გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28761 - 18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - მ---------–-------ე
წარმომადგენელი - მ---------------ე
მოპასუხე - ნ-----------–---–ი
წარმომადგენელი - ე-–----------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შემცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის საქმე №------------ განჩინებით, მ---------–-------ისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს მ---------–-------ეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდა, 2018 წლის 01 აგვისტოდან, მისი სრულწლოვანების მიღწევამდე.
მოსარჩელე მ---------–-------ეს და ნ-----------–---–ს 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი, თ---–----–-------ე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, დამტკიცდა მორიგების აქტი ნ-----------–---–ს და მ---------–-------ეს შორის, რომლის მიხედვითაც, მ---------–-------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით - 2017 წლის 01 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე, მოსარჩელე მხარემ ივალდებულა ბავშვის სრულწლოვანებამდე გადაიხადოს სკოლის სწავლის საფასური ყოველწლიურად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სასამართლოს განჩინების მიღების დროისათვის, მოსარჩელე მ---------–-------ეს ჰქონდა მუდმივი შემოსავალი ხელფასის სახით. მოცემულ ეტაპზე, მოსარჩელე არ არის დასაქმებული, მას დასაფარი აქვს ბანკიდან გამოტანილი კრედიტები, თუმცა მოსარჩელემ მოპასუხესთან ვერ მიაღწია შეთანხმებას ალიმენტის ოდენობის დროებით შემცირების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე 2018 წლის 14 ივლისიდან დროებით უმუშევარია და კვლავ დასაფარი აქვს საბანკო კრედიტები, შესაძლებლობიდან გამომდინარე, შეუძლია ალიმენტის სახით თვეში გადაიხადოს მხოლოდ 100 (ასი) ლარი და სხვა ვალდებულება - სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება.
(მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა 2018 წლის 17 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.
მოპასუხე მხარეს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ეთანხმება სარჩელს ალიმენტის შემცირების თაობაზე. არასრულწლოვანი ბავშვის ასაკი იმატებს და, შესაბამისად, იზრდება მისი მოთხოვნილებები. არასრულწლოვანს სწავლის საფასურთან ერთად სჭირდება კვება, სამოსი, სამედიცინო მედიკამენტები. ამ ეტაპზე ბავშვის დედა, ნ-----------–---–ი, წასულია სამუშაოდ საზღვარგარეთ, თუმცა ჯერ ვერ მოახერხა დასაქმება და მატერიალური შემოსავლის მიღება. არასრულწლოვანს აქვს ასევე ჯანმრთელობის პრობლემები, აქვს ხერხემლის გამრუდება და ესაჭიროება ცურვა და სპეციალური ფეხსაცმლის ტარება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არ უნდა შემცირდეს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. მოსარჩელე არ აქცევს სათანადო ყურადღებას არასრულწლოვან შვილს და არ აქვს მასთან სტაბილური და ნორმალური ურთიერთობა (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ---------–-------ეს და ნ-----------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ს შეეძინათ შვილი თ---–----–-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 20);
3.1.2. მ---------–-------ე და ნ-----------–---–ი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი თ---–----–-------ე ცხოვრობს დედასთან, ნ-----------–---–თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ნ-----------–---–ს და მ---------–-------ეს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი. მ---------–-------ეს არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით - 2017 წლის 01 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე განჩინებით, მ---------–-------ეს, არასრულწლოვანი შვილის - 2-----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ, დაეკისრა სკოლის სწავლის საფასურის გადახდა ყოველთვიურად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
აღნიშნულ განჩინებაზე, 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საქმე N---------- (ს.ფ. 15-17);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N---------- (ს.ფ. 18-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნ-----------–---–მა, 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა, იძულებითი აღსრულების მიზნით, სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება. მოსარჩელე მ---------–-------ე იხდიდა დაკისრებულ ალიმენტს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ოდენობით.
2018 წლის 19 სექტემბერს, მ---------–-------ეს, აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე აღსრულების თანხების გადასახდელად გადახდილი აქვს სამი თვის (აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი) ალიმენტი 80-80 (ოთხმოცი-ოთხმოცი) ლარის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ-----------–---–ის 22.08.2018 წლის განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით საარსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებ (ს.ფ. 28);
- 2018 წლის 19 სექტემბრის გადახდის ქვითრები (ს.ფ. 30-35).
3.2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 19 ივნისის ბრძანებით, ს-----–-----------------------–-----------–----ს მ------------------------------------------–-----------------------------------–--------------------------–----–--------------------------------–--------–-–--–--------------------------–-----------------------------–----–------------------- სერჟანტი მ---------–-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რ-------ში, 2018 წლის 14 ივლისიდან;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მ---------–-------ის გათავისუფლება არის დროებითი და იგი, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდეს სამსახურში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 19 ივნისის ბრძანება M-------------- (ს.ფ. 21);
3.2.3. მ---------–-------ეს, ბანკის წინაშე N--------- და N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება. წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული დავალიანების დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 20 დეკემბერი, ხოლო N-------- ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების დაფარვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 02 ოქტომბრის თარიღით;
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბანკიდან სესხის მიღების მიზნობრიობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი, N--------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 22-23);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი, N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 24-27).
3.2.4. მოსარჩელე მ---------–-------ე ქორწინებაშია სხვა პირთან. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მის კმაყოფაზე სხვა პირების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარის განმარტებით, მ---------–-------ეს სხვა არასრულწლოვანი შვილები არ ჰყავს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.2.5. არასრულწლოვან თ---–----–-------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას ჩაუტარდა კისტის ოპერაცია. ამასთან, მას აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, ბრტყელტერფიანობა, რის გამოც სჭირდება სტაბილურად ცურვაზე სიარული და ორთოპედიული ფეხსაცმელი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.2.6. მოპასუხე ნ-----------–---–ი დასაქმებული იყო ხორცპროდუქტების საწარმოში, თუმცა მატერიალური შემოსავლის ოდენობის შემცირების გამო, იგი აღარ არის დასაქმებული. მოპასუხე ნ-----------–---–ი ამჟამად სამუშაოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, პოლონეთის სახელმწიფოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის შეცვლა წარმოადგენს მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური, ოჯახური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელემ მოითხოვა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან და აღარ გააჩნია სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით.
დადგენილია, რომ მ---------–-------ეს და ნ-----------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------ს, შეეძინათ შვილი, თ---–----–-------ე. მხარეები არ ცხოვრებენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი თ---–----–-------ე ცხოვრობს დედასთან, ნ-----------–---–თან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზრდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
,,ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, ნ-----------–---–ს და მ---------–-------ეს შორის დამტკიცდა მორიგების აქტი. მ---------–-------ეს, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით - 2017 წლის 01 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე განჩინებით, მ---------–-------ეს, არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ, დაეკისრა სკოლის სწავლის საფასურის გადახდა, ყოველთვიურად 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ განჩინებაზე, 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელე მ---------–-------ე არასრულწლოვანი შვილის - თ---–----–-------ის სასარგებლოდ იხდიდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ნ-----------–---–მა 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღება. მოსარჩელე მ---------–-------ე იხდიდა დაკისრებულ ალიმენტს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული ოდენობით. 2018 წლის 19 სექტემბერს, მ---------–-------ეს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე აღსრულების თანხების გადასახდელად გადახდილი აქვს სამი თვის (აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი) ალიმენტი 80-80 (ოთხმოცი-ოთხმოცი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან, რის შემდგომაც გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 19 ივნისის ბრძანებით, ს-----–-----------------------–-----------–----ს მ------------------------------------------–-----------------------------------–--------------------------–----–--------------------------------–--------–-–--–--------------------------–-----------------------------–----–------------------- სერჟანტი მ---------–-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რ-------ში, 2018 წლის 14 ივლისიდან. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მ---------–-------ის გათავისუფლება არის დროებითი და იგი, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაბრუნდეს სამსახურში, თუმცა, მოცემულ ეტაპზე მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ყოველთვიურად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი, სასამართლოს განჩინებით დადგენილი ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს საბანკო დავალიანებების არსებობაზე. როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, მ---------–-------ეს, ბანკის წინაშე, N--------- და N-------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ერიცხებოდა დავალიანება. წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 20 დეკემბერი, ხოლო N-------- ხელშეკრულების საფუძველზე, დავალიანების დაფარვის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 02 ოქტომბრის თარიღით. სასამართლო აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით განმარტავს, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. ამასთან, მ---------–-------ის ფინანსური მდგომარეობა (მესამე პირის წინაშე არსებული ვალდებულებები) არ ამცირებს არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს.
სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს, არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ალიმენტის ოდენობის შეცვლას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მოსარჩელე მ---------–-------ე ქორწინებაშია სხვა პირთან. მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მის კმაყოფაზე სხვა პირების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარის განმარტებით, მ---------–-------ეს სხვა არასრულწლოვანი შვილები არ ჰყავს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ---------–-------ეს არასრულწლოვანი თ---–----–-------ის გარდა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება კანონით დადგენილი არ აქვს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. დადგენილია, რომ არასრულწლოვან თ---–----–-------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას ჩაუტარდა კისტის ოპერაცია. ამასთან, მას აქვს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები, ბრტყელტერფიანობა, რის გამოც, მას სჭირდება სტაბილურად ცურვაზე სიარული და ორთოპედიული ფეხსაცმელი.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ. მხარეთა განმარტებით, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ-----------–---–ი დასაქმებული იყო ხორცპროდუქტების საწარმოში, თუმცა მატერიალური შემოსავლის ოდენობის შემცირების გამო, იგი აღარ არის დასაქმებული. მოპასუხე ნ-----------–---–ი ამჟამად სამუშაოდ იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, პოლონეთის სახელმწიფოში.
საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, კერძოდ, იგი გათავისუფლდა სამსახურიდან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დადასტურდა მოცემულ ეტაპზე, მოსარჩელე მხარის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღების ფაქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების და თვითდასაქმების შესაძლებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, არასრულწლოვანი შვილი უზრუნველყონ სულ მცირე, სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმაზეც, რომ სარჩენი პირის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ამასთან, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა, ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
სასამართლო მხედველობაში იღებს სახელმწიფოში დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობას და მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი თ---–----–-------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად უნდა განისაზღვროს 100 (ასი) ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობის შემცირება უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ მითითებული პერიოდიდან - 2018 წლის 01 აგვისტოდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელისა – იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591. 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---------–-------ის სარჩელი, ნ-----------–---–ის მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდეს:
1.1. მ---------–-------ეს (პირადი N-----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული თ---–----–-------ის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით დაკისრებული ალიმენტი, 200 (ორასი) ლარი, შეუმცირდეს 100 (ასი) ლარით და არასრულწლოვანი თ---–----–-------ის (დაბადებული 2----–-–------------ს) სასარგებლოდ დაეკისროს, ალიმენტის სახით, 100 (ასი) ლარის გადახდა, 2018 წლის 01 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
2. მოპასუხე ნ-----------–---–ს, მოსარჩელე მ---------–-------ის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად 18 (თვრამეტი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა