განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002580096
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
#1/201-18 21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031050718003)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ნათია მიქელაძე, თამთა როყვა
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზურაბ დალაქიშვილი
ბრალდებული: ა---- გ------ი
მამის სახელი: ფიზული
დაბადებული: 1----------–--–-
პირადი ნომერი:2----------
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–-----------------–--
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
ა---- გ------მა ჩაიდინა აკრძალული იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 1 ივნისს დაახლოებით 15:00 საათზე, მოქალაქე ა---- გ------ი მარნეულის რაიონის სოფელ დიდ მუღანლოში მდინარე ხრამზე, აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით, კერძოდ სახლართი ბადით, აწარმოებდა თევზჭერას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. უკანონო თევზჭერა - აკრძალული იარაღით თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას ზაურ ბრეგვაძემ განმარტა, რომ მუშაობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში. ამა წლის 1 ივნისს სოსო გულბანთან ერთად, სამსახურეობრივი ავტომანქანით ,,ტოიოტა ჰაილუქსით“ ამოწმებდა ქვემო ქართლის რეგიონს, კერძოდ შემოვლას აწარმოებდა მარნეულის რაიონში, მდინარე ხრამზე. ხრამზე არსებული ხიდიდან მათ შენიშნეს ორი პიროვნება, რომლებიც თევზაობდნენ. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ მდინარეში მხოლოდ ერთი ანკესი იყო ჩადებული, რომელსაც მიბმული ჰქონდა სახლართი ბადე. მათ ბრალდებულს განუმარტეს, რომ სახლართი ბადე იყო აკრძალული იარაღი. სახლართი ბადის მოწყვეტის შემთხვევაში იგი დიდი ხნის განმავლობაში რჩება წყალში, რის გამოც ნადგურდება დიდი რაოდენობის თევზი, ბინძურდება გარემო. მოწმის განმარტებით მას ბრალდებულმა განუმარტა, რომ მეგობარი წამოიყვანა სათევზაოდ. დაადასტურა, რომ მათ შემთხვევის ადგილზე მოახდინეს ფოტოგადაღება, ბრალდებულს გააცნეს უფლებები, შეადგინეს სათანადო ოქმები.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა სოსო გულბანი. მან განმარტა, რომ ამჟამად მუშაობს მერიაში, თუმცა შემთხვევის დღეს მუშაობდა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში. მან დაადასტურა ზაურ ბრეგვაძის მიერ ჩვენებაში მითითებული გარემოებანი. დამატებით განმარტა, რომ ადგილზე მისვლისას ბრალდებულს თევზი მოპოვებული არ ჰქონდა, თევზაობდა ანკესზე მიბმული სახლართი ბადით.
სასამართლოში დაკითხვისას დავით ბოჭოიძემ განმარტა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოდან მიიღო მასალები, დაიწყო გამოძიება. მასალებს ერთვოდა ანკესი და სახლართი ბადე. ასევე განმარტა, რომ დადგენილება N423 საქმეს დაურთო თვალსაჩინოებისათვის და დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებანი, კერძოდ ანკესი სახლართი ბადით, რომელიც სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მხარეთა უშუალო მონაწილეობით.
დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენლის გიორგი ფურცხვანიძის ჩვენება მიჩნეულ იქნა უდავოდ.
დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ აკრძალული იარაღი კერძოდ - სახლართი ბადე, არ იყო გარემოსათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, არ დამდგარა ზიანი, ასევე ბრალდებულისათვის არ იყო ცნობილი რომ თევზაობას ახდენდა აკრძალული იარაღით, რის გამოც ა---- გ------ის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
მოწმეთა ჩვენებების, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა---- გ------ი 2018 წლის 1 ივნისს ანკესზე მობმული სახლართი ბადით ახდენდა თევზჭერას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N423 დადგენილებით დამტკიცებული თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის ,,რ” ქვეპუნქტის თანახმად აკრძალულია თევზჭერა შიდა წყალსატევებში 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ამავე რეგლამენტის მე-6 მუხლის ,,ა.ე” ქვეპუნქტის თანახმად, თევზჭერა აკრძალულია შიდა წყალსატევებში სახლართი ბადის გამოყენებით სამოყვარულო თევზჭერისას.
სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევისასა დაადგინა რომ ა---- გ------ი თევზაობდა 1 ივნისს სახლართი ბადის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა---- გ------მა ჩაიდინა უკანონო თევზჭერა, რაც წარმოადგენს დასჯად ქმედებას თანახმად საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სახლართი ბადრე არ არის მომეტებული საფრთხის შემცველი და ის, რომ ბრალდებულის მიერ თევზი არ იყო მოპოვებული აღნიშნული საფძვლად უნდა დაედოს ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კანონმდებლის მიერ დადგენილია შესაბამისი დრო და საშუალებები, რა დროსაც შესაძლებელია განხორციელდეს თევზჭერა. კანონის არცოდნა კი პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან. შესაბამისად არ არსებობს ა---- გ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა---- გ------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
4.1. ა---- გ------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეში პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ა---- გ------ის ეკონომიურ მდგომარეობას, დანაშუალის ჩადენის მოტივს. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ბრალდებულ ა---- გ------ს დაენიშნოს - ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართულია ანკესი სახლართი ბადით. თანახმად საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლისა ანკესი სა სახლართი ბადე უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73, 258-ე, 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274, 277-ე, 279-ე, 292-ე 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა---- გ------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა---- გ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეზე დართული ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ანკესი და სახლართი ბადე მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე