო დამტვრეული, მ-------ს ეჭირა დანა და ითხოვდა 300-400 ლარს. მოწმის განმარტებით მ-------ს ფული უნდოდა ნარკოტიკებისათვის. სახლში იმყოფებოდნენ თავად მოწმე და მისი მეუღლე. მ-------მა მის მეუღლეს დაარტყა, ხელი ჰკრა გულმკერდის მიდამოში, რომელიც წაიქცა, მ-------ს ეჭირა დანა, ატრიალებდა და ფახრად ა--------ს ემუქრებოდა ,,ეხლა მოგკლავო“. ფახრატ ა--------ის განმარტებით მ-------ს უნდოდა დანის ჩარტყმა, მან აიღო სკამი თავის დასაცავად, შემდეგ გარეთ გავიდა, კარი დაიჭირა, აიღო ტელეფონი და 112-ზე დარეკა პოლიციაში. რაზეც პოლიციის მოსვლის შემდეგ მ-------მა დანა დააგდო და გაიქცა. ფახრად ა--------მა განმარტა, რომ მ-------ი მას აგინებდა, ლანძღავდა, რაც მისთვის მძიმე მოსასმენი იყო. დაზარალებულმა განმარტა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მ------- ა--------ი თვენახევარში წავიდა თურქეთში, საიდანაც დაბრუნების შემდეგაც აყენებდა შეურაცხყოფას. მ------- ა--------ი ასევე შეურაცხყოფას აყენებდა სახიბა ა--------ასაც. იგი დადიოდა სამსახურში და თვითონ ხშირად ვერ ხედავდა, თუმცა მისი მეუღლე ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მ-------ი აგინებდა და ურტყავდა და სთხოვდა ფულს. იგი ფულს ითხოვდა ორ - სამ დღეში ერთხელ. მოწმე განმარტავს რომ იძულებულ იყო ფული მიეცა, რადგან რომ არ მიეცა მისთვის ფული სახლს დალეწავდა. ფახრად ა--------ის განმარტებით მან მ------- ა--------ს ხელი შეუწყო, რომ ესწავლა უნივერსიტეტში იურიდიულზე, ასვე დაეხმარა, რომ პოლიციაში გაეარა სტაჟირება, მან კი დაიწყო ნარკოტიკის მოხმარება. მოწმის განმარტებით მას მ------- ა--------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარის მიერ სხვა ყველა მტკიცებულება მიჩნეულ იქნა უდავოდ.

 

3.2. ბრალდების მხარე მ------- ა--------ს ედავება რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ------- ა--------ის მხრიდან სახიბა ა--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სასამართლო სხდომაზე სახიბა ა--------ამ უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი სახიბა ა--------ას ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება ვითარების აღდეგნის ოქმს და ფახრად ა--------ის ჩვენებას, აღნიშნული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა სახიბა ა--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------- ა--------ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა, რომ მ------- ა--------ი სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა თავისი მშვილებლის - ფახრად ა--------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფახრატ ა--------მა განიცადა ტანჯვა. დაზარალებულ ფახრატ ა--------ის ჩვენება, რომელიც შესაბამისობაშია 2018 წლის 23 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7021038 დასკვნასთან ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მხრიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

 

რაც შეეხება შეურაცხყოფის სისტემატიურ ხასიათას საქმის მასალების თანახმად ცნობა N0721474-ით დგინდება რომ მ------- ა--------ი საპატიმრო სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2017 წლის 27 დეკემბერს. მ------- ა--------ის საზღვრის კვეთის მონაცემების თანახმად კი მას უფიქსირდება საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა 2018 წლის 2 ნოემბერს, ხოლო საზღვრის გადმოკვეთა 2018 წლის 18 მაისს. ასევე დაზარალებულმა განმარტა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა შეურაცხყოფა, რაც დაკავშირებული იყო თანხის მოთხონასთან, რომელიც მ------- ა--------ს ესაჭირეობოდა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად და აღნიშნული მოთხოვნა მეორდებოდა ყოველ 3-4 დღეში. შესაბამისად საამართლო შეურაცხყოფის სისტემატიურობას დადასტურებულად მიიჩნევს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.2. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ მ------- ა--------მა ფახრატ ა--------ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, მ------- ა--------ის ნასამართლეობას, დანაშაულის ჩადენის მოტივს, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

5.3. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ მ------- ა--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მ------- ა--------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------- ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მ------- ა--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 ივნისიდან.

 

მ------- ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

დანა, მინის ნამტვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სახიბა ა--------ას წერილიდაერთოს სისხლის სამართლის საქმესს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე