განაჩენი

სისხლის სამართლის 10.12.2018
საქმის ნომერი
330100116001620414
თარიღი
10.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

10 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - შ---- გ-------–---–ი, შ------- კ--------ე, ნ---- ა-----–-----–ი, დ----- შ----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ზ----- ვ-–-ს ძე კ---––-–--–-–---–ი (დაბადებული - 1----–-–----- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. თბილისი, გ--------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის).

 

ადვოკატი - ს---–--- ხ---–--ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–------------------ს, დაახლოებით შუადღის პირველ საათზე, ქ. თბილისში, ქ---------ის ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ----- კ---––-–--–-–--–მა, ნ---- ჭ----–--ეს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, გასტაცა ამ უკანასკნელის კუთვნილი ოქროს ჯაჭვი და ოქროსფერი ჯვარი. ძარცვის შედეგად ნ---- ჭ----–--ეს მიადგა 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის

 

2.1. დაზარალებულ ნ---- ჭ----–--ის ჩვენების თანახმად, ცხოვრობს თბილისში, ს---–------ ქ---------ის ქუჩა №---ში. 2----–-–------------------ს, დღის 12:00-დან 13:00 საათამდე დროის ინტერვალში, იგი, შვილებთან - 9 თვის მ------თან და 2 წლის ნ-----–----თან ერთად გავიდა ბინიდან ბავშვების გასეირნების მიზნით. უმცროსი ბავშვი ეჯდა ე.წ. „კენგურუში“. ისინი სეირნობდნენ სახლთან ახლოს. სახლიდან გამოსვლისას დაინახა, რომ მოპირდაპირე მხარეს არსებულ მაღაზიასთან იდგა ბრალდებული, რომელიც დაჟინებით უყურებდა და აკვირდებოდა. სწორედ ამ მიზეზით მიიქცია მისი ყურადღება უცნობმა მამაკაცმა, რომელიც აშკარად არ იყო მათი უბნის მაცხოვრებელი, ვინაიდან მათ სახეზე ცნობს. დაზარალებულის განმარტებით, მან იგრძნო, რომ უკან ზედმეტად ახლოს ვიღაც მიყვებოდა, ხოლო გზაზე გადასვლისას ნახა, რომ კიდევ მიყვებოდა უცნობი მამაკაცი, რის გამოც შეეშინდა და გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. როდესაც გადავიდა გზაჯვარედინზე, მოტრიალდა, რათა დაენახა, გზაზე უკან გადასვლა იყო თუ არა შესაძლებელი და ამ დროს წინ დახვდა ხსენებული მამაკაცი, რომელმაც სთხოვა ბავშვის მოფერების ნებართვა. ბრალდებულმა ბავშვის სახისკენ წაიღო ხელი და ამ დროს სწვდა დაზარალებულს ოქროს ჯაჭვზე, რომელიც კისერზე ეკეთა. დაზარალებულს ეგონა, რომ ართმევდა ბავშვს, ვინაიდან არ ახსოვდა, რომ ოქროს ჯაჭვი ეკეთა, როგოც წესი, არ უკეთია ხოლმე. თავდამსხმელმა მოქაჩა ჯაჭვი და ის არ გაწყდა, რის გამოც დაზარალებული დაეცა ძირს, ბავშვებთან ერთად, მუხლებით, ხოლო მისი შვილი - მ------ი სახით, რის გამოც სახე შეშუპებული ჰქონდა; ასევე მათთან ერთად დაეცა უფროსი შვილი - ნ-----–----იც. თავდამსხმელმა მოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და გაიქცა დაღმართზე, სავაჭრო ცენტრ „თ---–----–--------–ისკენ,“ ლ--–----ის ქუჩაზე. თავად დაზარალებულს ასევე კისერი ჰქონდა გადახეხილი ჯაჭვის მოგლეჯის გამო. ამ დროს გზაზე ავტომანქანით მომავალმა მამაკაცმა დაინახა ყოველივე. ამ უკანასკნელს დაზარალებულმა სთხოვა დახმარება და სწორედ მან დარეკა პოლიციაში. ნ---- ჭ----–--ემ განმარტა, რომ ძარცვის შედეგად დაუფლებული ოქროს ჯაჭვი არის 15 გრამი და დაახლოებით 900 ლარის ღირებულების და იგი შეიძინა შემთხვევამდე დაახლოებით ერთი-ორი თვით ადრე. მისივე განმარტებით, ჯაჭვზე ეკეთა ოქროსფერი, თვლიანი ჯვარი, რომელიც არ იყო ძვირფასი მეტალის.

 

2.2. მოწმე ნ----- კ--–--–---ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული ნ---- ჭ----–--ე მისი მეზობელია დაახლოებით 3-4 წელია. შემთხვევის დღეს, შუადღის პერიოდში, მოწმე სარეცხს ფენდა აივანზე, რა დროსაც დაინახა უცხო პიროვნება, რომელიც იდგა მისი აივნის მოპირდაპირედ. ეს პირი საეჭვოდ მოეჩვენა, ვინაიდან იმ დრომდე უბანში არ დაუნახავს. მოწმე თავისუფლად ხედავდა მას. უცნობმა მისი ყურადღება მიიქცია, ვინაიდან იმ დროისთვის იმ ტერიტორიაზე არავინ დადიოდა და მხოლოდ ის იდგა. სარეცხის გაფენის შემდეგ, ნ----- კ--–--–--- შებრუნდა სახლში და ამ დროს გაიგონა დაზარალებულ ნ---- ჭ----–--ის ყვირილი და ბავშვების ტირილი. მან დაინახა, თუ როგორ გარბოდა ხსენებული უცხო პირი. ნ----- კ--–--–---ს აივნიდან პირდაპირ ჩანს ის ქუჩა, საითაც გაიქცა მძარცველი. ქვემოთ ჩასულს ნ----მ მოუყვა, რომ ბავშვს მოეფერა აღნიშნული მამაკაცი და შემდეგ ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი. ნ----ს უმცროს შვილს სახეზე ჰქონდა სილურჯე, დაზიანებები ჰქონდა თავად დაზარალებულსაც. ნ---- ჭ----–--ე და ბავშვები ტიროდნენ. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმემ დაადასტურა, რომ ამოცნობაში მიღო მონაწილეობა და ამოიცნო ბრალდებული. მისი განმარტებით, როდესაც შეიყვანეს ამოსაცნობ ოთახში, წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო ზუსტად ის პირი, ვინც დაინახა შემთხვევის ადგილზე. წინასწარ ამოსაცნობ პირთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც არავის უჩვენებია მისი ფოტო. ბრალდებულს ამოცნობისას იგივე ტანსაცმელი ეცვა, რაც დანაშაულის ჩადენისას.

 

2.3. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის - ი-----–- გ-----–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–------------------ს, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე მან დაიწყო გამოძიება ნ---- ჭ----–--ის გაძარცვის ფაქტზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებული იქნა მისი კოლეგის - ნ-----–---- ა------ის მიერ. ოპერატიული ინფორმაციით დადგენილ იქნა ბრალდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ის ვინაობა, რის შემდეგაც ჩატარდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. უშუალოდ ი-----–- გ-----–---–მა ჩაატარა პირის ამოცნობა მოწმე ნ---- ჭ----–--ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან მან ამოიცნო ბრალდებული - ზ----- კ---––-–--–-–---–ი.

 

2.4. საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების უ----------------------------------------–ის - ნ-----–---- ა------ის ჩვენების თანახმად, მან 2----–-–------------------ს ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს თბილისში, ქ---------ის ქუჩა №---ის მიმდებარედ. მანვე ჩაატარა პირის ამოცნობა მოწმე ნ----- კ--–--–---სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს ამოსაცნობად წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან მან ამოიცნო ბრალდებული ზ----- კ---––-–--–-–---–ი.

 

2.5. ექსპერტ-კრიმინალისტ - თ---------- ა----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მან 2----–-–------------------ს, ნ---- ლ----ესთან ერთად, ქ. თბილისის შსს დ--------------------ის სამმართველოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა თბილისში, ქ---------ის ქუჩა №---ის მიმდებარედ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ამასთანავე, შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა დაზარალებულის მონაწილეობით, რომელიც უთითებდა, თუ კონკრეტულად სად მოხდა დანაშაულებრივი ფაქტი.

 

2.6. 2----–-–-----------------ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, ქ---------ის ქუჩა №---ის მიმდებარედ. მის მოპირდაპირედ დგას ო-----------–---ი სახლი. მათ შუაში არის გზის სავალი ნაწილი. ქ---------ის ქუჩის №---სთან გზის სავალ ნაწილს კვეთს ლ--–----ის ქუჩა. მოწმე ნ---- ჭ----–--ემ მიუთითა ქ---------ის ქუჩა №---თან და განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილზე იდგა მამაკაცი, რომელიც დაიძრა მისკენ, მივიდა ქ---------ის ქუჩის №---სთან და გასტაცა ოქროს ჯაჭვი, ჯვრით. ასევე მოწმემ მიუთითა, რომ ძარცვის შემდეგ თავდამსხმელი გაიქცა ლ--–----ის ქუჩაზე ქვედა მიმართულებით.

 

2.7. პირის ამოცნობის 2----–-–-----------------ის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ნ---- ჭ----–--ემ განმარტა, რომ მას ამოსაცნობ ობიექტთან შეხება ჰქონდა 2----–-–------------------ს, თბილისში, ქ---------ის ქუჩა №---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც მას მიუახლოვდა მისთვის უცნობი პიროვნება, სთხოვა ბავშვის მოფერების ნება და ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი მასზე არსებული ჯვრით. მოწმემ ამოსაცნობად წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო მარჯვნიდან მესამე პირი, რომელიც არის ბრალდებული ზ----- კ---––-–--–-–---–ი. ნ---- ჭ----–--ემ განაცხადა, რომ ამოცნობილი პირი არის ზუსტად ის, ვინც მას ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი და მასზე არსებული ჯვარი. ასევე აღნიშნა რომ ამოცნობილ პირს ტანთ აცვია ზუსტად იგივე ჩასაცმელი, რაც ეცვა დანაშაულის ჩადენის დღეს, გარდა შარვლისა (დანაშაულის დღეს მას ეცვა შედარებით მუქი შარვალი). ასევე ნ---- ჭ----–--ის განმარტებით, მან ამოსაცნობი პირი ამოიცნო სიმაღლით, აღნაგობით, თმებით, სახის ზოგადი მოყვანილობით, ცხვირით, თვალის ფერით, ჩაცმულობით, ამოსაცნობი პირის ცხვირზე არსებული ნაკაწრით, შუბლზე შემელოტებული მოკლე ვარცხნილობით და ზოგადად მისი იერსახით.

 

2.8. პირის ამოცნობის 2----–-–-----------------ის ოქმის თანახმად, ნ----- კ--–--–---მ განმარტა, რომ ამოსაცნობ პირთან მას შეხება ჰქონდა 2----–-–------------------ს, შუადღის საათებში, როდესაც მან შენიშნა მისი საცხოვრებელი სახლის წინ ოქროს ჯაჭვი და ჯვარი როგორ გასტაცა მის მეზობლად მცხოვრებ ნ---- ჭ----–--ეს. ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან მოწმემ ამოიცნო მარჯვნიდან მესამე პირი. ამოცნობილი პირია ზ----- კ---––-–--–-–---–ი.

 

2.9. 2----–-–------------------ს, ზ----- კ---––-–--–-–---–ის ნებაყოფლობითი თანხმობით დათვალიერდა მის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი - შავი ფერის „დუტის ჟილეტი“ და მონაცრისფრო გრძელმკლავიანი მაისური „სვიტერი“, რაც ამოღებული იქნა და დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის სასამართლოში წარსადგენ ნუსხაში, საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ნაწილში 5.3. პუნქტად მითითებული შავი ფერის დუტის ჟილეტი და მონაცრისფრო გრძელსახელოიანი მაისური „სვიტერი“. აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულება დათვალიერდა რა მხარეთა უშუალო მონაწილეობით, სასამართლო და მხარეები დარწმუნდნენ მათ ავთენტურობაში. ხსენებული ტანსაცმელი იდენტურია იმისა, რასაც აღწერს დაზარალებული.

 

2.11. სასამართლო სხდომაზე ასევე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია თბილისში, ლ--–----ის ქუჩა №--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პერიმეტრზე დამონტაჟებული, გარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები - 2----–-–-----------------ის 1--------------------- საათამდე დროის შუალედში. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერში ასახულია, რომ მითითებული დროის ინტერვალში, ნივთმტკიცებად წარმოდგენილი ტ----–--–ის იდენტური ტ----–--–ით მამაკაცი გადაადგილდება ლ--–----ის ქუჩის ზედა მიმართულებით. შემდეგ კადრში ჩნდება იგივე მამაკაცი, რომელიც ლ--–----ის ქუჩის ზედა მხრიდან მიდის ქვედა მხარეს სირბილით და უჩინარდება კადრიდან (რაზედაც დაზარალებულმა და თვითმხილველმა მოწმემ მიუთითეს ჩვენებებში).

 

2.12. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების დ-----------------–--–--------------–ი - გ------- მ-------–იძე და მოწმე - ვ------- გ------------ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

2.13. ბრალდებულმა ზ----- კ---––-–--–-–---–იმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ იგი დაკავებულია ტაქსით მგზავრთა გადაყვანით და ყოველდღე, დილის საათებში, ტაქსით მომსახურებას უწევს ერთ კონკრეტულ პიროვნებას - ქ------- ჩ---–--–---–ს. შეთანხმებისამებრ, დილით, ზ----- კ---––-–--–-–---–ი ქ------- ჩ---–--–---–ს აკითხავს სახლში, ამ უკანასკნელის შვილს ტოვებს საბავშვო ბაღში, ხოლო თავად ქ------- ჩ---–--–---–ი მიჰყავს სამსახურში. 2----–-–------------------ს, დილის საათებში, მან მომსახურება გაუწია ხსენებულ პირს. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან ავტომანქანის სავალი ნაწილი გაუფუჭდა, შეარემონტა იგი და მანქანა გარეცხა სამრეცხაოში. დღის დაახლოებით თორმეტი საათისთვის, ზ----- კ---––-–--–-–---–ი მივიდა სახლში, ისადილა და დაიძინა, რათა საღამოს გასულიყო და ემუშავა თავისი ავტომანქანით. ბრალდებულმა კატეგორიულად გამორიცხა შემთხვევის ადგილას მისი ყოფნა და განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა, თუ სად მდებარეობდა ქ---------ის ქუჩა.

 

2.14. ბრალდებულის ვერსიას დანაშაულებრივი ფაქტის დროს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ამყარებენ შემდეგი მოწმეები:

 

2.14.1. მოწმე ა-----–--–---–ი, რომლის ჩვენების თანახმად, იგი ცხოვრობს ზ----- კ---––-–--–-–---–ის ოჯახის მეზობლად, სადაც ეზოში მის მშობლებს აქვთ ხ--–------------–---------------------------------ი. 2----–-–------------------ს, მოწმე იმყოფებოდა მისი მშობლების მ--------–ი. იქ იყო ნ---- კ---––-–--–-–---–იც. ისინი ერთად უყურებდნენ ტელევიზორს. დაახლოებით 12:00 საათისთვის მათთან მივიდა ზ----- კ---––-–--–-–---–ი, რომელმაც დედას სთხოვა, რომ სახლში ასულიყვნენ. ამის შემდეგ კიდევ ცოტა ხანს გაჩერდნენ ჯიხურში და ერთად ავიდნენ სახლში, რის შემდეგაც მოწმეს ზ----- კ---––-–--–-–---–ი არ უნახავს.

 

2.14.2. მოწმე ნ---- კ---––-–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2----–-–------------------ს, დილის საათებში, მისი შვილი - ზ----- კ---––-–--–-–---–ი წავიდა ო--------–ის ავტოსადგურზე, სადაც წაიყვანა ნათესავი. დაახლოებით 11:00 საათისთვის, როდესაც მოწმე ს--–---–-------------–---–---------------------–----------–--დან დაბრუნდა, ზ----- კ---––-–--–-–---–ი ავტომანქანას არემონტებდა. თავად მოწმე კი მეზობელთან შევიდა ხ--–------------–ის მ--------–ი. ბრალდებულმა იქ მიაკითხა დედას და ისინი ერთად ავიდნენ სახლში. ისადილეს და ამ პერიოდში ესტუმრათ მოწმის ძმის ცოლი. ბრალდებულმა დაიძინა. თავად მოწმემ კი დაკეტა სახლის კარი და წავიდა მათ კორპუსთან მდებარე მეორადი ტ----–--–ის მ--------–ი იქედან წამოღებული ნივთების დასაბრუნებლად. აღნიშნული გაგრძელდა დაახლოებით 13:00 საათამდე. ამის შემდეგ იგი იმყოფებოდა თავის ძმასთან, რომელიც ცხოვრობს იმავე სადარბაზოში, ერთი სართულით ქვემოთ. დაახლოებით 16:00 საათზე დაურეკა მისმა შვილმა. მოწმემ განაცხადა, რომ ზ----- კ---––-–--–-–---–ი საღამომდე იყო სახლში, მხოლოდ საღამოს გავიდა გარეთ, რათა ემუშავა ტაქსით.

 

2.14.3. მოწმე მ-----------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ ბრალდებული, რომელიც ავტომანქანას არემონტებდა, დაკავების წინა დღეს ეზოში დაინახა, შემდეგ სახლში ავიდა. მოწმე ესტუმრა ნ---- კ---––-–--–-–---–ს ცოტა ხნით. ბინაში დახვდა ბრალდებული, რომელიც ხელ-პირს იბანდა და დედასთან ერთად ემზადებოდა სადილისთვის. მოწმე კვლავ დაბრუნდა თავის ბინაში. მოგვიანებით, მათთან მივიდა ნ---- კ---––-–--–-–---–ი. აღნიშნული ხდებოდა დაახლოებით 11:30 საათიდან 13:00 საათამდე დროის ინტერვალში. ცოტა ხანში ნ---- კ---––-–--–-–---–ს დაურეკეს ტელეფონზე. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ზ-----ი გარედან ჰყავდა ჩაკეტილი სახლში, ვინაიდან მას ეძინა. აღნიშნული მოხდა დაახლოებით 14:00 საათისთვის.

 

2.14.4. მოწმე გ--------- გ---------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მან ბრალდებული გაიცნო ა------ის დასახლებაში, ჭ------ის ქუჩაზე მდებარე ა----------------------–----ში, სადაც თავად მუშაობს დარაჯად. მოწმემ განაცხადა, რომ 2016 წლის 26 ან 27 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00-13:00 საათების ინტერვალში ნახა ზ----- კ---––-–--–-–---–ი, რომელიც მისული იყო ა---------------------–-ად, თუმცა მ---–---ი არ დახვდა. მოწმემ განუმარტა ბრალდებულს, რომ მ---–---ი წასული იყო სოფელში და იმ დღეს არც იქნებოდა. ამის შემდეგ ზ----- კ---––-–--–-–---–მა თავად გარეცხა მანქანა.

 

2.14.5. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეების - ი------- მ---------ისა და ქ------- ჩ---–--–---–ის მიერ გამოკითხვისას მიცემულ ინფორმაციებს, აღნიშნულ ნაწილში სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმეების საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ი------- მ---------ისა და ქ------- ჩ---–--–---–ის გამოკითხვის ოქმების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნების შესახებ, ვინაიდან, თავად დაცვის მხარის განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია მოწმე ი------- მ---------ის ადგილსამყოფელის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება მოწმე ქ------- ჩ---–--–---–ს, მას გადაკვეთილი აქვს სახელმწიფო საზღვარი, თუმცა მხარეს სასამართლოში არც აღნიშნულ მოწმესთან მიმართებაში წარმოუდგენია ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა მის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს. ამასთან, არცერთი ხსენებული მოწმის პოზიცია არ არის წარმოდგენილი მათი გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო, განაჩენში არ შეაფასებს ხსენებულ ორ მტკიცებულებას.

 

2.15. გამოკვლეული იქნა რა დაცვის მხარის მტკიცებულებები, ასევე განხილულ იქნა ყველა არგუმენტი, რაზედაც აპელირებდა მხარე, სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული დაცვის მხარის ვერსია ბრალდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ის უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.15.1. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ის ჩვენება და მიიჩნევს, რომ იგი მოტივირებულია მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების სურვილით. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ის ფაქტი, რაც გამოიკვეთა მისი სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას; კერძოდ, ბრალდებული ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ იგი არასდროს ყოფილა არათუ კონკრეტულად შემთხვევის ადგილზე, არც ქ---------ის ქუჩაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე; თუმცა პროკურორის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხისას გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ცხოვრობს ხსენებული ქუჩის მიმდებარედ. ამ ფაქტის გამოკვეთის შემდეგ, დაცვის მხარე შეეცადა საკუთარი პოზიციის გამყარებას და განმარტა, რომ ბრალდებულმა არ იცოდა, რომ ქუჩა, სადაც მდებარეობს შემთხვევის ადგილი, არის ს---–------ ქ---------ის ქუჩა. ეს უკანასკნელი არგუმენტი კი ნამდვილად ვერ განიხილება იმ ფაქტის გამომრიცხველად, რომ ბრალდებული იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან როგორც თავად დაცვის მხარე აცხადებს, იმისათვის, რომ კონკრეტულ ქუჩაზე იმყოფებოდე, არ არის აუცილებელი პირობა იცოდე ამ ქუჩის დასახელება.

 

2.15.2. სასამართლომ მოისმინა ალიბის მოწმეების ჩვენებები, შეაფასა ისინი ყოველმხრივ და ობიექტურად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ არის სანდო რიგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

· მოცემულ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ალიბის ძირითადი მოწმე არის ბრალდებულის დედა, რომელიც უდავოდ დაინტერესებულია შვილის მომავლით. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ წინააღმდეგობაზე, რაც გამოიკვეთა ალიბის მოწმეებს შორის, კერძოდ, ნ---- კ---––-–--–-–---–ი აცხადებს, რომ 2----–-–------------------ს, როდესაც იმყოფებოდა თავის ძმასთან სტუმრად, მას სახლში მყოფმა ზ----- კ---––-–--–-–---–მა დაურეკა დაახლოებით 16:00 საათზე. იგივე ფაქტობრივ გარემოებაზე თხრობისას მ-----------–-–---–მა, რომელიც ბრალდებულის ბიძის ცოლია, განაცხადა, რომ მასთან სტუმრად მყოფ ნ---- კ---––-–--–-–---–ს ტელეფონზე დაუკავშირდა ზ----- კ---––-–--–-–---–ი დაახლოებით 14:00 საათზე. ასევე, მოწმე ნ---- კ---––-–--–-–---–ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის თავად ბრალდებულის ჩვენებასთან, კერძოდ, ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2----–-–------------------ს, იგი დილით მოემსახურა ქ------- ჩ---–--–---–ს, ხოლო ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ ხსენებულ დღეს, დილის საათებში, ზ----- კ---––-–--–-–---–მა ო--------–აში წაიყვანა მათი ნათესავი. აღნიშნული უზუსტობები აშკარას ხდის, რომ დაცვის მხარის მიერ ალიბი შეთხზულია და მას არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან.

 

· ამავე გარემოებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მოწმე ა-----–--–---–ი ჩვენებაში ზედმიწევნით აღწერს შემთხვევის დღეს ბრალდებულთან შეხვედრას მაშინ, როდესაც ვერ იხსენებს 25, 26 ან 28 ოქტომბერს ნახა თუ არა ბრალდებული. ამასთან, იგი ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ დაამახსოვრდა მაინცდამაინც ზ----- კ---––-–-–--–---–თან 2----–-–-----------------ის შეხვედრა. ამავე დროს საგულისხმოა, ის ფაქტი, რომ მისი და ბრალდებულის ოჯახი მრავალი წელია მეზობლები არიან და კარგი ურთიერთობა აქვთ.

 

· რაც შეეხება მოწმე გ--------- გ---------–---–ის ჩვენებას, იგი აცხადებს, რომ მასთან სამსახურში შუადღეს მისული იყო ბრალდებული, თუმცა ვერ აკონკრეტებს თარიღს, თუ როდის მოხდა აღნიშნული.

 

2.15.3. დაცვის მხარის მცდელობა, გაამყაროს ალიბის მოწმეთა ჩვენებები დეტალური ნუსხის ამონაწერზე მითითებით არის ფუჭი, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ნუსხაში არ არის მითითებული ზარის განხორციელების დროისათვის კონკრეტული მომსახურე სატელეფონო ანძები. ამასთან, ის არგუმენტი, რომ შემთხვევის დღეს, 12:40 საათზე ფიქსირდება მისი ტელეფონიდან გამავალი ზარი, არ გამორიცხავს 13:00 საათისათვის ბრალდებულის ყოფნას შემთხვევის ადგილზე.

 

2.15.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დაცვის მხარის იმ განცხადებაზე, რომ ბრალდებულის მიმართ დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა ფიზიკური ხელშეუხლებლობის უფლების დარღვევას და მის მიმართ განხორციელდა ძალადობა სამართალდამცავთა მხრიდან. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დაცვის მხარეს ამის თაობაზე რაიმე მტკიცებულება, გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, არ წარმოუდგენია. ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო შემოწმების შეთავაზების ოქმი, რომლის თანახმად, 2----–-–------------------ს, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-------- განყოფილების დ----------------------–მა, ი-----–- გ-----–---–მა ბრალდებულის სახით დაკავებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ს განუმარტა, რომ მას უფლება აქვს ჩაუტარდეს უფასო სამედიცინო შემოწმება, რაზედაც მან განაცხადა უარი, ვინაიდან თავს გრძნობს კარგად და არ საჭიროებს სამედიცინო შემოწმებას. აღნიშნულ ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად ზ----- კ---––-–--–-–---–ი. მიუხედავად ხსენებულისა, როგროც სასამართლო სხდომაზე პროკურორმა განმარტა და თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, მიმდინარეობს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით; შესაბამისად; ამ ეტაპზე არ არის გამოკვეთილი კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, თუმცა ამ კონკრეტულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტს არ აქვს შემხებლობა ზ----- კ---––-–--–-–---–ისთვის ინკრიმინირებულ ქმედებასთან.

 

2.15.5. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებული ნ---- ჭ----–--ე და მოწმე ნ----- კ--–--–--- შესაძლოა კეთილსინდისიერად ცდებოდნენ და განმარტავს, რომ დაზარალებულისა და თვითმხილველი მოწმის ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე დაყრდნობით სასამართლო ადგენს, რომ ნ---- ჭ----–--ისა და ნ----- კ--–--–---ს ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები თანხვედრაშია, ამასთანავე, მათი ჩვენებები თანმიმდევრული და დამაჯერებელია; დაზარალებულსაც და თვითმხილველ მოწმესაც გამოძიების ეტაპზე კატეგორიულად ჰყავთ ამოცნობილი ბრალდებული და მათ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისასაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს ბრალდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე. ნ---- ჭ----–--ესა და ნ----- კ--–--–---ს თავი არ შეუკავებიათ არცერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან; ამასთანავე, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას როგორც ნ---- ჭ----–--ის, ასევე ნ----- კ--–--–---ს ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლევა მათი ჩვენების სანდოობის დასტურს. დაზარალებული გამოძიების საწყის ეტაპზე გამოკითხვისას აცხადებდა, რომ თავდასხმის დროს უწევდა რა წინააღმდეგობას ბრალდებულს, ჩამოკაწრა იგი ცხვირზე. 2----–-–-----------------ის პირის დაკავების ოქმში ასახულია, რომ ზ----- კ---––-–--–-–---–ს ცხვირზე აღენიშნებოდა ნაკაწრი, ხოლო სხეულზე სხვა რაიმე დაზიანების კვალი არ ჰქონია. ოქმს ხელმოწერით ადასტურებს თავად ბრალდებულიც და მას რაიმე შენიშვნა არ დაუფიქსირებია. საგულისხმოა, რომ დაზარალებულმა სწორედ ამ ნიშნითაც ამოიცნო ბრალდებული. აღნიშნული კი აშკარას ხდის, რომ ნ---- ჭ----–--ემ, 2----–-–------------------ს ამოსაცნობად წარდგენილი სამი პირიდან სწორედ ის მამაკაცი ამოიცნო, ვინც წინა დღეს მას თავს დაესხა და აშკარად გასტაცა მას ოქროს ჯაჭვი და ოქროსფერი ჯვარი.

 

2.16. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან, ასევე მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და ყოველივე აღნიშნულის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ ბრალდებულმა - ზ----- კ---––-–--–-–---–მა, 2----–-–------------------ს, ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ზ----- კ---––-–--–-–---–ის მიერ ძარცვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის, ჩადენა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ზ----- კ---––-–--–-–---–მა 2----–-–------------------ს შენიშნა, რომ მსხვერპლს კისერზე ეკეთა ოქროს ჯაჭვი და განიზრახა დაუფლებოდა სხვის ნივთს მართლსაწინააღმდეგოდ. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული აედევნა მცირეწლოვან შვილებთან ერთად სასეირნოდ გამოსულ დაზარალებულს, მიუახლოვდა მას თითქოსდა ბავშვის მოფერების მოტივით და ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ჯაჭვი ღირებული დაახლოებით 900 ლარად, რა დროსაც მან წააქცია დაზარალებული და მისი მცირეწლოვანი შვილები. უშუალოდ მსხვერპლს დაზიანებული ჰქონდა მუხლები და კისერი, ხოლო მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დაცემის შედეგად დაარტყა თავი და ჰქონდა შესიებული.

 

3.8. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს, როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთანავე, დამნაშავე აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

3.9. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას (რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), როგორც სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, ზ----- კ---––-–--–-–---–ის მიერ დაზარალებულებისათვის მიყენებული ზარალი შეადგენს 900 ლარს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. ზ----- კ---––-–--–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებული ნივთის ღირებულება კი ბევრად აღემატება კანონით დადგენილ ხსენებულ მინიმალურ ოდენობას; შესაბამისად, სახეზეა ქმედების აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება.

 

3.10. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის №7------- გადაწყვეტილებით, სადაც სასამართლომ განმარტა, „... იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საგანი, რომელიც მიისაკუთრა დამნაშავემ, აღმოჩენილი არ არის, ზიანის მოცულობა განისაზღვრება საქმეში არსებული არაპირდაპირი მტკიცებულებებით, რომლებიც უნდა შეფასდეს ერთობლივად. მოცემულ შემთხვევაშიც, არსებული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ზიანის მოცულობა უნდა განისაზღვროს დაზარალებულის ჩვენებიდან გამომდინარე, ამ ჩვენების საქმის სხვა გარემოებებთან შეჯერების გზით.“ განსახილველ შემთხვევაშიც გამოძიების ეტაპზე ვერ იქნა აღმოჩენილი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს ჯაჭვი, შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი კუთვნილი ოქროს ჯაჭვის წონა (რაც გასტაცა ბრალდებულმა), შეადგენდა 15 გრამს და მასში შემთხვევამდე მცირე დროით ადრე გადახდილი ჰქონდა დაახლოებით 900 ლარი.

 

3.11. ზ----- კ---––-–--–-–---–ის ქმედების კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მოცემულ შემთხვევაში ძალადობა მიმართული უნდა იყოს ადამიანის წინააღმდეგ, ამასთანავე, მას შედეგად არ უნდა მოჰყვებოდეს ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება; მას შესაძლოა მოჰყვეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური ძალადობა შესაძლოა გამოიხატოს როგორც ცემაში, ასევე სხვაგვარ ძალადობაში. ძალადობა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად; ძარცვის დროს ძალადობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც ქონების მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის მიმართ, ისე სხვა პირის მიმართაც, რომელთა ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა ოქროს ჯაჭვის დაუფლების მიზნით მოქაჩა იგი, რა დროსაც დაზარალებული თავის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დაეცა ძირს და სხეულის სხვადასხვა არეში მან და მისმა შვილებმა მიიღეს დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტკივილი. ასევე დაზარალებულს ჯაჭვის მოქაჩვის შედეგად დაზიანებული ჰქონდა კისერი.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, ზ----- კ---––-–--–-–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ზ----- კ---––-–--–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ხუთიდან რვა წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს დაზარალებულისა და მისი მცირეწლოვანი შვილისთვის მიყენებულ ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, ასევე იმ ფაქტს, რომ ზ----- კ---––-–--–-–---–ს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ----- კ---––-–--–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

1 (ერთი) ცალი CD დისკი და 1 (ერთი) ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შავი ე.წ. „დუტის“ ჟილეტი და მონაცრისფრო გრძელსახელოიანი მაისური „სვიტრი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. ზ----- კ---––-–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მიზნით მისი თავისუფლების აღკვეთის დროიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2----–-–-----------------ის 15:57 საათიდან 2016 წლის 01 ნოემბრის ჩათვლით.

 

3. მსჯავრდებულ ზ----- კ---––-–--–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------------ის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- 1 (ერთი) ცალი CD დისკი და 1 (ერთი) ცალი DVD დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- შავი ე.წ. „დუტის“ ჟილეტი და მონაცრისფრო გრძელსახელოიანი მაისური „სვიტრი“ - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე