გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/8703-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.12.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს „მ-----------------------------–-----------------------–-“
წარმომადგენელი თე----------–---
მოპასუხეები ნ------------–---, ვა---–------–---–--–---–-
დავის საგანი სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების ნო----------–--ისა და ვა---–------–---–--–---–-სათვის მოსარჩელე სს „მ-----------------------------–-----------------------–-ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 22 ივნისის N---- საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად 2929.16 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 1953.76 აშშ დოლარი, პროცენტი - 247.37 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 728.03 აშშ დოლარი.
სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ და ნ------------–---ს შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმდა N---- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მიიღო კრედიტი 2400 აშშ დოლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, 2018 წლის 22 ივნისამდე, ყოველთვიურად 4% სარგებლის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ და ვ----–------–---–--–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N----, რომლის თანახმად, ვ----–------–---–--–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა ნო----------–--ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, საერთო თანხით 3000 აშშ დოლარის ოდენობით.
ნ------------–---მ რამდენჯერმე დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხეებს გაეგზავნათ დავალიანების გადახდევინების შესახებ გაფრთხილების წერილები, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
მოპასუხეებმა ვალდებულება შეასრულეს ნაწილობრივ, გადაიხადეს 1192 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 446.24 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებელი 667,22 აშშ დოლარი და ჯარიმა -78,54 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, გადაუხდელი დავალიანება შეადგენს ძირი თანხა 1953,76 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი 247,37 აშშ დოლარს და 2017 წლის 18 მაისამდე დარიცხული პირგასამტეხლო 74,78 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნე სარჩელის მოთხოვნები. სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 2400 აშშ დოლარი სრულად არ მიუღია და მოსარჩელემ დაუკავა 3%. გაფრთხილების წერილი არ მიუღიათ. ძირითადი თანხის დიდი ნაწილი გადახდილია და სარგებელსა და პირგასამტეხლოში გადახდილი თანხები უნდა ჩაითვალოს ძირ თანხაში გადახდილად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 22 ივნისს შპს ”მ-----------------------------–-----------------------–--” და ნ-------------–--ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სესხა გაეცა 2400 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, 2018 წლის 22 ივნისამდე. თვიური 4% სარგებლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ხელშეკრულება N----.
3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, მსესხებელი კრედიტის მიღებისას გადაიხდის კრედიტის მომსახურების საკომისიოს კრედიტის მთლიანი თანხის 3 პროცენტის ოდენობით. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა, შემდეგ კრედიტზე დარიცხული პროცენტი, ბოლოს -კრედიტის ძირითადი თანხა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საკრედიტო ხელშეკრულება N----.
3.1.3. მსესხებელმა ნ------------–---მ აითვისა შპს ”მ-----------------------------–-----------------------–-ს ” მიერ გაცემული კრედიტის თანხა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სალაროს გასავლის ორდერი.
ამონაწერი სასესხო ანგარიშიდან
ცნობა დავალიანების შესახებ.
3.1.4. მსესხებელმა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად გადაიხადა 1192 აშშ დოლარი, საიდანაც დაიფარა ძირი თანხა 446.24 აშშ დოლარი, პროცენტი 667.22 აშშ დოლარი და ჯარიმა - 78.54 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
3.1.5. ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია: ძირითადი თანხა 1953.76 აშშ დოლარი, პროცენტი -247.37 აშშ დოლარი, ჯარიმა - 728.03 აშშ დოლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან.
ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2016 წლის 22 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თავისდროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას) მსესხებელი იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
საკრედიტო ხელშეკრულება.
3.2.2. 2016 წლის 22 ივნისს სს „მ-----------------------------–-----------------------–--“ და ვ----–------–---–--–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ვ----–------–---–--–---–მა იკისრა სოლიდარული თავდებობა მსესხებლის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული თანხა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თავდებობის ხელშეკრულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 22 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 1953.76 აშშ დოლარის, პროცენტის 247.37 აშშ დოლარისა და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს - 145.60 აშშ დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 427-ე, მე-400, 361-ე, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს ”მ-----------------------------–-----------------------–--” და მოპასუხე ნ------------–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებელზე ნ------------–---ზე სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული ყოველთვიური სარგებლის 4%-ის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოვალე ნ------------–--- კრედიტორის სს ”მ-----------------------------–-----------------------–-ს” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას გადასახდელი აქვს სესხის ძირითადი თანხა 1953.76 აშშ დოლარი და მასზე დარიცხული პროცენტი 247.37 აშშ დოლარი. სასამართლო მიუთითებს, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხა, კრედიტორმა გადაანაწილა იმ რიგითობით, რაც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-7 ნაწილით. შესაბამისად, მოპასუხეთა აპელირება გადახდილი თანხით მხოლოდ ძირითადი თანხის დაფარვის თაობაზე, უსაფუძვლოა და სასამართლო არ იზიარებს.
ამდენად, კრედიტორი სს ”მ-----------------------------–-----------------------–-” უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალე ნო----------–--ისაგან ვალდებულების შესასრულებლად ამ თანხის გადახდის დაკისრება.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს სს ”მ-----------------------------–-----------------------–--” და ნ------------–---ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით, არაგონივრულია როგორც დავალიანების ძირითად თანხასთან, ისე მხარეთა შორის შეთანხმებული პროცენტის ოდენობასთან მიმართებაში. შესაბამისად, თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა 728.03 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს ხუთჯერ და განისაზღვროს 145.60 აშშ დოლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად,სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სს ”მ-----------------------------–------------------------–--“ და ვ----–------–---–--–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებმა სოლიდარულად იკისრა კრედიტორის წინაშე ნო----------–--ის ფულადი ვალდებულების შესრულება, რაც გამომდინარეობს 2016 წლის 22 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების 2346.73 აშშ დოლარის გადახდევინება მოითხოვოს სოლიდარულად თავდების ვა---–------–---–--–---–-საგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურების ვალდებულება და მოსარჩელის მიერ იურიდიულ მომსახურებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ”მ-----------------------------–-----------------------–-ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ნ------------–---სა და ვ----–------–---–--–---–ს სოლიდარულად მოსარჩელე სს ”მ-----------------------------–-----------------------–-ს” სასარგებლოდ 2346.73 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1953.76 აშშ დოლარი, პროცენტი 247.37 აშშ დოლარი და ჯარიმა 145.60 აშშ დოლარი.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს ნ------------–---სა და ვ----–------–---–--–---–ს მოსარჩელე სს ”მ-----------------------------–-----------------------–-ს” სასარგებლოდ 173.93 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 109.77 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია