განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
330100118002522587
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/30-----

(გამოძიების №00----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნა-----------–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ვა---–------ე (დაბადებული - 1------–---------–----------------–----------–----------------–-----------------------------------------------------------–----–------------------–---–-----------------------–-------------------–---------------–---------–---------------------------------------------ში),ადვოკატი - უშ---------–--ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვა---–------ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, ვარ------–------------–--------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ------–-------ში ვა---–------ემ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს მი-–-------–--------ას ესროლა პოლიეთი-–--ის პაკეტში მოთავსებული ქურთუკი, რის შემდეგაც მარცხენა ხელი სახის არეში მარჯვენა მხარეს ერთხელ დაარტყა, ასევე ერთხელ დაარტყა ხელი თავის არეში. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მი-–-------–--------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2018 წლის 6 ივნისს, ვა---–------ემ მი-–-------–--------ას უთხრა, რომ იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და ამის გამო არ აცოცხლებდა, დაჩეხავდა, შუბლს გაუხვრეტდა და სულ მალე გარდაცვლილს იპოვიდნენ, რის შედეგადაც მი-–-------–--------ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1 ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, ვარ------–------------–--------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ------–-------ში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ვა---–------ის მიერ მი-–-------–--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2018 წლის 6 ივნისს, ვა---–------ის მიერ მი-–-------–--------ას მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).

 

3.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა განაჩენის 1.1.-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა---–------ის მიერ ყოფილი მეუღლის - მი-–-------–--------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დასადასტურებლად (რაშიც ვა---–------ეს ბრალი ედება), ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა პირდაპირი მტკიცებულება: დაზარალებულ - მი-–-------–--------ას გამოკითხვის ოქმი, რომელმაც ისარგებლა სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

3.5. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.

 

3.6. ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.

 

3.7. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევაში, მაგ.: თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვოს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).

 

3.8. ამდენად, ვინაიდან დაზარალებულმა - მი-–-------–--------ამ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს დაზარალებულ - მი-–-------–--------ას მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა მათ შორის ისეთ ვითარებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება იყო, არ იყო საკმარისი ბრალდებულის მსჯავრდებისათვის, იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), სადაც განსასჯელს ბრალი ედებოდა რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე P.S. v. Germany, პარ. 28).

 

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან გამომდინარე სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ - მი-–-------–--------ას გამოკითხვის ოქმები და საფუძვლად დაუდოს ვა---–------ის მიერ დაზარალებულზე სავარაუდოდ განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტების დადგენას.

 

3.10. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს სხდომაზე გამოკვლეული თითოეული მტკიცებულების შინაარსზე და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, კერძოდ:

 

3.11. გამომძიებელმა უჩ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები - გამოკითხული ჰყავს დაზარალებული, მოწმე - ლუ-----–-----–--------ა, დათვალიერებული აქვს შემთხვევის ადგილი და სხვა. უჩ------–---–მა დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმის განმარტებით, იგი ინციდენტს უშუალოდ არ შესწრებია.

 

3.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 ივნისს, ქ. თბილისის პო-–-–-------------------ის ის---------------------------–-------–- განყოფილების გამომძიებელ უჩ------–---–ის მიერ, მოწმე მი-–-------–--------ას, ექსპერტების - შა-–------------ის და ნი-----–----ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ვა--------–------------–---ო მე-2---------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერი. დათვალიერებაში მონაწილე მი-–-------–--------ამ მიუთითა ადგილზე, სადაც მისმა ქმარმა - ვა---–------ემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რაიმე კვალი შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა.

 

3.13. სასამართლო სხდომაზე ექპერტმა შა-–------------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების სისწორე და განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ოქმთან დაკავშირებით შენიშვნა არავის გამოუთქვამს. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიიღო მი-–-------–--------ასგან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პროცესში.

 

3.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ლუ-----–-----–--------ამ განმარტა, რომ სახლში მისულს პატრული დახვდა. მისმა შვილმა მი-–-------–--------ამ უთხრა, რომ ვა---–------ეს შეხვდა, რომელმაც სახეში დაარტყა ხელი. მოწმის განმარტებით მან გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც თავის დროზე მისმა შვილმა მი-–-------–--------ამ უამბო. იგი უშუალოდ ფაქტს არ შესწრებია და მხოლოდ შვილის ნაამბობიდან იცის, რომ ვა---–------ემ მი-–--ას დაარტყა, რაც შეეხება მუქარას აღნიშნულის თაობაზე მი-–--ას მისთვის არაფერი არ უთქვამს. ლუ-----–-----–--------ას განმარტებით, გადმოცემით იცის, რომ შემთხვევის ადგილზე უცხო ხალხიც იმყოფებოდა, თუმცა კონკრეტულად ვინ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.

 

3.15. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - უჩ------–---–ი და შა-–------------ე არიან პოლიციის თანამშრომლი და ექსპერტი. აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მართებულობა, რომელებიც მათ მიერ იქნა ჩატარებული ან რომელშიც მიიღეს მონაწილეობა. 2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, რაიმე კვალი აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. ამდენად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დგინდება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მოწმემ - შა-–------------ემ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვა---–------ის დაკავება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ჩატარებული სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, რაც მხარეთა მიერ ეჭვქვეშ არ დამდგარა. აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიცემული ჩვენებები პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების (ძალადობისა და მუქარის ფაქტების) მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს (ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას). ასევე ირიბია მოწმე - ლუ-----–-----–--------ას ჩვენება ვა---–------ის მიერ მი-–-------–--------ას მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტთან მიმართებით. მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება ეყრდნობა მი-–-------–--------ას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას (მონათხრობს).

 

3.16. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

3.17. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).

 

3.18. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - უჩ------–---–ის, შა-–------------ისა და ლუ-----–-----–--------ას ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს თუ რა მოხდა 2018 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში, ვარ------–------------–--------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არ------–-------ში განახორციელა თუ არა ვა---–------ემ ყოფილი მეუღლის - მი-–-------–--------ას მიმართ რაიმე სახის ძალადობა და მუქარა.

 

3.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის #3/1----17 გადაწყვეტილებით, ვა---–------ეს აეკრძალა მსხვერპლის ან მის სამსახურთან და იმ სხვა ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

3.20. სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ წარსულში 2017 წელს ვა---–------ესა და მი-–-------–--------ას შორის ადგილი ჰქონდა გარკვეულ კონფლიქტს, რის გამოც სასამართლოს მიერ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ პროცესში არის განსხვავებული მტკიცებულებითი სტანდარტი, ხოლო ამ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება 2017 წელს რაიმე სახის ძალადობის ფაქტი, თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ დადგინდებოდა ასეთი გარემოებები, 2018 წლის 6 ივნისს განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით მაინც არარელევანტური იქნებოდა, რადგან ბრალდების მხარე ვა---–------ეს ედავება მხოლოდ 2018 წლის 6 ივნისს განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას და არა სხვა ეპიზოდს, მათ შორის სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას ან ფიზიკურ ძალადობას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სრულიად არარელევანტურია 2018 წლის 6 ივნისის შესაძლო ძალადობრივი ქმედებისა და მუქარის დადასტურების თვალსაზრისით, რაზეც სასამართლო დამატებით არ იმსჯელებს.

 

3.21. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება. საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება. თუ ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას, ეს არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამდენად, ბრალდებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობა ვერ იქნება გამოყენებული მის წინააღმდეგ და ვერ შეფასდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

3.22. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა მი-–-------–--------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა ვა---–------ის მიერ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტების დადგენა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ვა---–------ე და მი-–-------–--------ა არიან ოჯახის წევრები (მი-–-------–--------ა არის ვა---–------ის ყოფილი მეუღლე), თუმცა ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (არა თუ მტკიცებულებათა ერთობლიობა), რომელიც დაადასტურებდა ვა---–------ის მიერ მი-–-------–--------ას მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებს.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

4.6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).

 

4.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).

 

4.8. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

4.9. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში აპელირებდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე მსხვერპლთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიის დანაშაული როგორც წესი ლატენტური ხასიათისაა და მხოლოდ დაზარალებულის/მოძალადის ხილვადობისა და სმენის არეალში ხორციელდება, თუმცა ეს კიდევ უფრო მეტ ვალდებულებას აკისრებს საგამოძიებო ორგანოებს ჩაატარონ ადეკვატური/ეფექტური გამოძიება და ამოწურონ მტკიცებულებათა მოპოვების ყველა გონივრული შესაძლებლობა, რაც გამომძიებლის მიერ ამ შემთხვევაში ეფექტურად არ განხორციელდა (დაზარალებული და მისი დედა გამოძიების ეტაპზევე უთითებდნენ, რომ შემთხევას, რომელიც მოხდა სკვერში შეესწრნენ სხვა პირებიც, რომელთა დასადგენად და მათგან ინფორმაციის მისაღებად საქმის მასალების მიხედვით რაიმე პროცესუალური მოქმედებები არ ჩატარებულა).

 

4.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვა---–------ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

4.12. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ვა---–------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის ოჯახის წევრმა სავარაუდო დაზარალებულებმა არ მისცეს ჩვენება სასამართლოს და საქმეში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებზე პროკურორების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის N380აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის N258აპ-17 განჩინება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვა---–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

2. ვა---–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, ვა---–------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი